,,განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი”- დიმიტრი ლორთქიფანიძე

174
spot_img

ე.პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი დაარსდება. მისი თქმით, მიმდინარეობს იმ ტერიტორიის ძებნა, სადაც უნივერსიტეტი გაიხსნება. ამის შესახებ „საქართველო და მსოფლიო“ წერს.

„ამჟამად კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება – დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. მჯერა, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი და გვექნება დეტალები და დეტალები ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში „მიდის რეანიმაციის პროცესი”. მან რუსეთში ახალი ვიზიტებიც დააანონსა და ამას რუსეთთან „ურთიერთობების აღორძინების პროცესი“ უწოდა.

„ივლისში რუსეთში ორი კონფერენციის გამართვა იგეგმება და ავიაბილეთების სუბსიდირების საკითხი მოგვარდება. სექტემბერში ვგეგმავთ მორიგ ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში და ველოდებით ახალ საინტერესო ინიციატივებს რუსული მხარისგან“, – თქვა ლორთქიფანიძემ.

ამასთან მან ძალადობრივი ჯგუფების მიერ, 8 ივლისს თბილისში ჩაშლილ პრაიდ ფესტივალზე ისაუბრა და მათი ეს ქმედება მოიწონა.

„8 ივლისს თბილისში ფესტივალის ჩაშლამ გარკვეული იმედი გააჩინა ჩემს სულში და ნათლად აჩვენა, თუ როგორ აძლევს ერს კონსოლიდაციის საშუალება, წარმატებით გადაჭრას ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემები. ცხადი გახდა, რომ საჯარო ლგბტ პროპაგანდა საქართველოში ვერ დამკვიდრდებოდა, რადგან ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებდა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ

პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეს განცხადებები 4 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში ევგენი პრიმაკოვის საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გამართულ ქართულ-რუსული ფორუმის „დიალოგი-2023“-ის ფარგლებში გააკეთა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები, ქართველი და რუსი ექსპერტები ესწრებოდნენ. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ პროფესორები: თემურ მაისურაძე, გოჩა ცოფურაშვილი, თამარ კიკნაძე, პოლიტიკური პროცესების ანალიტიკოსი გიორგი მდივანი, ისტორიკოსი გიორგი უხურგუნაშვილი და პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხოტივრიშვილი.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თავად პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთთან პირდაპირი რეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი იყო, რომელიც 20 მაისს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით განხორციელდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.