“ექიმებმა გამოავლინეს იმის მიზეზი, თუ რატომ “ეყინება სახე“ და უშტერდება თვალი აშშ-ის პრეზიდენტს” -Daily Mail

51
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ექიმებმა გამოავლინეს იმის მიზეზი, თუ რატომ “ეყინება სახე“ და უშტერდება თვალი აშშ-ის პრეზიდენტს” (ავტორი – ალექსა ლადერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჯო ბაიდენის ხანდაზმული ასაკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყბადაღებულ სალაპარაკო თემად იქცა. განსაკუთრებით „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ ამას წინათ 81 წლის პრეზიდენტის თავს გადახდენილმა ამბავმა, რომელმაც ამერიკული (და არა მარტო ამერიკული) საზოგადოების შეშფოთება გააძლიერა.

ჯო ბაიდენს ბოლო დროს მზერა „ეყინება“. გასულ კვირას მისი სახის „გაქვავებამ“ და „თვალის გაშტერებამ“ ექსპერტები და ამომრჩევლები ჩვეულებრივზე მეტად შეაშფოთა.

ლოს-ანჟელესში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისათვის ფინანსების შეკრებას უკავშირდებოდა, ჯო ბაიდენი სიტყვით გამოსვლისას უეცრად გაჩერდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში მზერა გაეყინა და ხალხს უაზროდ უყურებდა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა უარყო სატელევიზიო რეპორტაჟები პრეზიდენტის შენელებული რეაქციის თაობაზე და მათ „მონტაჟი“, „სიცრუე“ და „ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა“ უწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა, უბრალოდ, შეკრებილ ადამიანებს გადახედა და სურდა, რომ ყველა თავის თვალსაწიერში მოექცია.

ლოს-ანჟელესამდე ერთი კვირით ადრე თეთრ სახლში გამართულ მიღებაზე, ქალთა ემანსიპაციის დღის აღნიშვნის დროს გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტი გაუნძრევლად დგას და კამალა ჰარისს (ვიცე-პრეზიდენტს) გაშტერებული უყურებს. გარდა ამისა, როცა ჯო ბაიდენმა ხმა ამოიღო, აშკარად ეტყობოდა, რომ ენა ებმებოდა და გაურკვევლად ლაპარაკობდა.

იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტის დროს, როცა პარაშუტისტების ხტომებს უყურებდა, ჯო ბაიდენი კოლეგებისაგან განზე გავიდა, ხელი გაიშვირა და ცერა თითი ასწია მოწონების ნიშნად, მაგრამ სულ სხვა მხარეს, სადაც არცერთი პარაშუტისტი არ ჩანდა. შემდეგ მასთან იტალიის პრემიერ-მინისტრი მივიდა და უკან წამოიყვანა. პრეზიდენტის გუნდში განაცხადეს, რომ პარაშუტისტები იმ მხარესაც ხტებოდნენ, მაგრამ ისინი, უბრალოდ კადრში არ ჩანდნენ.

თეთრ სახლს რეგულარულად უხდება მსგავსი ფაქტების უარყოფა და ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენი ამჟამად საუკეთესო ფორმაშია – როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად – და მას შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა კიდევ ერთი ვადით, 2028 წლამდე, როცა ჯო ბაიდენი 86 წლის გახდება.
თებერვალში გამოქვეყნდა ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველწლიური მედშემოწმების შედეგები დასკვნით, რომ პრეზიდენტს არაფერი არ ემუქრება.

მოხსენებაში ჩამოთვლილია ის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც პრეზიდენტს სჭირს, მათ შორის აპნე, მჟავური რეფლექსი, არითმია, ქოლესტერინის მაღალი დონე, სეზონური ალერგია, ართრიტი და ფეხის ნერვების დაზიანება. დოკუმენტში ნაჩვენებია ის წამლები, რომლებითაც პრეზიდენტი სარგებლობს, მათ შორის სისხლის გამათხევადებელი პრეპარატები, რომლებიც უკუჩვენებებსაც იძლევიან.

მაგრამ ბოლო დროს სამედიცინო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის „მზერის გაყინვა“ და „თვალის გაშტერება“ შეიძლება სერიოზული დაავადების მანიშნებელი იყოს.

ერთ-ერთი ლოს-ანჟელესელი ექიმის თქმით, „გაქვავებული სახე, თვალების ნელი ხამხამი და შესუსტებული ჟესტიკულაცია შეიძლება ნერვული სისტემის დარღვევის სიმპტომები იყოს, მაგალითად, პარკინსონის დაავადების ნიშნები“.

როგორც დოქტორმა შეილა ნაზარიანმა, პლასტიკურმა ქირურგმა, თავის „იქს-ქსელში“ აღნიშნა, „ჯო ბაიდენი ჩვეულებრივი მოხუცი მოქალაქე რომ იყოს, ასეთ ფაქტებზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, მაგრამ აშკარაა, რომ აშშ-ის არმიის უმაღლესი მთავარსარდლის გონებრივი სისუსტე ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. ეს ჩვენ ყველას გვეხება… ჩვენ გვჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც აქტიური იქნება, რომელიც ძალას და ენერგიას გამოასხივებს“.

როგორც დოქტორმა ზიად ნასრედინმა „დეილი მეილს“ განუმარტა, პარკინსონის დაავადების დროს შეინიშნება პაციენტის ენის დაბმა და გაურკვეველი ლაპარაკი. გარდა ამისა, აღნიშნული სნეულება გავლენას ახდენს ტვინის მიერ იმ ჰორმონების გამომუშავებაზე, რომელიც სახის ნაკვთების მოძრაობას ამუხრუჭებს.

პარკინსონის დაავადება მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული და მეორე ადგილი უკავია ნეიროდეგენერაციულ დარღვევებში ხანდაზმულ ადამიანებს შორის, ალცჰაიმერის დაავადების შემდეგ. ამერიკულ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა ძლიერდება, თეთრი სახლი კი არასოდეს არ აცხადებს, სჭირს თუ არა ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება. რაც უფრო წლები ემატება ადამიანს, პარკინსონის დაავადების სიმპტომები მით უფრო ღრმავდება. ის არ იკურნება, მაგრამ სასიკვდილოც არ არის. ავადმყოფი შეიძლება მოკვდეს მისი გართულებით, რომელიც გამოიხატება პნევმონიით, გულის მუშაობის დარღვევით, წაქცევით, სუნთქვის შეჩერებით და ა.შ. პარკინსონის დაავადებას თან ახლავს ნორმალური აზროვნების დარღვევა, კოგნიტიური სირთულეები, დეპრესია..

თებერვალში დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ ჯო ბაიდენმა დაიწყო მსოფლიო ლიდერების სახელების ერთმანეთში არევა, რაც ადრე არ ვლინდებოდა. მას ეგვიპტის პრეზიდენტის სახელი მექსიკის პრეზიდენტის სახელში აერია. იმავე თვეში ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტს „ჰამასის“ სახელი დაავიწყდა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენს უეცრად დაავიწყდა საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელი, შეჩერდა და შემდეგ მას ფრანსუა მიტერანი უწოდა, რომელიც 28 წლის წინ გარდაიცვალა. ჯო ბაიდენს ასევე აერია ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აწ უკვე გარდაცვლილ ყოფილ კანცლერ ჰელმუტ კოლში.

დოქტორი ზიად ნასრედინი „დეილი მეილთან“ საუბრისას ამბობს, რომ დაბერების ნორმალური პროცესის დროს ამდენი შეცდომის ასეთი მასშტაბებით გამოვლენა მართლაც შემაშფოთებელია: „ხდება ხოლმე, რომ ჩვენ ყველანი ვცდებით, ვბერდებით და რაღაცეები გვავიწყდება, მაგრამ თუ ეს ხშირად ვლინდება, მაშინ ორგანიზმის მდგომარეობა კითხვებს იწვევს“.

ნიუ-იორკელი ცნობილი დოქტორის სტიუარტ ფიშერის თქმით, „აუცილებელია ჯო ბაიდენს კოგნიტიური ტესტი ჩაუტარდეს და შედეგები საჯაროდ გახდეს ცნობილი. რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს სიბერის აღიარება, მათ შორის მეც, მაგრამ პრეზიდენტი რომ ხარ, სახელმწიფო მოსამსახურე და უმაღლეს თანამდებობას იკავებ, პასუხისმგებელი უნდა იყო იმათ წინაშე, ვინც ხმა მოგცა და აგირჩია“.

ამერიკელების მიერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჯანმრთელობით დაინტერესება გასაგებია (მით უმეტეს, რომ მას მეორე ვადით სურს პრეზიდენტობა), მაგრამ მოქალაქეები ინტერესდებიან პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მდგომარეობითაც, რომელსაც ასევე ხშირად მოსდის ხოლმე ასაკთან დაკავშირებული კურიოზები.

77 წლის დონალდს ზოგჯერ უცნაური გამონათქვამები აქვს ხოლმე, თუმცა მისი მომხრეები ამას ტრამპის საუბრის თავისუფალი სტილით ხსნიან.

მაგრამ ექსპერტები ამჩნევენ, რომ ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის მეტყველებაში ჯანმრთელობის ფარული პრობლემები გამოიხატება. მაგალითად, დოქტორი ელისაბედ ლანდსვერკი, გერიატრი და ასაკობრივი ჭკუასუსტობის სპეციალისტი, ამბობს, რომ ჯო ბაიდენის გადაცდომები, როგორც წესი, მოკლევადიანია, მაგრამ სერიოზული (სიარულის დროს ფეხი ერევა, კიბეზე ასვლა უძნელდება, გონებას კარგავს, თვალი უშტერდება). ამასთან, იგი თავის შეცდომებს ამჩნევს და განიცდის. დონალდ ტრამპი კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი გარეგნულად ჯო ბაიდენზე უფრო ფიზიკურად ჯანმრთელად გამოიყურება, ბევრს ლაპარაკობს და შეცდომებს ვერ ამჩნევს. გარდა ამისა, ექსპერტებს სერიოზულ „დამამძიმებელ“ მოვლენად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპის მამა ფრედ ტრამპი დემენციით იყო დაავადებული, რომელიც მემკვიდრეობით სნეულებად ითვლება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: