Home Blog

პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ე.წ. ქოლ-ცენტრი ჩამოაყალიბეს და მისი ფუნქციონირებისთვის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გამოგონილი სახელებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ნდობის მოპოვების შემდეგ, დაზარალებულებს მოგების მიღების მიზნით ფულადი თანხების ინვესტირებას სთავაზობდნენ, რასაც შემდგომ თაღლითურად ეუფლებოდნენ.

მათ შორის, ბრალდებულები ავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ, კერძოდ დაზარალებულმა კრისტოფერ ფლამინმა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მითითებით მათ ჩაურიცხა 33 600 ავსტრალიური დოლარი, 37 959 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ბიტკოინი და 96 179 ავსტრალიური დოლარის ღირებულების ეთერეუმი.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვა დაზარალებულების იდენტიფიცირებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის სრული მოცულობის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

“მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმერ პუტინისთვის სრული კრახია” – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმა ვლადიმერ პუტინისთვის სრული კრახია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

„სახელმწიფომ, რომელიც ხარჯავს უზარმაზარ რესურსებს უსაფრთხოების ძალებზე და სადაზვერვო სამსახურების დაფინანსებაზე, საბოლოოდ სათანადოდაც ვერ უპასუხა საჯარო შეტყობინებებზე. პუტინის კლასიკური ამომრჩეველის და თუნდაც მისი მხარდამჭერის თვალსაზრისით, რომელიც შესაძლოა მხარს უჭერდა მას „ძლიერი ხელის“ გამო, იმის გამო რომ მას ქვეყანაში წესრიგის აღდგენა შეუძლია, ეს სრული კრახია“, – აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა საკუთარ გარემოცვას აჩვენა, რომ არ აკონტროლებს სიტუაციას რუსეთის ფედერაციაში.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ რუსეთში განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ, შეიძლება, ქვეყანაში მოქალაქეთა უფლებების ბოლო ნარჩენების მოშლა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალების გადანაწილება გამოიწვიოს.

ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშიმ გადადგომის შესახებ განაცხადა.

ხუთშაბათს, 28 მარტს კარინში შეხვდა პრემიერ-მინისტრს ევიკა სილინას, რათა განეხილა სიტუაცია ჩარტერული ფრენების გამოყენებასთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტებისთვის, როდესაც ის წინა მთავრობას ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის შემდეგ კარინშიმ მედიასთან მცირე განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ მან სილინას გადადგომის შესახებ აცნობა. მან თქვა, რომ თანამდებობას 10 აპრილს დატოვებს, როცა სეიმი მის გადაყენებას გადაწყვეტს.

კარინში, შესაძლოა, სეიმის წევრმა ზანდა კალნინია-ლუკაშევიცამ, შეცვალოს რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საგარეო საქმეთა სფეროში და მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში საპარლამენტო მდივანი იყო.

23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო.

საუბარია კრიშიან კარინშის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩარტერული რეისების ოფიციალურ ვიზიტებში გამოყენებაზე, რომელიც დაკავშირებულია ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან. გავრცელებული ინფორმაციით, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერული რეისით 36-ჯერ ისარგებლა, რაზეც 1.3 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

ბაკურიანში, ძებნა-შველის ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა, ძებნა-შველის ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

“ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა პროცესზე გამოცხადებაზე უარი თქვა”- პროკურორი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე, – აღნიშნულის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

პროკურორის თქმით, არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისია.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მონაწილეობას, ეს მისი უფლებაა. დაცვის მხარემ მიუთითა 38-ე მუხლზე, რაც განსაზღვრავს ამ შემთხვევაში, ბრალდებულის უფლებებს. მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროცესში. ამ შემთხვევაში, ბრალდებულს ამის სურვილი გააჩნდა, თუმცა ვინაიდან მას არც ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც რაიმე სხვა გარემოება უშლიდა ხელს პროცესში მონაწილეობა მიეღო და ეს უბრალოდ მისი სურვილი იყო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მოკლე ვადით, რამდენიმე დღით გადაედო პროცესი”, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სურვილი გამოთქვა, პროცესში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა. მოსამართლემ პროცესი 8 აპრილისთვის გადადო და ბრალდებული დისტანციურად არ ჩართო.

გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს, პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6978 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6978 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7084 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9112 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9337 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0225 ლარი შეადგინა.

ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს, არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია-მიხეილ დაუშვილი

საერთოდ, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა ვარიანტში დამარცხდები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით განაჩენი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს დაეყრდნოს.

„ლაზარეს ამბავს რაც შეეხება, ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი, რომ უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება, სიმართლე და მხოლოდ ეს უნდა იყოს განაჩენის საფუძველი, იქნება თუ არ იქნება. საერთოდ, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ვარიანტში დამარცხდები. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ახალგაზრდებთან ვერავინ გაიმარჯვებს. მომავალ თაობასთან და მომავალთან გამარჯვება შეუძლებელია. რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმეს, ამ შემთხვევაში განაჩენი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს დაეყრდნოს. თუ ასეთი უტყუარი მტკიცებულებები არ და ვერ იქნება მაშინ ვერც განაჩენი იქნება”, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო.

სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

“ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია” – ისრაელის პრეზიდენტი

ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა.

„როდესაც აქ მას თითქმის ორი წლის წინ ვუმასპინძლეთ, მე ისრაელის ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ მისი სიყვარული და ემოცია დავინახე. ცრემლი მოადგა, როდესაც აქ ამდენი მშვენიერი მომენტი ნახა. ის ნამდვილი მეგობარია და ამის გამო დიდ პატივს ვცემ“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ისრაელის პრეზიდენტმა ამერიკელი „დემოკრატი“ კონგრესმენების დელეგაციას უმასპინძლა.

„ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს. აშშ-ს ისრაელზე დიდი მეგობარი არ ჰყავს და ისრაელს აშშ-ზე დიდი მეგობარი არ ჰყავს“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

სახალხო დამცველის მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში დარღვევების შემთხვევები გამოავლინა

სახალხო დამცველის მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა.

აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში ცალკეულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე გაეცნენ.

„სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოწვეულ ექსპერტთან და ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი 9 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება შეამოწმეს, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, შეისწავლეს უფლებამოსილი უწყებებიდან გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია.

მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა.

პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ანგარიში უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული პირებისათვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ქალაქის და ქვეყნის ინტერესები ბიძინა ივანიშვილის „კლანის“ კორუფციამ შეჭამა -ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტარის დავით სონღულაშვილის ძმის კომპანიას, სხვადასხვა პროცედურული მანიპულაციებით ექვსი მილიონი ლარი აჩუქეს.

როგორც მან აღნიშნა, ეს თანხა თბილისელების ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მოგვარებას მოაკლდება.

„ფაქტია, ამ ქალაქის და ქვეყნის ინტერესები ბიძინა ივანიშვილის „კლანის“ კორუფციამ შეჭამა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკა მუშაობს არა ხალხზე, არამედ ერთეულებზე, მხედველობაში სწორედაც ასეთი ფაქტები გვაქვს. ფაქტია, „ქართული ოცნების“ პარლამენტარის ძმის კომპანიას ქალაქის ბიუჯეტის სასარგებლოდ ცხრა მილიონი ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა სხვადასხვა პროცედურული აფერისტობით ისე გააკეთეს, რომ ახლა ცხრა მილიონის ნაცვლად, სამ მილიონ ლარს გადაიხდის და ეს ექვსი მილიონი ლარი მოაკლდება თბილისელებს, მოაკლდება იმ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მოგვარებას, რომლებიც საკმაოდ მრავლად არის ამ ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

პროპაგანდას პროპაგანდით უნდა ებრძოლო, მაგრამ როცა აბსოლუტურად მიუღებელი ღირებულებები კანონდება, იმას უკვე კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირო -სოზარ სუბარი

„15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რაღაც ბრძანება გამოიცემოდა, რომელიც აკრძალავდა იმას, რომ დედას „დედა” უწოდონ და მამას – „მამა”, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ როცა მიუღებელ ღირებულებებს სხვა ძალა კანონმდებლობით აკანონებს, მას პასუხად კანონივე უნდა დაუპირისპირო.

„მართალია, ეს აკრძალვა ჯერ მხოლოდ მათ თანამშრომლებზე მოქმედებს, მაგრამ კარგად ვიცით ის, რომ როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რაღაც რეგულაციას იღებს, ის ძალიან მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდება.

რა თქმა უნდა, პროპაგანდას პროპაგანდით უნდა ებრძოლო, მაგრამ როცა კანონმდებლობის დონეზე კანონდება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ღირებულებები, იმას უკვე კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირო”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა” – რომან გოცირიძე

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „კატასტროფული დემოგრაფიის“ მთავარი მიზეზი ემიგრაციაა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და ვითარება არ შეიცვალა, ქვეყანა დაიცლება და ერი გადაშენების გზას დაადგება.

„შექმნილი ვითარება შეიძლება, გაუზვიადებლად, დავახასიათოთ როგორც კატასტროფა, ვინაიდან, ბოლო 10 წელიწადია, ბუნებრივი მატების მაჩვენებლი იკლებს. თუ 2014 წელს დაბადებულთა რიცხვი გარდაცვლილთა რიცხვთან შედარებით 11 ათასით მეტი იყო, შემდეგ წლების განმავლობაში ნულამდე დავიდა და ბოლო 4 წელიწადია უარყოფითი რიცხვია. ანუ ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ბუნებრივი მატება იყოს, კლებაა — გარდაცვლილთა რიცხვი მეტია დაბადებულებთან შედარებით. რისი ბრალია ეს – თუ გამოვრიცხავთ 2021 წელს, როდესაც პანდემია იყო მთავარი ფაქტორი, დანარჩენი, წლების განმავლობაში მიზეზი არის ემიგრაცია – უმუშევრობა, სიღატაკე, გაჭირვება, ფასების ზრდა იწვევს ქვეყნის დაცლას. 2022-ში ჩვენი 101 ათასი მოქალაქე გავიდა, 2023 წლის სტატისტიკა არ გვაქვს და ალბათ კიდევ ერთი ამდენი იქნებოდა. მიდიან ახალგაზრდები ბრუნდებიან საპენსიო ასაკს მიახლოებული ან გადაცილებული მოქალაქეები. 2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით 800 ათასი მოქალაქე დარჩა უცხოეთში როგორც ემიგრანტი. დაბრუნდა 500 ათასამდე და დაახლოებით 300 ათასი მოქალაქე დავკარგეთ, რაც არის ბათუმი, გორი და ზუგდიდი ერთად აღებული. აორთქლდა ეს სამი ქალაქი. ესენი ძირითადად არიან ახალგაზრდები- სამუშაო და რეპროდუქციული ძალის ნაწილი. ამიტომ, ამ კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი არის ემიგრაცია. თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და არ შეიცვალა ეს ვითარება და მთავრობა, ქვეყანა დაიცლება და დავადგებით გადაშენების გზას, რომელიც დეპოპულაციის სახელით არის ხოლმე მოხსენიებული ოფიციალურად. სინამდვილეში, ამას ერის გადაშენება ჰქვია”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, “საქსტატის” მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, 40 214 ბავშვი კი დაიბადა.

ამდენად, გასულ წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.