დიდია ყველას გულისტკივილი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო, მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა – პატრიარქი

25
spot_img

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ქართველი მუსიკოსის და მევიოლინის, ლიანა ისაკაძის­ გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ ლიანა ისაკაძემ საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა.

„დიდია ყველას გულისტკივილი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა.

სიკეთით, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე დიდებული ხელოვანი ახლა უკვე მარადიულობის გზას შეუდგა.

აღვავლენთ ლოცვებს ქ-ნ ლიანას უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“,-აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, სადაც მყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი და თბილისის მერი, კახა კალაძე.

ისაკაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ლიანა ისაკაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს.