Home Blog

“რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში, ეს არის რუსეთის რბილი ძალა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის აუცილებლად დაადებს ვეტოს „რუსულ კანონს“, რაც მისი თქმით, ქართველი ხალხის ხმის გაჟღერება იქნება. CNN-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიაა საქართველოში პროვოკაცია და დესტაბილიზაცია მოაწყოს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

„საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების გზაზეა, დეკემბერში ჩვენ უნდა მივიღოთ ევროკავშირის პასუხი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამ დროს მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს სურვილი ამ პროცესს ხელი შეუშალოს – ეს ქვეყანა არის რუსეთი. ეს არის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი მაგალითია რუსული კანონი, რომელსაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელად განიხილავენ.

უამრავი ქართველი ახალგაზრდა აპროტესტებს ამ კანონის მიღებას. ისინი საკუთარ პოზიციას ნათლად გამოხატავენ. ჩემი ვეტო მათი ხმის გაჟღერება იქნება. ჩვენ არჩევნები 26 ოქტომბერს გვაქვს, როდესაც საქართველო თავის არჩევანს გააკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღამდე შევინარჩუნოთ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ საქმიანობას გააგრძელებენ.

ეს არის რუსეთის სტრატეგია, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში. ეს არის რუსეთის რბილი ძალა საქართველოში. მათ სურთ ქართული საზოგადოების გაყოფა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლითაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება

Medical supplies, pills and capsules

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და გამოკვლევებიც დაიფარება.

„მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;

ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 16 აპრილით თარიღდება.

“კვარა, შენ არავის საკუთრება არ ხარ, საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება”

„კვარა, შენ მოგმართავ – არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება. ქართველი ქართველს შენი გამონათქვამით რომ დაუპირისპირდება, პასუხისმგებლობა შენზე გადადის“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სოციალურ ქსელში საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს.

როგორც ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში თქვა, 1990-იან წლებში, სწორედ მსგავსი ლოზუნგების შედეგად დაიწყო ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება.

„ჩვენ დღეს ძლიერები რომ არ ვიყოთ, კვარა, შენ მოგმართავ – შენი გამონათქვამი ოპოზიციის მიერ იქნა გამოყენებული და ასე დაიწყო 90-იან წლებში სამოქალაქო ომი. ასე დაგვდევდნენ ჩვენც – ზოგი მოღალატედ გვნათლავდა და ქართველმა ბიჭებმა ერთმანეთს იარაღი მიუშვირეს. ამ ნაძირალებმა, რომელთაც ატაცებული აქვთ შენი ეს გამონათქვამი, მათ განზრახული აქვთ რევოლუცია და ქვეყნის გადაყირავება. ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გირგვლიანი – ესენი ჰყავთ ჩახოცილი, ადამიანები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ მიდიოდა. კვარა, შენ მოგმართავ! შენ არავის საკუთრება არ ხარ, შენ საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება. ქართველი ქართველს შენი გამონათქვამით რომ დაუპირისპირდება, პასუხისმგებლობა შენზე გადადის. ამის გააზრებას გთხოვ – ყველას გთხოვთ, ბიჭებო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოში “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ოპონენტების თქმით, ძირს უთხრის თბილისის ევროპულ მისწრაფებებს, 20 000-მდე მომიტინგემ გააპროტესტა -France 24

„საქართველოში სადავო კანონპროექტს „უცხოური გავლენის“ შესახებ ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს“- ასეთი სათაურით აქვეყნებს France 24-ი სტატიას.

როგორც გამოცემა წერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საქართველო წლების განმავლობაში ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ ამჟამინდელ მმართველ პარტიას ქვეყნის რუსეთთან დაახლოებაში ადანაშაულებენ.

საკამათო კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელიც ოპონენტების თქმით, ძირს უთხრის თბილისის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოში ოთხშაბათს 20 000-მდე მომიტინგემ გააპროტესტა.

„საქართველოს, რომელიც ოდესღაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის წამყვანი ლიდერი იყო, ბოლო წლებში დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც „ცნობილია ანტიდასავლური რიტორიკით და ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგულია“, განაცხადა, რომ კანონი ხელს შეუწყობს დასავლური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას.

„მაგრამ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრას „ძალიან შემაშფოთებელი განვითარება“ უწოდეს და ერთობლივ განცხადებაში განაცხადეს, რომ „ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე და ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“, -აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ განაცხადა, რომ თბილისს მოუწევს სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, პრესის თავისუფლების გაუმჯობესება და ოლიგარქების ძალაუფლების შემცირება, სანამ წევრობის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დაპირისპირებულია მმართველ პარტიასთან, განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება „მოსახლეობის ნებას“ და დაგმო ის, როგორც „რუსეთის დესტაბილიზაციის სტრატეგია“.

ვაშინგტონმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ კანონი „საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის განმარტებით, ეს იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება . მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის უცხო არ იქნება ზურაბიშვილის მხრიდან კანონზე ვეტოს დადება, თუმცა როგორც უმრავლესობის წევრები განმარტავენ, ვეტო მათ მიერ დაძლეული იქნება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს ქუთაისში +33 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +21, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +28 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მოკავშირეების რჩევის მიუხედავად, ისრაელი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველაფერს გააკეთებს თავის დასაცავად -ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა თავის დასაცავად, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს მისი მოკავშირეების რჩევებს, – ასეთი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მავრობის სხდომაზე, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, დევიდ კამერონსა და ანალენა ბერბოკს „ყველა სახის წინადადება და რჩევა“ ჰქონდათ და მიუხედავად იმისა, რომ ამას აფასებს, ისრაელი მაინც „მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას და ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა თავის დასაცავად“.

ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, დევიდ კამერონი და ანალენა ბაერბოკი ისრაელში გუშინ ჩავიდნენ, შაბათს ღამით ისრაელზე ირანის უპრეცედენტო თავდასხმის ფონზე, რომლის დროსაც მან 350 დრონი და რაკეტა გამოიყენა. გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელს მოუწოდეს, გამოიჩინოს თავშეკავება თავდასხმის შემდგომ და გააფრთხილეს, რომ ირანთან ნებისმიერი დამატებითი პირდაპირი საომარი მოქმედებები შესაძლოა ახლო აღმოსავლეთს ყოვლისმომცველ ომში გადაიზარდოს. თუმცა, ისრაელმა პირობა დადო, რომ ირანის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებას განახორციელებს.

იმ ევროპას რა უთხარი კიკუ-ხაბე-გვარამია-ელისაშვილი რომ განასახიერებენ -გოგა ხაინდრავა

უყურებ ამ ჭინკების ამბოხს და ფიქრობ, იმ ევროპას რა უთხარი კიკუ-ხაბე-გვარამია-ელისაშვილი რომ განასახიერებენ! – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა X-ზე წერს.

„აღარაფერს ვიტყვი მდედრ, დუჟმორეულ ალქაჯებზე! საით?! დებო და ძმებო, მშობლებო და შვილებო იმ ფარისეველთა და თვალთმაქცთა ბუნაგში! სადაც თავისუფლების და ღირსების ფასი 1 ევროა!“, – აღნიშნავს ხაინდრავა.

 

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი 18 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

პროტესტი არ შეჩერდება – ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, დამთავრდება ხალხის გამარჯვებით -ნიკა მელია

პროტესტი არ შეჩერდება – ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, აქციის მონაწილეების გეგმაა, რომ პროცესი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდეს.

„სამოქმედო გეგმა არის ის, რომ დასრულდება პროცესი სიმშვიდით, სიმტკიცით და სახელმწიფოს გამარჯვებით. ივანიშვილი ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეუცვლის. გეგმაა, რომ ქვეყანა, როგორც სახელმწიფო შედგეს და ევროპული და ეროვნული იდეა იყოს გამარჯვებული ამაზე მეტი იდეა და გეგმა რა უნდა არსებობდეს?

პროტესტი არ შეჩერდება, რასაც ხედავთ ასე იქნება. ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის, სახლი, ოჯახი, სამსახური არის რუსთაველის გამზირი, სანამ არ იქნება სახელმწიფოებრივი საფრთხე განეიტრალებული. ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია

პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია. ამ დროისთვის ადგილზე მოქალაქეთა მცირე ჯგუფი რჩება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას წინასწარ აცნობებენ.

მათი თქმით, პრობლემის კონსტიტუციურად გადაწყვეტისთვის ყველა რესურსს გამოიყენებენ.

„აქ ჩვენ გვესმოდა, როგორ აბრალებდნენ საზოგადოებას, თურმე რადიკალების შეკრებაა. ვინმემ რამე ნახა დღეს რადიკალური? ეს მშვიდობიანი მსვლელობა იყო დიალოგის მოთხოვნით. პასუხად დუმილი და მშიშარა ადამიანები მივიღეთ. პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მზად იყო ყველასთან ესაუბრა. საუბარია, როდესაც კანცელარიიდან გარბიხარ, პარლამენტში ხალხს არ უსმენ, მიკროფონებს თიშავ? დღეს ვაჩვენეთ ის, რომ საზოგადოება, რომელიც აქ იკრიბება მშვიდობიანია, საქართველოს ბედი აინტერესებს და არა რომელიმე პარტიის ან რომელიმე ორგანიზაციის პერსპექტივა. აქ შეკრებილები ვართ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ძალიან მალე გახდეს. ჩვენ ამ პრობლემის კონსტიტუციურად გადაწყვეტისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ. ეს გრძელი ბრძოლაა, მაგრამ არსებობს სამი რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ: არ უნდა დაგვეზაროს, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიღალოთ. დღეს ეს სამივე პირობა დაკმაყოფილებულია. ამისთვის დიდი მადლობა. მართლები ვართ და ამ სიმართლის ხმა მთავრობის ადმინისტრაციაშიც, პარლამენტშიც და ყველა ოფისშიც შეაღწევს. ყველა გეგმის შესახებ, რაც კი გვექნება, ინფორმაციას აუცილებლად გავასაჯაროებთ“, – განაცხადა „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მმართველ გუნდისგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გატანა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის განხილვა მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პროტესტის ფონზე ჩვენ მზად ვართ, რომ გავაკეთოთ საქმე, რომელიც საქართველოს სჭირდება

არსებობს არჩევნები და შეუძლია ნებისმიერს, ვინც ბოლო-ბოლო მაინც ვერ დარწმუნდება, რომ საქართველო მიდის ევროპული გზისკენ, თავისი არჩევანი დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები გამჭვირვალობის კანონპროექტთან და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი თავის გასაკეთებელს გააკეთებს.

„გამოხატვის თავისუფლება, შეკრების მანიფესტაციის უფლება არის დაცული სახელმწიფოს მხრიდან. თუ გადავლენ იმ ჩარჩოს და წესებს, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში არის გაწერილი და უნდა იყოს დაცული, მაშინ, რასაკვირველია, იქნება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. თუ პროტესტი არ შეჩერდა, პროტესტის ფონზე ჩვენ მზად ვართ, რომ გავაკეთოთ საქმე, რომელიც საქართველოს სჭირდება. ამ პროტესტში მონაწილეობს საზოგადოების ერთი ნაწილი, [თუმცა] არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველომ აქამდე იარა ევროპული გზით და ეს გზა გვიკავშირდება ჩვენს ხელისუფლებას.

არსებობს არჩევნები და შეუძლია ნებისმიერს, ვინც ბოლო-ბოლო მაინც ვერ დარწმუნდება, რომ საქართველო მიდის ევროპული გზისკენ, თავისი არჩევანი დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს, მაგრამ ქვეყნის დესტაბილიზაციის, არჩევნების საბოტაჟისა და ხალხის ემოციებზე თამაშის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. ამ დღეებში კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია გვექნება ჩვენ მოქალაქეებთან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.