Home Blog

“ის მუდმივ რეჟიმში ახდენს ქვეყნის დისკრედიტაციას” – ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე

ის მუდმივ რეჟიმში ახდენს ქვეყნის დისკრედიტაციას, აკეთებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ საერთაშორისო მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში გაკეთებულ განცხადებებს.

„ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიისთვის უფრო საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც მმართველ გუნდს ლანძღვა დაუწყო და ეს ალბათ უკავშირდება მის ერთ-ერთ მოტივაციას, რომ თავგამოდებით ებრძოლოს ყველანაირ სახელმწიფოებრივს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და პოლონეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება”.

გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი და გამოფენის კურატორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის მუზეუმების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გამოფენას, ასევე, ესწრებოდნენ პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი პიოტრ ჩვიკი, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარტა ციენკოვსკი, კრაკოვის ეროვნული მუზეუმის დირექტორი ანდჟეი შჩერსკი, გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორი და გამოფენის კურატორი მიროსლავ პიოტრ კრუკი, კრაკოვის მუზეუმის თანამშრომლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ამ გამოფენით ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა; ასეთი მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს ორი ერის კულტურის დაახლოებას და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელებას.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს არის საქართველოს შესახებ უცხოეთში გამართული უპრეცედენტო გამოფენა.

ევროპელი დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს. იხილავენ ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედებასაც. ამ ექსპოზიციაზე პირველად გამოიფინა პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტი.

გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი როგორც დედაქალაქიდან, ასევე, რეგიონებიდან, კერძოდ: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა”, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; წარმოდგენილია არჩილ გელოვანის პირადი კოლექცია.

გამოფენაში ასევე მონაწილეობს მსოფლიო დონის არაერთი მუზეუმი: ლუვრი, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, კრაკოვის სახელმწიფო მუზეუმი, იერუსალიმის მუზეუმი, ვაველის სამეფო სასახლე და ვარშავის ეროვნული მუზეუმი.

გამოფენაზე წარადგინეს ორენოვანი – ინგლისურ-პოლონური კატალოგი, რომელიც მკითხველს ქართული კულტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპს აცნობს. კატალოგის ინგლისურენოვანი ვერსია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

საქართველოში გამოფენის მომზადებას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც არის გამოფენის კურატორი. გამოფენას ჰყავს პოლონელი კურატორიც – ცნობილი ბიზანტიოლოგი, პროფესორი მიროსლავ კრუკი.

გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული ხალხური სიმღერები და ენახათ ტრადიციული ცეკვები. ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ფოლკლორული ანსამბლი „შილდა”, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი” და მომღერალი ნინო ნაყეური.
გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

“ირანში განხორციელებულ თავდასხმას ზიანი არ გამოუწვევია” – ირანელი გენერალი

ირანში წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ზიანი არ გამოუწვევია და ხმაური, რომელიც ისპაჰანში ისმოდა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირდება, – ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა, გენერალმა სიავოშ მიჰანდოუსტმა განაცხადა.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების სამიზნეს „საეჭვო ობიექტი“ წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, მანამდე ABC News-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. The New York Times-ის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ისპაჰანის მახლობლად მდებარე სამხედრო ავიაბაზა იყო. ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ.

“მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი” – შალვა პაპუაშვილი

მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა, ვის რა სურვილები აქვს და რა უნდა აკეთოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი არის სახელმწიფოების გაერთიანება, ჩვენ იქ არავინ მიგვიღებს როგორც ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს, სახელმწიფოდ უნდა მიგვიღონ და თუ გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, უნდა ვიცხოვროთ, როგორც სახელმწიფომ.

„ჩვენ გვინდა ამ ურთიერთობაში ვიყოთ უბრალოდ ობიექტი, რომლის შესახებაც დიდები და ძლიერები იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ გვინდა ვიყოთ ამ პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე?! ჩვენ რა გვინდა ევროკავშირში ინტეგრირებისგან?! ჩვენ გვინდა ვიყოთ მოლაპარაკების ნაწილი თუ გვინდა რომ მოგვცენ მითითება რა გავაკეთოთ და ჩვენ ამის მხოლოდ აღმსრულებლები უნდა ვიყოთ?! ბოლო პერიოდი ვაკვირდები, როგორ მიდის სიტყვა სუვერენიტეტის დაკნინება. არადა ჩემი ყოველი შეხვედრა უცხოელ პარტნიორებთან იწყება მადლობით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სუვერენიტეტს… და რა აღმოჩნდა?! გარკვეული კასტა, რომელიც ჩამოყალიბდა სიმბიოზი „ენჯეოებისა“ და რადიკალური პარტიებისა, ცდილობენ დააკნინონ და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინონ სიტყვა სუვერენიტეტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE” ეთერში.

“ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა” – მედია

„სიბიესის“​ ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ.

ირანში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, გააქტიურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ისფახანის აეროპორტთან.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება იყო ირანის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს.

ადგილობრივი მედია სულ სამ აფეთქებაზე წერს.

სააგენტოების ცნობით თეირანის, ისფახანისა და შირაზის თავზე ფრენები შეჩერებულია.

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს კარგი შემოსავლის მიღების შანსი გაქვთ, მთავარია, იაქტიუროთ და დამატებითი სამუშაოს შესრულება არ დაგეზაროთ. გირჩევთ, საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზით გაახაროთ. ფიზიკური მუშაობა ან ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კურო

ახალი ურთიერთობები საინტერესო ნაცნობობას და სასარგებლო კავშირებს მოგიტანთ. გაძლიერებული ინტუიციის დახმარებით თანამოსაუბრის განწყობას სწრაფად ხვდებით. გამორიცხული არ არის, რომ ოპონენტებმა ინოვაციური იდეები ან ღირებული რჩევები მოგაწოდონ.

ტყუპები

აქტიური და ნაყოფიერი დღისთვის უნდა მოემზადოთ. შეიძლება მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ ან დიდი ხნის წინ დაწყებული, მნიშვნელოვანი საქმე თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ. პლანეტების მხარდაჭერით შეგიძლიათ დიდი და რთული პროექტების განხორციელებაც კი დაიწყოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება სასარგებლო იყოს, ამიტომ ეცადეთ სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ.

კირჩხიბი

რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, მით უფრო ნაყოფიერი და წარმატებული დღე გელით. თანამოსაუბრემ შეიძლება შესანიშნავი იდეა მოგაწოდოთ. ნუ მოგერიდებათ იმაზე საუბარი, რაც ნამდვილად გაწუხებთ – ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს მიიღებთ.

ლომი

ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან საქმის საბოლოო შედეგი მათზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, გუნდურად მუშაობით გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ. გირჩევთ, კოლეგებს ყურადღებით მოუსმინოთ. საქმიანი კომუნიკაცია მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული

19 აპრილს სამსახურში ფრთხილად იყავით, არ დაკარგოთ კონცენტრაცია და გადაამოწმეთ ყველა დეტალი, რათა არ დაუშვათ სერიოზული შეცდომა. ქალწულს შეიძლება დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდეს, ამიტომ უარს ნუ იტყვით მიწვევაზე. არის შანსი გააუმჯობესოთ თქვენი პროფესიული პოზიცია.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე აქტიურად გაატაროთ. შეგიძლიათ, მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ, რადგან ყველაფერს დროულად გაუმკლავდებით. პირად ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენთვის ძვირფას ადამიანს აწყენინოთ.

მორიელი

ადამიანების დარწმუნებას ისე ადვილად ახერხებთ, როგორც არასდროს. ეცადეთ, ეს ხელსაყრელი დრო სასურველი შედეგის მისაღებად გამოიყენოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი

შოპინგისთვს ხელსაყრელი დღეა. საშუალება გექნებათ, რომ სასურველი ნივთი გონივრულ ფასად შეიძინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის დრო გამონახოთ. ნუ მოგატყუებთ მოჩვენებითი სიმშვიდე თქვენ გარშემო. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ.

თხის რქა

ამ დღეს რთული საკითხების გადაჭრას მოლაპარაკებებისა და დისკუსიების გზით შეძლებთ. ეცადეთ, საჭირო სიტყვები იპოვოთ და თანამოსაუბრე საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ. შეცვალეთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება – არ გაბრაზდეთ და ხელები არ ჩამოუშვათ.

მერწყული

გირჩევთ, ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ და გულწრფელობას მოერიდოთ. სავარაუდოდ, ახლო გარემოცვიდან ვიღაც თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავს. საოჯახო საქმეების კეთება სულიერ წონასწორობას აღგიდგენთ და სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე მეტად კონფლიქტებს უნდა მოერიდოთ. სავარაუდოდ, ადამიანი, ვისთანაც დღეს იკამათებთ, მომავალში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ. გამოიყენეთ სხვების გამოცდილება საკუთარი შეცდომების თავიდან ასაცილებლად.

“მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ თვალი გაუსწოროს რეალობას – მათი დრო დამთავრებულია”

„არა რუსულ კანონს!“, „არა ქართულ ოცნებას“, „არა ბიძინა ივანიშვილს“ – უკვე ყველა ერთია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, რადგან მათი დრო დასრულდა.

„მე მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ რეალობას თვალი გაუსწოროს. მათი დრო დამთავრებულია. ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალი არიან, რომლებიც ევროპაში შეგვიყვანენ და ძალიან მაგარ ქვეყანას ააშენებენ. მე მათ გვერდით ვდგავარ და როგორც თქვენ აშუქებთ, ისე ვაშუქებ ჩემი „ფეისბუქ“ ლაივით. ვინც გვაპირისპირებს, ეს ბიძინა ივანიშვილია, ხოლო ეს ახალგაზრდები გვაერთიანებენ.

„არა რუსულ კანონს!“, „არა ქართულ ოცნებას“, „არა ბიძინა ივანიშვილს“ , უკვე ყველა ერთია“, – განაცხადა ვაშაძემ.

ნორმალურ ბიზნესს ოფშორებიდან ქონების საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არ აქვს – ხუხაშვილი

„ასეთი მოტივაცია გაუჩნდათ იმ წრეებს, ვისაც სხვადასხვა საერთაშორისო სპეც. სამსახურების მხრიდან უკვე ამ ზონებშიც ექმნებათ პრობლემები.

ასეთები არიან:

  • 1. ე.წ. “პუტინის სალარო”
  • 2. ფსბ-ს სალარო
  • 3. გრუ-ს სალარო
  • 4. სანქციების ქვეშ მყოფი რუსი ოლიგარქების აქტივები.
  • 5. “ქურდული ობშჩიაკი”
  • 6. საერთაშორისო კრიმინალი (იარაღი, ნარკოტიკები)
  • 7. მოპარული, წართმეული აქტივები, რომლების საქართველოს იურისდიქციაში გადმოტანის შემთხვევაში, მოსალოდნელ სასამართლო დავებს მურუსიძესთან ბიძინა “დაულაგებს”.

ახლა თქვენ იფიქრეთ, რა ქვეყანაში შეიძლება ცოტა ხანში აღმოვჩნდეთ და რას მოიმოქმედებს ასეთი ქვეყნის მიმართ დასავლეთი.

ბიძინა ახლა სპეცრაზმის, პოლიციის და 83-ის მეშვეობით ამ ხროვას ეუბნება, რომ მოიტანეთ ფული, ყველაფერს ვაკონტროლებ და აქ კარგად იქნება დაცული.

P.S. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს ფული ჩვენც წაგვადგება, მწარედ ცდება. ეს მგლების ხროვა იმასაც ბოლომდე გამოგწურავთ, რაც გაქვთ…“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

“უკრაინას სჭირდება ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა” – სტოლტენბერგი

უკრაინას სჭირდება ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა, ნატოს მოკავშირეებს შეუძლიათ მიაწოდონ საბრძოლო მასალა, თუმცა როდესაც საქმე ეხება ცოცხალ ძალას, ეს უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„უკრაინას სჭირდება ცოცხალი ძალა და [საბრძოლო] მასალა. ნატოს მოკავშირეებს შეუძლიათ მიაწოდონ [საბრძოლო] მასალა, ნაწილობრივ მეტი მხარდაჭერის გაწევით, როგორც ამას მოკავშირეები ახლა აკეთებენ“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება ცოცხალ ძალას, ეს უკრაინამ უნდა უზრუნველყოს. უკრაინამ ახლახან მიიღო ახალი კანონი, რომელიც აფართოებს გაწვევის ასაკს. მე არ მევალება დეტალებში შესვლა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ველოდები, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებებს, რათა მოახდინოს საჭირო რაოდენობის ცოცხალი ძალის მობილიზება და შემდეგ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ნაწილი, როდესაც საქმე ეხება [საბრძოლო] მასალას“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი 19 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

“ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობის ფორმატს განვსაზღვრავთ იმის მიხედვით, რამდენად დაუახლოვდება მათი პოზიციები მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ხედვას” – “ევროპული საქართველო”

„ევროპული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც პარტია სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ მიმდინარე პროცესებზე მათი ხედვა ერთმანეთს დაემთხვევა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნულიო, პროდასავლური პარტიების ნაწილი ხშირად თავად არღვევდა შეთანხმებებს და კოორდინაციის პირობებს.

„რაც შეეხება რამდენიმე პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას კოორდინაციასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მედიამ კითხვით არაერთგზის მოგვმართა, ისინი წარმოადგენენ პროდასავლური პარტიების მხოლოდ ნაწილს, რომელთაგან უმრავლესობა ხშირად თავად არღვევდა შეთანხმებებს და კოორდინაციის პირობებს.

ამიტომ, “ევროპული საქართველო” მათთან ურთიერთობის ფორმატს განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაუახლოვდება ამ პარტიების პოზიციები მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ხედვას და რამდენად თანმიმდევრულები და პრინციპულები იქნებიან ისინი მათ მიერვე დადებული შეთანხმებების შესრულებისას“, – ნათქვამია “ევროპული საქართველოს” განცხადებაში.

“ვერ ხვდებიან ეს ლუზერი არარაობა რევანშისტები, რომ „ნაცმედიისა“ და „ნაცსექტის“ ადეპტების გარდა, მათი კონგენიალური სისულელეები ფართო საზოგადოებას არ აინტერესებს”

„ნაცმოძრაობის“ გარდა, არცერთი ამ პოლიტიკური ჯამბაზის პარტიად წოდებულ კანტორას არ ძალუძს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამათი წინააღმდეგობა – კოორდინაცია ისეთივე რეალობაა, როგორც მანამდე მათ მიერ შექმნილი „რდილოვანი კაბინეტი“, „ტექნიკური მთავრობა“ და ქვიშაში თამაშის სხვა მსგავსი პროექტები, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე რადიკალური ექვსეულის („ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“,, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) წერილს, სადაც ნათქვამია, რომ აცხადებენ სრულ კოორდინაციას და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის.

ანალიტიკოსის თქმით, ეს პარტიები ვერ ხვდებიან, რომ „ნაცმედიისა“ და „ნაცსექტის“ ადეპტების გარდა, მათი კონგენიალური სისულელეები ფართო საზოგადოებას არ აინტერესებს.

„ნაცმოძრაობის“ გარდა, არცერთი ამ პოლიტიკური ჯამბაზის პარტიად წოდებულ კანტორას არ ძალუძს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამათი წინააღმდეგობა – კოორდინაცია ისეთივე რეალობაა, როგორც მანამდე მათ მიერ შექმნილი „ჩრდილოვანი კაბინეტი“, „ტექნიკური მთავრობა“ და ქვიშაში თამაშის სხვა მსგავსი პროექტები.

ვერ ხვდებიან ეს ლუზერი არარაობა რევანშისტები, რომ ნაცმედიისა და ნაცსექტის ადეპტების გარდა, მათი კონგენიალური სისულელეები ფართო საზოგადოებას არ აინტერესებს“, – წერს აბაშიძე.