Home Blog

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს ქუთაისში +33 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +21, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +28 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მოკავშირეების რჩევის მიუხედავად, ისრაელი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველაფერს გააკეთებს თავის დასაცავად -ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელი თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა თავის დასაცავად, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს მისი მოკავშირეების რჩევებს, – ასეთი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მავრობის სხდომაზე, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, დევიდ კამერონსა და ანალენა ბერბოკს „ყველა სახის წინადადება და რჩევა“ ჰქონდათ და მიუხედავად იმისა, რომ ამას აფასებს, ისრაელი მაინც „მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას და ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა თავის დასაცავად“.

ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, დევიდ კამერონი და ანალენა ბაერბოკი ისრაელში გუშინ ჩავიდნენ, შაბათს ღამით ისრაელზე ირანის უპრეცედენტო თავდასხმის ფონზე, რომლის დროსაც მან 350 დრონი და რაკეტა გამოიყენა. გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელს მოუწოდეს, გამოიჩინოს თავშეკავება თავდასხმის შემდგომ და გააფრთხილეს, რომ ირანთან ნებისმიერი დამატებითი პირდაპირი საომარი მოქმედებები შესაძლოა ახლო აღმოსავლეთს ყოვლისმომცველ ომში გადაიზარდოს. თუმცა, ისრაელმა პირობა დადო, რომ ირანის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებას განახორციელებს.

იმ ევროპას რა უთხარი კიკუ-ხაბე-გვარამია-ელისაშვილი რომ განასახიერებენ -გოგა ხაინდრავა

უყურებ ამ ჭინკების ამბოხს და ფიქრობ, იმ ევროპას რა უთხარი კიკუ-ხაბე-გვარამია-ელისაშვილი რომ განასახიერებენ! – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა X-ზე წერს.

„აღარაფერს ვიტყვი მდედრ, დუჟმორეულ ალქაჯებზე! საით?! დებო და ძმებო, მშობლებო და შვილებო იმ ფარისეველთა და თვალთმაქცთა ბუნაგში! სადაც თავისუფლების და ღირსების ფასი 1 ევროა!“, – აღნიშნავს ხაინდრავა.

 

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი 18 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

პროტესტი არ შეჩერდება – ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, დამთავრდება ხალხის გამარჯვებით -ნიკა მელია

პროტესტი არ შეჩერდება – ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, აქციის მონაწილეების გეგმაა, რომ პროცესი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდეს.

„სამოქმედო გეგმა არის ის, რომ დასრულდება პროცესი სიმშვიდით, სიმტკიცით და სახელმწიფოს გამარჯვებით. ივანიშვილი ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეუცვლის. გეგმაა, რომ ქვეყანა, როგორც სახელმწიფო შედგეს და ევროპული და ეროვნული იდეა იყოს გამარჯვებული ამაზე მეტი იდეა და გეგმა რა უნდა არსებობდეს?

პროტესტი არ შეჩერდება, რასაც ხედავთ ასე იქნება. ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის, სახლი, ოჯახი, სამსახური არის რუსთაველის გამზირი, სანამ არ იქნება სახელმწიფოებრივი საფრთხე განეიტრალებული. ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დამთავრდება ხალხის გამარჯვებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია

პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია. ამ დროისთვის ადგილზე მოქალაქეთა მცირე ჯგუფი რჩება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას წინასწარ აცნობებენ.

მათი თქმით, პრობლემის კონსტიტუციურად გადაწყვეტისთვის ყველა რესურსს გამოიყენებენ.

„აქ ჩვენ გვესმოდა, როგორ აბრალებდნენ საზოგადოებას, თურმე რადიკალების შეკრებაა. ვინმემ რამე ნახა დღეს რადიკალური? ეს მშვიდობიანი მსვლელობა იყო დიალოგის მოთხოვნით. პასუხად დუმილი და მშიშარა ადამიანები მივიღეთ. პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მზად იყო ყველასთან ესაუბრა. საუბარია, როდესაც კანცელარიიდან გარბიხარ, პარლამენტში ხალხს არ უსმენ, მიკროფონებს თიშავ? დღეს ვაჩვენეთ ის, რომ საზოგადოება, რომელიც აქ იკრიბება მშვიდობიანია, საქართველოს ბედი აინტერესებს და არა რომელიმე პარტიის ან რომელიმე ორგანიზაციის პერსპექტივა. აქ შეკრებილები ვართ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ძალიან მალე გახდეს. ჩვენ ამ პრობლემის კონსტიტუციურად გადაწყვეტისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ. ეს გრძელი ბრძოლაა, მაგრამ არსებობს სამი რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ: არ უნდა დაგვეზაროს, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიღალოთ. დღეს ეს სამივე პირობა დაკმაყოფილებულია. ამისთვის დიდი მადლობა. მართლები ვართ და ამ სიმართლის ხმა მთავრობის ადმინისტრაციაშიც, პარლამენტშიც და ყველა ოფისშიც შეაღწევს. ყველა გეგმის შესახებ, რაც კი გვექნება, ინფორმაციას აუცილებლად გავასაჯაროებთ“, – განაცხადა „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მმართველ გუნდისგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გატანა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის განხილვა მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პროტესტის ფონზე ჩვენ მზად ვართ, რომ გავაკეთოთ საქმე, რომელიც საქართველოს სჭირდება

არსებობს არჩევნები და შეუძლია ნებისმიერს, ვინც ბოლო-ბოლო მაინც ვერ დარწმუნდება, რომ საქართველო მიდის ევროპული გზისკენ, თავისი არჩევანი დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები გამჭვირვალობის კანონპროექტთან და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი თავის გასაკეთებელს გააკეთებს.

„გამოხატვის თავისუფლება, შეკრების მანიფესტაციის უფლება არის დაცული სახელმწიფოს მხრიდან. თუ გადავლენ იმ ჩარჩოს და წესებს, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში არის გაწერილი და უნდა იყოს დაცული, მაშინ, რასაკვირველია, იქნება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. თუ პროტესტი არ შეჩერდა, პროტესტის ფონზე ჩვენ მზად ვართ, რომ გავაკეთოთ საქმე, რომელიც საქართველოს სჭირდება. ამ პროტესტში მონაწილეობს საზოგადოების ერთი ნაწილი, [თუმცა] არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველომ აქამდე იარა ევროპული გზით და ეს გზა გვიკავშირდება ჩვენს ხელისუფლებას.

არსებობს არჩევნები და შეუძლია ნებისმიერს, ვინც ბოლო-ბოლო მაინც ვერ დარწმუნდება, რომ საქართველო მიდის ევროპული გზისკენ, თავისი არჩევანი დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს, მაგრამ ქვეყნის დესტაბილიზაციის, არჩევნების საბოტაჟისა და ხალხის ემოციებზე თამაშის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. ამ დღეებში კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია გვექნება ჩვენ მოქალაქეებთან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესანიშნავი დღეა ფულადი ტრანზაქციებისა და შესყიდვებისთვის. დროა შემოსავლის ახალ წყაროებზე და მოგებიან ინვესტიციებზე იფიქროთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ინდივიდუალური. თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

კურო

წვრილმან საკითხებზე ბევრი დრო რომ არ დაკარგოთ, გირჩევთ ეს დღე ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საქმით დაიწყეთ. ნუ აჩქარდებით, რათა შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც ფინანსურად დაგაზარალებთ. თქვენი ორატორული უნარების დამსახურებით, საკუთარ სიმართლეში ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი თანამოსაუბრის დარწმუნებასაც შეძლებთ.

ტყუპები

ფხიზლად იყავით და ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც ამ დღეს გეუბნებიან ან გთავაზობენ. იფიქრეთ ოჯახური ბიუჯეტის შევსებაზე და ეცადეთ, დამატებითი შემოსავლის წყაროები იპოვოთ. არსებობს შეცდომის დაშვების საფრთხე, ამიტომ ყველა საბუთი ყურადღებით უნდა წაიკითხოთ. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომლისგანაც გრძნობთ, რომ თქვენი შურს.

კირჩხიბი

ამ დღეს მეტისმეტად ბევრი სამუშაო გელით. ყველაფერი დროულად რომ მოაგვაროთ, გირჩევთ ზოგი პასუხისმგებლობა კოლეგებს ან ახლობლებს გაუნაწილოთ. მშვენიერი დღეა გაწყვეტილი კავშირების განახლებისთვის. დროა, საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ – გულახდილი საუბარი პრობლემის გადაჭრასა და გაუგებრობების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.

ლომი

რომელიღაც რთული საკითხის სამომავლოდ გადადება აღარ გამოვა. შეიძლება ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგიწიოთ, მაგრამ 18 აპრილს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. თუ ახლობელი ადამიანი დახმარებას გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით, გამორიცხული არ არის, რომ მალე მისი დახმარება თავად დაგჭირდეთ.

ქალწული

ამ დღეს რთული პრობლემის გადაჭრაში გამოცდილი მეგობრები დაგეხმარებიან. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს. ოჯახში დაძაბულობის ასაცილებლად გირჩევთ, საკუთარი გეგმები ოჯახთან ერთად განიხილოთ და გადაწყვეტილების მიღებისას მათი აზრი გაითვალისწინოთ.

სასწორი

ბოლო დროს ბევრი მუშაობა გიწევთ. ეცადეთ, ეს მოცემულობა შეცვალოთ და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. დღეს მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი სიჯიუტის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

მორიელი

ექსპერიმენტის სურვილი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. საკუთარი უნარების სრულად გამოვლენის ნუ შეგეშინდებათ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და ოჯახური ბიუჯეტის განსახილველად. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ, რისკები და მოსალოდნელი სარგებელი შეაფასოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, უფრო პრაქტიკულად და რეალისტურად იაზროვნოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ და მათთვის დრო უნდა გამონახოთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით – ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და ახალი თანამოაზრეები შეიძინოთ.

თხის რქა

დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან ირონიული შენიშვნით შეიძლება თანამოსაუბრე ძალიან შეურაცხყოთ. ამის გამო თავადაც გული დაგწყდებათ, ამიტომ ეცადეთ, დღეს საკუთარი სიტყვები მაქსიმალურად აკონტროლოთ.

მერწყული

ეცადეთ, სახლისა და საკუთარი თავისთვის დრო გამონახოთ. თუ გრძნობთ, რომ ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამის დროის გამონახვა უნდა მოახერხოთ და თუნდაც თბილი სიტყვებით გაამხნეოთ.

თევზები

მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და ეცადეთ, შექმნილი ვითარება რეალურად შეაფასოთ. ეცადეთ, პირველ რიგში ძველი, მოსაწყენი საქმეები დაასრულოთ და ამის შემდეგ ახალი პროექტები დაიწყოთ. გახსოვდეთ, მთავარია, არ აჩქარდეთ.

აქციის მონაწილეები „იმედისა“ და „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ „იმედისა“ და „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფებს.

აქციის მონაწილეები გადამღები ჯგუფის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და ხელს უშლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში. ამასთან, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „პოსტივის“ ოპერატორს.

როგორც „იმედის“ ჟურნალისტმა, ანუკი ჩხიკვაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთს ესროდნენ.

„ვცდილობთ, გავაგრძელოთ მუშაობა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა, როგორც იცით, მესამე დღეა, განსაკუთრებულად გვიჭირს „იმედის“ კორესპონდენტებს აქ მუშაობა. ეს ადამიანები ჩვენ მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. რამდენიმე წუთის წინ გამოგვყვნენ და სხვადასხვა ნივთს გვესროდნენ. ასევე შეძახილების თანხლებით მოგვყვებოდნენ. ასევე, აქ იყო ფიზიკური დაპირისპირება „პოსტივის“ ოპერატორსა და ამ ხალხს შორის. აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ „პოსტივის“ ოპერატორს, რის შემდეგაც პოლიცია ჩაერია და სიტუაცია განმუხტა. ცოტა ხნის წინ განსაკუთრებულად დაძაბული სიტუაცია იყო. პოლიციის მოწოდების მიუხედავად, აქტივისტები მაინც ცდილობდნენ, კორდონი გაერღვიათ. ჩვენ პოლიციელების დახმარებით გამოვედით გარეთ, მაგრამ ჩვენთვის აქციაზე მუშაობა განსაკუთრებულად რთულია, რადგან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ეს ადამიანები ჩვენ მიმართ“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი – კალაძე

ყველა ვართ მზად დებატებისთვის, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ,  – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
მისივე განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მხოლოდ დეკლარაციის შევსებას გულისხმობს.
„ყველა იმ კანონპროექტთან შედარებით, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია. ერთადერთი მოთხოვნაა წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ფაქტების კონსტატაცია მოხდება, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი მოგონილია. პოლიტიკური სპეკულაციებში გადაყვანასა და სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ვიღაცას შეიძლება მართლა დააჯერეს, შეცდომაში შეიყვანეს. მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის კანონპროექტის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები მოისმინოს და მასზე იმსჯელოს.
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ევროკავშირის ელჩებს, ღია პლატფორმაზე გამართონ დისკუსია, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. ამისთვის ყველა მზად ვართ, თუ რაიმე არგუმენტი არსებობს მის საწინააღმდეგოდ მოვუსინოთ და ვიმსჯელოთ. ჩვენ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი. ევროპული ღირებულებებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ მათ მაგივრად შეიძლება სხვები იყვნენ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში – კახა კალაძე

„ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ამ ღირებულებებით გვინდა ჩვენ  ევროპა და ევროპული მომავალი”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა Live -ის ეთერში განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, მიუხედავად   უამრავი წინააღმდეგობისა და ხელოვნური ბარიერებისა,  „ქართულმა ოცნებამ”  ევროინტეგრაციის გზაზე  ყველაზე დიდ და  ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია.  მისივე თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ამ პროცესში  საქართველოს ინტერესების და  ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების სრული დაცვით იმოქმედა.
„თუ რამე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების”  პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ჰქონდათ, როგორმე ხელი შეეშალათ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის, კანდიდატის სტატუსისთვის. მიუხედავად  ყველაფრისა, ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და რისთვისაც სისხლი დაიღვარა. ჩვენთვის ძვირფასია ქართული კულტურა, ჩვენი ტრადიციები.  რას ვიცავთ? ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ვიცავთ ოჯახის ინსტიტუტს და ამ ყველაფერის შენარჩუნებით გვინდა ევროპული მომავალი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

📌ვაჟა სირაძემ მითხრა, შეგიყვან კობახიძესთანო, მაგრამ შუა გზაში გადაიფიქრა – ლევან ხაბეიშვილი

ხალხს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი, ის ვალდებულია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში არის ადამიანი, რომელის ხელმძღვანელობითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეიქმნა და სწორედ მან უნდა გასცეს საზოგადოებას პასუხი.

„აქ ზის ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეს კანონი შეიქმნა და მიიღეს, შესაბამისად, ხალხს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი, ის ვალდებულია.

მე ვიცი, რომ მას ეშინია, ხომ თქვა მდინარაძემ, მე რომ გამოვიდე და რამე მომივისდეს, აბა, ახლა თავს ხო არ შევწირავო, ეშინიათ. მე მზად ვარ, ვაჟა [სირაძე] მოვიდა, არაფერი არ დამიშავებია, შევახსენე, რომ ქურდია და გაიქცა. მე მარტო ვარ, ვაჟას, რომ ველაპარაკე, არ შემიჭამია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ კვლავ მზად არის შეხვდეს კობახიძეს:

“ვაჟა სირაძემ თქვა, აბა წამოდი და შეგიყვანო, შენ მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? კი- მეთქი. წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა და იქ დადგა და ახლა ვერაო, არ გამოვაო. ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რაზეც ყველა ჩამოყალიბებულია – ეს არის კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი წაიღონ უკან. მე მართლა მზად ვარ, პრემიერ-მინისტრს თუ არ ეშინია, ხილვები თუ არ აქვთ, არაფერს არ დავუშავებ. საუბარი მინდა ერთადერთ რამეზე, ის ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს, ასი ათასობით მოქალაქეს აყენებს ამ მდგომარეობაში და აპირისპირებს პოლიციასთან. ეს არ არის კარგი და ამიტომ ეს კანონი უნდა წაიღონ უკან. მაგრამ მათი ამოცანაა არეულობა. როგორც კი კორუფციაზე დავუწყე საუბარი ვაჟა სირაძეს და ფულზე- ის კანონს კი არ იცავს, მის ფულს იცავს, სირაძეც, გომელაურიც, კობახიძე – მაშინვე დატოვა ტერიტორია და გაიქცა ისიც. ალეკო ელისაშვილზეც ვკითხე და თქვა, რომ მას განვარიდებთო, მაგრამ ალეკოს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, ესეც დავინახეთ ყველამ, მაგრამ თქვეს არ ვაკავებთო, მაგრამ მატყუარა, აფერისტია, ვაჟა სირაძის სიტყვა დაიჯერება ამ ქვეყანაში, თუ კობახიძის?!”, – აღნიშნა მან.

ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ხაბეიშვილსა და სამართალდაცველებს შორის დაპირისპირება იყო. ხაბეიშვილი ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ გაიყვანა