Home Blog

“ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში” – ნიკა გვარამია

მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია წერს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და მას ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

„ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. კომიტეტის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოსთვის და მის პრაქტიკაში მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება (მით უმეტეს, ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე) სრულიად უგულვებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული.

მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება. სხვა თუ არაფერი, სამართლებრივი ეთიკის საკითხია, რომ უფრო მეტად აღარ განვავრცო ეს საკთხი“,- წერს გვარამია.

ინფორმაციისათვის, „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ნიკა გვარამიას სარჩელი. ამის შესახებ თავად გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მაშ დემდეგ მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

“რუსეთის შეტევა მაისის ბოლოს ან ივნისში შეიძლება დაიწყოს, ხოლო უცხოური დახმარება უკრაინას ახლა სჭირდება”

უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის შეტევა მაისის ბოლოს ან ივნისში შეიძლება დაიწყოს, ხოლო უცხოური დახმარება უკრაინას ახლა სჭირდება, რათა ვითარების სტაბილიზება მოახდინოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ სუმის ოლქში მისცა, რომელიც მუდმივი საარტილერიო დაბომბვების პირობებშია.

“ჩვეულებრივ, როდესაც არტილერიით უტევენ და სოფლებს ანადგურებენ, ამის შემდეგ ისინი ყოველთვის მათ ოკუპირებას ცდილობენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, მან სასაცილო უწოდა მოსკოვში ტერაქტის მომზადებაში უკრაინის დადანაშაულების მცდელობებს.

“მას [პუტინს] არ აღელვებს ეს ტერორისტული აქტია, ეკონომიკური აქტია, ნავთობის მრეწველობაა თუ ამ სფეროებიდან რომელიმე… [ის] გამოიყენებს ამას თავისი საზოგადოების მაქსიმალურად გასაერთიანებლად – მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მსხვერპლისა და დაჭრილების ასეთი რაოდენობაა, ის ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზნისთვის იყენებს – გაამართლოს, რომ უკრაინა არ არსებობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანია საბჭოთა კავშირს მისი იმპერიული დიდება და გეოგრაფიული საზღვრები დაუბრუნოს.

“მისთვის ჩვენ რუსეთის ფედერაციის სატელიტი ვართ. ამ მომენტისთვის ეს ჩვენ ვართ, შემდეგ – ყაზახეთი, შემდეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ პოლონეთი, შემდეგ გერმანია. როგორც მინიმუმ გერმანიის ნახევარი…

ეს აგრესიაა და პუტინის არმია შეიძლება ევროპაში მივიდეს, და მაშინ შეერთებული შტატების მოქალაქეებს, შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ევროპის დაცვა მოუწევთ, ვინაიდან ნატოს წევრი არიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

„მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ნებსით თუ უნებლიეთ, საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას“

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღიდან დევნილი გარკვეული წრეები ნებსით თუ უნებლიეთ დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ სომხეთს ერთი მთავრობა ჰყავს და ის ახლა ამ დარბაზშია. მინდა, ეს გზავნილი მკაფიოდ დააფიქსიროთ და საჭიროების შემთხვევაში, უნდა იყოს მიღებული შესაბამისი ზომები, რომ გარე ძალების გარკვეულმა წრეებმა ასევე არ გამოიყენონ ეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შესაქმნელად. რა გამოდის, რომ ყველას შეუძლია ბინის დაქირავება და აბრის ჩამოკიდება წარწერით – „რაღაც მთავარობა“. უკაცრავად, მაგრამ მსგავსი ქმედებები სახელმწიფოს მისამართით პატივისცემის ხაზს კვეთს, სხვა ლოგიკას იძენს და არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს სომხეთის მხრიდან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ეს განცხადება ფაშინიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფრანგულ გამოცემა „ლე ფიგაროში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ სამველ შახრამანიანთან, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე „არსებობს თუ არა მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო და მისი გახიზნული მთავრობა“, ასე უპასუხა: „დიახ, შენობაში, სადაც თქვენ ახლა გმასპინძლობთ, ერევანში, მდებარეობს არცახის პრეზიდენტის ოფისი, ასევე სასამართლო და საკანონმდებლო სტრუქტურების ოფისები“.

ცნობისთვის, შახრამანიანმა შარშან სექტემბერში ხელი მოაწერა ბრძანებას თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ყველა უწყების თვითლიკვიდაციის შესახებ.

“პოლონეთი და უკრაინა სოფლის მეურნეობის იმპორტთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან” – დონალდ ტუსკი

პოლონეთი და უკრაინა სოფლის მეურნეობის იმპორტთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, მოლაპარაკებების შედეგად ამ ეტაპისთვის ვერ გადაიჭრა ის საკითხები, რომლებმაც ფერმერების პროტესტი გამოიწვია.

„რა თქმა უნდა, არც პრემიერ-მინისტრი შმიგალი და არც მე არ ვიქნებით 100%-ით კმაყოფილი, მაგრამ ეს არის ის, რაც თანამედროვე პოლიტიკაშია – გადაწყვეტილებების ძიება, რომელიც, შესაძლოა, ყველა მხარისთვის არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ის დაიცავს პოლონელი ფერმერების, პოლონელი მწარმოებლების და მეორე მხრივ, უკრაინელთა ძირითად ინტერესებს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

“გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე” – თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. 5 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღეს განსაკუთრებით მძიმე დღეა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 12 გადმოსვენებული პირის, აქედან 10 სამხედრო მოსამსახურის, ოჯახებისთვის, რომლებიც 30-წლიანი მოლოდინის ფონზე, კიდევ ერთხელ განიცდიან თავიანთი ახლობლის გარდაცვალების დადასტურებით გამოწვეულ ტკივილს და მე, კიდევ ერთხელ მინდა, მათ თანაგრძნობა გამოვუხატო და გამოვთქვა რწმენა, რომ ამ ხანგრძლივი გაურკვევლობის დასრულება, მცირედ შვებას მაინც მიანიჭებს მათ. საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება მთავრობის კიდევ უფრო გაძლიერებული ძალისხმევით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში უკვე გაზრდილი დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დავუბრუნებთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიზანი კი არის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის მოგვარების ჩვენს ეროვნულ მიზნებს, რათა არასდროს განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 300. დაახლოებით 2000 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

“პოლონეთის საზღვართან ბლოკადის მოხსნის მხრივ პროგრესი ნამდვილად გვაქვს” – დენის შმიგალი

პოლონეთის საზღვართან ბლოკადის მოხსნის მხრივ პროგრესი ნამდვილად გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უკრაინულ-პოლონური სამთავრობო კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გვაქვს პროგრესი ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით, მთავარია – ყველა კრიტიკული საკითხის მოგვარება, რომლებსაც ასეთ ბლოკადებამდე მივყავართ”, – განაცხადა შმიგალმა.

მან აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხების მოგვარების გეგმა სრულდება, თუნდაც ისე სწრაფად არა, როგორც უკრაინულ მხარეს სურს.

“ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიტიური ტენდენციები და პოზიტიური დინამიკა, მნიშვნელოვანია ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და სვლა გავაგრძელოთ”, – დასძინა მან.

ცნობისთვის, აქამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ კიევი და ვარშავა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან.

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც პირადად (საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის გამზირი 8), ისე ელექტრონული ფოსტის (contact@parliament.ge) საშუალებით 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.

წარსადგენი დოკუმენტების სრული ჩამონათვალის ნახვა პარლამენტის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს და მისი ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოგონილი სახელებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, დაზარალებულებს მოგების მიღების მიზნით ფულადი თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ.

მათ შორის, ბრალდებულები ავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ, კერძოდ დაზარალებულმა კრისტოფერ ფლამინმა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მითითებით მათ ჩაურიცხა 33 600 ავსტრალიური დოლარი, 37 959 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ბიტკოინი და 96 179 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ეთერეუმი.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვა დაზარალებულების იდენტიფიცირებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის სრული მოცულობის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

“მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმერ პუტინისთვის სრული კრახია” – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმა ვლადიმერ პუტინისთვის სრული კრახია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

„სახელმწიფომ, რომელიც ხარჯავს უზარმაზარ რესურსებს უსაფრთხოების ძალებზე და სადაზვერვო სამსახურების დაფინანსებაზე, საბოლოოდ სათანადოდაც ვერ უპასუხა საჯარო შეტყობინებებზე. პუტინის კლასიკური ამომრჩეველის და თუნდაც მისი მხარდამჭერის თვალსაზრისით, რომელიც შესაძლოა მხარს უჭერდა მას „ძლიერი ხელის“ გამო, იმის გამო რომ მას ქვეყანაში წესრიგის აღდგენა შეუძლია, ეს სრული კრახია“, – აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა საკუთარ გარემოცვას აჩვენა, რომ არ აკონტროლებს სიტუაციას რუსეთის ფედერაციაში.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ რუსეთში განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ, შეიძლება, ქვეყანაში მოქალაქეთა უფლებების ბოლო ნარჩენების მოშლა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალების გადანაწილება გამოიწვიოს.

ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშიმ გადადგომის შესახებ განაცხადა.

ხუთშაბათს, 28 მარტს კარინში შეხვდა პრემიერ-მინისტრს ევიკა სილინას, რათა განეხილა სიტუაცია ჩარტერული ფრენების გამოყენებასთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტებისთვის, როდესაც ის წინა მთავრობას ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის შემდეგ კარინშიმ მედიასთან მცირე განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ მან სილინას გადადგომის შესახებ აცნობა. მან თქვა, რომ თანამდებობას 10 აპრილს დატოვებს, როცა სეიმი მის გადაყენებას გადაწყვეტს.

კარინში, შესაძლოა, სეიმის წევრმა ზანდა კალნინია-ლუკაშევიცამ, შეცვალოს რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საგარეო საქმეთა სფეროში და მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში საპარლამენტო მდივანი იყო.

23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო.

საუბარია კრიშიან კარინშის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩარტერული რეისების ოფიციალურ ვიზიტებში გამოყენებაზე, რომელიც დაკავშირებულია ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან. გავრცელებული ინფორმაციით, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერული რეისით 36-ჯერ ისარგებლა, რაზეც 1.3 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

ბაკურიანში, ძებნა-შველის ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა, ძებნა-შველის ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

“ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა პროცესზე გამოცხადებაზე უარი თქვა”- პროკურორი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე, – აღნიშნულის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

პროკურორის თქმით, არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისია.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მონაწილეობას, ეს მისი უფლებაა. დაცვის მხარემ მიუთითა 38-ე მუხლზე, რაც განსაზღვრავს ამ შემთხვევაში, ბრალდებულის უფლებებს. მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროცესში. ამ შემთხვევაში, ბრალდებულს ამის სურვილი გააჩნდა, თუმცა ვინაიდან მას არც ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც რაიმე სხვა გარემოება უშლიდა ხელს პროცესში მონაწილეობა მიეღო და ეს უბრალოდ მისი სურვილი იყო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მოკლე ვადით, რამდენიმე დღით გადაედო პროცესი”, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სურვილი გამოთქვა, პროცესში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა. მოსამართლემ პროცესი 8 აპრილისთვის გადადო და ბრალდებული დისტანციურად არ ჩართო.

გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს, პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.