არავის აქვს უფლება, პოლიციელს შეაგინოს, შეაფურთხოს, ბოთლები და ქვები ესროლოს – კახა კალაძე

3
spot_img

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია – ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს წუხანდელი მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

„ქვეყანაში დღეს აღარ არის დემოკრატია და მაშინ იყო, 2012 წლამდე, როდესაც „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ იმ ადამიანებს, ვინც პირდაპირ კლავდა, ართმევდა უფლებებს, ზღუდავდა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, ბიზნესმენებს ატერორდება, იჭერდა, ქონებებს აფორმებინებდა სხვადასხვა თანამდებობის პირსა და სახელმწიფოზე, ციხეებში აუპატიურებდა პატიმრებს, ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს? ეს იყო დემოკრატია და დღეს არ გაქვთ თავისუფლება? ეს არის ცრუ პროპაგანდა, ამიტომ აგებთ და წააგებთ ყველაფერს, რადგან სიცრუე, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ქმედებებს, მერი აცხადებს, რომ ისინი წესრიგს იცავენ.

„ისინი იცავენ წესრიგს და უზრუნველყოფენ ადამიანების უსაფრთხოებას. არავის აქვს უფლება, რომ პოლიციებს, რომელიც იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, შეაგინოს, შეაფურთხოს, ბოთლები და ქვები ესროლოს. ამას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. აბა, გაბედეთ და ევროპის რომელიმე ქვეყანაში, გინდ ამერიკაში, პოლიციელს დაელაპარაკეთ ისე, როგორც გუშინ აქციის ზოგიერთი მონაწილე აკეთებდა. ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ. ჟურნალისტი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იკადრო და ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა პროტესტი კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

„სიტყვის და  გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ყველას აქვს უფლება, რომ გამოხატოს პროტესტი სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი ნებისმიერი ადამიანი – ჟურნალისტი იქნება ეს, ბიზნესმენი ან თუნდაც პოლიტიკოსი, გაცდება კანონის ჩარჩოებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. მშვიდობიან პროტესტს არ აქვს არანაირი პრობლემა“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, არც ერთი გადაცდომა არ დარჩება პასუხგაუცემელი.

„თქვენ არ იფიქროთ, რომ დღეს არის შევარდნაძისდროინდელი ხელისუფლება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს კანონს, ადამიანის უფლებებს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელს გადაუარო, შეურაცხყოფა მიაყენო, აგინო, ბოთლები და ქვები ესროლო. არ გამოვა ასე, მეგობრებო! ყველაფერს აქვს საზღვარი. გამოხატეთ პროტესტი, მაგრამ ეს გააკეთეთ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.