ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (Foreign Policy) აქვეყნებს სტატიას სათაურით „BRICS“-ის ვალუტას დოლარის დომინირების შერყევა შეუძლია“ (ავტორი – ჯოზეფ სალივანი, თეთრი სახლის ყოფილი ეკონომიკური ექსპერტი).
„ბოლო დროს „ბრიკს“-ის (BRICS) წევრები – რუსეთი, ჩინეთი და ბრაზილია აქტიურად განიხილავენ დედოლარიზაციის პროექტებს. მართალია, მსოფლიოში მსგავსი განზრახვები ადრეც იყო, მაგრამ ისინი იმ დროინდელი სიტუაციაში წარმატებულნი არ აღმოჩნდნენ, ახლა კი, როცა ბრიკს“-ის ქვეყნები საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ-ეკონომიკურ პოტენციალს ფლობენ, მათ ნამდვილად შეუძლიათ ამერიკული ვალუტა „ბრძოლაში გამოიწვიონ“ და მისი ბატონობა საფუძვლიანად შეარყიონ“, – ნათქვამია სტატიაში.
„ამას წინათ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის იგნასიო სილვა და ლულამ, თავის კოლეგა სი ძინპინთან შეხვედრისას პეკინში, ხატოვნად აღიარა, რომ „ეს საკითხი არ მასვენებს, მასზე დღე და ღამე ვფიქრობო“, – აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, მსგავსი ლაპარაკი დოლარის როგორც სტაბილური ვალუტის მიმართ უკვე იმას ნიშნავს, რომ „ცალთვალა დოლარის ბატონობას ბრმა კონკურენტებზე – ჩინურ იუანზე და ევროპულ ევროზე“ შეიძლება ბოლო მოეღოს.
სახელმწიფოთა სწრაფვას – გათავისუფლებულიყვნენ დოლარზე დამოკიდებულებიდან – საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან, მაგრამ უშედეგოდ. ამჟამად დოლარი საგარეო ვაჭრობაში 84%-ით გამოიყენება, ჩინური იუანი კი – მხოლოდ 4,5%-ით. ასე რომ, ერთი შეხედვით, რუსეთის წინადადება „ბრიკს“-ის ქვეყნებისათვის საერთო ვალუტის შემოღებაზე – „ბრიკის“ სავარაუდო სახელწოდებით, ახლაც განუხორციელებელი უნდა იყოს.
მაგრამ თუ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – ყველა ერთად გადავა „ბრიკით“ ვაჭრობაზე, მაშინ მათ შეუძლიათ, თეორიულად მაინც, დოლარის ჰეგემონიის შერყევა.
სტატიის ავტორი სრულიად რეალურად თვლის, რომ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს მიზნის მიღწევა შეუძლიათ – იმის გათვალისწინებით, რომ BRICS-ის წევრების დადებითმა სავაჭრო ბალანსმა გასულ წელს 387 მილიარდ დოლარს მიაღწია.
„ბრიკის“ ვალუტის პერსპექტივა საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ მიზეზითაც, რომ ევროზონისაგან განსხვავებით, BRICS-ის წევრებს ერთმანეთთან საერთო საზღვარი არ აქვთ, ანუ მათ შეუძლიათ სხვა ქვეყნების ჩართვა ვაჭრობაში.
შესაძლოა თავდაპირველად „ბრიკის“ წარმატება შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში „დოლარის ერთპოლუსიანობას“, ევროსთან ერთად, „ბრიკიც“ შეარყევს, ეს უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ „ცალთვალას“ მხედველობა უფრო მეტად დააკლდება, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.