ღაზის სექტორში, საშუალოდ, ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება -ტედროს ადანომ გებრეისუსი

96
spot_img

ღაზის სექტორში, საშუალოდ, ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე ღაზის სექტორში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა განიხილებოდა.

„ღაზაში არავინ და არსადაა უსაფრთხოდ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ღაზის 36 საავადმყოფოდან – ნახევარი და პირველადი სამედიცინო ცენტრების სამი-მესამედი არ ფუნქციონირებს, ხოლო ისინი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, პაციენტების ნაკადს ვერ აუდიან.

„საავადმყოფოების დერეფნები სავსეა დაშავებულებით, ავადმყოფებით, მომაკვდავებით. მორგები გადატვირთულია. ქირურგიულ განყოფილებებში არ არის ანესთეზია. ათობით ათასი გადაადგილებული პირი აფარებს თავს საავადმყოფოებს“, – განუცხადა გებრეისუსმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჯანდაცვის ობიექტებზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ჰამასს“ საავადმყოფოების ქვეშ გვირაბების ქსელი აქვს მოწყობილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

გაერო-ში ისრაელის ელჩმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ისრაელმა სამუშაო ჯგუფი შექმნა ღაზის სამხრეთ ნაწილში საველე საავადმყოფოების მოსაწყობად.

„ისრაელი აწარმოებს მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, წითელ ჯვართან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან საველე საავადმყოფოებისა და მცურავი გემი-ჰოსპიტლების მოსაწყობად. ისრაელმა ხელი შეუწყო ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საავადმყოფოებში იორდანიიდან სამედიცინო დახმარების მიწოდებას“, – განაცხადა გილად ერდანმა.

მისი თქმით, ისრაელი ბევრად მეტს აკეთებს ღაზის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან გაერო-ს რომელიმე სხვა ორგანო.