2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

42
spot_img

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია, შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეციალური პირობა; საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

„აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციის გავლამდე უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური – ერთი საგნის გამოცდისათვის ათი ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (გადახდა თუ არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო: „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით – bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;  „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4 აპრილის 18:00 საათამდე თუ მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. აბიტურიენტს გამოცდის დროს სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა თუ ესაჭიროება, უნდა მონიშნოს შესაბამისი ველი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე. განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.