ეროვნული შეფასება აუცილებელი კომპონენტია სასკოლო საზოგადოებისთვის, იმის გასაზომად თუ როგორ ვითარდება სკოლა, მასწავლებლის შედეგების გასაზომად და რაც მთავარია მოსწავლის ტრანზიცია, იქნება ეს უმაღლეს განათლებაში თუ პროფესიულ განათლებაში , – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეროვნულ გამოცდებს საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაწყებითი და საბაზო საფეხურის ბოლოს, პირველ ეტაპზე განხორციელდეს სადიაგნოსტიკო, ანუ არა განმსაზღვრელი და სავალდებულო, არამედ შეფასებითი შეფასება, სადაც ჩვენ დავინახავთ მოსწავლის განვითარების ეტაპებს და შევაფასებთ მასწავლებლის და მოსწავლის მიღწეულ შედეგებს, სწორედ ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ შემდეგ წელს გარკვეული პილოტირებას დავიწყებთ დაწყებით საფეხურზე და 2026 წელს, სავარაუდოდ, შევძლებთ საბაზო და საშუალო საფეხურის ეროვნული შეფასებების პილოტირებას.
აქვე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება. ეს პროცესი მიმდინარეობს და აშენდება პარალელურად და როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ სისტემა ამისთვის მზად არის – ჩვენი მოსწავლეები, მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოება სრულად მოერგო ე.წ. ეროვნულ შეფასებას, რომელიც გაცილებით უფრო მეტის მთქმელი და მეტი შედეგების მომტანი იქნება, ვიდრე ახლანდელი შეფასება, შემდგომ უკვე რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ თუ რა ფორმის ტრანზიცია უნდა გვქონდეს.
ეს პროცესი მიმდინარეობს და არ მინდა შეიქმნას მოლოდინი, რომ თითქოს ეროვნულ გამოცდებს რამე ემუქრება“,- განაცხადა ამილახვარმა.