ჩვენდა სამწუხაროდ, გუშინდელი დღე საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც შავი ლაქა”- გახარია

19
spot_img

ჩვენდა სამწუხაროდ, გუშინდელი დღე საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც შავი ლაქა.

26 ოქტომბრის არჩევნების მოპარვის შემდგომ, „ოცნება“ შევიდა ანტიკონსტიტუციური მოქმედებების სპირალში: უკანონო პარლამენტის სხდომა, უკანონოდ დამტკიცებული მთავრობა, უკანონოდ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე,  პრეზიდენტის უკანონოდ არჩევის პროცესი. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი შეფასებები. ამ არჩევნების გაყალბების შედეგად, ლეგიტიმაციის ჰაერში ჩამოკიდებამ, საბოლოო ჯამში, „ოცნება“ მიიყვანა ძალიან მძიმე შედეგამდე: ეს იყო გაცხადებული, კოლექტიური სახელმწიფო ინტერესების ღალატი, რომელიც განხორციელდა პირდაპირ ეთერში ივანიშვილის დავალებით და უკანონოდ არჩეული პრემიერის მიერ, რომელმაც, ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებით ისინი აჩერებენ ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას.

რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ვალია გავერთიანდეთ და ერთად ყველამ უნდა ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე. ამისთვის ჩვენი მიზანია:

  1. მივიღოთ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი.
  2. პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე არჩეული ცესკოს, სუსის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, სახელმწიფო აუდიტის ახალი ადმინისტრაციები.

წინააღმდეგ შემთხვევაში არ ექნება არანაირ არჩევნებს აზრი. ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს დავიბრუნოთ არჩევნები – ამ ადმინისტრაციების ცვლილებით.

ამ მიზნის მისაღწევად:

  1. მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ყველამ, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, გამოვხატოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი და ასე შევქმნათ პროტესტის კერები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  2. მივმართავთ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს, უკანონოდ დანიშნულ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის, სანქციები გამოიყენონ არა ქართველი ხალხის (ვგულისხმობთ, მაგ. უვიზო რეჟიმის გაუქმებას), არამედ პერსონალურად ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც დამნაშავეა არჩევნების მოპარვაში, დემოკრატიის უკუსვლაში, ხალხზე ძალადობასა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მოკვლაში.

მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტთა კორპუსს, რომელიც გუშინ თბილისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლით იცავდა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს და ჩვენი გუნდის, და არა მარტო ჩვენი გუნდის, დაკავებულ და დაზარალებულ აქტივისტებს, რომლებიც გუშინ იძულებულები გახდნენ ქუჩაში დაეცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი.