“დიდმა შვიდეულმა უნდა აღიაროს, რომ მსოფლიოს მართვა არ შეუძლია” – „ფაინენშელ თაიმსი“

157
spot_img

დიდმა შვიდეულმა უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია მსოფლიოს მართვა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“.

სტატიის ავტორი მარტინ ვოლფი წერს, რომ ამერიკული ჰეგემონია და ჯგუფის ეკონომიკური დომინირება ახლა უკვე ისტორიაა. სტატიის მიხედვით, დიდი შვიდეულის დომინირების ადრინდელი მსოფლიო კიდევ უფრო შორს არის, ვიდრე დიდი ოცეულის თანამშრომლობა. პუბლიკაციის მიხედვით, არც გლობალური თანამშრომლობა და არც დასავლეთის ბატონობა განხორციელებადად არ გამოიყურება, რასაც შეიძლება, მოჰყვეს „გაყოფა“ და „ანარქია“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჰიროსიმას დიდი შვიდეულის კომუნიკე ყოვლისმომცველია და მოიცავს უკრაინას, განიარაღებასა და გაუვრცელებლობას, ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონს, გლობალურ ეკონომიკას, კლიმატურ ცვლილებებს, ენერგეტიკას, დემოკრატიას, ტერორიზმსა და ბევრ სხვა საკითხს, თუმცა როდესაც ყველაფერი პრიორიტეტულია, არაფერია პრიორიტეტული.

„უფრო მეტიც, შეერთებული შტატების „უნიპოლარული“ მომენტიც და დიდი შვიდეულის ეკონომიკური დომინირებაც ისტორიაა. თუმცა, ისიც მართალია, რომ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ყველაზე ძლიერი და შეკრული ეკონომიკური ბლოკია მსოფლიოში. ის აგრძელებს, მაგალითად, მსოფლიოს ყველა წამყვანი სარეზერვო ვალუტის წარმოებას. მიუხედავად ამისა, 2000-დან დაწყებული 2023 წლის ჩათვლით, მისი წილი გლობალურ გამომუშავებაში (მსყიდველობითი უნარით) 44-დან 30 პროცენტამდე იქნება შემცირებული, მაშინ როდესაც ყველა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის წილი 57-დან 41 პროცენტამდე იქნება შემცირებული. იმავდროულად, ჩინეთის წილი შვიდიდან 19 პროცენტამდე გაიზრდება. ჩინეთი ახლა ეკონომიკური სუპერსახელმწიფოა. თავისი „სარტყელისა და გზის“ ინიციატივით, იგი გახდა უზარმაზარი ინვესტორი (და კრედიტორი) განვითარებად ქვეყნებში, თუმცა, მოსალოდნელია, რომ მას მოუწევს, გაუმკლავდეს დიდი შვიდეულის ქვეყნებისთვის ნაცნობ უიმედო ვალებს. ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნისთვის ჩინეთი უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ვიდრე დიდი შვიდეული: ამის მაგალითია ბრაზილია. დიდი შვიდეული ასევე ეხება სხვებსაც: მათი შეხვედრა იაპონიაში მოიცავდა ინდოეთს, ბრაზილიას, ინდონეზიას, ვიეტნამს, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეას. მაგრამ, როგორც ჩანს, 19-მა ქვეყანამ მიმართა „ბრიკსში“ გაწევრიანებას, რომელშიც უკვე შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა… როგორც ჩანს, „ბრიკსი“ ახლა არის გზაზე, რომ გახდეს მსოფლიო მასშტაბის დაჯგუფება. ცხადია, მის წევრებს რაც აერთიანებს, არის სურვილი, არ იყვნენ დამოკიდებული აშშ-სა და მისი ახლო მოკავშირეების ახირებებზე, რომლებიც დომინირებდნენ მსოფლიოში ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში“, – აღნიშნულია სტატიაში.