“50 ათასი რუსი და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში მყოფი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებზე თავდასხმისათვის ემზადება”-The New York Times

72
spot_img

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “50 ათასი რუსი და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში მყოფი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებზე თავდასხმისათვის ემზადება“ (ავტორები – ჯულიან ბარნსი, ერიკ შმიტი და მაიკლ შვიცი). „რუსებისა და კორეელების კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება“, – ნათქვამია ვრცელ მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

რუსეთის არმიის სარდლობამ კურსკის ოლქში თავი მოუყარა 50-ათასიან სამხედრო დაჯგუფებას, რომელსაც დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაციც ემატება და ემზადება შეტევისათვის, რათა უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს.

როგორც ამერიკული დაზვერვა იუწყება, რუსეთმა ესოდენ მნიშვნელოვანი ძალები ისე შეკრიბა, რომ დონბასის ფრონტიდან რაიმე ქვედანაყოფები კურსკის ოლქში არ გადაუყვანია, ანუ კრემლისთვის მთავარი პრიორიტეტი ისევ დონბასი რჩება, თუმცა იმავდროულად სურს კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილი დროულად, ზამთრის დადგომამდე გაათავისუფლოს, რომელიც უკრაინის არმიამ აგვისტოში დაიკავა, ოთხი თვის წინ. შესაბამისად, უკრაინის არმიაზე ზეწოლა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე განხორციელდება.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის ქვედანაყოფების შეტევა, ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებთან ერთად, დღე-დღეზე დაიწყება. ამჟამად, ფხენიანის რეჟიმის წარგზავნილები რუს ჯარისკაცებთან ერთად იწვრთნებიან კურსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში.
რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ერთობლივი შეტევა განხორციელდება დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მაგრამ მანამდე, სანამ პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიიღებს, ანუ ინაუგურაციამდე.
დონალდ ტრამპს ადრე არაერთხელ განუცხადებია, რომ მას განზრახული აქვს რუსეთ-უკრაინის ომის რაც შეიძლება სწრაფი დასრულება, მაგრამ როგორ და რა ფორმით, ეს ჯერ მკაფიოდ არ განუმარტავს. ერთადერთი, რაც არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა თქვა, ისაა, რომ გეგმის მიხედვით, რუსეთი დაკავებულ ტერიტორიას ინარჩუნებს.

აშშ-ის დაზვერვისა და პენტაგონის ზოგიერთი წარმომადგენელი უკრაინის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას პერსპექტივაში პესიმისტურად უყურებს და აღნიშნავენ, რომ რუსეთის ძალები ბევრად აღემატება უკრაინის ძალებს როგორც კურსკის ოლქში, ასევე დონბასში. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ეს არის იმის შედეგი, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა უუნარო აღმოჩნდა მოეგვარებინა ჯარისკაცების კრიტიკული უკმარისობის პრობლემა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დიდ დახმარებას უწევს – იგი ცდილობს, რომ კონგრესის ამჟამინდელი შემადგენლობა კიევისადმი რაც შეიძლება მეტი დახმარების გამოყოფაზე აიძულოს, ხოლო ამერიკული დაზვერვა – უკრაინას რაც შეიძლება მეტი და ზუსტი სადაზვერვო ცნობები მიაწოდოს.

ერთ-ერთი დასავლელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინის ჯარების შეჭრამ კურსკის ოლქში სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ კიევის ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასში, რუსების განუწყვეტელი წინსვლის გამო, ძალიან შეთხელდნენ. მართალია, უკრაინას კურსკის ოლქში საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება ჰყავს, მაგრამ საეჭვოა, რომ უკრაინელებმა რუსებისა და კორეელების ერთობლივ შეტევას გაუძლონ.

დასავლელი და უკრაინელი სამხედრო პირები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის ნაწილების დახმარება მოსკოვისადმი ომის სერიოზულ ესკალაციას ნიშნავს – ყველაზე მნიშვნელოვანს ორი წლის განმავლობაში.

ამერიკელების აზრით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი გაგზავნა. კორეელი სამხედრო მოსამსახურეები რუსულ ფორმებში არიან გადაცმულნი და რუსული იარაღით ეკიპირებულნი (ტყვიამფრქვევებით, სნაიპერული შაშხანებით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით და რეაქტიული გრანატმტყორცნებით), თუმცა ისინი საერთორუსულ ქვედანაყოფებში კი არ არიან გაბნეულნი, არამედ ცალკე ქვედანაყოფების სახით იბრძოლებენ, თავიანთი ოფიცრების მეთაურობით.

რუსი ინსტრუქტორები ჩრდილოკორეელებს ავარჯიშებენ როგორც საარტილერიო სროლაში, ასევე ქვეითთა ტაქტიკაში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტრანშეებისა და სანგრების დაკავების ბრძოლაში. აშკარაა, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები გამოყენებულნი იქნებიან პირდაპირი შეტევებისა და ხელჩართული ბრძოლების დროს, უკრაინის არმიის პოზიციების დასაკავებლად.

ამერიკელი ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არ არიან, რომ კიმ ჩენ ინმა რუსეთში საომრად გაგზავნილ თავის სამხედრო კონტინგენტს რაიმე შეზღუდვა დაუწესა. კორეელები, რასაკვირველია, იბრძოლებენ, მაგრამ კონკრეტულად რომელი მიმართულებით და როგორ, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. უკრაინელი ჩინოვნიკები კონფიდენციალურად ამბობენ, რომ კორეული ქვედანაყოფები ორ ჯგუფადაა გაყოფილი – შემტევით და ზურგის ქვედანაყოფებად. პირველი უშუალოდ ფრონტის ხაზზე იბრძოლებს, მეორე კი იმ ტერიტორიაზე დაამყარებს წესრიგს, რომლებსაც რუსები და კორეელები ერთობლივი ძალებით გაათავისუფლებენ.

ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას მსოფლიოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, მაგრამ რუსებისაგან განსხვავებით, კორეელი ჯარისკაცები დიდი ხანია ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ და მათ საომარი გამოცდილება პრაქტიკულად არ აქვთ. ამასთან, ის ქვედანაყოფები, რომელიც რუსეთს ეხმარებიან, ჩრდილოეთ კორეის არმიაში საუკეთესოდ ითვლებიან. სადაზვერვო მონაცემებით ირკვევა, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის მე-11 კორპუსის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომელიც ქვეყნის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებსაც მოიცავს.
აგვისტოში უკრაინის არმიამ შედარებით იოლად დაიკავა კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილი – ისე, რომ პრაქტიკულად წინააღმდეგობა არ შეხვედრია, მაგრამ მოგვიანებით რუსეთმა თანდათან დაიბრუნა თითქმის ნახევარი და ახლა გენერალური შეტევისათვის ემზადება. ამასთან, ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ რუსებს და კორეელებს მძიმე დანაკარგები ექნებათ – დაახლოებით ისეთი, როგორსაც რუსები დონბასში განიცდიან (1200 ჯარისკაცი დღეში).

როგორც უკვე ვთქვით, ჩრდილოკორეელები მსუბუქი იარაღით იბრძოლებენ, მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე, ამასთან, არავინ არ იცის, რა ნებისყოფას გამოიჩენენ გამოუცდელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე. არის ასევე აზრი, რომ რუსები და კორეელები, წარმატების შემთხვევაში, კურსკის ოლქიდან შეტევის შემდეგ, უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე არ გაჩერდებიან და მის ტერიტორიაზე შეიჭრებიან. ამასთან დაკავშირებით უცნობია, ნება დართო თუ არა კორეელებს კიმ ჩენ ინმა უკრაინის ტერიტორიაზეც აწარმოონ ბრძოლები თუ ისინი მხოლოდ კურსკის ოლქით არიან შემოფარგლულნი. შესაძლოა კორეელები საზღვარზე გაჩერდნენ, რუსები კი უკრაინის სიღრმეში წინსვლას შეეცდებიან.
და მაინც – როგორ იბრძოლებენ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები?

ჯორჯ ბაროსი, აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ამბობს, რომ გამოუცდელობის მიუხედავად, კორეელები კარგად არიან ორგანიზებულები, მათი დისციპლინა უმაღლეს დონეზეა, ანუ ამ მხრივ რუსებს ბევრად სჯობიან.

რობ ლი, ფილადელფიის საგარეო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის სამხედრო სპეციალისტი, რომელიც უკრაინიდან ახლახან დაბრუნდა, ამბობს: „რა თქმა უნდა, ათასობით კორეელ ჯარისკაცს კურსკის ოლქში სამხედრო ვითარების შეცვლა შეუძლია. კორეელი ჯარისკაცები ახალგაზრდები არიან და საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან, ბევრ რუს კონტრაქტიანთან შედარებით“.

ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას, ჯარისკაცების სანაცვლოდ, რაკეტები და რაკეტული ტექნოლოგიები გადასცა. მოსკოვი ფხენიანს დიპლომატიურ მხარდაჭერასაც უწევს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეა იმედოვნებს, რომ მისი ჯარისკაცები საბრძოლო გამოცდილებას რეალურ ომში მიიღებენ და ეს სასარგებლო იქნება ქვეყნის სამხედრო ძლიერების განმტკიცებისათვის.

პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არ იციან, გაგზავნის თუ არა კიმ ჩენ ინი დამატებით სამხედრო ქვედანაყოფებს რუსეთში. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ფხენიანს რუსეთ-უკრაინის ომში დამატებით კიდევ 100 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა შეუძლია, თუმცა ჯორჯ ბაროსის თქმით, ეს არ მოხდება ერთდროულად და ერთჯერადად. კორეის რეჟიმი, სავარაუდოდ, ჯარების რაოდენობას ნელ-ნელა გაზრდის, ვთქვათ, თვეში 15 ათასამდე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: