“ჩვენთვის ძალზე საშიშია რუსეთის კატასტროფით შექმნილი ისეთი რეალობა, რისი კონტურებიც ჰადსონის ინსტიტუტმა დახატა”

120
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

ვინც საქართველოს ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს და ქართულ სჯულს მისდევს, რასაკვირველია, რუსეთის ბედი კი არ ანაღვლებს და მის გამარჯვებას კი არ გულშემატკივრობს, არამედ, სიფრთხილით ეკიდება, თუკი ეს ნაკლებსავარაუდო რამ მოხდება – რუსეთის გეოპოლიტიკური სცენიდან გასვლას;

დიდი გულუბრყვილობაა და ძალიან საშიშიც იმის მოლოდინი, რომ იმ სისტემა წარმომქმნელ როლს, რასაც რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ‘შუა ხმელეთზე”, მასზე “უკეთესი” ძალა შეასრულებს; შეუძლებელია, ეს დასავლური ცივილიზაცია ანდა მით უმეტეს, ჩრდილო-ატლანტური, ანგლო-საქსური ჰეგემონიის კავშირი იყოს; ეს ვერ მოხდება თუნდაც იმიტომ, რომ ეს ცივილიზაცია თავადაც პოსტ-მოდერნულ მწვავე კრიზისშია და მით უმეტეს, ვერ შეძლებს “აღმოსავლეთი” თავისი წესებით ავად თუ კარგად, მართოს; გეოპოლიტიკურად კი სავსებით ცხადია – “რიმლენდი” ვერასდროს “ჰარტლენდი” ვერ გახდება.

ჩვენთვის ძალზე საშიშია რუსეთის კატასტროფით შექმნილი ისეთი რეალობა, რისი კონტურებიც ჰადსონის ინსტიტუტმა და ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ლიუკ კოფიმ (სწორედ მან გაახმოვანა პირველად საქართველოს აფხაზეთისა და ჩრდ. ქართლის გარეშე ნატოში მიღების იდეა) საჯაროდ დახატა: რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მარცხს ამ ომში გარდაუვალად მოჰყვება ამ უზარმაზარი ევრაზიული სივრცის, “შუა ხმელეთის”, “ჰარტლენდის” გეოპოლიტიკური კოლაფსი – მისი დაშლა და მსხვრევა, რაც ნიშნავს ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ამ სივრცეზე დიდ არეულობასა და გაუთავებელ ომებს; აღარაფერს ვამბობთ მთელი პლანეტისათვის ეგზისტენციალურ საფრთხეზე, რაც ბირთვული არსენალის, ანუ არმაგედონის იარაღის კონტროლიდან გასვლის საშიშროებას უკავშირდება; რასაკვირველია, ამ შემთხვევაში “რიმლენდი”, უწინარესად ჩრდილოეთ ატლანტიკა, დიდ გამარჯვებას მოიპოვებს ცივილიზაციათა ამ შეჯახებაში, საძულველი რუსეთი სასტიკად დამარცხდება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამის ფასი მთელი “ჰარტლენდის” კოლაფსია და შედეგები კი მთლიანად ევრაზიული სივრცის გეოპოლიტიკური დეგრადაცია, მისი ჩიხად ანდა საუკეთესო შემთხვევაში ნახევრად-პერიფერიად გადაქცევა; მსოფლიოს გეოპოლიტიკური ბირთვი, მისი “მეტროპოლია” ატლანტიკიდან წყნარი ოკეანის აუზში გადავა; ხოლო ჰარტლენდის, ე.ი. იგივე პოსტსაბჭოური სივრცის, როგორც ლიუკ კოფი მოელის, კოლაფსის შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევები იქნებიან მეორეხარისხოვანი ფსევდო-პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ფიზიკურად გადასარჩენად დასავლურ ორბიტას უნდა მიეკედლონ; არა მგონია, ქართველებს გვხიბლავდეს ასეთი პერსპექტივა, როცა ამერიკელ ნეო-კონებს (ლიუკ კოფის მაგალითზე) ნამსხვრევებად წარმოვუდგენივართ და მოწყალებასავით გვთავაზობენ, ჯანდაბას, შეგიკედლებთ, თქვე უბედურებოო. მაგრამ ფასის გადახდა კი მოგიწევთო!

ბედის ირონიაა, როცა ჩვენი ტვინგაცხელებული ულტრა-მედასავლეთეები სულგანათლებულს, მირონცხებულ მეფეს, ერეკლეს, ბაგრატიონს, არა მხოლოდ აკრიტიკებენ, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ რუსეთთან ტრაქტატის დადებისათვის, ხოლო თვითონ ათასჯერ უფრო “მიმკედლებლურ” პოლიტიკას გვახვევენ თავს, რათა დასავლეთის ხარჯზე პარაზიტიზმი და მისი კლიენტობის “მაღალი სტატუსი”გაინაღდონ! გეორგიევსკის ტრაქტატი და რუსეთის მძიმე უღელი შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს კიდეც, თუკი ის ძალები, რომლებიც როგორც ნამსხვრევებს, შეგვიკედლებენ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ისე და შეიძლება უფრო გულმხურვალედაც, როგორც ესტონეთს, მოგვილოცავენ. და შეკედლების ფასი შეიძლება უფრო ძვირადაც კი დაგვისვან. ეს უკვე “კოჭებშივე” ეტყობა მათ რეზოლუციებსა თუ 12 პუნქტიან გეგმებს.

ამიტომ: ამ ვითარებაში საქართველოს უალტერნატივო “მოდუს ოპერანდია” ტრადიციულად, ისტორიულად და გეოპოლიტიკური მდებარეობით განპირობებული ცივილიზაციათა ხიდის ფუნქციის შესრულება. ცხადია, ეს დასავლეთთან რაიმე განხეთქილებას არ ნიშნავს, პირიქით! არ ნიშნავს, რადგან თავად საქართველოც ხომ ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილია! მაგრამ ეს ნამდვილად განხეთქილებაა “გლობალური ომის პარტიასთან”, რომლის მიზნებსაც თუნდაც ლიუკ კოფი ახმოვანებს! არსებითი კითხვა კი ასეთია: . რა გვირჩევნია, ვიყოთ ხიდი ცივილიზაციათა ურთიერთობებში, რაც ცივილიზებული წესების დაცვას, წესრიგს, მშვიდობიან თანამშრომლობასა და სტაბილურ განვითარებას ნიშნავს, თუ “დანგრეული ციხე”, გეოპოლიტიკური სივრცის ნამსხვრევი, ვისაც შეიკედლებენ იმის საფასურად, რომ რუსეთის უკანალში შერჭობილი ნატოს ხიჭვის ფუნქცია შეასრულა?!