ეროვნული ნაკრები როდესაც გამოვა და იტყვის – „მე ვარ საქართველო“, წარმომიდგენია, როგორი სიამაყის განცდა დაეუფლება მთელ ქვეყანას -კახა კალაძე

16
spot_img

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველი თამაშის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.

კახა კალაძემ ნაკრებს კიდევ ერთხელ უსურვა წარმატება და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული მაისურით გამოსვლა თითოეული ქართველის გამარჯვებაა.

„წარმომიდგენია, რა ხდება ახლა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში“. 1981 წლის 13 მაისს კოტე მახარაძის ეს ცნობილი შეძახილი დღემდე იმ ემოციისა და სიხარულის მატარებელია, რაც ქართული ფეხბურთისთვის ღირსშესანიშნავ თარიღს უკავშირდება.

დღეს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის ყველაზე დიდ მიღწევად ქცეულ მატჩზე გამოვა და იტყვის – „მე ვარ საქართველო”,  წარმომიდგენია, როგორი სიამაყის განცდა დაეუფლება ჩვენს თბილისს და ჩვენს საქართველოს.

ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი, ის არის გუნდურობის, ერთობის, ბრძოლის, ძალისხმევის, დისციპლინის, ნიჭიერების და უდიდესი შრომის სიმბოლო. ყველა ეს თვისება ჩვენი ხალხისთვის ორგანული და ფასეულია. ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც თავისუფლებასთან და გამარჯვებასთან ასოცირდება. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული მაისურით გამოსვლა თითოეული ქართველის გამარჯვებაა. დღეს დორტმუნდში ჩვენი ბიჭები მთელი საქართველოს სახელით ითამაშებენ.

მინდა კიდევ ერთხელ წარმატებები და გამარჯვებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. შემართებით, ბრძოლით, ჟინით, დარწმუნებული ვარ, მოვიპოვებთ გამარჯვებას. ბიჭებო, თქვენ უკან მთელი საქართველო დგას. გამარჯვებები თქვენ!“, – განაცხადა კახა კალაძემ.