Home Blog

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ.

სტუდენტების განცხადებით, იუსტიციის სახლთან პროტესტი არის სიმბოლური, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „იუსტიციის სახლი იქნება ის ორგანო, რომელიც უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად მონიტორინგს ჩაატარებს“.

ამ დროისთვის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

“ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას”

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის სუვერენიტეტსა და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას შორის.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ კანონისთვის ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ომი, ქვეყანა არ გაიყოს დიდ მოთამაშეებს შორის და შედგეს როგორც სახელმწიფო.

სოზარ სუბარის თქმით, ახლა არის იმის შანსი, რომ გადარჩეს ქვეყანა და ამიტომაც, უცხო ქვეყნის აგენტურას არ უნდა მიეცეს ქვეყანაში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა.

„დესტაბილიზაციის თავიდან აცილების პრევენცია არის ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა – კანონი [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] არის ერთი ნაბიჯი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აგური ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის გზაზე და ასე აგურ-აგურ უნდა ავაშენოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას.

ახალგაზრდობას შევახსენებ, რომ საბჭოთა კავშირის თოთხმეტივე რესპუბლიკაში (მეთხუთმეტე რუსეთი იყო, საიდანაც ყველაფერი იმართებოდა), ცეკას პირველი მდივანი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი და მეორე მდივანი იყო პირი, რუსი ეროვნების ადამიანი, რომელიც პირდაპირ ინიშნებოდა მოსკოვიდან (პირველი პირებიც ფორმალურად მოსკოვიდან ინიშნებოდნენ) და ყველა კრიტიკულ სიტუაციაში მისი სიტყვა უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი. დღეს გაცილებით მეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს ზოგიერთი ქვეყნის მოქმედი, თუ ყოფილი ელჩები, ვიდრე ამის უფლებას აძლევდნენ ყოფილი ცეკას მეორე მდივნები. ამას ჩვენ ამ ქვეყანაში არ დავუშვებთ. ჩვენ ახლა გვაქვს შანსი, გადავარჩინოთ ქვეყანა. დღეს სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, ამ კანონისთვის ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ომი, ქვეყანა არ გაიყოს დიდ მოთამაშეებს შორის და შედგეს როგორც სახელმწიფო.

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ეს გლობალური ტურბულენტობა გადაივლის, შეიძლება სხვა სამყარო იყოს, სადაც გაცილებით მშვიდად შეგვეძლება მომავალზე ფიქრი. დღეს ამ აგენტურას არ მივცემთ შესაძლებლობას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი იდგება ქუჩაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და სკანდირებენ: „არა რუსულ რეჟიმს“, „ევროკავშირს გაუმარჯოს“, „საქართველოს გაუმარჯოს“. მათი თქმით, ვიდრე მმართველი პარტია აღნიშნულ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს, პროტესტს არ შეწყვეტენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპირებენ, რომ რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლონ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ წევრის ზვიად ცეცხლაძის განცხადებით, მათი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი და კიდევ უფრო გაღრმავდეს მათი ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ცუდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან – ეს საპირისპიროა” – შარლ მიშელი

კანდიდატი ქვეყანა თუ ხმას აძლევს კანონპროექტებს, რომლებიც ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა ექნება გაწევრიანების პროცესზე, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Euronews-თან საუბარში განაცხადა.

„მინდა ნათლად ვთქვა: კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში – ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ეს საპირისპიროა.

იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა მიშელმა.

იმაზე საუბრისას, გაიყინება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ სადავო კანონპროექტის შედეგად, მიშელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, „გავლენა ექნებათ იმაზე თუ როგორ აფასებს ბრიუსელი ასპირანტი ქვეყნის შანსებს“.

„გაფართოების პროცესი დამსახურებებზე დამყარებული პროცესია და აზრი კანდიდატი ქვეყნებისთვის – მათთვისაც, ვისაც ევროკავშირში შესვლა სურს – ის არის, რომ ისინი პატივს სცემენ საერთო ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.

თუ ხმას აძლევენ კანონპროექტებს, რომლებიც ამ პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა აქვს პროცესზე”. – განაცხადა მიშელმა.

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან სტუდენტები არიან შეკრებილები. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ წევრის ზვიად ცეცხლაძის განცხადებით, მათი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი და კიდევ უფრო გაღრმავდეს მათი ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ცუდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

„გამოსულები ვართ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი. გაიზარდოს ცნობიერება, თუ რატომ არის ეს კანონი მათთვის საშიში და რატომ უქმნის ეს კანონი მათ მომავალს საფრთხეს. ახალგაზრდებს კარგად ეს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ მათი ცნობიერება”,- განაცხადა მან.

აქციის ორგანიზატორებს დღევანდელი აქციის გეგმებზე განცხადება ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.

“მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება”

მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდგომ განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მისი გამოკითხვა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც აბსოლუტურად სტანდარტული, სრულიად ფორმალური პროცედურა გაიარა.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებაში დეტალურად გაარჩიეს ის კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცველები მასზე. მიუხედავად ამისა, დეპუტატის თქმით, 17 აპრილის აქციაზე მასსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირების ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.

„გამოკითხვა იყო, მაგრამ ჩვენება მივეცი პრინციპში. მათ ისედაც ჰქონდათ ის ექსკლუზიური კადრები. ძალიან სტანდარტული პროცედურა იყო. ძალიან გულმოდგინედ და აშკარად კვალიფიციური გამომძიებელი იყო, გოგონა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე მასთან პრეტენზია არ მექნება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მის დონეზე არ გადაწყდება. მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა, რეალურად და „ძაღლობის” წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება. შესაბამისად, აქ მოვედი აბსოლუტურად ფორმალურად. მიუხედავად ჩვენი რუსული ხელისუფლებისა, აქ მოვედი იმისთვის, რომ ჩემ საქართველოს ვცემ პატივს. კადრების გარჩევა იყო მაქსიმალურად, ეს კადრები გამომძიებელს ჰქონდა და არაერთხელ ჰქონდა ნანახი. კი, ამ კადრებზე დეტალურად ვისაუბრეთ. ზემოთ ეცდებიან ჩაფარცხონ ეს საქმე.(კადრებში) სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც დაგდებულს მირტყამენ, მათ შორის პატრულის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ის ადამიანი, რომელსაც მიზანმიმართულად მივყავარ და დროშის სადგარ, ბოძს პირდაპირ სახით მანარცხებს. პირდაპირ ჩანან და მათი დაკითხვის გარეშე ანუ ისე უღმერთოდ ვერ ჩაფარცხავენ, რომ ისინი არ დაიბარონ. მაშინ მათი გამოძიება აბსოლუტურად სასაცილო იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დეპუტატის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია დეპუტატის მიმართ არსებულ ძალადობაზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს. ადვოკატის თქმით, გამოძიების წარმატებით წარმართვის შემთხვევაში ელოდებიან, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება, ყველა იმ სამართალდამცველის მიმართ, რომლებმაც ელისაშვილზე ფიზიკურად იძალადეს.

 

 

„ქართული ოცნება” უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ” – ოპოზიციური პარტიები

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და ვდებთ პირობას, რომ ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მშვიდობიანი შეკრება – მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან, რომლებიც უკანონოდ შეზღუდავენ თქვენს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი ავრცელებს.

როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნება” უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან და წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარა პროვოკაციას, რაც იწვევს ადამიანების ბუნებრივ, გულწრფელ და მშვიდობიან პროტესტს.

მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაცია საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც დაცულია საერთაშორისო კონვენციებით. ამ უფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნება” უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს:

1. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პოლიციელმა უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე. პოლიციელისთვის უკანონო ბრძანების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა, ხოლო პოლიციელი, რომელიც უარს იტყვის აშკარად უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან;

2. მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, მიდევნება, სპეციალური საპოლიციო საშუალებების უკანონო გამოყენება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონო შეზღუდვა წარმოადგენს დანაშაულს, რომლებზეც აუცილებლად დადგება ბრალეული პირების პასუხისმგებლობა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში. ყველა მოძალადე, განურჩევლად რანგისა, პასუხს აგებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და ვდებთ პირობას, რომ ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მშვიდობიანი შეკრება – მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან, რომლებიც უკანონოდ შეზღუდავენ თქვენს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს.

ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას რუსული კანონისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე.

არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:

ახალი

გირჩი მეტი-თავისუფლება

დროა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ლელო საქართველოსთვის

რესპუბლიკური პარტია

სტრატეგია აღმაშენებელი

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ” – მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვაშია ნათქვამი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს“, მზად არის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს.

„რაც შეეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, წინ უნდა წამოვწიოთ ბევრი ახალი სახე და წამოვაყენოთ ახალი იდეები. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ახლაც იზოლირებული ვყავარ და ჩემ მიმართ ახალ რეპრესიებს ამზადებს, მე მზად ვარ, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო და ყველა ხელოვნური დაბრკოლება გადავლახო. ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ. სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს. ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის იმ დელეგატთა შორის პირველი ყოფილიყო, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არ ამცირებს.

სოფოს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ! მათ პროტესტისა და ჩვენი ხელახლა დანაწევრების საშუალება არ უნდა მივცეთ!

ახლა “არა რუსულ კანონს” და “არა რუსულ რეჟიმს” განუყოფელი ლოზუნგებია.

ამის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

“თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია” – ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“

თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია, ჩვენ გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას ომის დაწყება დააბრალეთ. არის თუ არა ეს რუსული საქმე? – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და ხელი მოაწერა ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციას და ვიდრე ეს საკითხები ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოძიებული, “ეს ხალხი კიდევ იკადრებს და სხვას დააბრალებს რუსების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას”.

„ეს არის 2008 წლის 1633 რეზოლუცია აგვისტოს ომის საქმეზე. რეზოლუციის მე-5 პუნქტი, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა და მხარი დაუჭირა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა, მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას – კონფლიქტების გადაწყვეტას მშვიდობის საშუალებით, ხელს უშლიდა.

ამას მოაწერეთ თქვენ ხელი, ჩვენ გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას დააბრალეთ ომის დაწყება. არის თუ არა ეს რუსული საქმე? ამიტომ, ვიდრე ეს საკითხები ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანად და სრულად არ არის გამოძიებული, ეს ხალხი კიდევ იკადრებს და სხვას და ჩვენ დაგვაბრალებენ რუსების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას – ხალხი, რომელიც მტკიცებულებებით პირდაპირ მხილებულია ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაში, მოსკოვში ჩასვლით, რეზოლუციის მხარდაჭერით და იმ განცხადებებით და ქმედებებით რასაც აგრძელებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა – ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს” – მიხეილ სააკაშვილი

ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს – ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია „ოცნებას“ 70/30 პროპორციით დაამარცხებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ.

„ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონული ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.

ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიმპოზიუმი „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“

18   აპრილს  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თანაორგანიზებით  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სიმპოზიუმი „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“, რომლის პირველი სესიის თემა იყო   დიპლომატია მეცნიერებისთვის, ხოლო მეორე სესიის –  მეცნიერება დიპლომატიისთვის და დიასპორის როლი სამეცნიერო დიპლომატიისთვის.

სიმპოზიუმის  გახსნისას  მასპინძელი ორგანიზაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა  დავით გურგენიძემ  აღნიშნა, რომ  სიმპოზიუმის თემატიკა  ზედმიწევნით   ეხმიანება დღეს მიმდინარე რთულ  გლობალურ პროცესებს.  მისი განცხადებით, სამეცნიერო დიპლომატია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველ მეცნიერთა, მძლავრ სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებში მომუშავე მკვლევართა ფუნდამენტურ კონცეფციებსა და ერთობლივ კვლევებს ემყარება, მძლავრი ბერკეტია მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარებისთვის.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა  განაცხადა, რომ  საერთაშორისო სიმპოზიუმის  თემატიკა    ძალზე აქტუალურია  დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე.   სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში,  ჩვენი ქვეყნის მიერ სხვა სახელმწიფოებთან გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებებში  ყოველთვის   ხაზგასმულია განათლების, მეცნიერებისა და დიპლომატიის როლი ამ  მიმართულებით,  მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და დიპლომატიის  მიზნების კვეთის,  ურთიერთთანამშრომლობის  საკითხები.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა,  თეიმურაზ დოჭვირმა აღნიშნა, რომ     მსოფლიოში მიმდინარე  მოვლენების გათვალისწინებით, მეტად  მნიშვნელოვანია სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული დისკუსიისა და დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა სფეროში,  მათ შორს,  მეცნიერებაში.  განსაკუთრებით  დასაფასებელია  კონფლიქტური რეგიონების  საგანმანათლებლო- კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენელი მეცნიერების აქტიური ჩართულობა ასეთ ღონისძიებებში, რომელთა მიზანი    ქვეყნებს შორის  მშვიდობიანი,  მეგობრული და  თანასწორუფლებიანი ურთიერთობების გაღრმავებაა.  დღეს მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობა, რომლის გარეშეც  შეუძლებელია  კაცობრიობის  განვითარება.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის  წარმომადგენლები,  მეცნიერები მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან-  ისრაელის ტექნიონის უნივერსიტეტის პროფესორი იუვალ გარინი, უკრაინის ლვოვის პოლიტექნიკური უნიევრსიტეტის ასოცირებული პროფესორი სერგეი ბერეჟკო, ასევე,  მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი ეუჟენიუ ვიზირი, გაეროს უნივერსიტეტის შედარებითი რეგიონალური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტის (UNU-CRIS)  წარმომადგენელი   ერიკ პიაჟე და სხვები.

საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტერის ასოცირებულმა პროფესორმა,     ნუნუ მიცკევიჩმა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორმა,  მანანა თანდაშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა,  კახებერ კვაშილავამ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების,  ასევე,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოში აკრედიტებული  დიპლომატიური  კორპუსის  წარმომადგენლები.

სამეცნიერო დიპლომატიის სიმპოზიუმის მიზანი  მეცნიერების, დიპლომატიის, პოლიტიკის, აკადემიური  სფეროების გაერთიანებაა თანამშრომლობისა და ერთიანი ქსელის შექმნის ხელშეწყობისთვის გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად,  საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდასაჭერად.