Home Blog

როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს.

ქ. თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო,): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დასრულდა

პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დასრულდა. როგორც მათ განაცხადეს, აქციას პარლამენტთან 20 აპრილსაც გამართავენ, კვლავ 19:00 საათზე. ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„განვაგრძობთ ბრძოლას სტუდენტები. გამოდით ლექტორებო, გამოდით ყველა. ეს ქვეყანა ჩვენია, დასაკარგი არ გვაქვს. საქართველოს გაუმარჯოს, ვისია ეს ქვეყანა? ჩვენია.

არანაირი კოორდინაცია არ ყოფილა, ყველა საკუთარი ინიციატივით, საკუთარი გონებით, საკუთარი სულით და გულით გამოვიდა. არ დავიშლებით, ვიდრე ეს მთავრობა ამ მახინჯ კანონს არ გაიწვევს, იქამდე აქ ვიქნებით“, – აცხადებენ ახალგაზრდები.

ცნობისთვის ახალგაზრდები დღეს, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. მათ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რაც მათივე თქმით, არის პირობა იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხელისუფლება ვერ მიიღებს. გმირთა მოედნის შემდეგ აქცია პარლამენტთან დაასრულეს.

“კატეგორიულად მიუღებელია, ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს შთაბეჭდილებას არგუმენტით ვერ ამყარებდე”

ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

მისივე თქმით, დასაბუთებული აზრის პატივისცემა ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედია.

„სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა, საშემოდგომო ჰყვებოდა.

ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია.

დასაბუთებული აზრის პატივისცემა არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი. არგუმენტების ჭიდილი შობს სიმართლეს და არა იმის უპირობო განცდა, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია შენ გეკუთვნის“, – წერს ბრეგაძე.

“როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს” – კაია კალასი

როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„მივესალმე საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს. შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ფოკუსი ისეთ ნაბიჯებზე უნდა იყოს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, და არა დააშორებს“, – წერს კალასი.

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მიზნის მისაღწევად, საჭიროა, პირად ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ, გამოიყენეთ თქვენი უნარები, ექსპერიმენტები. ახლა, იცხოვრეთ მარტივად და დიდ დროს ნუ დაკარგავთ ფიქრისთვის.

კურო

არის ალბათობა, მიიღოთ საჩუქრები,რაც ძალიან გაგახარებთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და თქვენც გაუკეთეთ სასიამოვნო სიურპრიზები ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

ტყუპები

ნებისმიერ სიტუაციაში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, შესაძლოა, თქვენთვის ახლობელმა ადამიანებმა იმედი გაგიცრუონ და ვერ გაამართლონ თქვენი მოლოდინი. შეეცადეთ, მოაგვაროთ ურთიერთობები და სამუდამოდ არ გაწყვიტოთ ძველი კავშირები.

კირჩხიბი

შანსი გაგიჩნდებათ, გადაჭრათ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დიდი ხანია ნერვიულობდით.

ლომი

შეცვალეთ, ან დაიწყეთ რაიმე ახალი პირად ცხოვრებაში, გადადგით თუნდაც მცირე ნაბიჯები და გახსოვდეთ, რომ პატარა გამარჯვებაც კი დიდ თავდაჯერებულობას და ოპტიმიზმს შეგმატებთ, დიდია ახალი საინტერესო ნაცნობობის ალბათობა.

ქალწული

თუ გამოიჩენთ სიფრთხილესა და მოთმინებას და დინჯად მიჰყვებით საქმეს შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ, აჩქარებით კი, შესაძლოა, უსიამოვნებებს გადაეყაროთ.

სასწორი

დღეს, შესაძლოა ძველმა მეგობრებმა თავი შეგახსენონ, არ არის გამორიცხული, სწორედ მათგან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება.

მორიელი

ეცადეთ, თქვენი მთავარი ენერგია ოჯახზე ზრუნვასა და შინაური საქმეების, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისკენ მიმართოთ და კომფორტული, სასიამოვნო გარემოს შექმნაზე იზრუნოთ.

მშვილდოსანი

დღეს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ინტუიციის გამოყენებით, შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი გაუგებრობა და დაბრკოლება.

თხის რქა

შეინარჩუნეთ საღი აზრი ნებისმიერი სირთულის დროს, ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებზე და ყველაფერს გულთან ნუ მიიტანთ.

მერწყული

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას, შესაძლოა, დღეს გაიცნოთ ადამიანი, ვისი დახმარებით, მომავალში წარმატება მოიპოვოთ თქვენს საქმიანობასა და ბიზნესში.

თევზები

ნუ აჰყვებით ქაოსურ ფიქრებს, შფოთს და შიშებს, მოეშვით ყველა წვრილმანზე კონცენტრირებას. სასიამოვნო სიურპრიზების ალბათობაა.

“გმირთა მოედანზე მოვედით, რათა დავდოთ ფიცი, რომ ამ კანონს ვერ მიიღებენ” – აქციის მონაწილეები

გმირთა მოედანზე მოვედით, რათა დავდოთ ფიცი, რომ ამ კანონს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომლებმაც გმირთა მოედანზე იუსტიციის სახლიდან გადაინაცვლეს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდები ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას!

ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ – წაიკითხეს სტუდენტებმა გმირთა მოედანზე აღნიშნული ფიცი.

ფიცის დადების შემდეგ ახალგაზრდებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი იმღერეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ.

სტუდენტების განცხადებით, იუსტიციის სახლთან პროტესტი არის სიმბოლური, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „იუსტიციის სახლი იქნება ის ორგანო, რომელიც უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად მონიტორინგს ჩაატარებს“.

ამ დროისთვის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

“ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას”

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის სუვერენიტეტსა და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას შორის.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ კანონისთვის ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ომი, ქვეყანა არ გაიყოს დიდ მოთამაშეებს შორის და შედგეს როგორც სახელმწიფო.

სოზარ სუბარის თქმით, ახლა არის იმის შანსი, რომ გადარჩეს ქვეყანა და ამიტომაც, უცხო ქვეყნის აგენტურას არ უნდა მიეცეს ქვეყანაში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა.

„დესტაბილიზაციის თავიდან აცილების პრევენცია არის ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა – კანონი [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] არის ერთი ნაბიჯი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აგური ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის გზაზე და ასე აგურ-აგურ უნდა ავაშენოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას.

ახალგაზრდობას შევახსენებ, რომ საბჭოთა კავშირის თოთხმეტივე რესპუბლიკაში (მეთხუთმეტე რუსეთი იყო, საიდანაც ყველაფერი იმართებოდა), ცეკას პირველი მდივანი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი და მეორე მდივანი იყო პირი, რუსი ეროვნების ადამიანი, რომელიც პირდაპირ ინიშნებოდა მოსკოვიდან (პირველი პირებიც ფორმალურად მოსკოვიდან ინიშნებოდნენ) და ყველა კრიტიკულ სიტუაციაში მისი სიტყვა უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი. დღეს გაცილებით მეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს ზოგიერთი ქვეყნის მოქმედი, თუ ყოფილი ელჩები, ვიდრე ამის უფლებას აძლევდნენ ყოფილი ცეკას მეორე მდივნები. ამას ჩვენ ამ ქვეყანაში არ დავუშვებთ. ჩვენ ახლა გვაქვს შანსი, გადავარჩინოთ ქვეყანა. დღეს სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, ამ კანონისთვის ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ომი, ქვეყანა არ გაიყოს დიდ მოთამაშეებს შორის და შედგეს როგორც სახელმწიფო.

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ეს გლობალური ტურბულენტობა გადაივლის, შეიძლება სხვა სამყარო იყოს, სადაც გაცილებით მშვიდად შეგვეძლება მომავალზე ფიქრი. დღეს ამ აგენტურას არ მივცემთ შესაძლებლობას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი იდგება ქუჩაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და სკანდირებენ: „არა რუსულ რეჟიმს“, „ევროკავშირს გაუმარჯოს“, „საქართველოს გაუმარჯოს“. მათი თქმით, ვიდრე მმართველი პარტია აღნიშნულ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს, პროტესტს არ შეწყვეტენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპირებენ, რომ რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლონ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ წევრის ზვიად ცეცხლაძის განცხადებით, მათი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი და კიდევ უფრო გაღრმავდეს მათი ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ცუდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან – ეს საპირისპიროა” – შარლ მიშელი

კანდიდატი ქვეყანა თუ ხმას აძლევს კანონპროექტებს, რომლებიც ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა ექნება გაწევრიანების პროცესზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Euronews-თან საუბარში განაცხადა.

„მინდა ნათლად ვთქვა: კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში – ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ეს საპირისპიროა.

იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა მიშელმა.

იმაზე საუბრისას, გაიყინება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ სადავო კანონპროექტის შედეგად, მიშელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, „გავლენა ექნებათ იმაზე თუ როგორ აფასებს ბრიუსელი ასპირანტი ქვეყნის შანსებს“.

„გაფართოების პროცესი დამსახურებებზე დამყარებული პროცესია და აზრი კანდიდატი ქვეყნებისთვის – მათთვისაც, ვისაც ევროკავშირში შესვლა სურს – ის არის, რომ ისინი პატივს სცემენ საერთო ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.

თუ ხმას აძლევენ კანონპროექტებს, რომლებიც ამ პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა აქვს პროცესზე”. – განაცხადა მიშელმა.

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან სტუდენტები არიან შეკრებილები. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ წევრის ზვიად ცეცხლაძის განცხადებით, მათი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი და კიდევ უფრო გაღრმავდეს მათი ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ცუდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

„გამოსულები ვართ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი. გაიზარდოს ცნობიერება, თუ რატომ არის ეს კანონი მათთვის საშიში და რატომ უქმნის ეს კანონი მათ მომავალს საფრთხეს. ახალგაზრდებს კარგად ეს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ მათი ცნობიერება”,- განაცხადა მან.

აქციის ორგანიზატორებს დღევანდელი აქციის გეგმებზე განცხადება ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.