ალექსანდრე ლომთათიძის ცხედარს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ (ფოტოები)

70
spot_img

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს, რომელსაც ხვალ, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 28 მაისს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში ის აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ.

1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს იგი დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა მოძიებული. მისი ნეშტის გადმოსვენება კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.