“ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებასთან ძალიან ახლოსაა, რაშიც „ხალხის ძალას“ საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის”

39
spot_img

დღეს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ბევრი საუბრობს, რომ საქართველოს შემოდგომაზე EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარდაუვალი საკითხია. თუ ეს ასეა, ამაში „ხალხის ძალას“ ეკუთვნის მნიშვნელოვანი როლი. კანონპროექტის ინიცირებითა და მისი შემდგომი გამოწვევით ჩვენ მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ ევროსტრუქტურებს, რომ მათ რიგებში მყოფ დაინტერესებულ მხარეს ჩვენი რადიკალური ძალების იმედი საშემოდგომო არეულობისა თუ პროცესების „მაიდანიზაციის“ კუთხით არ უნდა ჰქონდეს, ხოლო საზოგადოებაში „ევროგაცრუების გრადუსის აწევა“ სავსებით მოსალოდნელია. 7-8 მარტის მოვლენებმა ვადამდე ადრე ითამაშეს დესტრუქციული „ფალსტარტის“ როლი იმის მკაფიო ჩვენებით, რომ სახიფათო ექსპერიმენტების გზაზე დღეს არა საქართველო, არამედ ევროკავშირი იმყოფება. ამ თვალსაჩინოების პროცესებში „ხალხის ძალის“ როლი ფასდაუდებელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, საზოგადოებრივი მოძრაობის არსებობის ექვსთვიანი პერიოდის შეჯამებისას სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებასთან ძალიან ახლოსაა, რაშიც „ხალხის ძალას“ საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. გარდა ამისა „ხალხის ძალამ“ თავისი ნახევარწლიანი არსებობის მანძილზე საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და ქვეყნისთვის სასარგებლო ბევრ სხვა საქმეში.

„აღდგომასთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დღევანდელი შემადგენლობით დაფუძნებას ნახევარი წელიწადი შეუსრულდა. ეს ბევრიც არის და ცოტაც. ცოტაა პერიოდის თვალსაზრისით. ბევრია იმ შედეგების კუთხით, რაც ყველასთვის თვალნათელია და რომელთა ძირითად მიმართულებაზე მინდა, ჩვენი საზოგადოების ყურადღება გავამახვილო, მით უმეტეს იმ მიზნითაც, რომ „ხალხის ძალის“ საქმიანობის ნაყოფს დღეს მავანი საკუთარი ძალისხმევისთვის მიწერას ცდილობს, რაც არასწორია. სულ რაღაც ექვს თვეში ჩვენმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ შეძლო შემდეგი:

– საერთაშორისო და ლოკალური პოლიტიკური გარემო საქართველოსთან თანაბარუფლებიანობასა და პარტნიორულ ურთიერთობებზე დაფუძნებულ დიალოგს მიაჩვია, რაც გამორიცხავს „აგენტოკრატ – ლაქიას“ ფორმატს. ეს ეფუძნება მაქსიმალურ გამჭვირვალობას, სიმართლესა და ურთიერთპატივისცემას. ამ გზით, „ხალხის ძალამ“ მოკლე პერიოდში მიაღწია იმას, რომ მოქმედი ხელისუფლებაც პარტნიორებთან არაჯანსაღი ურთიერთობების მძევლობიდან გამოიყვანა. დღეს საქართველო საკუთარ მეკავშირეებთან ანტივასალურ დამოკიდებულებაში უფრო წინ არის წასული, ვიდრე პირიქით, მაგრამ ძირითადი, რაც მოხდა – საქართველომ მსოფლიოს აუწყა, რომ სხვა ტიპის ურთიერთობებს მოქმედ ხელისუფლებასთან ადგილი აღარ ექნება.

– „ხალხის ძალამ“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეები კულუარული და კატაკომბური მდგომარეობიდან სააშკარაოზე გამოიტანა. პირველად მან ატეხა განგაში და ამ ვერაგი მცდელობის ყველა გამჟღერებელი აქტორი დაასახელა. ჩვენმა საზოგადოებამ „გლობალური ომის პარტიის“ სურვილები ჩვენი ქვეყნის დამღუპველ პროცესებში ჩართვის შესახებ ფაქტობრივად გამოააშკარავა და ჩანასახშივე გაანადგურა. ჩვენმა ძალისხმევამ, როგორც მინიმუმ, მოლდოვაშიც შეაჩერა მსგავსი მცდელობები, ვინაიდან „გლობალური ომის პარტიის“ რეგიონული მიზნები და ამოცანები „მზის შუქზე“ გამოვიტანეთ.

– „ხალხის ძალის“ მიერ საკუთარ საზოგადოებასთან და საერთაშორისო ძალებთან სიმართლესა და პირდაპირობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ფორმატმა ჩანასახშივე შეუწყო ხელი ისეთი პროცესების გაუვნებლებას, როგორიც იყო: „არასამთავრობო“ სექტორის ვერშემდგარი ჯანყი, ქვეყნის „აყირავებისა“ და გადატრიალების არა ერთი უშედეგო მცდელობა.

– გამოაშკარავდა ის, რომ „გლობალური ომის პარტიამ“ „ხალხის ძალა“ მიიჩნია თავისი ზრახვების ძირითად ჩამშლელად. ეს ნათლად ჩანს ჩვენი მოძრაობის პირდაპირ სამიზნეში აყვანასა და სტიგმატიზაციის არაერთ მცდელობაში, თითქოს ჩვენ ვიმართებით კრემლიდან, ვიყენებთ ФСБ-ს სახელმძღვანელოებს, ხელს ვუწყობთ დემოკრატიის „უკუსვლას“, გამოვირჩევით ანტიდასავლური და აგრესიული რიტორიკით.

– „ხალხის ძალის“ ყურადღების და რეაგირების მიღმა არ დარჩა, შვეიცარიის ბანკ „კრედიტ სუისის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიმდინარე არაფორმალური სანქცირების არც ერთი ფაქტი. ქართველი მოსამართლეების მიმართ გამოცხადებული უსამართლო და უსაფუძვლო შევიწროება ასევე იყო და რჩება „ხალხის ძალის“ დღის წესრიგის ძირითადი ნაწილი.

– „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან „ხალხის ძალაზე“ მიტანილი უპრეცედენტო შეტევის აპოგეას წარმოადგენდა ამერიკული FARA-ს კანონის საფუძველზე ეროვნულ საკანონმდებლო სისტემაში არსებული ხარვეზის გამოსწორების მცდელობა. ჩვენი ქართულ რეალობაზე მორგებული კანონპროექტი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ მომენტალურად შერაცხეს „რუსულ კანონად“. ამ ცილისწამებაზე იყო აგებული მასობრივი არეულობების ინსპირირება, მსხვერპლის პროვოცირება და ქვეყანაში ახალი „მაიდანის“ მოწყობა.

– ადგილობრივ დესტრუქციულ ძალებსა და მათ საერთაშორისო წამქეზებლებს „ხალხის ძალისა“ და მოქმედი ხელისუფლების დამსახურებით ხელიდან გამოეცალათ თავისი შორს მიმავალი და სისხლიანი გეგმების განხორციელების ბერკეტები, როდესაც, ვითარების განეიტრალების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე „მაიდანის“ ტრიგერად გამოსაყენებელი კანონპროექტი უკან გამოგვეწვია.

– დღეს ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის ხორცშესხმის გზას თვით ევროკავშირი და მის გარდა სხვა ბევრი სახელმწიფო დაადგა. „რუსული კანონის“ მითი ისე დაიმსხვრა, რომ ამ ცილისწამების კამპანიიდან რამე პრაქტიკული შედეგის დადგომამდე საქმე ვერც მივიდა და ამ პროცესის მთავარი გმირი სწორედ „ხალხის ძალა“ იყო.

– დღეს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ბევრი საუბრობს, რომ საქართველოს შემოდგომაზე EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარდაუვალი საკითხია. თუ ეს ასეა, ამაშიც „ხალხის ხალას“ ეკუთვნის მნიშვნელოვანი როლი. კანონპროექტის ინიცირებითა და მისი შემდგომი გამოწვევით ჩვენ მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ ევროსტრუქტურებს, რომ მათ რიგებში მყოფ დაინტერესებულ მხარეს ჩვენი რადიკალური ძალების იმედი საშემოდგომო არეულობისა თუ პროცესების „მაიდანიზაციის“ კუთხით არ უნდა ჰქონდეს. ხოლო საზოგადოებაში „ევროგაცრუების გრადუსის აწევა“ სავსებით მოსალოდნელია. 7-8 მარტის მოვლენებმა ვადამდე ადრე ითამაშეს დესტრუქციული „ფალსტარტის“ როლი იმის მკაფიო ჩვენებით, რომ სახიფათო ექსპერიმენტების გზაზე დღეს არა საქართველო, არამედ ევროკავშირი იმყოფება. ამ თვალსაჩინოების პროცესებში „ხალხის ძალის“ როლი ფასდაუდებელია.

ასე რომ, ნახევარ წელიწადს ჩვენს ნერვებზე, აქტიურობასა და ბრძოლის შედეგიანობაზე ფუჭად არ ჩაუვლია. არც სხვისი წვლილის მორგებას ვცდილობთ საკუთარ მხრებზე, მაგრამ არც საკუთარის დათმობასა თუ დაკნინებას დავუშვებთ. წინ არანაკლებად დაძაბული პერიოდი გველის, რომელსაც, უფლის ნებითა და ხალხის ძალით, ასევე წარმატებულად გავუმკლავდებით,“- წერს დავით ქართველიშვილი.