12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა

14
spot_img

12 ოქტომბერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. 

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რვაწლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს ყველაზე მასშტაბური გახლდათ.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალს წელს 424 მონაწილე ჰყავდა, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც მცირე მეწარმეები, ასევე, – ღვინის ქარხნები და მარნები.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა სომელიეების შოუ და IWSC-ის ოქროსმედალოსანი ღვინოები (ოქროსმედალოსანი ღვინოების პრეზენტაციას ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ჩაატარებს). ასევე, მოეწყო ქართული ბაზარი, ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ცნობისათვის, ფესტივალი ყოველ წელს იზრდება და იგი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.  

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2024-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკიბიზნესი, ოფიციალური სპონსორი კი – მეღვინეობა თელიანი ველი.

ფესტივალის სპონსორები იყვნენ: m², საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო,

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი, წყალი ბაკურიანი, ბორჯომი, ბოლერო, გურჯაანის ნაყინი

პარტნიორები: IWSC ,გურჯაანის მერია და ჯეპრა

მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი,

Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, ანტერპრენერი, commersant.ge, რადიო უცნობი.