Home Blog

“ამ ქვეყანაში თუ ვინმემ გააკეთა ევროპული საქმე, ეს „ქართული ოცნებაა“ – ანრი ოხანაშვილი

ამ ქვეყანაში თუ ვინმემ გააკეთა ევროპული საქმე, ეს არის „ქართული ოცნება“, რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს მორალური უფლება არ აქვთ, საზოგადოებას ესაუბრონ, თითქოს თავად არიან ევროპული და ჩვენ – არა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა ისაუბრა ნაბიჯებზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.

„„ქართული ოცნების“ გუნდმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შეძლო, უზრუნველყო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთანხმების მოპოვება. ეს ყველაფერი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს არ გაუკეთებიათ. რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა რა გააკეთეს, გავიხსენოთ. ეს არის ხალხი, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა, მათ რეზოლუციას მოაწერეს ხელი; სწორედ ამ ხალხმა აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მოაწერა ხელი; ამ ადამიანებს მინისტრად ჰყავდათ კაცი, რომელიც რუსულ წარმოშობასთან უფრო აიგივებდა თავს, ვიდრე ქართულთან; ეს არის ხალხი, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას კრემლში სტუმრობდა და, დიდი ალბათობით, საკუთარ ბიზნესს რუსეთში აწარმოებს. ამ ხალხს არავითარი მორალური უფლება არ აქვს, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მაღალი სტანდარტით ესაუბროს, თითქოს თავად არიან ევროპული და ჩვენ – არა. ამ ქვეყანაში თუ ვინმემ გააკეთა ევროპული საქმე, ეს არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ბუნტი რუსეთის „უკანა ეზოში“ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ“ – Newsweek

ამერიკული ჟურნალი „ნიუსვიქი“ (Newsweek) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბუნტი რუსეთის „უკანა ეზოში“ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ“ (ავტორი – დევიდ ბრენანი), რომელშიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვნებათაღელვაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს – სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთკავკასიურ რეგიონში მდებარე სახელმწიფოს – საპროტესტო აქციები არყევს. მთავრობამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მიუღებელი რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტის ინსპირირება განახორციელა და ეს ხდება იმ დროს, როცა პატარა შავიზღვისპირა ქვეყანა, რომელიც დიდ რუსეთს ესაზღვრება და პარალელურად ამბიციურად ცდილობს ევროკავშირისკენ გზის გაკვლევას.

მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი გახდა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის საშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტით ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად“ უნდა დარეგისტრირდნენ. თუ ასე არ გააკეთებენ, ისინი დაჯარიმდებიან. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები შიშობენ, რომ თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, ქვეყანას ხელი შეეშლება ევროინტეგრაციის ისედაც რთულ პროცესში.

ოპოზიციაში ამ კანონპროექტს „პრორუსულს“ უწოდებენ, რადგან ანალოგიური სამართლებრივი აქტი რუსეთმაც მიიღო 2012 წელს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში კრემლი სხვაგვარად აზროვნების ჩასახშობად და დასათრგუნავად იყენებს.

საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ბევრი მოსკოვთან დაკავშირებულ ძალად თვლის, ამ კანონპროექტის მიღება პირველად გასულ წელს – 2023 წლის გაზაფხულზე სცადა, მაგრამ იძულებული გახდა პარლამენტიდან უკან გაეტანა – მასობრივი პროტესტების გამო.

ახლაც, შარშანდელის მსგავსად, „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ მიმართულმა „პრორუსულმა“ კანონპროექტმა მოსახლეობაში ანტირუსული განწყობის ზრდა გამოიწვია. საქართველოში ბევრი ახალგაზრდა პროევროპულად არის ორიენტირებული და ამიტომ მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. ისინი აპროტესტებენ კრემლის გავლენის გაძლიერებას – იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მობილიზაციიდან თავის ასარიდებლად ათასობით რუსმა თავშესაფარი საქართველოში პოვა.

როგორც ნატალია საბანაძე – ბრიტანული „ჩეთემ-ჰაუსის“ ანალიტიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროკავშირში – „ნიუსვიქთან“ ინტერვიუში ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცოდა, რომ პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი განხილვა საზოგადოებაში იმავენაირ პროტესტებს გამოიწვევდა, როგორიც 2023 წელს იყო: „ჩემთვის აშკარაა, რომ მმართველი პარტია მზად არის გარისკოს და ფიქრობს, რომ ვითარების გაკონტროლება შეუძლია. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ [ევროპა] სხვა პრობლემებითაა დაკავებული, საქართველოსთვის არავის სცალია და ამიტომ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს“], – ამბობს ნატალია საბანაძე.

ამასობაში კი კრემლი უარყოფს რაიმე კავშირს ქართულ კანონპროექტთან და აცხადებს, რომ ორი სამართლებრივი დოკუმენტის ერთმანეთთან შედარება „აბსურდულია“. თუმცა, თუ ქართულ კანონპროექტს და რუსულ კანონს ყურადღებით წავიკითხავთ, მათი მსგავსება საკმაოდ მკაფიოა.

როგორც ნატალია საბანაძე ამბობს, კანონპროექტის მიღება ნაკარნახევია რუსეთიდან და გამოწვეულია ვლადიმერ პუტინის შიშით „ფერადი რევოლუციების“ მიმართ. „ის სახელმწიფოები, რომლებიც მსგავს კანონებს იღებენ, ამას ერთი მიზეზით აკეთებენ – რეჟიმის დაცვის მიზნით სხვადასხვა საფრთხეებისაგან: სავარაუდო საპროტესტო აქციებისგან, დემონსტრაციებისგან, რომლის გამოც ხელისუფლების სტაბილურობა ეჭვქვეშ დგება. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებაც“ სწორედ ასე მოქმედებს“, – ამბობს „ჩეთემ-ჰაუსის“ თანამშრომელი..

ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკრიტიკებენ რუსეთთან სავარაუდო დაახლოების გამო, წინ მძიმე საპარლამენტო არჩევნები ელოდებათ, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი: როგორც რამდენიმე თვის წინ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, ქართველთა 42% ჯერ უპირატესობას ვერცერთ პოლიტიკურ ძალას ვერ აძლევენ და მხოლოდ 19% უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“.

ლიბერალური ოპოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაქსაქსული, არჩევნებში გამარჯვებისათვის იბრძოლებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პირველად ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, რაც საკმაო საფრთხეს უქმნის იმ სტატუს-ქვოს, რომლითაც „ქართული ოცნება“ პარლამენტში დომინირებს.
„ეს იქნება ყველაზე რთული არჩევნები „ქართული ოცნებისათვის“, – ამბობს ნატალია საბანაძე, – „მეოცნებეებს“ ხელისუფლების შენარჩუნება სურთ, თანაც ისე, რომ ძალაუფლების არავისთან გაყოფა არ სურთ“.

ნატალია საბანაძის თქმით, ის ქართველები, რომლებიც დღეს თბილისის ქუჩებში არიან გამოსულნი, კანონპროექტს მასშტაბური გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილად თვლიან: „საქმე ეხება რუსეთის გავლენის გავრცელებას და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის ხელის შეშლას“, – აღნიშნავს ყოფილი ელჩი, – „ქართული კანონპროექტი რუსული კანონების კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც, ერთობლიობაში, საქართველო მოსკოვთან იდეოლოგიური დაახლოებისაკენ მიჰყავს“.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „უცხოური აგენტების“ გარდა, ეხება „ლგბტ-საზოგადოების“ პროპაგანდის აკრძალვასაც, იმ ანალოგიურ ზომებს მოგვაგონებს, რომლებმაც რუსეთში ვლადიმერ პუტინის მმართველობა განამტკიცა. „საქართველოსა და რუსეთის მმართველი ძალები ერთმანეთთან სოლიდარობას გამოხატავენ და იდეოლოგიურად ერთ მხარეზე დგანან. ვლადიმერ პუტინს არც ჭირდება რაიმე მითითება მისცეს „ქართულ ოცნებას“, ისინი ხომ ერთნაირები არიან“.

ქართველი ევროფილების საკანონმდებლო მარცხი მტკივნეული დარტყმა იქნება საქართველოს დასავლელი მოკავშირეებისათვის. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პავლე ჰერჩინსკიმ განაცხადა, აღნიშნული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან, რაც ძირს გამოუთხრის ქვეყნის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მსგავსი კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა კანონპროექტის განხილვის დაწყების გამო.

საქართველოს რეალობა ისეთია, რომ ქვეყანაში წესით მძლავრი ანტირუსული მოძრაობა უნდა არსებობდეს, რადგან ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული (აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები), მაგრამ პარადოქსულია, რომ მმართველი პარტია მოსკოვის მიმართ კეთილგანწყობილია და ახლო კავშირები აქვს რუს ტრადიციულ პარტნიორებთან.

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომში დამამცირებელი დამარცხება და ამიტომ რუსეთს ბევრი ამრეზით უყურებს. 2023 წელს კი რუსული მიგრაციის დიდმა ტალღამ უკმაყოფილება გააძლიერა, მით უმეტეს, რომ რუსი მიგრანტების ჩამოსვლამ ცხოვრების დონე დააქვეითა, მოიმატა ფასებმა უძრავ ქონებაზე და ა.შ. ქართველები მხარს უჭერენ უკრაინას რუსეთთან ომში, კიევთან სოლიდარობის დონე მაღალია და ასობით ქართველი უკრაინაში მოხალისის სტატუსით ომობს.

 

წყარო

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების 2028 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის პირველ იანვრამდე.

“საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი”- პრეზიდენტი

საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ, კოშმარია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, – „როგორც ეს 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს იყო, შიშობთ, რომ ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადის დროს კიდევ იქნება რუსეთის თავდასხმა თქვენს ქვეყანაზე?“ – ზურაბიშვილმა განაცხადა:

„იცით, რუსეთთან დაკავშირებით არასოდეს უნდა თქვა „არასოდეს“. მაგრამ დღეს ნათელია, რომ რუსეთის სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირია. ეს ჰიბრიდული ომის სტრატეგიაა პროპაგანდისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მეშვეობით, რათა მათ მიიღონ რუსული კანონები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მიგრანტების შემოდინების მეშვეობით. ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ, რომელსაც წინააღმდეგობას ვუწევთ, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

“თავმოყვარეობა რომ არ გაქვთ და როგორც ჩანს, არც არასოდეს გქონიათ, გავიგეთ!” – გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

“ეს არა პრორუსული, არამედ რუსული კანონია, პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლი”, – სალომე ზურაბიშვილი. თავმოყვარეობა რომ არ გაქვთ და როგორც ჩანს, არც არასოდეს გქონიათ, გავიგეთ! საჯაროდ რომ ცრუობთ და არც გრცხვენიათ, ჩვენი საზოგადოება მიეჩვია,” – წერს გოგა ხაინდრავა.

“საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა შეიზღუდა” -სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი “არასამთავრობო ორგანიზაციების“ მიმართ მიდგომები მკვეთრად გამკაცრდა. სუს-ი პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მათ მადისკრედიტებელ განცხადებებს ავრცელებდა, ცენტრალური ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში ადანაშაულებდა და “საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესების“ არევაში სდებდა ბრალს.

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. საერთაშორისო ორგანიზაციების დაბლოკვით საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის გავლენების გაზრდასა და აფხაზებსა და ქართველებს შორის კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანას ცდილობდა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დასაწყისში საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ რეგიონში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები არ შეუშვა. აღნიშნულის მიზეზად, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თანათავმჯდომარეების ინიციატივით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რამდენჯერმე გადადება დაასახელეს.

ასევე, საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმმა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის წესში “ცვლილებები“ შეიტანა, რომელიც ორგანიზაციებსა და ე.წ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობებს მკაცრად აკონტროლებდა. სუს-ის ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაეროს სააგენტოებს ე.წ. საგარეო უწყებასთან უნდა შეეთანხმებინათ ადგილობრივი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფის საკითხი.

“2023 წლის 7 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით აღარ “მტკიცდებოდა“ USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით წარმოდგენილი პროექტები. ასევე შეჩერდა UNDP-ის პროექტების მიღება. იკრძალებოდა იმ პროექტების რეალიზება, რომელთა მიზანს ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტის დამყარება წარმოადგენდა.

იზღუდებოდა იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის “შიდა და საგარეო პოლიტიკის“ საკითხების გაშუქებას ისახავდა მიზნად“, – ვკითხულობთ სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში.

სუს-ი ასევე წერს, რომ 2023 წელს ოკუპირებული რეგიონების საოკუპაციო რეჟიმები რუსეთის ფედერაციის დახმარებით აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო ასპარეზზე “პოზიციონირებას“ – მუშაობა შეინიშნებოდა სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.

“აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ გააგდეს პოლიტიკოსები და უთხრეს, არ გვჭირდებითო, მერამდენედ უნდა შეეტენონ?”

აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ გააგდეს პოლიტიკოსები და უთხრეს, არ გვჭირდებითო. მერამდენედ უნდა შეეტენონ? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს ექვსი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას მათი არ სჯერა.

„სამადაშვილი რომელი ევროპული ღირებულებაა? პარლამენტში თავისი ბოღმის ბუკეტით დადის. რა გააჩნია ევროპული ღირებულების, თავისი კოლეგები არ ესალმებიან. თუ შარვალჩახდილი „გირჩია“ ევროპული ღირებულება? მათი სახეა სისხლის დაღვრა და „სულს ამოგხდით“ მუქარა. საზოგადოებას მათი არ სჯერა. ყველაფერი ევროპული სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო მიღწეული და ასეც იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტი 21.0 პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 326.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 21.0 პროცენტით შემცირდა და 605.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 132.1 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 82.3 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 56.5 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 83.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 72.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 39.5 მლნ. აშშ დოლარით.

“უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს” – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინელებმა პირველად გაანადგურეს რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

“პირველად, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობით, სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 გაანადგურეს”, – აცხადებს ოლეშჩუკი.

მისი თქმით, აღნიშნული თვითმფრინავი X-22 ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, რომელსაც რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ.

შეგახსენებთ, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში, სტავროპოლის ტერიტორიაზე, რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

“ის მუდმივ რეჟიმში ახდენს ქვეყნის დისკრედიტაციას” – ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე

ის მუდმივ რეჟიმში ახდენს ქვეყნის დისკრედიტაციას, აკეთებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ საერთაშორისო მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში გაკეთებულ განცხადებებს.

„ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიისთვის უფრო საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც მმართველ გუნდს ლანძღვა დაუწყო და ეს ალბათ უკავშირდება მის ერთ-ერთ მოტივაციას, რომ თავგამოდებით ებრძოლოს ყველანაირ სახელმწიფოებრივს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და პოლონეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება”.

გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი და გამოფენის კურატორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის მუზეუმების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გამოფენას, ასევე, ესწრებოდნენ პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი პიოტრ ჩვიკი, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარტა ციენკოვსკი, კრაკოვის ეროვნული მუზეუმის დირექტორი ანდჟეი შჩერსკი, გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორი და გამოფენის კურატორი მიროსლავ პიოტრ კრუკი, კრაკოვის მუზეუმის თანამშრომლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ამ გამოფენით ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა; ასეთი მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს ორი ერის კულტურის დაახლოებას და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელებას.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს არის საქართველოს შესახებ უცხოეთში გამართული უპრეცედენტო გამოფენა.

ევროპელი დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს. იხილავენ ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედებასაც. ამ ექსპოზიციაზე პირველად გამოიფინა პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტი.

გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი როგორც დედაქალაქიდან, ასევე, რეგიონებიდან, კერძოდ: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა”, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; წარმოდგენილია არჩილ გელოვანის პირადი კოლექცია.

გამოფენაში ასევე მონაწილეობს მსოფლიო დონის არაერთი მუზეუმი: ლუვრი, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, კრაკოვის სახელმწიფო მუზეუმი, იერუსალიმის მუზეუმი, ვაველის სამეფო სასახლე და ვარშავის ეროვნული მუზეუმი.

გამოფენაზე წარადგინეს ორენოვანი – ინგლისურ-პოლონური კატალოგი, რომელიც მკითხველს ქართული კულტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპს აცნობს. კატალოგის ინგლისურენოვანი ვერსია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

საქართველოში გამოფენის მომზადებას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც არის გამოფენის კურატორი. გამოფენას ჰყავს პოლონელი კურატორიც – ცნობილი ბიზანტიოლოგი, პროფესორი მიროსლავ კრუკი.

გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული ხალხური სიმღერები და ენახათ ტრადიციული ცეკვები. ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ფოლკლორული ანსამბლი „შილდა”, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი” და მომღერალი ნინო ნაყეური.
გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

“ირანში განხორციელებულ თავდასხმას ზიანი არ გამოუწვევია” – ირანელი გენერალი

ირანში წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ზიანი არ გამოუწვევია და ხმაური, რომელიც ისპაჰანში ისმოდა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირდება, – ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა, გენერალმა სიავოშ მიჰანდოუსტმა განაცხადა.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების სამიზნეს „საეჭვო ობიექტი“ წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, მანამდე ABC News-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. The New York Times-ის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ისპაჰანის მახლობლად მდებარე სამხედრო ავიაბაზა იყო. ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ.