ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა

15
spot_img

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში დაკისრებული ზომების შეუსრულებლობისთვის უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

დადგენილი ზომების შესრულების ვადაგადაცილების თითოეულ დღეს უნგრეთს დაეკისრება 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა.

2020 წლის დეკემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთი არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანონმდებლობას მიგრანტებთან მოპყრობასთან დაკავშირებით და დაავალა ბუდაპეშტთან მიგრაციული პოლიტიკის ცვლილება. სასამართლოს განცხადებით, მისი გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და უკიდურესად სერიოზულ დარღვევას. სასამართლოს დადგენილებით, უნგრეთმა არ მიიღო აუცილებელი ზომები თავშესაფრის მაძიებელთა საერთაშორისო დაცვის პროცედურის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით 2020 წლის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

სასამართლოს დადგენილებით, ბუდაპეშტი არ იცავდა თავშესაფრის მაძიებელთა უფლებას, დარჩენილიყვნენ უნგრეთში მათ განაცხადთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი მოქმედებით უნგრეთი უგულებელყოფდა თანამშრომლობის პრინციპს და მიზანმიმართულად არიდებდა თავს ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის გავრცელებას.

უნგრეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიგრანტებს თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლიათ მხოლოდ უნგრეთის საზღვრებს გარეთ, მეზობელ სერბეთსა და უკრაინაში მდებარე მის საელჩოებში. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში, პირებს ჩვეულებრივ უკან აბრუნებენ.