Home Blog

“მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით”

მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა ჩემთვის პასუხი დაებრუნებინა, პოლიციელები დამასია ტურებივით. ბოდიშს ვიხდი, ისინი პოლიციელები არ არიან – ვინც მე მირტყამდა, არის “ძაღლობა”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან განუცხადა, სადაც ის მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა.

ელისაშვილმა ისაუბრა 17 აპრილის ღამეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, მასსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას არ აქვს იმედი, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დაპირისპირებას ობიექტურად გამოიძიებს.

“აქ, აბსოლუტური ფორმალობა გველის, იქნება წყალ-წყალა პროცედურა, რომ ვითომ რამეს აკეთებენ, ვითომ ვინმეს დაკავება უნდათ. ამ საქმეზე ვარ მოსული. ამათი გამოძიებული არ გაიშვას, მაგრამ მე მოვედი იმის გამო, რომ პატივს ვცემ ჩემ სახელმწიფოს და ზოგადად კანონმდებლობას. არ ვარ მე კანონმორჩილი, მაგრამ მე ვარ კანონის პატივისმცემელი ადამიანი, ამ ფორმალობასაც დავიცავ, თორემ რამის გამოძიება თუ უნდათ, გადაღებულია კადრები, სადაც ყველაფერი ხელისგულზე დევს და სახეები ჩანს, რომ აქციაზე არანაირი დაკავება არ ხდებოდა. ეს იყო გაჩაღებული ცემა-ტყეპა და სადამსჯელო ოპერაცია. მშიშარა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა ჩემთვის პასუხი დაებრუნებინა, პოლიციელები დამასია ტურებივით. ბოდიშს ვიხდი, ისინი პოლიციელები არ არიან – ვინც მე მირტყამდა, არის “ძაღლობა”. საბჭოთა დროს რომ პოლიციელებს “ძაღლობას” ეძახდნენ, იმათი მენტალური შთამომავლები და იდეის გამგრძელებლები არიან ესენი, თორემ მე პატიოსან, კანონის მორჩილ პოლიციელებს პატივს ვცემ.

კადრები რომ ვნახე, კიდევ უფრო დავიძაბე. მაგდენი თუ მომხვდა, არ მახსოვდა იმიტომ, რომ იქ ისე ვიყავი, ადრენალინია, სტრესია და თურმე, კიდევ უფრო შემზარავი ყოფილა რაც გავიარე, მაგრამ პასუხს ვის მოსთხოვენ? აქ რომ გულმოდგინედ მიუდგნენ, 18-წლიანი მუხლი ემუქრებათ, რადგან ეს არის ჯგუფური, ორგანიზებული დანაშაული, ძალადობა პოლიციის მხრიდან. გამოძვრნენ საყვედურებით. ბოდიში ყველასთან, მაგრამ “ქუნემ” ამათი გამოძიება. ვისაც ესმის, გაიგებს, რაც ვიგულისხმე”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, მან პოლიციელებს აუხსნა, რომ მისი დაკავების უფლება არ ჰქონდათ, რადგანაც მას სადეპუტატო მანდატი იცავდა, რაზეც პოლიციამ უპასუხა, რომ ეს დაკავება არ იყო, ეს იყო განრიდება. ელისაშვილის თქმით, სინამდვილეში კი, ეს იყო დაკავება და დაკავების ოქმიც შედგენილი აქვს პოლიციას.

გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, მას სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. როგორც მან აღნიშნა, როდესაც ის მთავრობის ადმინისტრაციაში შეიყვანეს სამართალდამცველებმა, მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე შეხვდა, რომელთანაც ცხარე საუბარი ჰქონდა.

“მისგან არანაირი აგრესია არ იყო, მისმენდა და მეუბნებოდა, დამშვიდდი, დაწყნარდი, ყველაფერი გაირკვევაო. ამ ცოდვას ვერ დავიდებ, ნაღდად ვერ მოვიტყუები.

თავიდან აგრესიული იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე. სირაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მაგრამ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა, აგრესიული იყო და პირველად მისგან გაისმა “შეათრიეთო” და დამთავრებული არ ჰონდა ეს სიტყვა, რომ გავქრი იმ პოლიციელების ფეხებში”, – განაცხადა ელისაშვილმა.

“მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო” – ადვოკატი

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო.

როგორც ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი აცხადებს, მიზეზად მოსამართლემ საქმეში არსებული მრავალი ტომი დაასახელა.

ამასთან, აღნიშნა, რომ 14-დღიანი ვადის ათვლა, 12 აპრილიდან დაიწყო.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

“რატომ უნდა იყოს გაწვეული კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?”

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის საფუძველს ვერ ხედავს.

კახა კალაძის თქმით, დასავლეთისგან მითითებები სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანო ისეთ საკითხებსაც ეხებოდა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა.

„რატომ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გამოვუშვებდით, ეს იქნებოდა ევროკავშირისგან  დაშორება, რომ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებდით, თუ სანქციებს არ შევუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა.

ერთი რამე გავითვალისწინოთ – ყველამ უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს ინტერესებზე, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ჩვენ თუ დანგრეული და გაუბედურებულები, დაჩაჩანაკებული ვიქნებით, რომელ ევროპაზეა საუბარი? რომელ ევროპას მოუნდება ასეთი საქართველო? პირიქით, ძლიერები უნდა ვიყოთ და ძლიერი საქართველო არის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი. არამარტო ჩვენთვის, ევროპისთვისაც, ძლიერი საქართველოს შესვლა ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა გავაგრძელოთ” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი სრულიად დარწმუნებულია, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია.

„ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთი გამოხატავს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და ეს მართლაც ასეა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიალოგს აზრი არ აქვს, მათ შორის იმიტომ, რომ „მის ბატონებს ჰეგემონიის დაკარგვის ეშინიათ“.

ამასთან, ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, რუსეთი მოლაპარაკების პროცესში საბრძოლო მოქმედებებს არ შეაჩერებს.

„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სტამბოლის ისტორიისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების დროს საბრძოლო მოქმედებებში არანაირ პაუზას არ გავაკეთებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

“თუ ვინმე არის პროვოკატორი და მოძალადე, ეს არის ხელისუფლება” – ლევან ხაბეიშვილი

თუ ვინმე არის პროვოკატორი და მოძალადე, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც იცოდა რა მოჰყვებოდა რუსული კანონის თავიდან შემოტანას და რომელსაც უკვე ნანახი ჰქონდა ეს ყველაფერი. მათ არ უნდათ ევროპული მომავალი და რუსული კანონის შემოტანაც არის ამის დასტური, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდათ რომ სპეცრაზმსა და მოსახლეობას შორის იყოს დაპირისპირება და მუდმივ დაძაბულ რეჟიმში ამყოფონ ხალხი.

„თუ ვინმე არის მოძალადე, თუ ვინმე არის პროვოკატორი, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც იცოდა რა მოჰყვებოდა ამ კანონს და ნანახიც ჰქონდა. ხალხს უთხრა, რომ არ შემოიტანდა, მოატყუა, შემოიტანა ეს კანონი, ზუსტად იცოდა რა მოჰყვებოდა. მთელი საქართველო რომ ბედნიერი იყო ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და გაიღიმეს, რამდენიმე დღე არ აცადეს, ამიტომ თუ ვინმეა მოძალადე და პროვოკატორი, ეს არის ხელისუფლება და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხუთი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე, აცალონ ადამიანებს მშვიდად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რა საჭირო იყო ახლა შემოტანა, მაგრამ რუსეთისგან მიიღეს დავალებები, უნდოდათ არეულობა, უნდათ რომ სპეცრაზმსა და მოსახლეობას შორის იყოს დაპირისპირება და მუდმივ დაძაბულ რეჟიმში ამყოფონ ხალხი. მათ არ უნდათ ევროპული მომავალი და ამ კანონის შემოტანაც არის ამის დასტური”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია გაერთიანდება თუ ცალკეულ მარტივ მამრავლებად დაიშლება – შესაკრებთა გადაცვლებით ჯამი არ იცვლება”

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია გაერთიანდება თუ ცალკეულ მარტივ მამრავლებად დაიშლება. შესაკრებთა გადაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, აქვს თუ არა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანების პოტენციალი.

კახა კალაძის განმარტებით, ოპოზიციის ერთადერთი საზრუნავი ბარიერის გადალახვა იქნება. თბილისის მერის თქმით, ძალიან დიდია ზეწოლა და შემოტევები, რომ ხელისუფლებამ რაღაცები არასწორად გააკეთოს.

„მათი ერთადერთი საზრუნავი იქნება, როგორმე მოახერხონ ბარიერის გადალახვა. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ვინც ქვეყანაში იცავს მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს. ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში. ურთულესი სიტუაციაა და უმძიმეს რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ძალიან ფრთხილად გვიწევს ნაბიჯების გადადგმა, რომ პირველ რიგში, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდია ზეწოლა და შემოტევები, რომ რაღაცები არასწორად გაკეთდეს. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, გადაგვედგა არასწორი ნაბიჯი სანქციებთან მიერთებით, „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით, დღეს რა მდგომარეობა გვექნებოდა ქვეყანაში, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

„სიტუაცია რთულია, მაგრამ სული ჯერ არ ამოგვსლია…“ – BBC

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ინტერვიუ მისცა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიას „ბი-ბი-სი“-ს (BBC) რუსულ სამსახურს, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით „სიტუაცია რთულია, მაგრამ სული ჯერ არ ამოგვსლია…“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა ინტერვიუში, რუსეთთან ომში დამარცხება მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს. მან მოუწოდა აშშ-ის კონგრესს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონპროექტი უკრაინის დახმარების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან დაბლოკილი რჩება.
დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ იგი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს საკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერას, რომელიც უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

„დაგვეხმარეთ! თუ დავმარცხდებით, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება“

ამას წინათ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა შაბათს, 20 აპრილს გაიმართება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ იგი კანონპროექტს მხარს მტკიცედ უჭერს. თეთრი სახლის მეთაურმა განაცხადა, რომ იგი დაუყოვნებლივ ხელს მოაწერს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომ დოკუმენტი რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ძალაში: „ამით ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მხარს ვუჭერთ!“.

როგორც დენის შმიგალი ამბობს ინტერვიუში, „ჩვენ ამ საკითხზე კონგრესმენებს ვესაუბრეთ და ყველა ოპტიმისტურად თვლის, რომ კანონპროექტი მიღებული იქნება. რასაკვირველია, ჩვენც ვიზიარებთ ასეთ განწყობას. ეს ფული დიდი ხანია გვჭირდება, რადგან ფრონტზე რთული მდგომარეობაა შექმნილი. გვჯერა, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირის სამხედრო დახმარებით სიტუაცია გამოსწორდება“.

„თუ უკრაინა დაეცემა, უსაფრთხოების მსოფლიო სისტემაც დაინგრევა და კაცობრიობას უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა-ძიება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოში უამრავი კონფლიქტი გაჩნდება და საბოლოო ჯამში მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით“, – თვლის უკრაინის პრემიერ-მინისტრი, – „ჩვენი საერთო ამოცანაა დავიცვათ დემოკრატიული ფასეულობები, დავიცვათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების გლობალური სისტემა, რომ ევროპაში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობა შენარჩუნდეს“.
უკრაინას ადრეც ბევრჯერ გაუკეთებია გამაფრთხილებელი განცხადება, რომ თუ რუსეთი ომს მოიგებს, შემდეგ კრემლი პოლონეთში შეიჭრება, რაც მესამე მსოფლიო ომის დაწყების მანიშნებელი იქნება. მსგავს ვარაუდებს გამოთქვამენ აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც.

კრემლი ასეთ განცხადებებს „სასაცილოდ“ თვლის. მარტის თვეში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიეველი და დასავლელი პოლიტიკოსების ვარაუდს, რომ „ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის არმია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიჭრებაო“, „სრული აბდაუბდა“ უწოდა.

უკრაინის სამი პრიორიტეტი

უკრაინა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იარაღის მიწოდებაზე აშშ-დან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან, რომლის გარეშე კიევისათვის ძალიან რთული იქნება ბრძოლის გაგრძელება რუსეთთან – მოწინააღმდეგესთან, რომელსაც უპირატესობა აქვს როგორც ცოცხალ ძალაში (მოსახლეობის ბევრად მეტი რაოდენობის გამო), ასევე საბრძოლო მასალებში და სამხედრო ტექნიკაში.

სამშაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მაუწყებლისათვის – PBS-სისათვის მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აშშ-ის დახმარების გარეშე მტერზე გამარჯვების შანსი არ აქვს. „მე სრულიად გულახდილად ვამბობ, რომ ამერიკული დახმარების გარეშე ვერ გავიმარჯვებთ. ომში აუცილებელია მტერზე ძლიერი ვიყოთ. დღეს რუსეთი ჩვენ რომ 10 საარტილერიო ჭურვს გვესვრის, ჩვენ მხოლოდ ერთის გასროლა შეგვიძლია. განა ასეთ სიტუაციაში თავდაცვას შევძლებთ? ვერ შევძლებთ. ჩვენ გვინდა, რომ შეფარდება იარაღში ათი ათზე იყოს“.

ეს პოზიცია გამოხატა პრემიერმა დენის შმიგალმა BBC-თან ინტერვიუშიც. მან დაასახელა სამი მთავარი პრიორიტეტი უკრაინისათვის, დასავლელი მოკავშირეების დახმარების თვალსაზრისით.

„პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინული ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსებს ჩვენი ეკონომიკის დანგრევის გაგრძელების შესაძლებლობა. მეორე პრიორიტეტი – საარტილერიო ჭურვები. ჩვენი მებრძოლები მოუთმენლად ელოდებიან მიწოდებას და გვეუბნებიან, რომ თუ ჭურვები მოგვცემთ და ამ მხრივ რუსეთთან პარიტეტი აღდგება, აუცილებლად გავიმარჯვებთო.

და მესამე მნიშვნელოვანი მომენტი: ავიაგამანადგურებელი „ფალკონი“ – F-16. ჩვენ გვჭირდება უკრაინის ცის დაცვა. დღეს რუსეთი ავიაციაში უპირატესობას ფლობს. ისინი 300 თვითმფრინავს იყენებენ, ჩვენ კი არცერთი აღარ გვაქვს. ამიტომ F-16-ები ჰაერივით გვჭირდება“.

რთული სიტუაცია ფრონტზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება უკრაინის არმიისათვის მძიმე რჩება.
თებერვლის თვეში უკრაინულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა ქალაქი ავდეევკა დატოვეს, რომელსაც ისინი 2014 წლიდან იცავდნენ. გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინის არმიის უკანდახევას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალებში თანაფარდობა, რუსებთან შედარებით, ერთი ათზეა. მისი აზრით, რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ განხორციელებული „ორგანიზებული უკანდახევა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო შექმნილ სიტუაციაში“.

ქალაქ ავდეევკის დაკარგვა უკრაინისათვის ყველაზე მძიმე დანაკარგი იყო ბახმუტის შემდეგ, საიდანაც კიევმა ჯარი 2023 წლის მაისში გაიყვანა.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა სერ რიჩარდ ბარონსმა ამას წინათ განაცხადა, რომ თუ უკრაინა იარაღითა და საბრძოლო მასალებით არ იქნება უზრუნველყოფილი, ამ ზაფხულს კიევი დამარცხდება: „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ფრონტზე უპირატესობა აქვს თითქმის ყველანაირ იარაღში – არტილერიაში, ავიაციაში, საბრძოლო მასალებში და ცოცხალ ძალაშიც. უკრაინელებს განწყობა უფუჭდებათ და ჰგონიათ, რომ ვერ გაიმარჯვებენ. და როცა ეს მოხდება, ვიღას მოუნდება ბრძოლა და დაღუპვა?“.

„ომს არ წავაგებთ“

თუმცა დენის შმიგალი მაინც დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაუძლებს და გადარჩება: „ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ ჯერ ცოცხლები ვართ და სული ჯერ არ ამოგვსვლია. დიახ, დავიღალეთ და ეს გასაგებია – ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ველოდებით იარაღს, საბრძოლო მასალებს, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ“.

„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისათვის, ჩვენი მიწისათვის და ოჯახების გადასარჩენად. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ ამ ომს წავაგებთ““, – ასკვნის დენის შმიგალი ინტერვიუში.

წყარო

“მხარეებს მოვუწოდებ, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციისგან თავი შეიკავონ” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანს, ისრაელს და მათ მოკავშირეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციისგან თავი შეიკავონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”აბსოლუტურად აუცილებელია, რომ რეგიონში იყოს სტაბილურობა და ყველა მხარემ თავი შეიკავოს შემდგომი ქმედებებისგან”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ისრაელმა პარასკევს ირანის ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა.

“ციფრები ნათლად ადასტურებს, რომ, პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე”

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებენ, რაც დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში ოჯახში ძალადობის მიმართულებით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს ოჯახში ძალადობის სტატისტიკის ბოლო შვიდი წლის მონაცემი და აღნიშნული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გააცნო.

„2017 წელს რეგისტრირებულია 2143 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია 72.52%; 2018 წელს რეგისტრირებულია 4761 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია 63.12%; 2019 წელს რეგისტრირებულია 4867 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია 62.44%; 2020 წელს რეგისტრირებულია 5204 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია 65.99%; 2021 წელს რეგისტრირებულია 4767 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია 76.17%; 2022 წელს რეგისტრირებულია 4106 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია 87.34%; 2023 წელს რეგისტრირებულია 4101 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელია – 86.37%. ეს ციფრები ნათლად ადასტურებს იმას, რომ, პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, სამინისტროში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შემუშავებულია და დანერგილია ძალადობის განმეორების რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც პოლიციელს აძლევს შესაძლებლობას, დროულად გამოავლინოს განმეორებითი ძალადობის საფრთხე და გამოიყენოს ძალადობის პრევენციისთვის ისეთი ოპერატიული მექანიზმი, როგორიცაა შემაკავებელი ორდერი.

„ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წლიურად 9000-10000-მდე მერყეობს, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 800-ს აღწევს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2020 წლიდან დაინერგა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, ე.წ. ელექტრონული სამაჯური, რომელიც პოლიციას აძლევს საშუალებას, რეალურ დროში გააკონტროლოს მოძალადის მხრიდან ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესი.

„კერძოდ, მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან ან წინასწარ განსაზღვრულ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვა. ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია როგორც ორდერის, ისე, ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევის ან თავის არიდებისათვის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ყველა საქმეს.

„სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგთან ერთად, დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემისა და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცესებში. მონიტორინგის პროცესში როგორც ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, ასევე პოლიციის თანამშრომლები ძალადობის ყველა შემთხვევაში დეტალურად სწავლობენ წარსულში დაფიქსირებულ მომართვებსა და თითოეულ მათგანზე განხორციელებულ რეაგირებას.

მონიტორინგის პროცესი ასევე იძლევა საშუალებას, რომ სამართალწარმოება იყოს მსხვერპლზე და მის საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, მყისიერად ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 2022-2023 წლებში გენერალური ინსპექციის მიერ 44 თანამშრომლის მიმართ იქნა დისციპლინური სახდელი გამოყენებული. პოლიციელის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს გენერალური პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

“2023 წელს, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტები ფიქსირდებოდა” – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტები ფიქსირდებოდა.

სუს-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის, მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა.

ასევე, რუსეთ-უკრაინის ომში საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ე.წ. მოხალისეებსაც.

„რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, გასული წლების მსგავსად, კვლავ აქტიურად ახორციელებდა, უკანონო სამხედრო აქტივობას, მათ შორის უკანონო სამხედრო წვრთნებსა და პირადი შემადგენლობის როტაციას. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობის ნაწილი ჩართული იყო რუსეთ-უკრაინის ომში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული დანაყოფებისთვის სხვადასხვა მასშტაბის ათეულობით სამხედრო სწავლება ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ე.წ. მოხალისეებსაც. უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში ფიქსირდებოდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტები, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტები”, -წერია საქართველოს პარლამენტში სუს-ის მიერ გაგზავნილ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 2023 წლეს აჯამებს.

სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა.

„იმავდროულად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობდა ოკუპაციის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება. საოკუპაციო ძალისა და რეჟიმების წარმომადგენლების მიერ გრძელდებოდა უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობები”, -ნათქვამია ანგარიშში.

“კარგია, პრეზიდენტი თანდათან მოეგო გონს, რასთან გვაქვს საქმე – „ქართული ოცნება“ კი არა „ქართული ჯოჯოხეთი“ ჰქვია მათ და აუცილებლად გავუშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე”

კარგია, პრეზიდენტი თანდათან მოეგო გონს, რასთან გვაქვს საქმე – „ქართული ოცნება“ კი არა „ქართული ჯოჯოხეთი“ ჰქვია მათ და აუცილებლად გავუშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომ „არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რაც არ უნდა შევალამაზოთ, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენს.

მან ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ სინდისის სერიოზული ნაკლებობაა, განსხვავებული აზრის ქონა კი დანაშაულად ითვლება.

„როცა მტერს მოსწონს და მოყვარე გეუბნება, რომ “ასეთი რამ არ გააკეთო, თორემ მერე ვერ დაგეხმარები”, უნდა დაფიქრდე სინდისიერი და საღი აზრის მქონე ადამიანი, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ პირველის სერიოზული ნაკლებობაც არის და საერთოდ, „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული აზრის ქონა ითვლება დანაშაულად. ეს ხალხი არ დგას საქართველოს სამსახურში. ეს უნდა ვიცოდეთ. ეს კანონი რატომ არის რუსული? აპირისპირებს ხალხს ერთმანეთთან, საქართველოს ტოვებს პარტნიორების და მეგობრების გარეშე, კეტავს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და ვრცელდება მარტო მეგობრებზე და არ ვრცელდება რუსებზე,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს.

თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო მომდევნო დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.