უკრაინაში ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ ორი შეხვედრა გაიმართა, მოსული იყო კონკრეტული ადამიანი, ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელმაც ომში ჩართვა პირდაპირ მოგვთხოვა. პრობლემები დაიწყო სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც ამაზე უარი ვთქვით, თან პირდაპირ არ გვითქვამს არაფერი, კითხვები დავსვით, რაზეც პასუხის გაცემაც არ იკადრეს, მოითხოვეს ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა, მოლდოვას რატომ არ დაუპირისპირდნენ, როდესაც რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ომში ჩართვა მოლდოვასაც რატომ არ მოსთხოვეს?
„რამდენიმე განცხადება გავაკეთე, რომ გლობალური ომის პარტიის ქვეშ აშშ-სა და ევროკავშირს არ ვგულისხმობთ. რამდენიმე განცხადება მაქვს სიტყვასიტყვით ასეთი გაკეთებული, ამიტომ ნუ მოატყუებთ საზოგადოებას. ახლა ავიღოთ ქრონოლოგია. შეგახსენებთ, რა ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პირდაპირ ორი ელჩი – დეგნანი და ჰარცელი იყვნენ ჩართული იმ საბოტაჟში, რომელიც წარმოებდა რადიკალური ოპოზიციის ხელით. იძულებითი მოლაპარაკებები, იძულებითი შეთანხმება, ე.წ. მიშელის შეთანხმება და ა.შ. ერთი წელი აწვალეს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი, ვიდრე, საბოლოო ჯამში, არ გადავლახეთ 43-პროცენტიანი ბარიერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რა შუაშია აქ ფინანსური შანტაჟი და ა.შ.? მერე იყო ორთვიანი სიმშვიდე და თებერვალში გაიმართა ორი შეხვედრა ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ. დღესაც არ ვაკონკრეტებ იმას, თუ ვინ იყო კონკრეტულად მოსული, მაგრამ იყო კონკრეტული ადამიანი მოსული, ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელმაც პირდაპირ მოგვთხოვა ომში ჩართვა და პრობლემები დაიწყო სწორედ ამ მომენტიდან, როდესაც ჩვენ ვთქვით უარი. თან პირდაპირ არ გვითქვამს არაფერი. კითხვები დავსვით. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჯერ სვამ კითხვებს და მერე აფიქსირებ საკუთარ პოზიციას. კითხვებზეც კი არ იკადრეს პასუხების გაცემა, უმარტივეს კითხვებზეც კი. მოითხოვეს ჩვენი ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა და აქედან დაიწყო პრობლემები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური შანტაჟი. ყველაფერი დღესავით ცხადია, თუ რა უნდოდათ ჩვენი ქვეყნისგან. მოლდოვას რატომ არ დაუპირისპირდნენ, როდესაც არ დაუწესა რუსეთს სანქციები? ჩვენთან რატომ მოვიდა იგივე ადამიანი, ვინც ომში ჩართვას ითხოვდა და რატომ ითხოვდა დაჟინებით ასევე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და რატომ არ მოსთხოვა იგივე მოლდოვას?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ვერ იტყვის, თუ ვინ ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ომში ჩართვას, რადგან ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას იცავს, როდესაც ყველა დეტალს არ ასაჯაროვებს.
„დამატებითი პრობლემებს შექმნა არ გვინდა, გვინდა, გავუფრთხილდეთ რაღაც-რაღაცებს და ამისათვის კონკრეტული სუბიექტები უნდა იყვნენ მადლიერები ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მოლდოვას რაც შეეხება, ერთი კრიტიკა თუ გახსოვთ, რომ მან არ დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა? ვინმემ გააკრიტიკა ამისთვის მოლდოვა, ან ვინმემ მოსთხოვა მოლდოვას რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ან ვინმეს გაუკრიტიკებია მოლდოვა აღვირახსნილი კორუფციისთვის, რაც სერიოზული პრობლემაა, ან ვინმეს ოდესმე უხსენებია, რომ მოლდოვაში პოლიტიკოსები დაიჭირეს და პარტიები აკრძალეს? იგივე ეხება უკრაინასაც. რატომ არ ვისმენთ ასეთ განცხადებებს? იმიტომ, რომ საქართველოს მიმართ არის კონკრერული ინტერესი და მოლდოვის მიმართ არ არის იგივე ინტერესი. მოლდოვას, უკრაინას ეპატიება კორუფციაც, პარტიების აკრძალვაც, პოლიტიკოსების დაჭერაც, მაგრამ საქართველოში, შეიძლება, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი გესროლონ და ასეთი კაციც არ უნდა დაიჭირონ. აქ ჩანს რეალურად ორმაგი სტანდარტი, რაც ევროპას არ შეშვენის. ევროპა ჯერ კიდევ 30 წლის წინ გამოირჩეოდა სამართლიანობით, სამართლის უზენაესობის პატივისცემით. ევროპაში ასეთი მდგომარეობა იყო 2008 წლამდე. 2008 წლის შემდეგ არის ძალიან მძიმე უკუსვლა მთელი ევროპის მასშტაბით, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.