ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა

39
spot_img

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, შინ ვონ-სიკი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, შინ ვონ-სიკმა ადგილობრივი მედიის წინაშე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა.

„შეიძლება ამ ორის ნაერთიც იყოს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სულ მცირე რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა“, – განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან საკვებით სავსე 9,000 კონტეინერი მიიღო.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში იარაღის მწარმოებელი ქარხნები, მასალისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, თავიანთი სიმძლავრის დაახლოებით 30%-ით მუშაობს, მაგრამ ის ქარხნები, რომლებიც რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ, სრული დატვირთვით მუშაობენ.