Home Blog

პარლამენტთან აქცია დასრულდა დასრულდა – პროტესტი პარლამენტთან დილიდან განახლდება

x

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულებულია. ტერიტორია დატოვა საპოლიციო ძალებმაც.

რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურმა მუშაობა დაიწყო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი  12:00 საათიდან განახლდება.

საკანონმდებლო ორგანოში 16 აპრილს 11:45 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ხოლო 12:00 საათიდან პლენარული სხდომა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვა მთელი დღის განმავლობაში, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარეს პროტესტი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

პარლამენტის სასახლეში 16 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტში განმარტავენ, 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.

„„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის, კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“,  – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.

მას შემდეგ, რაც „შაპიტოს“ ცირკი ვერ შედგა ქუჩაში, პარლამენტში სცადეს აურზაურის მოწყობა – ზურაბ ქადაგიძე

გაგიკვირდათ? მე არა, რადგან სწორედ ეგ ალეკო ელისაშვილი იყო, რომ წლების წინ ტელეკომპანია „კავკასიასთან” პროვოკაცია მოუწყო რამდენიმე ახალგაზრდას და სააკაშვილის ზონდერებს ჯერ აცემინა ახალგაზრდები და შემდეგ წლობით გამოაკეტინა ციხეში, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს.

ქადაგიძის თქმით, მას შემდეგ, რაც „შაპიტოს” ცირკი ვერ შედგა ქუჩაში, პარლამენტში სცადეს აურზაურის მოწყობა, რისი უფლებაც უმრავლესობამ არ მისცა, თუმცა ელისაშვილმა საკუთარ თავზე აიღო მთელი ნაგავი და როგორც უკანასკნელი დონის ნაძირალა ისე მოიქცა.

„მას შემდეგ, რაც „შაპიტოს” ცირკი ვერ შედგა ქუჩაში, პარლამენტში სცადეს აურზაურის მოწყობა.

საკანონმდებლო ორგანოში კი უმრავლესობამ არ მისცა, სასურველი სპექტაკლის დადგმის უფლება.

ჰოდა, ელისაშვილმაც საკუთარ თავზე აიღო მთელი ნაგავი და როგორც უკანასკნელი დონის ნაძირალა, ისე მოიქცა… გაგიკვირდათ? მე არა, რადგან სწორედ ეგ ალეკო ელისაშვილი იყო, რომ წლების წინ ტელეკომპანია კავკასიასთან პროვოკაცია მოუწყო რამდენიმე ახალგაზრდას და სააკაშვილის ზონდერებს ჯერ აცემინა ახალგაზრდები და შემდეგ წლობით გამოაკეტინა ციხეში. მოკლედ, კინტოც არ არის ეს ნაკაცარი, ჩვეულებრივი უსამშობლო მიკირტუმაა!” – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას – მეთიუ მილერი სანქცირებულ მოსამართლეებზე

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას, – ამის შესახებ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა გახდა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე შტატების გადაწყვეტილების საფუძველი.

 

„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე,

[დაწესდა] ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მუშაობის განწყობა არ გაქვთ, მაგრამ გადაუდებელი სამუშაო ამის საშუალებას არ გაძლევთ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ამ დღეს სტრესის მოხსნაში ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაც კი ვერ დაგეხმარებათ.

კურო

სახლსა და ოჯახის წევრებზე ბევრს ფიქრობთ და ნერვიულობთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ. სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან შეიძლება უსიამოვნო სიახლე მიიღოთ. მეგობრებთან შეხვედრა ან გასართობ დაწესებულებაში ვიზიტი სტრესის მოხსნასა და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა აქტიური ურთიერთობების, შეხვედრებისა და სოციალური ცხოვრებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კონფლიქტების ასაცილებლად ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან უფრო თავშეკავებული და ყურადღებიანი იყავით. გაფრთხილდით – შეიძლება ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს.

კირჩხიბი

უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და აქტივობები შეამცირეთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს გაუზიარებთ.

ლომი

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ საქმიან პარტნიორებთან თუ პირად ცხოვრებაში ბევრი კამათი გელით. ნუ ეცდებით ადამიანებზე ზეწოლას და საპასუხო აგრესიას არ მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ უსაფუძვლო ეჭვიანობა თქვენს ურთიერთობას დააზიანებს. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალური პრობლემები დაინახოთ.

ქალწული

გინდათ თუ არა, მოგიწევთ, რომ საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. არახელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და მიმდინარე საქმეებშიც დაბრკოლებები გელით. დამშვიდდით, წარუმატებლობის პერიოდი ხანმოკლე იქნება.

სასწორი

მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. ეს დღე შესაფერისია მიმდინარე საქმეების დასრულებისა და დასვენებისთვის. ახალ დავალებას ნუ დათანხმდებით, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს არ შეაფასებთ – ეს ამოცანა შეიძლება თქვენთვის რთული აღმოჩნდეს.

მორიელი

სამსახურში ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ ყველაფრის სწრაფად და მარტივად დასრულება არ გამოდის. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სასარგებლო იქნება – ღირებულ რჩევას ან ავტორიტეტულ აზრს მოისმენთ, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ. მოერიდეთ უთანხმოებას განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებთან.

მშვილდოსანი

ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეცადეთ, ყოველი გადაწყვეტილება მშვიდად და აუღელვებლად მიიღოთ. ნუ იქნებით ეგოისტი, ეცადეთ საყვარელი ადამიანის გრძნობებიც გაითვალისწინოთ.

თხის რქა

გირჩევთ, სახლში დაგეგმილ ცვლილებებზე და ფინანსური საკითხები მოგვარებაზე ჯერჯერობით უარი თქვათ. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა გსურთ, დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. საყვარელ ადამიანს გული გადაუშალეთ და საკუთარი ემოციების შესახებ გულწრფელად ესაუბრეთ.

მერწყული

ამ დღეს სასურველის მისაღებად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. შეიძლება რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოვიდეს და ვინმესთან კამათიც კი მოგიწიოთ, მაგრამ ეს დროებითი სირთულეებია. ფრთხილად იყავით მგზავრობის და მანქანის მართვის დროს. თუ გრძნობთ, რომ საქმიან პარტნიორთან ურთიერთობა იძაბება, სასწრაფოდ კომპრომისული გადაწყვეტილება უნდა იპოვოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა მიმდინარე საქმეების მოსაგვარებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში გადატვირთვას მოერიდოთ და ხშირად დაისვენოთ. კოლეგებთან სასიამოვნო ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების პრობლემებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

 

“ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიას”-აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზიანს მიაყენებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, ხელს შეუშლის, მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე, თუკი მისი კანონის სახით მიღება მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერმა მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„სანქციები დაწესდა, რათა ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე, ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

შსს-მ აქციაზე 14 პირი დააკავა

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით 14 პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რამდენიმე საათია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებული.

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს მათი კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 14 პირი დააკავა“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარლამენთან “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათზე განახლდა. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პარლამენტისთვის მსვლელობით წრის შემორტყმას, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცვალებმა არ მისცეს. ადგილზე განლაგებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე კვლავ რჩება მომიტინგეთა ნაწილი.

შეგახსენებთ, “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავდა. კომიტეტმა პროტესტის, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს

პარლამენტთან, სადაც “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

დაშავებულ სამართალდამცველს დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს.

მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ  პარლამენტთან დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

 

ჩვენ გვინდა, გვნახონ, რომ საქართველო რუსეთში არ მიდის, ჩვენი გზით მივდივართ და ქართული პოლიციაც ვერ იქნება შეფერხება -ნიკა გვარამია

შეტრიალებული სიტუაცია გვაქვს, საბჭოთა საქართველოს პოლიცია იყო ხალხისკენ, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიცია, სამწუხაროდ, ასე არ იქცევა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამია პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, საქართველო არ მიდის რუსეთში, საითკენაც მიჰყავთ და ქართული პოლიციაც ვერ იქნება შეფერხება.

„მე არ ვიცი, გადაადგილების თავისუფლება რატომ არის შეზღუდული და რას გვეუბნება ეს ყველაფერი. მათ შეუძლიათ, იდგნენ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე და იქ არ შეუშვან არავინ. აქედან გასვლა, ქუჩის მიმართულებით სიარული, ეს ყველაფერი ყოველთვის ასე ხდება იმიტომ, რომ ადამიანები დაიჭირონ და ახლოსაც არ ჩაატარონ იმ მასხარებთან. ჩვენი მიზანია, გვნახონ, რამდენი ვართ, ვინ ვართ და რა გვინდა, საით მივდივართ. ესენი მიდიან სულ სხვაგან. ამათი ადგილი არის რუსეთში და საქართველოც იქ მიჰყავთ. ჩვენ გვინდა, გვნახონ, რომ საქართველო იქ არ მიდის, მათთან ერთად არ მიდის და ჩვენი გზით მივდივართ. ამ გზით ვივლით ყოველთვის და ქართული პოლიციაც ვერ იქნება შეფერხება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პარლამენტთან აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ამ დროისთვის არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი -სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თვალს ადევნებს შეკრების მიმდინარეობას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს და მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება! -სალომე ზურაბიშვილი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“, – წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.

თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, არ იქნება რეაქცია პოლიციისგან -მამუკა მდინარაძე

x

დღეს დაგეგმილ პროვოკაციებს კონკრეტული აქტორები ჰყავს, ამას ვიღაცები დირიჟორობენ, რუსთაველზე გულწრფელი ადამიანებიც იქნებიან, ვინც დააჯერეს, შეიძლება, ეს ძალიან ბევრი არ იყოს, მაგრამ დააჯერეს ადამიანები, მათი გარკვეული ნაწილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა სამშობლოს იცავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კომიტეტის სხდომაზე ვერავინ თქვა არგუმენტი, რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული.

„ამ დროს, ერთი სიტყვა ვერ თქვა ვერავინ, რატომ არის კანონი რუსული, რატომ არის კანონი არაქართული, ან რატომ შეიძლება იყოს ანტიქართული. ერთადერთი, რასაც ემსახურება, ეს არის გამჭვირვალობა და ეს ემსახურება პრევენციას, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის, პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბების პრევენცია მოხდეს. სხვა მიზანი არ აქვს. თვითმიზანი არ არის მარტო გამჭვირვალობა, გამჭვირვალობას ბევრი მიზანი აქვს. მე მკითხეს, რატომ აიტკიეთ აუტკივარი თავიო, იმიტომ რომ უფრო დიდი თავისტკივილი უნდა მომხდარიყო ამ ქვეყანაში ოქტომბერში. ამის შესახებ ცალკე ინფორმაციები იყო, ცალკე გაუმჭვირვალობა. ამიტომ იყო, ჩვენ შარშან ვამბობდით, რომ აღარ დავაბრუნებდით და წელს დავაბრუნეთ, რადგან მათი მხრიდან პირობა არ შესრულდა, გამჭვირვალობა გახდა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გამორიცხულია შარშანდელი პროცესების განმეორება.

„თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან. ამაში მე ვარ ღრმად დარწმუნებული. თუ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, პოლიცია გასცემს ამას პასუხს, კანონის ფარგლებში. ნახეთ, ცოტნე კობერიძის განცხადება, გადაგივლითო, ეს არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატირის მიმართვა პოლიციის მიმართ. ასევე, ჩემმა კოლეგამ გაახმოვანა ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ზივზივაძე, რომელიც აორგანიზებს ახლა ძალადობას. თუ ასეთი იქნება, ამ შემთხვევაში, მოუწევს პოლიციას რეაგირება. სხვა შემთხვევაში, პოლიცია თავისით არ მოახდენს რეაგირებას, რაც არ იქნება, იმაზე რეაგირებას ვერ მოახდენს“, – განაცხადა მდინარაძემ.