ევროკავშირი და ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებენ

13
spot_img

ევროკავშირი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში -მათ შორის იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით.

დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ „მომავალი აგრესიის“ შემთხვევაში, ევროკავშირი და უკრაინა 24 საათის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კიევის საჭიროებებზე და სწრაფად განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს ვალდებულებების შესაბამისად.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები ძალაში დარჩება, სანამ უკრაინა თავის ევროპულ გზას მიჰყვება და გადაიხედება არაუგვიანეს 10 წლის შემდეგ.

დოკუმენტში არ არის მითითებული მომავალი დახმარების ღირებულება ან ოდენობა, თუმცა აღნიშნულია, რომ წელს ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფას დასთანხმდა.

„შესაბამისი წლიური ზრდის შემდგომი პროგნოზირება შესაძლებელია 2027 წლამდე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ვოლოდიმირ ზელენსკი პაქტს ხელს, სავარაუდოდ, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის ფარგლებში მოაწერს. მისი ვიზიტი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი სამიტს დაესწრება.