Home Blog

“სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში”

სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან.

„სტაჟირების პროგრამის ძირითად მონახაზზე უკვე გვქონდა საუბარი. საპილოტე რეჟიმში უკვე წელსვე უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა, 3 000 – ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოზ მიღებული სტაჟირებაზე, პროგრამის ფარგლებში. ჩვენი წარმოდგენით, დაახლოებით 4-თვიანი უნდა იყოს ეს პროგრამა და კურსდამთავრებულები მიღებულნი იქნებიან სტაჟირების პროგრამაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ასევე ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის და ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, რათა ზოგადად კერძო სტრუქტურებში იყოს უზრუნველყოფილი კურსდამთავრებულების მიღება. ამ პროგრამის მთავარი ამოცანა არის ის, რომ კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში. ეს არის მთავარი ამოცანა. პარლამენტმა მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი ჯერ კიდევ შარშან და სწორედ ამ კანონის საფუძველზე წელს მთავრობამ დააანონსა ეს ახალი პროგრამა,”- განაცხადა პრემიერმა,

ირაკლი კობახიძის თქმით, პროგრამა სტუდენტებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, მათი რჩევების გათვალისწინებით ამოქმედდება.

„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დეტალებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ცალმხრივად შევიმუშაოთ პროგრამა. ამ პროგრამის მთავარი მოსარგებლეები არიან კურსდამთავრებულები, სტუდენტები და თუ თქვენგან არ მოვისმენთ იმას, თუ როგორ იქნება უკეთესი ამ პროგრამის ჩამოყალიბება, შეიძლება „სტარტი”, დასაწყისი არ გამოვიდეს წარმატებული. ამიტომ გვინდა, კონსულტაციები გავიაროთ, თქვენგან მივიღოთ რჩევები. გავაგრძელებთ კონსულტაციებს და გვინდა, რომ სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივცეთ საბოლოო სახე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც უკვე სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გვექნება ნაყოფიერი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ნაყოფიერი იყო სტუდენტებთან წინა შეხვედრა. ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთივე საინტერესო დისკუსიას თქვენთან,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

“ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია.

კახა კალაძე მავნებლური უწოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა და არა ფეხბურთის ფედერაციის.

„აქედანაც კარგად ჩანს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, მათ ნამდვილად არ გაუხარდათ ეროვნული ნაკრების გამარჯვება და წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ფეხბურთელების დამსახურება. თუმცა, მხოლოდ ისინი ვერაფერს გააკეთებდნენ, ერთიანი გუნდი რომ არ იყოს. ფეხბურთში მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გატარებული და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ფეხბურთელმა, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში, იფიქროს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როგორ ითამაშოს საუკეთესოდ მინდორზე. ამისთვის მთლიანად ხელისუფლება და ზოგადად ფედერაცია არის ერთ-ერთი ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს კურირებს. ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში, მოახერხა ის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა. ამას უდიდესი გავლენა აქვს ყველაფერზე, მათ შორის სპორტზეც. ნახეთ, ბოლო წლებში სპორტში რამდენი გამარჯვება, წარმატება და მედალი გვაქვს. ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჩარტერული რეისით ჩამოაფრინა, რომ გუნდთან ერთად დროულად მომზადებულიყვნენ. ასეთ დამოკიდებულებებს კი, მოაქვს შედეგი.

„ფედერაცია ყველა პირობას ქმნის ფეხბურთის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის – ინფრასტრუქტურის მოწყობა, ახალი მოედნები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და ა.შ. არ ვიცი, საერთოდ ვინ არის ეს ადამიანი, რა შეხება აქვს ფეხბურთთან ან იცის თუ არა, რა არის ფეხბურთი. მინდა, ვუთხრა მას, რომ ყველა ამ დეტალს მნიშვნელობა აქვს. საზოგადოებამ არ იცის და ვიტყვი, იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც თავის კლუბში ცოტა გვიან ჰქონდა თამაში. იმისთვის, რომ ისინი სწრაფად ჩამოსულიყვნენ და სანაკრებო თამაშებისთვის მომზადებულიყვნენ, ფედერაციამ ჩარტერით ჩამოაფრინა. ეს დამოკიდებულება არსებობს ფედერაციის მხრიდან და სწორედ ამ ყველაფერს მოაქვს შედეგი. გულშემატკივრებს მივმართავ – არ მიაქციოთ ასეთ ბოროტ ადამიანებს ყურადღება. კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ, ხომ გახსოვთ მათი სახეები? ახლაც იმავე დღეში არიან. მათ არცერთი გაუხარდათ და არც – მეორე. საქართველო კიდევ ბევრჯერ იზეიმებს და ჩვენი ერთობით, ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებასაც მალე მიაღწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ

“მაკრონის დაპირება უკრაინისათვის დასახმარებლად საფრანგეთის ბიუჯეტს პრობლემებს უქმნის“ – Le Monde

ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“ (Le Monde) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მაკრონის დაპირება უკრაინისათვის დასახმარებლად საფრანგეთის ბიუჯეტს პრობლემებს უქმნის“ (ავტორი – ელიზ ვინსენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

პარიზისა და კიევის შეთანხმება უკრაინისათვის 3 მილიარდი ევროს მოცულობით სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის 16 თებერვალს მოეწერა, საფრანგეთის მთავრობისათვის თავის ტკივილად იქცა: მი

ნისტრთა კაბინეტი იძულებულია ხარჯები შეამციროს და სხვადასხვა საბუღალტრო „ეშმაკობებს“ მიმართოს.
ჯერ კიდევ თებერვალში ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა ხარჯების შემცირება 10 მილიარდის ევროს მოცულობით, მოგვიანებით ამას კიდევ 3 მილიარდი ევრო დაემატა. ბუნებრივია, ამომრჩევლებს კითხვები ებადებათ – სად მიდის საბიუჯეტო თანხები და რაში იხარჯება თანხა?

განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან ამ კითხვის პასუხით ფრანგი ფერმერები, რომლებიც საპროტესტო აქციებს აწყობდნენ პარიზის ქუჩებში. „იცით, მე ისინი ასეთ კითხვას მისვამდნენ – რატომ ვაძლევთ უკრაინას თანხებს, როცა უფრო მეტი ფული ჩვენ, მოსახლეობას, საფრანგეთის მოქალაქეებს გვჭირდება?“, – ამბობს „ლე მონდთან“ საუბარში მატიე ლეფევრი, ეროვნული კრების დეპუტატი.

საბოლოო ჯამში მთავრობა შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ იძულებული გახდეს პარლამენტში საბიუჯეტო ცვლილებებით წარსდგეს. ოპოზიციური პარტიები პრინციპულად გამოდიან მთავრობის ყოველგვარი საბიუჯეტო ცვლილების წინააღმდეგ. ერთ-ერთმა დეპუტატმა ბასტონ ლაშომ – ულტრამემარცხენე პარტიიდან „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ – „ლე მონდს“ განუცხადა, რომ უკრაინისადმი საფრანგეთის დახმარების პაკეტს შეიძლება საფრანგეთის პარლამენტში იგივე დაემართოს, რაც ამერიკული დახმარების პაკეტს მოუვიდა კონგრესში, როცა რესპუბლიკელებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი არ დაამტკიცეს.

საფრანგეთში არსებობს საკონსტიტუციო მექანიზმი, რომელიც 49-ე მუხლის მესამე პუნქტშია განსაზღვრული – პრეზიდენტს შეუძლია კანონები პარლამენტის თანხმობის გარეშეც მიიღოს – ისე, როგორც ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმა განახორციელა. მაგრამ ახლა თუ უკრაინის დახმარების თაობაზეც მაკრონი და მისი მთავრობა იმავენაირად მოიქცევა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის იმიჯი დარტყმის ქვეშ მოექცევა, საბოლოოდ კი შეიძლება მთავრობის უნდობლობის ვოტუმიც დადგეს.

წყარო

“ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული”

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – www.air.gov.ge“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხალხისთვის მრავლისმთქმელია რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა”

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხალხისთვის მრავლისმთქმელია რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვებზე ყველას ექნება საშუალება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს და არგუმენტი წარმოადგინოს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღარ ვაპირებ იმაზე მეტის თქმას, რაც უკვე ითქვა. ჩვენი სათქმელი ვთქვით, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რაზეც არის საუბარი. შემდეგ უკვე გაგრძელდება საჯარო განხილვები, სადაც ყველას ექნება საშუალება, თავისი პოზიცია ან არგუმენტი მოიტანოს და ღია მსჯელობაში დააფიქსიროს. მგონია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხალხისთვის მრავლისმთქმელია რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

“მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია” – კახა კალაძე გახარიაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  რეალობას აბსოლუტურად აცდენილი უწოდა გიორგი გახარიას განცხადებას  „ქართული ოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაში გადანაცვლებასთან  დაკავშირებით, როდესაც მას ჟურნალისტმა ამის თაობაზე კითხვა დაუსვა.

„არ ვიცი, გახარიამ რა თქვა, მაგრამ  „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებსო,   არ ვიცი  მაგ განცხადებაზე  რა კომენტარი უნდა გავაკეთო.   პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია – ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში, რეალობას ძალიან აცდენილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისიტრი სწორედ გახარიას ინიციატივით და  არა შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც ეს პარტიაში იყო დაგეგმილი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ არ აპირებს  გუნდის შიგნით მიმდინარე   მსჯელობებზე საჯაროდ  საუბარს.

„გუნდში ძალიან ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი. ამ ყველაფრის სააშკაროზე გამოტანა მე არ მიმაჩნია სწორად და არ ვთვლი საჭიროდ და თუ მას აქვს სურვილი, ისაუბროს რაღაცეებზე, შეიძლება ტყუილი იყოს რაღაცა, შეიძლება რაღაცეები მოიგონოს, მე ნამდვილად არ მაქვს ამ თემაში შესვლის სურვილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე” – კახა კალაძე

ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული ისეთი ადამიანები, როგორებიც ნიკა მელია და ნიკა გვარამია არიან, უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში.

მისივე განმარტებით, პოლიტიკოსებს, რომლებსაც ბოროტება ამოძრავებთ, საქართველოს მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს.

„ის, რომ დღეს ეს კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. არავის უნდა მიეცეს იმის უფლება ბოროტებით დაიმკვიდროს თავი პოლიტიკაში.  როდესაც გაქვს ამბიცია იყო პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხაზი მუქარაა, ემუქრები კონკრეტულ ადამიანებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი ქვეყანაში ვერ იცხოვრებენ, არ არის სწორი. ვინც არის ბოროტებით გაჯერებული, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი სქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 მარტს ზოგან თოვლჭყაპია შესაძლებელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მართალია, „ქართული ოცნება“ იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ შეიძლება, 40%-იც კი სათუო გაუხდეს”

მართალია, „ქართული ოცნება“ იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ შეიძლება, 40%-იც კი სათუო გაუხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ “საარჩევნო კოდექსში” შესატან ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ვენეციის კომისიის მხრიდან ახალი კანონპროექტის შეფასებაც.

“ყოველ ნაბიჯზე დასტურდება, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოში 2024 წლის არჩევნებს და მის ჩატარებას სრულფასოვანი პროცესის თვალსაზრისით. ამის ნაწილია საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ძალით მიღებული ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მოქალაქეების მოსაზრებებს საქართველოს ხელისუფლება არ ისმენს. რაც შეეხება მომდევნო დაკვირვებას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, “ქართული ოცნება” იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ მას 40%-იც კი შეიძლება სათუო გაუხდეს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

ამავე კანონპროექტით, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

„ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

„ნატოს არ შევუტევთ, მაგრამ უკრაინაში “ეფ-16”-ებს ჩამოვაგდებთ“ – Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით „ნატოს არ შევუტევთ, მაგრამ უკრაინაში “ეფ-16”-ებს ჩამოვაგდებთ“ (ავტორები – გაი ფოლკონბრიჯი და რონ პოპესკი), რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაა კომენტირებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

რუსეთის სამიზნე ნატოს არცერთი ქვეყანა არ არის და მოსკოვი არ დაესხმება თავს პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუ ჩეხეთს. თუმცა, თუკი დასავლეთი უკრაინას “ეფ-16” (F-16) გამანადგურებლებით მოამარაგებს, მათ რუსეთის ძალები ჩამოაგდებენ, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 მარტს.

რუსეთის თავდასხმამ მეზობელ სუვერენულ უკრაინაზე, ქვეყანაში 2022 წელს განმეორებით შეჭრამ და იქ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამ, რუსეთს და დასავლეთს შორის ისტორიული კრიზისი გამოიწვია, რომლის მსგავსი 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ევროპის კონტინენტს კი მსგავსი მასშტაბის საომარი მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.

ვლადიმერ პუტინმა ეს განცხადება რუსეთის საჰაერო ძალებთან შეხვედრის დროს გააკეთა. პილოტებთან საუბრის დროს მან თქვა, რომ შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედი სამხედრო ალიანსი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა.

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსკოვს ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის გეგმები არ აქვს, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. “ჩვენ არ გვაქვს აგრესიული მიზნები ამ ქვეყნების მიმართ” – თქვა ვლადიმერ პუტინმა, 28 მარტს, კრემლის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით. პრეზიდენტის თქმით, “ის იდეა, რომ ჩვენ შევუტევთ პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, და რომ ჩეხებიც შეშინებულები არიან – სრული აბსურდია, უბრალოდ სისულელეა”.

რუსეთი შეერთებულ შტატებს რუსეთთან მარიონეტული ბრძოლის წარმოებაში ადანაშაულებს, რადგან ვაშინგტონი უკრაინას მხარს უჭერს დაფინანსებით, შეიარაღებით და დაზვერვის მონაცემებით. კრემლის თქმით, ამერიკასთან ურთიერთობა ამაზე უარესი არასდროს ყოფილა.

როცა პუტინს კითხვა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დაპირებულ “ეფ-16” გამანადგურებელზე დაუსვეს, მან თქვა, რომ ამგვარი თვითმფრინავები უკრაინაში სიტუაციას ვერ შეცვლის. “თუ ისინი მიაწოდებენ “ეფ-16″-ებს, საუბრობენ ამაზე და აშკარად ამზადებენ პილოტებს, ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე”, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსები ჩამოაგდებენ ამ თვითმფრინავებს ისევე, როგორც ანადგურებენ ტანკებს, ჯავშანტექნიკას და სხვა მოწყობილობებს, მათ შორის სარაკეტო დანადგარებს. პუტინმა იქვე აღნიშნა, რომ ამ თვითმფრინავებს ატომური რაკეტების გადატანაც შეუძლიათ.

წყარო

“პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე მხოლოდ სამიტის მონაწილეთა საერთო თანხმობის შემთხვევაში მოიწვევენ” – მაკრონი

ბრაზილიაში ნოემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწვევენ, თუ მასში მონაწილე ქვეყანა ამაზე თანხმობას განაცხადებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, „დიდი ოცეულის“ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ „აუცილებლად იქნას მიღწეული კონსენსუსი დანარჩენ 19 ქვეყანასთან, ეს იქნება ბრაზილიური დიპლომატიის ამოცანა“.

„დიდი ოცეული“ ვალდებულია, იმოქმედოს, „ემსახუროს მსოფლიოსა და საერთო ინტერესებს“, – აღნიშნა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, 2019 წელს საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინი სწორედ კონსენსუსის არარსებობის გამო არ მიიწვია. სანაცვლოდ, მან რუსეთის პრეზიდენტთან ცალკე შეხვედრა მოაწყო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი არ ესწრებოდა 2022 წელს ინდონეზიაში, 2023 წელს კი ინდოეთში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტებს. მის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერიც გამოსცა.

მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.

ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე – 15 წუთამდე, N381-ზე – 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე – 10 წუთამდე.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე მოძრაობდნენ.

24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება.