Home Blog

“საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა” – ზელენსკი

საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსების მიერ კანევისა და დნესტრის ჰიდროელექტროსადგურების მიზანმიმართული დაბომბვა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვისთვისაც.

„ტერორისტ ქვეყანას ხერსონის ოლქში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის გამეორება სურს. მაგრამ ახლა საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვაცაა. წყალი სასაზღვრო ბოძების წინ არ გაჩერდება, ისევე როგორც არ გაჩერდება რუსული ომი, თუ ერთად და დროულად არ გავაჩერებთ მას უკრაინაში“, – წერს ზელენსკი.

N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა.

კერძოდ, ავტობუსი ნუცუბიძის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, პირდაპირ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუხვევს და მინდელის ქუჩაზე აღარ გადაადგილდება.

„N326 მინდელის ქუჩას უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც არ გაივლის. ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ანჯაფარიძის ქუჩის გავლით, პირდაპირ დაუკავშირდება ნუცუბიძის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

სამუშაოებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

გზის მოწესრიგების შემდეგ, N326 დადგენილ მარშრუტს დაუბრუნდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“პოლიტიკურად რომ “დაჩაქუჩდებიან” ხელმოცარულები, მავნებელი ოპოზიცია, მერე, 2024 წლის ოქტომბერში მიხვდებიან, რა რეიტინგი აქვს “ქართულ ოცნებას”

პოლიტიკურად რომ “დაჩაქუჩდებიან” ხელმოცარულები, მავნებელი ოპოზიცია, მერე, 2024 წლის ოქტომბერში მიხვდებიან, რა რეიტინგი აქვს “ქართულ ოცნებას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მმართველი პარტიის რეიტინგის თაობაზე ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ოდიშარიამ უპასუხა კითხვას, რომ “ლელო” UEFA-სტატიას აკრიტიკებს, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის როლზეა საუბარი.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ნახევარი პარლამენტი ფეხბურთშიც ვერ ერკვევა.

“პოლიტიკაში და პიარში რომ ვერ ერკვევიან, ეს ცხადია. ახლა აღმოჩნდა, რომ ნახევარი პარლამენტი ფეხბურთშიც ვერ ერკვევა. სამშობლო რომ არ უყვართ, ეს დიდი ხანი ცნობილი იყო. ამბობენ, რომ თურმე ფედერაცია არაფერ შუაშია და მოედანზე უნდა დარბოდეს ყველა, ვინც გამარჯვებაში იქნება “დამნაშავე”. ეტყობა არ სმენიათ, რომ მსოფლიოს არცერთი ფედერაციის არც პრეზიდენტი, არც ვიცე-პრეზიდენტი, არც ჩინოსანი არ დარბის მოედანზე ისე, როგორც მწვრთნელი. ყველას თავისი საქმე აქვს და წარმატებას ასევე აკეთებს გულშემატკივარი, რომელიც ასევე არ დარბის მოედანზე, მაგრამ თავისებურად იღებს მნიშვნელოვან ემოციურ წვლილს შედეგში. საქართველოს არანაირი წარმატება არ უხარიათ. მათ შორის, ერთმა გამოაცხადა, რომ უკრაინაა ახლა ოქროს მედალოსანი – რა შუაშია? საერთოდ, უკრაინა რა შუაშია ქართველი ბიჭების გამარჯვებასთან, საქართველოს ფეხბურთის ამ დიდ წარმატებასთან? იქნება და “ევრონესტის” ის უკრაინელი დეპუტატებიც არიან ამ წარმატებაში მონაწილენი? ეს არის უბედურება – ცალ ფეხზე დამდგარი, კოლონიალისტური სინდრომით შეპყრობილი პოლიტიკოსების და მომხვეჭებლური, ანგარებიანი პოლიტიკური დღის წესრიგით სრულიად გაჟღენთილი (დამატებული ბოღმა) ადამიანების მიდგომა საკუთარი ქვეყნის წარმატებისადმი”, – განაცხადა ოდიშარიამ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი ყოფილი თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილის და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს არ წარმოადგენენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აღნიშნული პირების მუშაობის პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მარტისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6953 ლარი ეღირება, ევრო – 2.9063 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4007 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ღირდა, ევრო – 2.9112 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4035 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 მარტს ამოქმედდება.

საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბერში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პ.გ.-მ ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა.

„აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებულ იქნა.

სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

“ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით” – პრემიერი

ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5 % და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქსტატის ანგარიშს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

„ყველაფერი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021-ში, 2022-ში, შარშან გვქონდა 7.5 %, ახლა, თებერვალში გვაქვს 9.5%. საბოლოო ჯამში, გვაქვს იმედი, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იქნება შარშანდელზე უკეთესი. ეს არის მთავარი, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, მოსახლეობის დაახლოებით 15% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, სწორედ ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს, ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, იგივე სიღარიბის შემცირების კუთხით, გვექნება ეკონომიკური წინსვლა,“- განაცხადა პრემიერმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა.

“უცხოეთში მყოფმა ქართველებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის მიმდინარე წლის არჩევნებისთვის დამატებითი უბნების გახსნას მხარს უჭერს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მისივე განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, ქართველებმა საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ.

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის. ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!“- წერს სააკაშვილი.

“სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არ აქვს არჩევნებზე საუბრის მორალური უფლება, რადგან ვეტოს გამოყენებით პირდაპირ მხარს უჭერდა ცესკო-ში ჩიხის შენარჩუნებას”

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტს საერთოდ არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, რადგან ის თავისი ვეტოთი პირდაპირ მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად, რატომ? იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს ხვდებოდეს კალანდარიშვილს, ეს ერთი და მეორე – მას საერთოდ არ აქვს მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე, რადგან თავის ვეტოთი პირდაპირ მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი და ეს სპეკულაციებიც, რომელსაც შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია. ამ კამპანიას შეუერთდა დღეს კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანი არის, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია” – ირაკლი კობახიძე

მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მის კომუნიკაციას შეეხებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ტიპის რჩევა მისცა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურს, პრემიერმა ასე უპასუხა:

„რჩევები არის ჩვენი შიდა საქმე. რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს, მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი შიდა საქმე. ყველაფერი, მერწმუნეთ, წარიმართება ისე, როგორც გათვალისწინებულია პარტიის წესდებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მთავარი პოლიტიკური მრჩეველი და სწორედ, ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილებასთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარესთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას მართავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს, რაც, ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ხარვეზია.

„ჩვენ შევიკრიბეთ მეორედ, ამჯერად ცესკო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან ერთად და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან, რათა განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დიასპორისთვის ხმის მიცემის საშუალების გამარტივებას ეხება. ეს საკითხი დიდი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და საინტერესოა არა მხოლოდ დიასპორაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოში მყოფი მოქალაქეებისთვის. პრაქტიკულად, ყოველ ოჯახში არის ვიღაც, რომელიც წასულია და ცხოვრობს საზღვარგარეთ. ამდენად, საკითხის მიმართ ერთობლივი ინტერესი არსებობს საქართველოში მაცხოვრებელი მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების მხრიდან. ჩვენ უკვე გვქონდა ერთია შეხვედრა, ასევე ორი საუბარი „სკაიპით“ დიასპორის წარმომადგენლებთან, რასაც გავაგრძელებთ. საჭიროა, განვიხილოთ, რა ვითარება არსებობს.

პირველი მნიშვნელოვანი ხარვეზი არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში, უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც საკმაოდ გაუგებარია. მთელი პროცესი დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნის შესახებ.საკონსულოებიდან საგარეოს უნდა გადაეცეს ინფორმაცია უბნების გახსნის თაობაზე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადმოსცეს ცესკო-ს. ეს არის პირველი ეტაპი. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ჩატარდეს საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია, საინფორმაციო კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერი გაკეთებული არ არის. ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია მნიშვნელოვანია ახლა და არა ოთხ-ხუთ თვეში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შემდეგ ეტაპზე ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროზე არის დამოკიდებული საარჩევნო აღრიცხვა, რეგისტრაცია, სიების გადაცემა ცესკო-სთვის. მისივე თქმით, ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობა საჭირო.

„ვიდრე დრო არის, ეს უნდა გამოსწორდეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად ყველა ხარვეზი გამოსწორდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის თანახმად, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკონსულო აღრიცხვაზე თუ არიან და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, იქ გაიხსნას საარჩევნო უბანი. ამაზე კანონი არსებობს, მეორე მხრივ კი ოფიციალურად გვეუბნებიან პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა აცხადებს, რომ ვერ და არ შეასრულებენ ამ კანონს. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნითო, კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ შეუძლებელიაო. ხან ამბობენ, რესურსები არ გვაქვსო, ხან ყოველ პადიეზდში არ გავხსნითო, რაც ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება გაკეთდეს.

ჩვენ მომავალ კვირას კიდევ გვექნება შეხვედრა ელჩებთან და საკითხი შეიძლება მოგვარდეს. რამდენადაც ვიცი და თუ ასე არ არის, მზად ვარ, მოვისმინო შესწორება, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი საუბარი არ ყოფილა აქ მყოფ ელჩებთან, რათა ამ საკითხმა წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები. ეს არის სრულიად შესაძლებელი. ამის მაგალითი არსებობს ძალიან ახლოს ჩვენთან, მოლდოვამ ჩაატარა არჩევნები და 150 საარჩევნო უბანი გახსნა არჩევნებისთვის. მოლდოვას თუ შეუძლია, ალბათ ჩვენც შეგვიძლია და რატომ ვამბობთ, რომ ამისი რესურსები არ გვაქვს. გასულ შეხვედრაზე განცხადება მოვისმინე ცესკო-სგან, რომ გვაქვს რესურსები, რაც იქნება საჭირო დამატებითი უბნების გასახსნელად, თუ მივიღებთ ინფორმაციას საგარეოსგან. ამიტომ ვამბობ, რომ ერთგვარი პინგ-პონგია დაწყებული – საგარეოსგან თუ მივიღებთ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, დავიწყოთ მუშაობა უბნების გახსნაზეო.

სხვადასხვა ქალაქში, სადაც ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის სივრცეები – ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართი, რასაც იყენებენ დიასპორული ორგანიზაციები და აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდო, ან ვიმუშაოთ, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, ასეთი სივრცე მოვიპოვოთ. არსებობს პრაქტიკაც, მოლდოვის მაგალითზე, როცა პარტნიორი ქვეყნები ჩვენს სასარგებლოდ გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი გამოსავალია.

მთავარია, ადგილი არ ჰქონდეს არავითარ დისკრიმინაციას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და ჩვენ შევუწყოთ ხელი. გასაგებია, რომ ყველგან და ყველა ადგილას, სადაც 50 ადამიანი ცხოვრობს, ალბათ შესაძლებლობა არ იქნება უბნების გახსნის, მაგრამ უნდა დაიწყოს პროცესი, რომ რამდენიმე ქვეყანაში, ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობაა დიასპორის, გაიხსნას საარჩევნო უბნები. ეს პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც შემდგომ არჩევნებში ალბათ კიდევ სხვა ფორმას მიიღებს.

დღევანდელი ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას მივცეთ საარჩევნო უფლება და არ გამოვიყენოთ მათ მიმართ არც დისკრიმინაცია, არც შეურაცხმყოფელი გზავნილები, რაც ჩემთვის და, მგონი, მთელი საზოგადოებისთვის გაუგებარია. არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, როდესაც ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას, პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ. საჭიროა, მათ, ვინც იქ მოღვაწეობოენ ან წვალობენ კიდეც, მივცეთ ის საშუალება, რაც ეკუთვნით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა” – პრემიერი

საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

„გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მისთვის გაეროსთვის მიმართვა არის პატარა ტრიუკი, რომლითაც ცდილობს გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას, თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა. ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რა დანაშაული ჩაიდინა გვარამიამ, კონკრეტულ შემთხვევაში. წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია თავიდან ვერ აირიდებს”, – განაცხადა პრემიერმა.