„დონალდ ტრამპის კომენტარი ვლადიმერ პუტინის მიმართ მართლაც „უგუნურია“ – რას წერს „გარდიანი“

41
spot_img

„დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იგი მზადაა „მოუწოდოს“ რუსეთს ალიანსის იმ წევრებს შეუტიოს, რომლებიც ფულს არ იხდიან ნატოს ბიუჯეტში და საკუთარ არმიებს არ აძლიერებენ, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ევროპას აუცილებლად ჭირდება მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოებისადმი მეტი ყურადღება – აშშ-ის მხარდაჭერით თუ მის გარეშე“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპის კომენტარი ვლადიმერ პუტინის მიმართ მართლაც „უგუნურია“, მაგრამ იგი სწორს ლაპარაკობს, როცა ნატოს მომავალს საეჭვოდ თვლის“ (ავტორი – საიმონ ჯენკინსი)

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ყველა ამბობს, რომ დონალდ ტრამპი „საშინლად და უგუნურად ლაპარაკობს“. ახლახან მან თავის გამოსვლაში ვლადიმერ პუტინს ფაქტიურად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმ ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრისაკენ მოუწოდა, რომლებიც საკუთარ თავდაცვაზე სათანადო თანხებს (მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს) არ ხარჯავენ. რასაკვირველია, ნატოს გენმდივანს იენს სტოლტენბერგს არ მოეწონა ექს-პრეზიდენტისა და იმავდროულად პრეზიდენტობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატის განცხადება და გაღიზიანებულმა თქვა – „აშშ-ის ყოფილი მეთაურის ნათქვამი ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება“ და რომ „ალიანსი ყველასათვის თავისუფლების ბასტიონს წარმოადგენს, შესაბამისად, ახლა იმ დავის დრო არ არის, ვინ მეტს იხდის და ვინ ნაკლებს“.

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია შევახსენოთ მისტერ დონალდ ტრამპს, რომ თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მიუძღვის გარკვეული ბრალი ევროპის წინაშე. სწორედ ვაშინგტონი ახდენდა ევროპელებზე ზეწოლას ისეთ ოპერაციებში მიეღოთ მონაწილეობა, რომლებიც ევროპას საერთოდ არ აინტერესებდა. სწორედ ვაშინგტონმა ჩაითრია ევროპა ავღანეთის ავანტიურაში 11 სექტემბერის ტერაქტების შემდეგ, ასევე უფრო ადრე ვიეტნამში, ერაყში და სხვაგან. ამ ყველაფრისათვის ფული იყო საჭირო, რასაც ევროპელი მოკავშირეები ულაპარაკოდ იხდიდნენ.

მოკლედ, ექს-პრეზიდენტის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, დაუფიქრებელი და უადგილოა, თუმცა მოდით ასე დავსვათ კითხვა: განა მართლაც ყველაფერში ტყუილს ლაპარაკობს დონალდ ტრამპი?

უნდა ვაღიაროთ, რომ იგი თანმიმდევრულად მოქმედებს. თავისი პრეზიდენტობის დროიდან იგი აქტიურად მხარს უჭერს აშშ-ის იზოლაციონიზმს: მისი თქმით, რამდენადაც კომუნიზმი უკვე მიიცვალა, იდეოლოგიური იმპერიების შეტაკების იდეა უკვე მოძველდა. დასავლეთის ქვეყნებს საკმარისზე მეტი აქვთ საკუთარი საშინაო პრობლემები, ამიტომაც მათთვის არ იქნება გამართლებული სხვა ქვეყნების სასაზღვრო დავებსა თუ საშინაო კონფლიქტებში ჩარევა. და თუ დიდ ბრიტანეთს და სხვა დიდ სახელმწიფოებს ძალიან სურთ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საერთაშორისო არენაზე, როგორც ამას მე-19 და მე-20 საუკუნეებში აკეთებდნენ, მათ ამისთვის ფული თვითონ უნდა დახარჯონ, მაგრამ აგებენ ისეთ ტანკებს, რომლებიც უსარგებლონი არიან და აშენებენ ისეთ ავიამზიდებს, რომლებსაც ნავსადგურიდან გამოსვლა არ შეუძლიათ. ასე მსჯელობს დონალდ ტრამპი და მას საკმაო არგუმენტები აქვს.

თუ სიტუაციას უფრო პრაგმატულ დონეზე განვიხილავთ, ნატოს გაფართოება მე-20 საუკუნის დასასრულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში – ანუ ალიანსის შემადგენლობაში ბალტიისპირა ქვეყნებისა და პოლონეთის მიღება – მართლაც ნამდვილად პროვოკაციული იყო და რუსეთი საშინლად გაღიზიანდა. შესაბამისად, უკრაინასთან მიმართებით ვლადიმერ პუტინის რეაგირება დასავლეთისათვის ნამდვილად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. აშშ და ევროკავშირი იძულებულნი გახდნენ უკრაინას დახმარებოდნენ, მაგრამ ახლა, როცა ომი ჩიხში შევიდა, როცა დასავლეთი ძველებურად ვეღარ ეხმარება უკრაინას, რუსეთს კი საბოლოო გამარჯვებისთვის ძალა არ შესწევს, საჭიროა მშვიდობიანი გამოსავალის ძიება. ახლა ნატო მშვიდობისა და უსაფრთხოების ძალად უნდა გადაიქცეს და არა ბრძოლის უსასრულოდ გამგრძელებლად. აი, ამიტომაც დონალდ ტრამპის სკეპტიციზმი გამართლებულია.

ძნელია იმის წარმოდგენა, რომ დონალდ ტრამპი მართლაც დაშლის ნატოს ან თვითონ იტყვის უარს ალიანსის წევრობაზე, როგორც ამით ხშირად იმუქრებოდა. მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, ალბათ, ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტი (კოლექტიური თავდაცვის პრინციპი – „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“)  გადახედვას საჭიროებს. და ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა ნატოს უძლიერესი წევრი აშშ სულ უფრო მეტად იხრება წყნარი ოკეანისაკენ, ხოლო ევროპაში პოლიტიკური ერთიანობის შეგრძნება განუხრელად სუსტდება.

ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ვლადიმერ პუტინი რომელიმე აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას თავს დაესხმება, მაგრამ კრემლს სრულიად შეუძლია თავის მეზობლებთან სასაზღვრო საკითხი გაამწვავოს, გააღვივოს რუსულენოვანი უმცირესობის უკმაყოფილება ზოგიერთ სახელმწიფოში. არსებობს მსგავსი მოქმედების პრეცედენტები – საქართველოსთან მიმართებით 2008 წელს და უკრაინასთან – 2014 წელს.

ასეთ შემთხვევაში დონალდ ტრამპს  – და არა მარტო მას – სრული უფლება ექნება კითხვა დასვას: რატომ უნდა ეხებოდეს ასეთი [ევროპული] ინციდენტები შეერთებულ შტატებს? და ვგონებ, ძალიან ძნელი იქნება ევროპისათვის, რომ ამ კითხვას დამარწმუნებელი პასუხი გასცეს.

წყარო