Home Blog

“მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან – ეს საპირისპიროა” – შარლ მიშელი

კანდიდატი ქვეყანა თუ ხმას აძლევს კანონპროექტებს, რომლებიც ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა ექნება გაწევრიანების პროცესზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Euronews-თან საუბარში განაცხადა.

„მინდა ნათლად ვთქვა: კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში – ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ეს საპირისპიროა.

იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა მიშელმა.

იმაზე საუბრისას, გაიყინება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ სადავო კანონპროექტის შედეგად, მიშელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, „გავლენა ექნებათ იმაზე თუ როგორ აფასებს ბრიუსელი ასპირანტი ქვეყნის შანსებს“.

„გაფართოების პროცესი დამსახურებებზე დამყარებული პროცესია და აზრი კანდიდატი ქვეყნებისთვის – მათთვისაც, ვისაც ევროკავშირში შესვლა სურს – ის არის, რომ ისინი პატივს სცემენ საერთო ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.

თუ ხმას აძლევენ კანონპროექტებს, რომლებიც ამ პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა აქვს პროცესზე”. – განაცხადა მიშელმა.

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან სტუდენტები არიან შეკრებილები. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ წევრის ზვიად ცეცხლაძის განცხადებით, მათი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი და კიდევ უფრო გაღრმავდეს მათი ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ცუდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

„გამოსულები ვართ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი. გაიზარდოს ცნობიერება, თუ რატომ არის ეს კანონი მათთვის საშიში და რატომ უქმნის ეს კანონი მათ მომავალს საფრთხეს. ახალგაზრდებს კარგად ეს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ მათი ცნობიერება”,- განაცხადა მან.

აქციის ორგანიზატორებს დღევანდელი აქციის გეგმებზე განცხადება ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.

“მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება”

მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდგომ განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მისი გამოკითხვა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც აბსოლუტურად სტანდარტული, სრულიად ფორმალური პროცედურა გაიარა.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებაში დეტალურად გაარჩიეს ის კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცველები მასზე. მიუხედავად ამისა, დეპუტატის თქმით, 17 აპრილის აქციაზე მასსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირების ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.

„გამოკითხვა იყო, მაგრამ ჩვენება მივეცი პრინციპში. მათ ისედაც ჰქონდათ ის ექსკლუზიური კადრები. ძალიან სტანდარტული პროცედურა იყო. ძალიან გულმოდგინედ და აშკარად კვალიფიციური გამომძიებელი იყო, გოგონა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე მასთან პრეტენზია არ მექნება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მის დონეზე არ გადაწყდება. მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა, რეალურად და „ძაღლობის” წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება. შესაბამისად, აქ მოვედი აბსოლუტურად ფორმალურად. მიუხედავად ჩვენი რუსული ხელისუფლებისა, აქ მოვედი იმისთვის, რომ ჩემ საქართველოს ვცემ პატივს. კადრების გარჩევა იყო მაქსიმალურად, ეს კადრები გამომძიებელს ჰქონდა და არაერთხელ ჰქონდა ნანახი. კი, ამ კადრებზე დეტალურად ვისაუბრეთ. ზემოთ ეცდებიან ჩაფარცხონ ეს საქმე.(კადრებში) სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც დაგდებულს მირტყამენ, მათ შორის პატრულის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ის ადამიანი, რომელსაც მიზანმიმართულად მივყავარ და დროშის სადგარ, ბოძს პირდაპირ სახით მანარცხებს. პირდაპირ ჩანან და მათი დაკითხვის გარეშე ანუ ისე უღმერთოდ ვერ ჩაფარცხავენ, რომ ისინი არ დაიბარონ. მაშინ მათი გამოძიება აბსოლუტურად სასაცილო იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დეპუტატის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია დეპუტატის მიმართ არსებულ ძალადობაზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს. ადვოკატის თქმით, გამოძიების წარმატებით წარმართვის შემთხვევაში ელოდებიან, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება, ყველა იმ სამართალდამცველის მიმართ, რომლებმაც ელისაშვილზე ფიზიკურად იძალადეს.

 

 

„ქართული ოცნება” უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ” – ოპოზიციური პარტიები

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და ვდებთ პირობას, რომ ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მშვიდობიანი შეკრება – მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან, რომლებიც უკანონოდ შეზღუდავენ თქვენს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი ავრცელებს.

როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნება” უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან და წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარა პროვოკაციას, რაც იწვევს ადამიანების ბუნებრივ, გულწრფელ და მშვიდობიან პროტესტს.

მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაცია საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც დაცულია საერთაშორისო კონვენციებით. ამ უფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნება” უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს:

1. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პოლიციელმა უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე. პოლიციელისთვის უკანონო ბრძანების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა, ხოლო პოლიციელი, რომელიც უარს იტყვის აშკარად უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან;

2. მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, მიდევნება, სპეციალური საპოლიციო საშუალებების უკანონო გამოყენება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონო შეზღუდვა წარმოადგენს დანაშაულს, რომლებზეც აუცილებლად დადგება ბრალეული პირების პასუხისმგებლობა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში. ყველა მოძალადე, განურჩევლად რანგისა, პასუხს აგებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და ვდებთ პირობას, რომ ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მშვიდობიანი შეკრება – მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან, რომლებიც უკანონოდ შეზღუდავენ თქვენს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს.

ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას რუსული კანონისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე.

არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:

ახალი

გირჩი მეტი-თავისუფლება

დროა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ლელო საქართველოსთვის

რესპუბლიკური პარტია

სტრატეგია აღმაშენებელი

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ” – მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვაშია ნათქვამი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს“, მზად არის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს.

„რაც შეეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, წინ უნდა წამოვწიოთ ბევრი ახალი სახე და წამოვაყენოთ ახალი იდეები. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ახლაც იზოლირებული ვყავარ და ჩემ მიმართ ახალ რეპრესიებს ამზადებს, მე მზად ვარ, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო და ყველა ხელოვნური დაბრკოლება გადავლახო. ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ. სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს. ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის იმ დელეგატთა შორის პირველი ყოფილიყო, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არ ამცირებს.

სოფოს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ! მათ პროტესტისა და ჩვენი ხელახლა დანაწევრების საშუალება არ უნდა მივცეთ!

ახლა “არა რუსულ კანონს” და “არა რუსულ რეჟიმს” განუყოფელი ლოზუნგებია.

ამის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

“თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია” – ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“

თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია, ჩვენ გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას ომის დაწყება დააბრალეთ. არის თუ არა ეს რუსული საქმე? – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და ხელი მოაწერა ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციას და ვიდრე ეს საკითხები ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოძიებული, “ეს ხალხი კიდევ იკადრებს და სხვას დააბრალებს რუსების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას”.

„ეს არის 2008 წლის 1633 რეზოლუცია აგვისტოს ომის საქმეზე. რეზოლუციის მე-5 პუნქტი, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა და მხარი დაუჭირა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა, მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას – კონფლიქტების გადაწყვეტას მშვიდობის საშუალებით, ხელს უშლიდა.

ამას მოაწერეთ თქვენ ხელი, ჩვენ გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას დააბრალეთ ომის დაწყება. არის თუ არა ეს რუსული საქმე? ამიტომ, ვიდრე ეს საკითხები ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანად და სრულად არ არის გამოძიებული, ეს ხალხი კიდევ იკადრებს და სხვას და ჩვენ დაგვაბრალებენ რუსების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას – ხალხი, რომელიც მტკიცებულებებით პირდაპირ მხილებულია ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაში, მოსკოვში ჩასვლით, რეზოლუციის მხარდაჭერით და იმ განცხადებებით და ქმედებებით რასაც აგრძელებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა – ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს” – მიხეილ სააკაშვილი

ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს – ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია „ოცნებას“ 70/30 პროპორციით დაამარცხებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ.

„ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონული ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.

ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიმპოზიუმი „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“

18   აპრილს  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თანაორგანიზებით  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სიმპოზიუმი „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“, რომლის პირველი სესიის თემა იყო   დიპლომატია მეცნიერებისთვის, ხოლო მეორე სესიის –  მეცნიერება დიპლომატიისთვის და დიასპორის როლი სამეცნიერო დიპლომატიისთვის.

სიმპოზიუმის  გახსნისას  მასპინძელი ორგანიზაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა  დავით გურგენიძემ  აღნიშნა, რომ  სიმპოზიუმის თემატიკა  ზედმიწევნით   ეხმიანება დღეს მიმდინარე რთულ  გლობალურ პროცესებს.  მისი განცხადებით, სამეცნიერო დიპლომატია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველ მეცნიერთა, მძლავრ სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებში მომუშავე მკვლევართა ფუნდამენტურ კონცეფციებსა და ერთობლივ კვლევებს ემყარება, მძლავრი ბერკეტია მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარებისთვის.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა  განაცხადა, რომ  საერთაშორისო სიმპოზიუმის  თემატიკა    ძალზე აქტუალურია  დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე.   სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში,  ჩვენი ქვეყნის მიერ სხვა სახელმწიფოებთან გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებებში  ყოველთვის   ხაზგასმულია განათლების, მეცნიერებისა და დიპლომატიის როლი ამ  მიმართულებით,  მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და დიპლომატიის  მიზნების კვეთის,  ურთიერთთანამშრომლობის  საკითხები.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა,  თეიმურაზ დოჭვირმა აღნიშნა, რომ     მსოფლიოში მიმდინარე  მოვლენების გათვალისწინებით, მეტად  მნიშვნელოვანია სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული დისკუსიისა და დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა სფეროში,  მათ შორს,  მეცნიერებაში.  განსაკუთრებით  დასაფასებელია  კონფლიქტური რეგიონების  საგანმანათლებლო- კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენელი მეცნიერების აქტიური ჩართულობა ასეთ ღონისძიებებში, რომელთა მიზანი    ქვეყნებს შორის  მშვიდობიანი,  მეგობრული და  თანასწორუფლებიანი ურთიერთობების გაღრმავებაა.  დღეს მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობა, რომლის გარეშეც  შეუძლებელია  კაცობრიობის  განვითარება.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის  წარმომადგენლები,  მეცნიერები მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან-  ისრაელის ტექნიონის უნივერსიტეტის პროფესორი იუვალ გარინი, უკრაინის ლვოვის პოლიტექნიკური უნიევრსიტეტის ასოცირებული პროფესორი სერგეი ბერეჟკო, ასევე,  მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი ეუჟენიუ ვიზირი, გაეროს უნივერსიტეტის შედარებითი რეგიონალური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტის (UNU-CRIS)  წარმომადგენელი   ერიკ პიაჟე და სხვები.

საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტერის ასოცირებულმა პროფესორმა,     ნუნუ მიცკევიჩმა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორმა,  მანანა თანდაშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა,  კახებერ კვაშილავამ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების,  ასევე,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოში აკრედიტებული  დიპლომატიური  კორპუსის  წარმომადგენლები.

სამეცნიერო დიპლომატიის სიმპოზიუმის მიზანი  მეცნიერების, დიპლომატიის, პოლიტიკის, აკადემიური  სფეროების გაერთიანებაა თანამშრომლობისა და ერთიანი ქსელის შექმნის ხელშეწყობისთვის გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად,  საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდასაჭერად.

“არცერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკურ ბრძოლაში წაჰყვება” – გია ვოლსკი

შეიძლება, პოლიციის მხრიდან არის რაღაც გადაცდომები, რომელსაც სამინისტრო გააანალიზებს, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანებს შორის არ იცვლება. მეორე წუთში ის პოლიციელი, რომელიც იქ იმყოფება, სიცოცხლეს დათმობს ნებისმიერი ახალგაზრდისათვის. ეს არ არის ლიტონი სიტყვა. ის პოლიციელებიც ჩვენი შვილები არიან და როცა საჭირო იქნება, ჩვენი სიცოცხლის დასაცავად დადგებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას მოუსმინეს.

მისი თქმით, შედეგით უნდა ვიმსჯელოთ, ვინ არის პრორუსული ძალა.

„რა შედეგს ვხედავთ? სიყალბეს, პირფერობას, ვითომ პროდასავლურობას და უნდათ, რომ ახალგაზრდების ზურგზე შემომჯდარი შემოვიდნენ სახელისუფლო სისტემაში. არცერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკიმ გამოსვლაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს საქართველოა, რომელსაც თავისი ღირსება, თავისი პოზიცია და წონა უნდა გააჩნდეს საერთაშორისო ასპარეზზე. ასე რომ, მართლაც, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, მშვიდობა საქართველოს. სწორედ ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც ჩვენი ერის, ახალგაზრდების და თითოეული ჩვენგანისთვის აჯობებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

“თქვენი სახით აქ არ დგას შს მინისტრი, აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერგამოსული რუსი ოლიგარქის პირადი მცველი” – თინა ბოკუჩავა გომელაურს

ბატონო ვახტანგ, დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით არ დგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერგამოსული რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც მზად არის, „რუსული კანონის“ დასაცავად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ „ომონს“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, მარადიულია ამ ქვეყნის სწრაფვა ევროპისკენ, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

„ბატონო ვახტანგ, დღეს, საქართველოს პარლამენტში მოწვეული ხართ ინტერპელაციის წესით და ჩვენ დღეს უნდა გვესაუბრა ფემიციდის უმძიმეს პრობლემაზე, რომელიც მართლა ძალიან საგანგაშოა, მაგრამ დღეს არ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზე და არ შევეხოთ „რუსული კანონის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლის მიღებითაც ცდილობთ სწორედ ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სწორედ ის სამოქალაქო ორგანიზაციები შეზღუდოთ, რომლებიც ამ ქვეყანაში ქალთა უფლებების დასაცავად იბრძვიან, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და იბრძვიან ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ შემცირდეს ქალთა მიმართ ძალადობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფო, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირ შემთხვევაში სრულიად უმოქმედოა და მაშინ, როდესაც, მათ შორის პარლამენტის სპიკერი პაპუაშვილი, რომელიც თავად არ ერიდება ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, ისევე, როგორც გენდერული საბჭო წილოსანის თავმჯდომარეობით, რომელიც არასოდეს არ აკეთებს შესაბამის განცხადებებს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. პარლამენტი, რომელიც დუმს და რომელიც სრულიად უმოქმედოა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში აუცილებელია, რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ იმ მოვლენებზე, რაც საზოგადოებამ იხილა „რუსული კანონის“ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იმიტომ, რომ დიახ, ეს მათ შორის, ქალთა უფლებებს ეხება.

ბატონო ვახტანგ, დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით არ დგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერ გამოსული რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც მზად არის, „რუსული კანონის“ დასაცავად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ „ომონს“. დიახ, ეს ადამიანი დგას დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე.

ივანიშვილის პარტიის დეპუტაციას დღეს აქ ძალიან მოგხვდათ გულზე, როდესაც შეგახსენეთ, რამ გამოიწვია პირველი ძალადობა ახალგაზრდების წინააღმდეგ 16 აპრილის ღამეს. პლენარული სხდომის დასრულებისას, თქვენი მალულად და მოღალატეობრივად პარლამენტის შენობიდან გაპარების აუცილებლობამ. აი, ამან გამოიწვია პირველი ძალადობა ახალგაზრდების წინააღმდეგ. ჩემი შეფასება არ მოგწონთ? ბატონებო და ქალბატონებო ივანიშვილის პარტიიდან, მაშინ წაგიკითხავთ ერთ-ერთი სპორტული და სრულიად აპოლიტიკური კომენტატორის შეფასებას, რომელიც წერს: „83 მონა მივიდა პარლამენტში. არაფერია ამ ცხოვრებაში მუდმივი არც თანამდებობა, არც პარლამენტში ყოფნა მითუმეტეს, ბატონებს სჩვევიათ მონების მარტივად მოშორება. გავა დრო და უსახო მონები რამენაირად გაძვრებიან სადმე, მაგრამ სახიან და სახელიან მონებს ძალიან გაგიჭირდებათ საზოგადოების აქეთ ჩვეულებრივ, უძალაუფლებო ნაწილში ცხოვრება“. ეს არის სრულიად აპოლიტიკური სპორტული კომენტატორის შეფასება თქვენს შესახებ.

მე კი მინდა იცოდეთ თითოეულმა თქვენგანმა, 83-ვე ივანიშვილის პარტიის წევრმა, ვინც ხმა მისცა „რუსულ კანონს“, თქვენც ბატონო ვახტანგ, როგორც ივანიშვილის მსახური და რაც მთავარია თავად ბიძინა ივანიშვილმა, რომ თქვენი დროებითი ძალაუფლებისგან განსხვავებით, იმ ადამიანების ძალაუფლება, რომლებიც რუსთაველზე დგანან და რომლებიც იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათი ძალაუფლება, ქართველი ხალხის ძალაუფლება მარადიულია, მარადიულია ამ ქვეყნის სწრაფვა ევროპისკენ, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 აპრილისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6711 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6728 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8453 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8532 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 აპრილს ამოქმედდება.

“მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არაო, აბა მითხარი, აბა მითხარიო, თითებს გვიშვერდნენ, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო”

ისე მეკითხებოდნენ ამ კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო – მე ამ გუნდის წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, სწორია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

დეპუტატებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ კი.

„მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, აბა მითხარი, აბა მითხარიო, თითებს გვიშვერდნენ. მე ვარ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრი და რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვარ ამ გუნდის წევრი და რა თქმა უნდა. ისე მეკითხებოდნენ თითქოს, რამე ჩამჭრელი კითხვა მკითხეს. დიახ, ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია. თუ ვალდებულები ვართ ყველა, სამინისტროები, რაში ვხარჯავთ ფულს, რომ შემოწმდეს, დაადეკლარირონ, რა პრობლემაა. არა ერთხელ აუხსნიათ და ჩემი ახსნა არ სჭირდება მე მგონი, ამ კანონს,“ – განაცხადა გომელაურმა.