ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც, სამწუხაროდ, აშშ უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში -თეა წულუკიანი

43
spot_img

ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც, მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ, აშშ უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, – ასე აფასებს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი 34-მდე ქართველი ოფიციალური და კერძო პირის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესებას.

“ეს სულ ცინცხალი სიახლეა. ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც, მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ, აშშ უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. ეს არ არის პირველი შეცდომა. ალბათ აქედანვე უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული, იმედი გვაქვს, რომ არა, მაგრამ დინამიკა მე პირადად ამას მავარაუდებინებს. პირველ რიგში აშშ-ს სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენ დაველოდებით ამ დღეს, რადგან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიყავით და ვართ. არასდროს გვითქვამს აშშ-ზე და მათთან მეგობრობაზე უარი და უფრო მეტიც, ამ მთავრობას [არ უთქვამს უარი] და ამას ხაზს ვუსვამ. მტრულ აქტში, რომელსაც “Megobari აქტი” დაარქვეს, მთელ ტექსტში ერთადერთი სიტყვა მეორდება – “ეს მთავრობა”.

რეალურად, ეს მთავრობა არის ვიღაცისთვის პრობლემა და ამ მთავრობას არასდროს არცერთ დარგში და სფეროში არ გადაუდგამს ამ სტრატეგიული პარტნიორობის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ამ სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიქნებით და დაველოდებით მოთმინებით იმ დღეს, როდესაც ჩვენი მეგობარი გადაწყვეტს, რომ კვლავ მეგობრულად დაგველაპარაკოს, უარი თქვას რევოლუციების მოწყობის დაფინანსებაზე – იმ ჯგუფებმა, ვინც იმ [ამერიკაში] ქვეყანაში არიან. ჩვენ ვიხილეთ გარკვეული მოსმენები კონგრესში, სადაც ქართველი ადამიანები მრავლად იყვნენ ვასალის როლში წარდგენილები და უმტკიცებდნენ უცხო ქვეყნის დეპუტატებს, რომ მათ უნდათ ამ მთავრობის დასჯა და მერე ალბათ მოგვეცემა საშუალება უფრო ფართოდ განვიხილოთ, რატომ არის ეს მთავრობა პრობლემა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.