Home Blog

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი უჩა აბაშიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, უჩა აბაშიძე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გასამართი აქციის მონაწილეებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება არ აქვთ.

აბაშიძე საპროტესტო აქციაზე წამსვლელ პირებს მოუწოდებს, არ წაიყვანონ ბავშვები და ცხოველები დღევანდელ აქციაზე. ის მოსახლეობას ასევე სთხოვს, არ დაიშალონ და სახლებში ადრე არ წავიდნენ.

„ესე იგი, მეგობრებო, დღეს არის 1-ელი მოსმენით განხილვა პარლამენტში. შარშანაც – ასე, 1-ელი მოსმენით მიიღეს და მერე-ღა გავიაზრეთ ყველამ რომ არანაირი ფინტი ეს არ იყო, „გვაჩხუბებენ და გაჩერდებიან“ არ მოხდა და ა.შ. სავარაუდოდ დღესვე უყრიან კენჭს. მოკლედ სავარაუდოდ – დღეს არის ის დღე, რომლის მერეც უკან დაბრუნების ვარიანტი აღარ გვექნება. ისევ „მწვანეს“ დააჭერენ, კანონზე რომელშიც არ წერია რომელ ქვეყნებს ეხება და რომელ, ჩვენს მოკავშირე ქვეყნებს – არ ეხება. არ წერია – რომელ სფეროებს ეხება მხოლოდ და მეტი არცერთ სფეროს და „უცხოური გავლენის“ დაბრალების საკმარის მიზეზად, წერია 1/5 ფულისა შემოგდის უცხოეთიდან, გამოძიება და უშიშროება და სასამართლო და დამტკიცება – არ სჭირდებათ.

იმავ დროულად – „ეჭვის საფუძველზე“ – შეუძლიათ შემოვიდნენ, გაგიჩერონ ორგანიზაცია, ამოიღონ შენი აპარატურა და მონაცემები „მონიტორინგზე“ (მათ შორის პირადი მონაცემები) და მერეეეე… „ამონიტორონ“ რამდენიმე კვირა, სანამ სენ დახურული ხარ და რაღაც ტენდერებზე ვერ გახვედი, რაღაც რეპორტები დააგვიანე, მერე გეტყვიან „ა, უი, არ ყოფილხარ აგენტიო“, ან გეტყვიან „ყოფილხარ აგენტი და 6 თვეში კიდევ მოვალთო“ (ისედაც მოვლენ, ისევ „ეჭვის გამო“ რო რამე).

მოკლედ დღეს 7-ზე იწყება აქცია როცა შეძლებთ მოდით, მოიკრიბეთ შემართება აწი, სხვა გზა არაა, ისევ უნდა გვცემონ და წიწაკა გვასხან თვალებში. მე ვიქნები უფრო თავისუფლების მეტროს მხარეს რუსთაველზე. ბავშვები – არ წამოიყვანოთ. ველოსიპედით – არ მოხვიდეთ. ცხოველები – არ წამოიყვანოთ. აქციიდან წასვლა არ დაიწყოთ 11 საათზე (თუ გინდა გვიან მოდით, ოღონდ დარჩით 12-მდე პირველამდე, დაშლა იწყება მაგ დროს ხოლმე და ხალხი რო მიდის, მერე “ყველა მიდის”). წამოიღეთ – ზურგჩანთით: წყალი(ბევრი), პირბადეები ან ბენდენები ან რამე, სათვალეები (ძაან შველის წიწაკას).

შეგახსენებთ მთავარ სტრატეგიას(და ერთადერთ, დაუმარცხებელს): რომ გვიტევენ, სახლში არ მოვდივართ, ანუ გადავდივართ გვერდით ქუჩაზე და ვაგრძელებთ, ეგრე განეწყვეთ, ხო ნუ, გვესვრიან, დაგვიშენენ – გადავალთ გვერდით ქუჩაზე. ყოველი შემდეგი მოწყობისთვის და მწყობრად წამოსვლისთვის – რამდენიმე საათი უნდათ.

ასევე ეფექტურია, თუ ბევრნი ვიქნებით – ორივე მხრიდან დადგომა მათ გარშემო, მაშინ ვეღარ მოძრაობენ საერთოდ (მარა ორივე მხრიდან ბევრი ხალხი უნდა იყოს, რომ ვერანაირმა წყლის მანქანამ და მომარაგების-მინიბასმა შიგნი წიწაკებით, ვერ გაიაროს). გავიმეორებ: რომ გვშლიან, სახლში არ გარბიხართ, გადადიხართ სხვა ქუჩაზე და აგრძელებთ, ძალადობას არ ვიწყებთ, თუ ვინმე ჩვენიანი ძალადობს – აჩერებთ(ბოლო ბოლო ვინმე პოლიციელს ეძახით – შემოგზავნილია დააკავეთო).

ძალიან მნიშვნელოვანი „დანის წვერი“ – არის რომ ვიდეოზე გადაიღოთ და მრავალჯერ დააფიქსიროთ – რო ძალადობა წამოვიდა მათგან და მხოლოდ ამის მერე, დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რამდენადაც ხიფათის ქვეშ გრძნობთ თავს. ასევე – თქვენ გაქვთ უფლება, და ვალდებულება – დაიცვათ სხვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმზე. პოლიციის უკანონო ბრძანებების დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ აქვთ.

ასევე პოლიციისგან უკანონო ძალადობის არ მოგერიების ვალდებულებაც არ აქვთ მოქალაქეებს. თუ პოლიციელი უკანონოდ გცემს და ჯანმრთელობას გიზიანებს – უფლება გაქვს შეუბრუნო ხელი და უარესად სცემო დაჟე (ძალის პროპორციულობა არ მოგეთხოვება მოქალაქეს როცა სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეს გრძნობ პროფესიონალის მხრიდან).

მაგრამ!!! ხაზი გაუსვით, აუცილებლად ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, და უნდა ვერცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ტელევიზიამ – ვერ თქვას რომ “ჩვენ დავიწყეთ”, ამიტომ ჯობია 3-ჯერ მოითმინოთ და 3-ჯერ დააფიქსიროთ კამერაზე სანამ პასუხს გასცემთ. ასევე – თუ სადღაც სხვაგან, მიტინგზე – ვინმე არღვევს კანონს, მე ეგ არ მხდის დამნაშავედ – და ჩემს წინააღმდეგ ძალის გამოყენება – ისევ უკანონოა და არ აძლევს იმათ მოქმედების უფლებას.

თუ ვინმე კანონს არღვევს – დააკავონ, მაგრამ როცა თვითონ ასრულებენ უკანონო ბრძანებას – ვალდებული არიან არ შეასრულონ (არათუ უფლება აქვთ არ შეასრულონ). და თუკი მაინც ასრულებენ, მერე ჩვენ გვაქვს უფლება – არ დავემორჩილოთ უკანონო ბრძანებას. ააან თუ ძალადობით ცდილობენ გვაიძულონ – და გზაში ჯანმრთელობის ხიფათს ვგრძნობთ (სულერთია რამდენად გვიზიანდება პროცესში, მე ვგრძნობდი რომ დამიზიანდება – საკმარისია) – გვაქვს უფლება თავის დავიცვათ, პოლიციის მიერ არაკანონიერი ძალის გამოყენებისას.

მააააააგრამ! ვიმეორებ!!!

თუ არაფერს არ იზამენ, ჩვენ არაფერი არ უნდა ვქნათ!!! ელაპარაკეთ ერთმანეთს, შეაჩერეთ „პადჟიკაწელები“. თუ ისინი არ დაგვიწყებენ „გაყრას“ აქციიდან, დაკავებას – არაფრის ჩადენის გამო, წიწაკას/წყალს/მახრჩობელა ბოლს – არაფრის გამო, და პროსტა იდგებიან, ჩვენც პროსტა ვიდგებით, უბრალოდ რაც უფრო მეტი ვიდგებით – უფრო მოუწევთ „ჩაჩოჩება“. და ვოზდუხ ობში, არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ არ მოგვცენ დგომის საშუალება, აქაც, 5 მეტრით იქითაც, და იმის იქითაც.

ყველაფერი ეგ, მათი მოქმედებების, უკანონობის ზღვარზე სიარულია, შეუტიეთ ამაზე და გაუტრაკეთ, 7-ის მერეა აქცია, ვიმეორებ, სახლებში „მალე“ წასვლას – ჯობია დააგვიანეთ მოსვლა“,- წერს უჩა აბაშიძე.

ვინ რას ამბობს, ამის მიხედვით კანონი არც რუსული ხდება, არც ევროპული, არც ამერიკული და არც ქართული – მდინარაძე

ვინ რას ამბობს, ამის მიხედვით კანონი არც რუსული ხდება, არც ევროპული, არც ამერიკული და არც ქართული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დავით ხაჯიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავით ხაჯიშვილმა მას ჰკითხა, თუ დუგინს, პესკოვს უხარია ამ კანონპროექტის მიღება საქართველოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსულია, თუ ევროპული და თუ ევროსასამართლომ ასეთი კანონპროექტი ერთხელ უკვე გააუქმა ევროპაში, ეს კანონი რუსულია, თუ ევროპული.

„ვინ რას ამბობს, ამის მიხედვით კანონი არც რუსული ხდება, არც ევროპული, არც ამერიკული და არც ქართული. ჩანაწერების მიხედვით არის კანონი, თავისი დათქმების მიხედვით. ვინ რას ამბობს, ეს კანონის ვერც შინაარსს ცვლის, ვერც მიზნობრიობას და ვერაფერს. პოლიტიკური მანიპულაციები შეიძლება ამასთან დაკავშირებით, თორემ კანონში რა წერია, სხვა რამე და ვინ რა განცხადებას აკეთებს, კანონი იმის მიხედვით ვერც შინაარს შეიცვლის, ვერც ფორმას, ვერც არსს და ვერაფერს. კანონი არის ქართული, ამ შემთხვევაში. მართლაც რომ ადგეთ და რაღაც რუსულის ანალოგი დააინიციიროთ ოდესმე ხელისუფლებაში რომ მოხვიდეთ, რუსული იქნება იმის მიხედვით, რაც ეწერება შიგნით, თუ ანალოგი იქნება. ამ შემთხვევაში ანალოგთან არ გვაქვს საქმე. ესეც ტყუილი და სპეკულაციაა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

„სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რა კაცი, კაცუნა არის, როცა არ უყურებდა ისე და ჩაარტყა, მერე გარბოდა – ზარქუა ელისაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის საქციელი კომენტარის ღირსიც კი არ არის.

ზარქუა ალეკო ელისაშვილის ქმედებას ლაჩრულს უწოდებს და ამბობს, რომ მისი საქციელი არაფერში არ წერია.

„მიპარვით რომ ჩაარტყა, ეს არაფერში არ წერია, მტერს არ ვექცეოდით ასე, თორემ ეს ლაჩრობაში ითვლება და არაფერში არ წერია, რაც მან გააკეთა. შესაბამისად, კომენტარის ღირსიც კი არ არის ეს ადამიანი. მიეპარა გვერდიდან, როცა არ უყურებდა ისე და ჩაარტყა, მერე გარბოდა, იმის შნოც არ ჰქონდა, რომ იქ დამდგარიყო კაცურად ბოლომდე, რა კაცი, კაცუნა არის.

დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკაში, ხვალ შეიძლება არ ვიყოთ, დროებით ვართ დაქირავებული ხომ ქართველი მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ ამ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ და მას ეს კინტოს იარლიყი ექნება მთელი ცხოვრება“, – აცხადებს ზარქუა.

“უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” არ არის განმარტება, ეს არის ფაქტი” – დავით მათიკაშვილი

„უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არ არის განმარტება, ეს არის ფაქტი. ფაქტია, რომ ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებს გარკვეულ ნაწილს საქართველოში კარგ საქმეებთან ერთად ექსტრემიზმი და ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაც აქვთ დაფინანსებული.

„უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის სტიგმაო. ჯერ ერთი, სად ნახეთ თქვენ, რომ აქ რომელიმე ქვეყანაზე იყოს საუბარი, როგორც ერთმნიშვნელოვნად მტრულად ჩამოყალიბებულ ძალაზე? და მეორე, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არ არის განმარტება, ეს არის ფაქტი. ფაქტია, რომ ის, ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას. ამ მოცემულობაში, საქართველოში, სწორედ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს, ერთის მხრივ აქვთ უამრავი კარგი და კეთილი საქმე გაკეთებული, სამართლებრივი რეფორმიდან დაწყებული აგრარული რეფორმისა და სოფლის მეურნეობით დასრულებული. ამავდროულად, იმავე სახის ორგანიზაციებს აქვთ ექსტრემიზმი დაფინანსებული, ეკლესიის წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებები აქვთ დაფინანსებული და ასევე მოლოტოვის კოქტეილების სროლა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

უკრაინაში, სამხედრო სამსახურში პირობითი მსჯავრის მქონე პირებისაც გაიწვევენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, კანონის ძირითადი დებულებები ძალაში შევა ერთი თვის შემდეგ, 16 მაისს. კანონის მთავარი მიზანი სამობილიზაციო პროცესების გაძლიერებაა. ის გაამკაცრებს სამხედრო აღრიცხვის წესებს უკრაინაში, ასევე გააძლიერებს სანქციებს მათ წინააღმდეგ ვინც სამხედრო სამსახურს თავს არიდებს. ამას გარდა კანონში დაკონკრეტებულია ის მუხლები, რომლებიც მობილიზაციის გადავადების პირობებს ეხება.

ახალი კანონით სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ, სამხედრო აღრიცხვა უკრაინაში მოუწევთ. როგორ უნდა მოხდეს ეს, ამას უკრაინის მინისტრთა კაბინეტი დაადგენს. ამას გარდა, 25-დან 55 წლამდე მოქალაქეებს, რომლებიც ომის მიმდინარეობისას დაშავდნენ და მეორე ან მესამე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებელობის პირებად აღიარეს, ხელახლა მოუწევთ სამედიცინო შემოწმების გავლა.

ახალი კანონის მიხედვით, სამხედრო სამსახურში შეიძლება გაიწვიონ მსჯვარდებულებიც, რომელთაც პირობითი მსჯავრი აქვთ მისჯილი. როგორც „ბიბისი“ წერს, სოციალურ ქსელებში უკრაინელების უკმაყოფილება მოჰყვა კანონიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი ჯარისკაცების დემობილიზციას ეხებოდა.

“კანონპროექტით, ფონდი “ქართუ“ მოხვდება თუ არა როგორც უცხო ქვეყნის გავლენის მატარებელი?”- დეკანოიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე დაინტერესდა, ფონდი “ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი ხვდება თუ არა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ქვეშ.

როგორც დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფონდი “ქართუ“ არაკომერციული იურიდიული პირია და მისი ძირითადი შემოსავალი არის უცხოეთიდან.

ამასთან, დეკანოიძემ უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მიმართა კითხვით, არის თუ არა მზად “ქართული ოცნება“ კანონის მიღების სანაცვლოდ ევროინტეგრაციაზე თქვას უარი.

მისი თქმით, საკითხი ასე უკვე დადგა, რადგან ინიცირებულ კანონპროექტს ყველა საერთაშორისო პარტნიორი აკრიტიკებს.

“კანონპროექტით, ფონდი “ქართუ“ მოხვდება თუ არა როგორც უცხო ქვეყნის გავლენის მატარებელი? ფონდი არის არაკომერციული სუბიექტი, “ქართუს“ ძირითადი შემოსავლები არის უცხოური ქვეყნიდან – არ ვიცი, ეს ოფშორია თუ რა არის… ყოველ შემთხვევაში, საქართველოდან არ არის. კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ჩაითვლება თუ არა უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლად?“, – მიმართა კითხვით დეკანოიძემ მამუკა მდინარაძეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნებაა”. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად „ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

“აქციაზე დაკავებული 4 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 10 დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 პირიდან 4 შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ,ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლადა.

უწყების განმარტებით, 10 დაკავებული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილია.~

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ.

საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 14 პირი.

შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.

დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირების შეყვანისთანავე ექიმების მიერ კონფიდენციალურ გარემოში მოხდა მათი სამედიცინო შემოწმება და შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა.

აქვე აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პირობებში დაკავებულებს საშუალება ჰქონდათ კონფიდენციალურ გარემოში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულს.

ყველა დაკავებულს შეუზღუდავად აქვს წვდომა საკუთარი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან, სახალხო დამცველის აპარატისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

“ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს საფრანგეთიდან ოფიციალური წინადადება არ მიუღია”

ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს საფრანგეთიდან ოფიციალური წინადადება არ მიუღია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მსგავსი კითხვები არაერთხელ დაუსვეს.

„პრეზიდენტმა და ჩვენმა სამხედროებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ როგორც წესი, კიევის რეჟიმი მსგავს იდეებსა და ინიციატივებს გადაჯგუფებისა და ხელახალი შეიარაღებისთვის იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, მსგავსი ინიციატივების განხილვის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. ამ მხრივ ოფიციალური ნაბიჯები ჯერჯერობით არავის გადაუდგამს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს.

“თქვენი აზრით, რატომ იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები ამ კანონის წინააღმდეგ” – თინა ბოკუჩავა მდინარაძეს

თქვენი აზრით, რატომ იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები ამ კანონის წინააღმდეგ? რატომ იღვწიან საქართველოს საერთაშორისო მეგობრები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული და რატომ არის, რომ ერთადერთი მეხოტბე და მხარდამჭერი ამ კანონის, ივანიშვილის პარტიის გარდა, არის კრემლი? – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს

ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს ღალატობენ.

„ბატონო მამუკა, დღეს თქვენ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის დასავლეთის შანტაჟი, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას. როცა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი გეუბნებათ, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო აშშ-ს კანონთან. როცა ნატო-ს გენერალური მდივანი ეწინააღმდეგება ამ კანონს, როდესაც 22 ევროპარლამენტარი ამბობს, რომ შესაძლებელია ამ კანონმა საფრთხის ქვეშ დააყენოს ის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელიც ქართველი ხალხის ძალისხმევით საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსის სახით. როდესაც ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი იმ წერილით, რომელსაც შალვა პაპუაშვილი სამარცხვინოდ მალავდა, ამბობს, რომ არის კონკრეტული მოწოდება თითოეულ თქვენგანზე, რომ ამ კანონს მხარი არ დაუჭიროთ და ერთადერთი მთელს მსოფლიოში, ვინც ამ კანონს იწონებს, არის პუტინის პროპაგანდისტი დუგინი და კრემლის სხვა პროპაგანდისტები, კითხვა მაინც არ გიჩნდებათ საკუთარ თავთან, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თქვენ ღალატობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც მაქვს მე თქვენთან – რატომ იბრძვიან თქვენი აზრით საქართველოს მოქალაქეები ამ კანონის წინააღმდეგ? რატომ იღვწიან საქართველოს საერთაშორისო მეგობრები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული? და რატომ არის, რომ ერთადერთი მეხოტბე და მხარდამჭერი ამ კანონის ივანიშვილის პარტიის გარდა არის კრემლი? “, – განაცხადა ბოკუჩავამ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6710 ლარი ეღირება, ევრო – 3.8387 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3243 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6699 ლარი ღირდა, ევრო – 2.8450 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3347 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 აპრილს ამოქმედდება.

“საქართველოში ეკლესიის, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება”

რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს საქართველოში არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გამჭვირვალობის მიზანი ერთგვარი თვითმიზანი არ არის. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როდესაც ქვეყნები უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას საკუთარ ქვეყანაში და ამას კანონით არეგულირებენ, აქ მხოლოდ საჯაროობა და გამჭვირვალობა არ არის კანონის მაინცდამაინც განსაკუთრებული მიზანი. საუბარია იმაზე, რომ გარდა კარგი საქმეებისა, რასაც ენჯეო სექტორი აკეთებს, მათ დააზღვიონ და სხვა საკითხების პრევენცია მოახდინონ. საქართველოში ასეთი საკითხების პრევენცია შეიძლება შეეხებოდეს მაგალითად პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, რელიგიური ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას, პარტიების რადიკალურ-რევოლუციური მიზნების დაფინანსებას. ეს არის ის თანმდევი რისკები, რაც ახლავს ნებისმიერი ქვეყნიდან სამომავლო პერსპექტივაში შემოსული გრანტების დაფინანსებას. ავიღოთ პირობითად, 60-70% თუ ხმარდება კარგ საქმეს, შესაბამისად, დანარჩენი 30% ხმარდება სავარაუდოდ ისეთ საქმეებს, რომლებიც მიმართულია არალეგიტიმური მიზნებისკენ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ. მაგალითად რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეს საქართველოში არა მხოლოდ აღიქმება, არამედ არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება. ბევრჯერ მოგვისმენია, გვინახავს მაგალითად „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, ISFED-ის გაყალბებული, პარალელური დათვლის მონაცემები, ისინი ყველა დაფინანსებული გახლდნენ გარე აქტორების მიერ“, – აღნიშნა მდინარაძემ.