უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულდეს.
ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის არმიის დახმარების მოცულობა არ შემცირდება, ხოლო ბერლინი გააგრძელებს მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერას, ვიდრე რუსეთი ეწინააღმდეგება პატიოსან დიპლომატიასა და ომის სამართლიან დასასრულს.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა“ შეიცავს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს.
„მსურს, რომ ეს არაუგვიანეს 2025 წლისა მოხდეს. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრესიის არგამეორება. ეს გეგმა [გამარჯვების გეგმა] მშვიდობის სამიტის ჩატარებისთვის საჭირო ხიდია. ეს გეგმა არ ანაცვლებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, არამედ აძლიერებს უკრაინის პოზიციას“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.