ზაფხული თავისი ცხელი დღეებით მხოლოდ შემაწუხებელი და უსიამოვნო როდია. ზედმეტად ცხელ დღეებს სითბური ტალღები ახლავს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი გადაცემაში “პირადი ექიმი” სწორედ ცხელი დღეების, ასევე ელექტრომოწყობილობების გამოსხივებისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირზე საუბრობს. და ასევე გაგრილებისთვის საუკეთესო ხერხებსაც გვირჩევს. მისი თქმით, გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული სითბური ტალღები ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე უფრო და უფრო მეტად გავლენას ახდენს და ეს ზემოქმედება მზარდია. ის არათუ იკლებს, არამედ არც კი ჩერდება. სიკვდილიანობის გაზრდის გამო თბურ ტალღებს 2003 წელს მიაქციეს ყურადღება ევროპაში. ის არ იწვევს რაიმე ახალი დაავადების ჩამოყალიბებას, სამაგიეროდ ნამდვილად იწვევს უკვე არსებული დაავადებების დამძიმებას. რაც უფრო მაღალია სათბურის ეფექტის მქონე აირების ემისიები, მით უფრო დაბალი ხარისხისაა ჯანმრთელობა. ის აუარესებს არამარტო ჯანმრთელობას, არამედ ცხოვრების ხარისხს – ხარისხიან საკვებსა და წყალზე ხელმისაწვდომობას, ხელს უწყობს დიარეით მიმდინარე დაავადებების გავრცელებას და განსაკუთრებით აზარალებს ღარიბ მოსახლეობაზე. სითბური ტალღები საქართველოსთვის გაკეთებული პროგნოზი რომ მოვიშველიოთ, სამომავლოდ არამარტო მზიანი დღეების რაოდენობა მოიმატებს წლების განმავლობაში, არამედ ცხელი დღეების რაოდენობაც. ღამის ტემპერატურაც კი საშუალო ტემპერატურაზე მაღალია, რაც ორგანიზმს თერმორეგულაციის საშუალებას არ აძლევს. როცა თბური ტალღების ზემოქმედება დიდი ხნით ნარჩუნდება, ორგანიზმი თანდათან იფიტება იმის გამო, რომ მუდმივად უწევს ადაპტაცია და შეგუება ამ პირობებთან. თუ ღამის ტემპერატურა აჭარბებს 22-24 გრადუსს, დღის ტემპერატურა კი ბევრად მაღალია 32-34 გრადუსზე, ორგანიზმი თავის ბუნებრივ ტემპერატურას ვერ უბრუნდება. ეს განსაკუთრებით რთულად გადასატანია ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ორსული ქალებისა და ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის. ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობის შიგნით ტემპერატურის შენარჩუნებას. ზაფხულში ვცდილობთ გაგრილებას, ზამთარში კი – გათბობას და ხშირად გვავიწყდება ზღვარი. როგორი ტემპერატურა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, რომ გამართულად იმუშაოს ყველა სისტემამ. ადამიანისთვის სიგრილის მინიმალური ტემპერატურაა 18 გრადუსი, ხოლო სიცხის – 23 გრადუსი. ზამთარია თუ ზაფხული, 18-23 გრადუსი არის ადამიანისთვის ყველაზე კარგი ტემპერატურა. რა თქმა უნდა, ორგანიზმი ამაზე მეტი ტემპერატურის პირობებშიც აგრძელებს მუშაობას, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. ხოლო როცა ტემპერატურა 32 გრადუსს აჭარბებს, საქმიანობა შესაძლებელია, მაგრამ არა ხანგრძლივად, არამედ მოკლე დროით და შუალედებში გაგრილებით. 15 გრადუსს ქვემოთ ტემპერატურა უკვე ძალიან სტრესულია ორგანიზმისთვის და მას ქმედუნარიანობა აღარ შესწევს. ამიტომ ადამიანებს, ვინც შენობის გარეთ ატარებენ დღის უმეტეს ნაწილს, ჯანმრთელობის განსაკუთრებული კონტროლი და რეგულირება სჭირდება.
Home სიახლეები საზოგადოება „11:00-დან 20:00 საათამდე ფანჯრები დახურული უნდა იყოს“- სპეციალისტის რჩევა