Home Blog

“გაგრძელდება თუ არა უკრაინის ომი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში? ალბათ, არა”-Die Welt

უკრაინა მიმდინარე წელს იძულებულია თავდაცვით პოზიციაში იყოს და შეტევა არ განახორციელოს – დიდწილად გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და სხვა დასავლელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოქმედების გამო, – ნათქვამია გაზეთ „დი ველტის“ (Die Welt) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გაგრძელდება თუ არა უკრაინის ომი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში? ალბათ, არა“ (ავტორი – ქრისტოფ შილცი). „სულ უფრო მეტი ნიშნები ჩნდებისა იმისა, რომ კონფლიქტი გაიყინება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უპირატესობას მოიპოვებს“, – წერს „დი ველტის“ კორესპონდენტი.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ლიდერმა როლფ მიუტცენიხმა ბუნდესტაგში კანონმდებლებს მოუწოდა, რომ უკრაინის კონფლიქტი გაიყინოს. მას საკმაოდ სერიოზული მიზეზები აქვს. ერთ-ერთი იმაში გამოიხატება, რომ არც უკრაინას და არც რუსეთს აშკარა უპირატესობა არ აქვს, ორივე ერთმანეთის გამოფიტვას ცდილობს და საბოლოო ჯამში ორივე მოლაპარაკების მაგიდასთან მივლენ.

კიდევ ერთი მიზეზი: წაგებული მხარე, როგორც ჩანს, უკრაინა იქნება, ამიტომ კიევისათვის უმჯობესია სამხედრო მოქმედებები შეაჩეროს, იმიჯი შეინარჩუნოს და არ მიიღოს სტატუსი „გამარჯვებულის“ ან დამარცხებულის“ შესახებ.

ამ შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალებს შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიაზე დარჩნენ, დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდება, ხოლო კიევის მოლაპარაკება ნატოში და ევროკავშირში შესვლისათვის შეჩერდება:

დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა კონფლიქტი გაიყინოს და აღარ განახლდეს. ასეთი სახით სიტუაცია „ფეთქებად სიწყნარეს“ დაემსგავსება, მაგრამ კრემლისათვის აშკარად უპირატესობით და მომგებიანობით.

დიპლომატიური მოლაპარაკება შეიძლება უკვე მიმდინარე წელს განხორციელდეს:

პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინას პერსპექტივა არ აქვს დაკარგული (ოკუპირებული) ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით. პირიქით – უახლოეს კვირებში მოსალოდნელია რუსეთის ჯარების ახალი შეტევები და უკრაინის მიერ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვა;

მეორე მხრივ – დასავლეთმა სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის სამხედრო პოტენციალი და მისი გლობალური მოკავშირეების შესაძლებლობები. მოსკოვს საკმარისი რესურსები და გლობალური მხარდაჭერა აღმოაჩნდა, რაც უზრუნველყოფს ბრძოლების გაგრძელებას რამდენიმე წლის განმავლობაში.

მესამე – დასავლეთი ხშირად აცხადებს, რომ უკრაინა მის თავისუფლებასაც იცავს, მაგრამ სულ უფრო მეტი ეგოისტური გადაწყვეტილებები მიიღება უკრაინის საზიანოდ. მაგალითად, ანტირუსულ სანქციებს არასრული, სანახევრო ხასიათი აქვთ და არ ვრცელდება თხევადი გაზისა და ურანის ექსპორტზე, ხოლო ვაშინგტონი კიევ მოუწოდებს შეწყვიტოს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე – იმისთვის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ნავთობზე მსოფლიო ფასები არ გაიზარდოს.

მთლიანობაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკრაინის მოლაპარაკებითი პოზიცია სამომავლოდ ბევრად გაუარესდება დღევანდელთან შედარებით – დასავლელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად. ეს ისტორიული ტრაგედიაა, მაგრამ იმავდროულად ხელს უწყობს ცეცხლის შეწყვეტას და გზას უკვლევს ამ საშინელი ომის „გაყინვას“.

წყარო:

“ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი – ევროპული მომავლისთვის დასჯა, არსებობს მუხლი – მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა. ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დღევანდელ სასამართლო პროცესს, სადაც განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.

პაპუაშვილის თქმით, პროკურატურის მხრიდან მყარი პოზიციაა, იმასთან დაკავშირებით, რომ ლაზარე გრიგორიადისი მეორე ადამიანს ცეცხლს უკიდებდა.

“თუკი ვინმე იტყვის, რომ არსებობს რაიმე მიზანი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ ცეცხლის წაკიდება, თქვან, რომ ხანდახან შეიძლება გამართლდეს ცეცხლის წაკიდება მეორე ადამიანისთვის და მისი განწირვა სიკვდილისთვის. ეს არის მორალის დაკარგვის პირველი ნაბიჯი.

ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი – ევროპული მომავლისთვის დასჯა, არსებობს მუხლი – მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა. ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობისა, ერთი ადამიანის მხრიდან მეორისთვის ცეცხლის წაკიდებისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა იმაზე, არსებობს თუ არა შანსი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრალდებული გრიგორიადისი შეიწყალოს და აღნიშნა, რომ „სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც დაავალებენ.“

„სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც დაავალებენ. ამას ჩვენ მივხვდით უკვე დიდი ხანია და ეს დადასტურდა გუშინწინ სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც, როდესაც გამოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი დავალება, რომელიც მან შეასრულა, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი კითხვის ნიშანი ნიკა გვარამიას დამნაშავეობასთან დაკავშირებით. ჩვენ, ფაქტობრივად, გუშინწინ მივიღეთ უმაღლესი ევროპული ინსტანციისგან კიდევ ერთხელ დასტური მათთვის, ვისაც ეს არ სჯეროდა, რომ ის(გვარამია) არის სისხლის სამართლის დამნაშავე – ეს ერთი და მეორე, არ არსებობდა არანაირი პოლიტიკური გამართლება მისი შეწყალებისა ვითომ დეპოლარიზაციის მიზნით. ეს ჩანდა კიდეც, ვინაიდან განმარტებაც არ გააკეთა, რადგან ხვდებოდა, რომ განმარტების მიუხედავად უარგუმენტო იქნებოდა და არავინ დაიჯერებდა.

ჯერ ჩვენ არ ვიცით სასამართლოს განაჩენი, იქნება თუ არა ცნობილი [ლაზარე გრიგორიადისი] დამნაშავედ. თუმცა პროკურატურის მხრიდან მყარი პოზიციაა, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი მეორე ადამიანს ცეცხლს უკიდებდა, ვნახოთ რას იტყვის სასამართლო და შემდეგ გამოჩნდება. ზუსტად ისე მოიქცევა [სალომე ზურაბიშვილი], როგორიც იქნება დავალება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება NGO სექტორისა და ოპოზიციის განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური მოტივებით დააკავეს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ ნდობა არ არსებობს.

„რაც შეეხება „ენჯეოებს“, ოპოზიციას და ა.შ., მათი კეთილსინდისიერება ბევრჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

მათ მიმართ ნდობა არ არსებობს, ყოველ ჯერზე – „რუსთავი 2“-ის, მელიას, გვარამიას საქმეზე ამბობდნენ ერთი და იმავეს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივირება და ყოველ ჯერზე აღმოჩნდა, რომ ისინი არიან სამართლის არ მცოდნე ადამიანები, ვერ ერკვევიან და არ ჰყოფნით ცოდნა, ან განზრახ ატყუებდნენ და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. მე მგონია, რომ ეს არის მეორე – განზრახ მოტყუება და რა თქმა უნდა, ეს პრობლემურია ვინაიდან ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან. როცა უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება და საზოგადოებაში გავრცელდეს დეზინფორმაცია, ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

“სტრასბურგის გადაწყვეტილებით დავრწმუნდით, რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როცა გვარამიას შეწყალებაზე ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებს ვისმენდით” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას სარჩელთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გვარამია სისხლის სამართლის დამნაშავეა და ციხიდან მის გამოყვანას პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა, რათა “ის რადიკალური დღის წესრიგის შემქმნელი ყოფილიყო”.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც გვარამიას შეწყალებაზე ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდება ისმოდა.

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვნახეთ მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან; შემდეგ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის მიერ გვარამიას შეწყალება, მან ვერც კი გაბედა აეხსნა, რა იყო საფუძველი შეწყალებისა; ვნახეთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გამოხმაურებები, რომელიც იწონებდა ამ გადაწყვეტილებას, როგორც დეპოლარიზაციის ნაბიჯს და ვხედავთ, სად ვართ ახლა. ახლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო. არავითარი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არ იყო.

ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსაც კი გამოეკიდა და ალბათ, ახლა სტრასბურგის სასამართლოს “ვეტინგს” მოითხოვს და იმუქრება, რომ ხელისუფლება შეიცვლება, სასამართლოს გაყრიან და საკუთარ მოსამართლეებს მოიყვანენ, ეს ადამიანი გამოაყვანინა ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილს გარეთ.

ასევე დადასტურდა, რომ ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე. სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედა რა დოკუმენტაციას,

მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა დამნაშავესთან და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია სისხლის სამართლის დამნაშავეა და მისი ციხიდან გამოყვანას ჰქონდა პოლიტიკური მოტივაცია, რათა ის ყოფილიყო რადიკალური დღის წესრიგის შემქმნელი.

საბოლოოდ, ამ ძალებმა გააერთიანა ნიკა გვარამია და ნიკა მელია – ორი კრიმინალი, ორივე უცხოეთიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის შედეგად არის გარეთ. ორივე შემთხვევაში უცხოეთიდან გვიმტკიცებდნენ, რომ ამ ორი კრიმინალის გარეთ გამოშვების ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რათა დეპოლარიზაცია მოხდეს. ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ვხედავთ, რა არის მათი დღის წესრიგი – თავს ესხმიან სასამართლოს და მართლმსაჯულებას, ასევე იმ კურსს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების. ეს ჯერ კიდევ ჟურნალია, კინო წინაა. ვნახავთ ამ ორ რადიკალს, რომ ზუსტად იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ქვეყანაში სიტუაციის არევა ჰქვია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო შეიცვლება, პოლიტიკური საქმეების შესახებ სიმართლეს ყველა გაიგებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს იმის მერე მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

საქართველოში დაბადებულთა რიცხოვნობა 5%-ით არის შემცირებული – „საქსტატი“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით არის შემცირებული.

„2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (13 697 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1 პროცენტიდან 37.7 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.6, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6 პროცენტიდან 27.5 პროცენტამდე.

2023 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან 6.0 პროცენტამდე გაიზარდა.

2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

თბილისი ჰილსის მულტიფუნქციურ კომპლექსში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე, თიბისის მხარდაჭერით, ახალი აპარტამენტების მშენებლობა იწყება.

ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა აშენდება. თითოეულ შენობაში კი 44 აპარტამენტი იქნება.

თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები მომავალი მაცხოვრებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე იქნება.

პროექტს სამი ფაქტორი გამოარჩევს: პირადი სივრცის განცდა, უმაღლესი ხარისხის სტანდარტები და რეკრეაციული სივრცეები.

პირადი სივრცის განცდა

თითოეულ აპარტამენტში 3.4-3.6 მეტრი სიგრძის სლაიდური ვიტრაჟები სივრცის შეგრძნებას შეუწყობს ხელს. იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები კი მაცხოვრებლების პირად სივრცეს უზრუნველყოფს.

აპარტამენტების დიდი ტერასები იძლევა საშუალებას რეკრეაციული გარემოს შესაქმნელად და მცენარეების გასამრავლებლად. რამდენიმე ტერასაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოყოფილი იქნება ადგილი აუზისთვისაც. არასასურველი მზის სხივებისგან დასაცავად კი, თითოეული ტერასა აღჭურვილი იქნება საჩრდილობელი სისტემით.

მაღალი ხარისხის სტანდარტები

აპარტამენტების მშენებლობისას, გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის ევროპული სამშენებლო მასალა. პროექტში გათვალისწინებული იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, სახანძრო უსაფრთხოება და ლიფტი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ყოველი შენობის მიწისქვეშა სართული დაეთმობა პარკინგს, სადაც ასევე მოეწყობა სპეციალური სივრცეები და სათავსოები მაცხოვრებლების ნივთების შესანახად.

აპარტამენტები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით, ინტერიერის პროექტირება კი, საშუალებას იძლევა შეიქმნას დახვეწილი და გამორჩეული დიზაინი.

რეკრეაციული სივრცეები

თბილისი ჰილსის აპარტამენტებს მზის ელემენტებზე მომუშავე, თვითგაგრილებადი ატრიუმიც გამოარჩევს, რომელიც კომფორტული ავეჯითა და მცენარეებით აღჭურვილი, მოსასვენებელი სივრცე იქნება აპარტამენტებს შორის.

აპარტამენტების წინ, რეკრეაციული ზონაც მოეწყობა, რომელიც გააერთიანებს: სტადიონს, პარკს, ბავშვთა გასართობ კუთხეს და სხვა.

ასევე, კომპლექსის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საქართველოში გოლფის პირველი პროფესიონალური მოედნებით.

იმისათვის, რომ მაცხოვრებლების ყოველდღიურობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს, აპარტამენტებთან ახლოს აშენდება კომერციული სივრცე, სადაც განთავსდება მაღაზიები, აფთიაქი, კაფე და სხვა.

პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

(R)

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13%-ით შემცირდა – „საქსტატი“

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13.0 პროცენტით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (12 229 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (580 კაცი) დაფიქსირდა.

„2023 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.2 პრომილე შეადგინა. 2023 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.5 პრომილე შეადგინა.

2023 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“წითელი კომისარი დუნიაღა გვაკლდა! შიგ ევროპაში!“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებას გამოეხმაურა.

„დუნია მიატოვიჩმა საჯაროდ დაგმო!
ქართველი ხალხის უფლება თავი დაიცვას – სოდომური ცოდვის, გაუკუღმართებული
ცხოვრების წესის,
ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერის
თვითმკვლელობის –
ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდისაგან!
წითელი კომისარი დუნიაღა გვაკლდა!
შიგ ევროპაში!“,- წერს ხაინდრავა.

თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გაუზიარეს ცოდნა. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იყო და მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.

კამპანია „გლობალური ფულის კვირეული“ საქართველოში, ეროვნული ბანკის ინიციატივით, უკვე მეათედ ჩატარდა. მსოფლიოში კი, კვირეული 2012 წლიდან 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი მთავარი მიზანი, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

თიბისი, ყოველწლიურად, აქტიურადაა ჩართული კვირეულში და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს ატარებს, როგორც სოციალური ქსელებში ასევე, ფიზიკურ გარემოში.   გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მასთან არსებულ, ფინანსური განათლების პლატფორმა – ფინედუსთან ერთად, თიბისი მონაწილეობს მოსწავლეთა და მასწავლებლების სხვადასხვა შემეცნებით-საინფორმაციო კამპანიებში.

(R)

 

 

რომ არა მშვიდობა, ეს შედეგიც არ იქნებოდა -კახა კალაძე

ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ, რომელმაც იცის გამარჯვების გემო. რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა კიდევ გაიზარდოს, კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთი აჩვენოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ იყო უბრალოდ ერთი თამაშის მოგება, არამედ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

„შეიძლება საბერძნეთს რომ მოეგო, მათთვის ყოფილიყო ერთი რიგითი თამაშის მოგება, რადგან ისინი ევროპის ჩემპიონატზე ბევრჯერ გასულან, ბევრჯერ უთამაშიათ, მაგრამ ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გუშინდელი გამარჯვება ხვალინდელი საქართველოსთვის იყო უმნიშვნელოვანესი. ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ, რომელმაც იცის გამარჯვების გემო. რომელმაც იცის წარმატების გემო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, უამრავი პრობლემა გვქონდა, დაწყებული 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დღესაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყანა, მშვიდობა შევინარჩუნოთ. რომ არა მშვიდობა, რომ არა სიმშვიდე, ეს შედეგიც არ იქნებოდა. ამიტომ იმასაც მნიშვნელობა აქვს ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებს, როგორი დამოკიდებულება აქვს სპორტის მიმართ, როგორი მიდგომები აქვს ქართული ფეხბურთის მიმართ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს შედეგს. რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა კიდევ გაიზარდოს, კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთი აჩვენოს. ეს ჩვენ, ქართველებს გენში გვაქვს, სპორტი, ფეხბურთის თამაში. ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ. უბრალოდ კიდევ უფრო მეტად უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავის, უნიჭიერესები ვართ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენისთვის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს.

„მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის დეკემბერში დაასრულა. მოცემულ ეტაპზე, მოწვეული ევროპელი ექსპერტები კომპლექსურ საპროექტო საველე კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ, რის საფუძველზეც შემუშავდება ხიდის აღდგენის პროექტი.

ამასთან, ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პარალელურად კი, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს” – მარიამ ქვრივიშვილი

28 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს მოემსახურება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტები, პირველ რიგში, რჩებოდნენ იმერეთში, ეცნობოდნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს და თავისი წვლილი შეჰქონდეთ რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს აეროპორტსა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირ კავშირს და ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ეს სიახლე, თანმდევი მარკეტინგული კამპანიის კვალდაკვალ, რომელიც უკვე ხორციელდება იმერეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზების კუთხით, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როლს იმერეთის რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებაში.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის აეროპორტებს შორისაც. მას ძალიან დიდი როლი აქვს როგორც იმერეთის, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, ისევე როგორც ავიაციის ინდუსტრიის გაძლიერებაში. სასიხარულოა, რომ ყველაზე მეტი მიმოსვლა ევროპისკენ, 28 მიმართულებით, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. ამ აეროპორტიდან ასევე სრულდება რეისები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის სამი ახალი ავტობუსი შეისყიდა. ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

“რუსულმა სპეცსამსახურებმა სულ მცირე 15 თებერვლიდან იცოდნენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტი მზადდებოდა” – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

რუსულმა სპეცსამსახურებმა წინასწარ იცოდნენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტი მზადდებოდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„სულ მცირე 15 თებერვლიდან რუსეთმა იცოდა, რომ ტერაქტი მზადდებოდა. მეტიც, ეს ინფორმაცია სირიაში დისლოცირებული დაჯგუფების დაზვერვიდან მიიღეს. ახლა ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, თითქოს ეს ყველაფერი არსაიდან მოვიდა“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, კრემლში იცოდნენ, საიდან და რომელი ორი ქვეყნის გავლით შევიდოდნენ რუსეთში ტერორისტები.

„რატომ არ აღკვეთეს მათ ეს ტერაქტი, ამის რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიაა – იქ მიღებულია „კოშკების ბრძოლა“ და ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან მოიხსნება. მეორე ვარიანტია, რომ მათ რეალურად სათანადოდ ვერ შეაფასეს მასშტაბები. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო ლოკალური იქნებოდა და მომხდარში უკრაინას დაადანაშაულებდნენ“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.