Home Blog

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა,  ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ტარდება. დაჯილდოება 14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ნატო ვაჩნაძის ფონდის მთავარი პარტნიორები არიან ‘’თეგეტა’’, ‘’თეგეტა ქარსი’’,  გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე “სარაჯიშვილი”, “გალფი”, ‘’Rooms Hotels’’ და სხვა.

“ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.  ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.

წელს პრემია “ელისო”  სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები.

“ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას – ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.

ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი.
საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.

მსურველებს პრემიაზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: ElisoAwards
ნატო ვაჩნაძის ფონდის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ვებ-გვერდზე: www.natovachnadze.com

R

ბრიტანეთმა ლტოლვილთა გასაძევებლად კანონი მიიღო – რა ეშველებათ მიგრანტებს?

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო კანონი თავშესაფრის მიღების მსურველი მიგრანტების რუანდაში გაგზავნის თაობაზე“ – ნათქვამია BBCის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ბრიტანეთმა მიიღო კანონი ლტოლვილთა რუანდაში გასაძევებლად, თუმცა დეპორტაცია ჯერ კიდევ შორსაა“ (ავტორი – დომინიკ კაშანი).

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

კონსერვატორების მთავრობას იმედი აქვს, რომ შუაგულ აფრიკაში მდებარე ქვეყანაში ყოფნის პერსპექტივა დააფრთხობს იმ ათასობით პოტენციურ არალეგალურ მიგრანტს, რომლებიც დიდი ბრიტანეთისაკენ ნავებითა თუ სხვა საშუალებებით მიემართებიან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, იმიგრანტებით დატვირთული პირველი თვითმფრინავები ლონდონიდან კიგალისაკენ – აფრიკის ტროპიკული ქვეყნის დედაქალაქისაკენ – უკვე ორი-სამი თვის შემდეგ გაფრინდებიან.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ყველანაირად ებრძვის ქვეყანაში არალეგალური მიფრანტების მოზღვავებას, რაც ხშირად მათი სიკვდილით მთავრდება. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ პატარა ნავით ლა-მანშის სრუტის გადაცურვის დროს კიდევ ხუთი ადამიანი დაიხრჩო, მცირეწლოვანი ბავშვის ჩათვლით. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი დიდ ბრიტანეთში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდა უკვე 6 ათასმა მიგრანტმა უკანონოდ შეაღწია.

სად ბრიტანეთი და სად რუანდა!

დიდმა ბრიტანეთმა შორეულ რუანდასთან ჯერ კიდევ 2022 წელს გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ბრიტანეთში შეღწეული მიგრანტთა თხოვნები თავშესაფრის მიღების საკითხზე რუანდის ხელისუფლების მიერ იქნება განხილული და თუ თხოვნაზე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მიგრანტს შეუძლია რუანდაში დარჩეს, იცხოვროს, იმუშაოს და ტროპიკული აფრიკის თვალწარმტაცი ბუნებით დატკბეს. მათთვის იქ საკმაოდ კომფორტული პირობები იქნება შექმნილი.

სხვათა შორის, რაიმე ეჭვები რომ არ წარმოქმნილიყო რუანდაში დემოკრატიიისა და უსაფრთხო სიტუაციის თაობაზე, დიდმა ბრიტანეთმა ეს აფრიკული სახლმწიფო წინასწარ უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

კანონპროექტი მიგრანტთა რუანდაში გადაყვანის თაობაზე ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე შემუშავდა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის სუელა ბრავერმანის მიერ (რომელიც წარმოშობით აფრიკელია, კენიიდან).

„კანონპროექტის მიზანია ჩაუნერგოს და შთააგონოს მიგრანტებს აზრი, რომ დიდ ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევა, კრიმინალ-კონტრაბანდისტთა დახმარებით, სიკვდილის ტოლფასია და რომ ლონდონი მათ შუამავლობას სთავაზობს ალტერნატიული თავშესაფრით დაკმაყოფილებისათვის, უსაფრთხო მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია მთავრობის დასაბუთებაში კანონპროექტის მისაღებად.

მომხრენი და მოწინააღმდეგენი

მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ და მეორე მხრივ – ადამიანთა უფლებების დამცავმა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუანდა უსაფრთხო ქვეყნის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებსო, ორი წლის განმავლობაში კონსერვატორული მთავრობა ოპონენტებთან და უფლებადამცველებთან დავა-კამათს არ წყვეტდა.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მიღებას 52 ათასი არალეგალი მიგრანტი ელოდება, მაგრამ კანონის მიღების შემდეგ ისინი „ნისლიანი ალბიონის“ ნაცვლად შეიძლება სპილოებითა და ნიანგებით მდიდარ რუანდაში აღმოჩნდნენ, აფრიკის დიდი ტბების რეგიონში (გახსოვთ ფილმი „აფრიკელი“?).

პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის განცხადებით, რუანდაში თვითმფრინავები იმავწუთს გაფრინდებიან, როგორც კანონი ძალაში შევა, ანუ 12 დღის შემდეგ მეფის ხელმოწერის დღიდან. სამთავრობო სტრუქტურების 500 თანამშრომელი უკვე მზადაა აფრიკაში დეპორტირებულები კიგალამდე გააცილონ. „გეგმები უკვე ზედმიწევნით დეტალურად არის შედგენილი. ავიარეისები ზუსტად შესრულდება, რაც არ უნდა მოხდეს. ყოველთვიურად ათობით რეისი განხორციელდება. ეს იქნება ჩვენი ისეთი საშუალება, რომ სისტემატურად დავაშინოთ მიგრანტები და ამით ისინი ლა- მანშის სრუტეში სიკვდილს გადავარჩინოთ“, – ხაზი გაუსვა რიში სუნაკმა.

თუმცა, როგორც სკეპტიკოსები თვლიან, დეპორტირებუების თვითმფრინავებით გადაყვანა, თუნდაც რეისები ყოველდღიურად შესრულდეს, მაინც დიდ დროს მოითხოვს. გასათვალისწინებელია ბევრი უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაც, რომ ისინი ყველანაირად დაეხმარებიან მიგრანტებს თავიანთი უფლებების დაცვაში, რათა მათ სასამართლოში დეპორტაციის გასაჩივრება შეძლონ.

რა ეშველებათ მიგრანტებს?

2022 წელს დიდ ბრიტანეთში ზღვით, პრიმიტიული ნავებით, 45755 იმიგრანტი შევიდა. 2023 წელს მათი ნაკადი მნიშვნელოვნად სემცირდა, მაგრამ მაინც მაღალი დარჩა – 29437 ადამიანი. მიმდინარე 2024 წლის დასაწყისიდან ბრიტანეთის ტერიტორიამდე უკვე მიაღწია 4600 მიგრანტმა. ამიტომ თავშესაფრის ყველა მსურველის ერთბაშად გაძევება უახლოეს თვეებში არ მოხერხდება.

სავარაუდოდ, ბრიტანეთის მთავრობას სამ წელზე მეტი დაჭირდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში 15 ათას იძულებით დეპორტაციას მოახდენს (უკანასკნელად მსგავის მასობრივი დეპორტაცია 2012 წელს განხორციელდა).

კანონის მიღების შემდეგ მიგრანტებს სასამართლოებში ცუდი დღე დაუდგებათ, რადგან თემიდის მსახურებს უფლება ეძლევათ ყურადღება არ მიაქციონ ადამიანის უფლებების დაცვას, რომლებიც ბრიტანულ კანონებშია ჩადებული. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ სპეციალიზებული საექსპერტო ორგანიზაციები შეეცდებიან სასამართლოებს იურიდიულად შეუშალონ ხელი ამ გეგმის პრაქტიკულ განხორციელებაში.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

 

„აგრო იმპექსმა”, თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა”, თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, საირიგაციო წყალსაცავზე საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა.

 

216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური, სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას 31 200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს.

საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. შედეგად, „აგრო იმპექსის” ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება და კომპანია ყოველწლიურად საშუალოდ 32 400 დოლარს დაზოგავს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 177 000 დოლარია, საიდანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა – 85 000 დოლარს, თიბისის აგრო სესხით მხარდაჭერა კი 92 000 დოლარს შეადგენს. 

“აგრო იმპექსი” „აგრო ჰოლდინგის” ჯგუფში შემავალი კომპანიაა და გარდაბანში 70 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ სიმინდის ყანებს ფლობს. თიბისი, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, 9 წელია „აგრო ჰოლდინგის” ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია. 

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, განახლებადი ენერგორესურსებითა და  ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, ბიზნესის მხარდაჭერასა და მათ საპილოტე პროექტებში ჩართვაში ეხმარება.

USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.

 

R

 

თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელიე ბავშვობის ახდენილი ოცნება, მთავარი გატაცება და შემოქმედებითი უნარის გამოვლენის საუკეთესო ასპარეზია. ყველაფერი ერთ ზაფხულს დაიწყო, როცა სოფელში არდადეგებზე ჩასულმა გოგონამ პირველად ნახა საკერავი მანქანა. ამ უჩვეულო ნივთმა ცნობისმოყვარეობა იმდენად გაუღვივა, რომ ძველი მანქანა ააწყო, გამართა და თოჯინას ტანსაცმელი შეუკერა.

„ნაყიდი, მზა ტანსაცმელი არასდროს მომწონდა. ჩემი შეხედულების და გემოვნების მიხედვით გადავაკეთებდი ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს მცმია ის, რაც მიყიდეს. როცა წამოვიზარდე, ამ მიმართულებით სწავლა არ მიფიქრია, მაგრამ კერვა ყოველთვის რჩებოდა ჰობიდ. მსიამოვნებდა ქსოვილთან მუშაობა და თავისუფალ დროს ხშირად ამ საქმიანობას ვუთმობდი. მერე დავოჯახდი, შემეძინა შვილი და შთაგონების წყარო უკვე შვილი აღმოჩნდა – დავიწყე ბავშვისთვის კერვა. ტანსაცმელთან ერთად, ლამაზ სათამაშოებსაც ვკერავდი. იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეს პროცესი, რომ გადავწყვიტე, ამ საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. მსურდა, გამეკეთებინა პატარა ატელიე. მაშინ ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი მომხმარებელი მეყოლებოდა. როგორც ბიზნესზე საერთოდ არ მიფიქრია. თუმცა, გარკვეულწილად, მომხმარებელსაც ვითვალისწინებდი, რადგან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა“.

დიდ დიღომში მდებარე ატელიე, სადაც სოფო ორ მკერავთან ერთად ქმნიდა ტანსაცმელს (თავად ტანსაცმლის მოდელირებას აკეთებდა, გოგონები კი კერავდნენ) 2020 წლის თებერვალში გაიხსნა – ბიზნესისთვის ყველაზე არახელსაყრელ დროს. გახსნიდან მალევე პანდემია დაიწყო და ახალწამოწყებული საქმეც ნაწილობრივ შეჩერდა. თუმცა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც მოიძებნა.

„პანდემიისას, როცა ყველაფერი დაიკეტა, 3-4 თვე შინიდან მუშაობა მომიხდა. შევქმენი ჩემი ატელიეს ფეისბუქ-გვერდი, სადაც მოდელებს ვათავსებდი. ამან, ჩემდა გასაკვირად, ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მაინცდამაინც ფინანსური მოგება არ მამოძრავებდა, უბრალოდ არ შემეძლო, არაფერი მეკეთებინა. ის თვეები ძალიან კარგად ვიმუშავე. საკურიერო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება ადრეც მქონია, ამ პერიოდში კი ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. უამრავი ადამიანი დამიკავშირდა, ვისაც ონლაინ სურდა ტანსაცმლის შეძენა|“.

იმ თვეებში, დისტანციაზე მომუშავე ატელიე, ძირითადად, სპორტულ ორეულებს ამზადებდა და შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად ყიდდა – მოგება 5-10 პროცენტი თუ იყო. პანდემიის დასრულების და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ „ლა მოდი“ ყველა ტიპის ტანსაცმლის კერვაზე გადავიდა – დღეს აქ იკერება კოსტიუმები, საქორწინო და საღამოს კაბები თუ სპორტული სტილის ტანსაცმელი. ონლაინ მაღაზია დღემდე აქტიურად მუშაობს და უამრავ მომხმარებელს ემსახურება, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

„საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში დიდი მოთხოვნაა ქართულ პროდუქციაზე. ტანსაცმელს რაღაც ქართული, სახასიათო ელემენტი უნდა ჰქონდეს – ეროვნული ორნამენტი, ან თუნდაც უბრალოდ ქართული წარწერა. საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში, სადაც ვაგზავნით პროდუქციას, ეს სამოსი დიდ ინტერესს იწვევს“.

ბიზნესის წამოწყება და პირველადი ტექნიკის შეძენა პირადი დანაზოგით მოხერხდა, მაგრამ ყოველ 2-3 წელიწადში საჭიროა მანქანების განახლება და მათი ახალი თაობის ტექნიკით ჩანაცვლება, რაც უკვე თიბისი ბანკის დახმარებით მოხდა. თავდაპირველად „ლა მოდში“ 3 საკერავი მანქანა მუშაობდა, დღეს ტექნიკის რაოდენობა გაორმაგებულია. ატელიეში უკვე ხუთი მკერავია დასაქმებული. აქ არა მხოლოდ „ლა მოდის“ ტანსაცმელი იკერება, არამედ სხვა ბრენდებისგან მიღებული შეკვეთებიც სრულდება. გარდა მზა მოდელების შეთავაზებისა, ატელიეში გადაკეთების სერვისიც მუშაობს – „ლა მოდი“ მომხმარებელს სთავაზობს მათ მიერ მაღაზიაში შეძენილ ტანსაცმელში ამა თუ იმ დეტალის შეცვლას და ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებას. ამ მომსახურებითაც ბევრი სარგებლობს.

ატელიე სულ მალე შოურუმის გახსნას გეგმავს.

“შოურუმი აღაშენებელზე იქნება. ამისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შევარჩიეთ, გვინდოდა, ძველისა და ახლის შერწყმა ყოფილიყო. შოურუმში წარმოდგენილი იქნება კაბები, პიჯაკები და შარვლები და, რა თქმა უნდა, სპორტული ხაზიც. დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა ქეჟუალ, სპორტული სტილის სამოსზე, რომელშიც ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ამის საშუალებას კი ჩვენი ტანსაცმელი სრულად იძლევა“.

R

საქართველოს კურსი უცვლელია -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს კურსი უცვლელია – ქვეყნის ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან.

„მამული, ენა, სარწმუნოება – დიდი ქართველი მოაზროვნის, წმინდა ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გზა გვაქვს გასავლელი. საქართველოს კურსი უცვლელია – ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება, იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ღირებულებებია. სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ. ევროპული ღირებულებები, პირველ რიგში, გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ყოველდღიურობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა წარმატება, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ უკავშირდება.

„ოჯახის ინსტიტუტი, რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა იყო და არის ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციით არის გამყარებული. ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ზოგადად, ყველა წარმატება, რაც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს, ასოცირდება იმ გუნდთან, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. დღეს ჩვენი ვალდებულებაა – გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ის მთავარი საუნჯე, რასაც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფო და ამ ღირებულებებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის წინ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მინდა, მივმართო ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი: მოდით 29 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე. 20:00 საათზე დაიწყება ოფიციალურად ღონისძიება. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი დღისთვის. მოდით, რათა ყველას გავაგონოთ, რომ მთავარი და უმთავრესი არის სამშობლო – საქართველო უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეკრების დისკრედიტაციას შეგნებულად ეწევიან.

„ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მოვიდეს აქციაზე და მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და გაძლიერებას. ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, საჯარო მოხელეებსაც კი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თიბისი კაპიტალი Global Finance-მასაქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

 

საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.

საინვესტიციო საბანკო საქმიანობა

2023 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა – ჯამში 16 განთავსების მთლიანმა მოცულობამ, 372 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელს თიბისი კაპიტალის კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის წილმა 56% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ლარის ობლიგაციების 91% თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა.

2023 წელი თიბისი კაპიტალისთვის გამორჩეული იყო ინოვაციური პროდუქტების კუთხითაც:

  • გამოუშვა პირველი საცალო ლარის ობლიგაციები
  • გამოუშვა პირველი უზრუნველყოფილი საცალო ობლიგაციები
  • გამოუშვა პირველი მწვანე ლარის ობლიგაციები
  • მონაწილოება მიიღო მდგრადობასთან დაკავშირებული უმსხვილესი დოლარის განთავსებაში საქართველოში
  • ჰქონდა რამდენიმე სადებიუტო ობლიგაცია და შედეგად, 5 ახალი ემიტენტი გამოჩნდა ბაზარზე

 

კვლევები

 

აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, კვლევები თიბისი კაპიტალისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს წვდომა აქვთ მაკროეკონომიკურ და სექტორულ ანალიზზე, განახლებებსა და პროგნოზებზე. 2023 წელს, თიბისი კაპიტალმა 200-ზე მეტი პუბლიკაცია გამოაქვეყნა და ეკონომიკის 10 ახალი სექტორი დაფარა. თიბისი კაპიტალმა აღნიშნული პუბლიკაციები აუდიტორიას ჯამში 50-მდე ინდივიდუალურ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე გააცნო. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალმა პირველმა გააანალიზა და გაუზიარა პარტნიორებს – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობები საქართველოსთვის და ქართული ბიზნესებისთვის.

საბროკერო მიმართულება

 აქტიურია თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებაც. 2023 წელს, ამ მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობა 250 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 780 მლნ დოლარი შეადგინა ზრდა თიბისი კაპიტალის მუდმივად განვითარებადმა სერვისებმა განაპირობა, რაც გულისხმობს პერსონალური მრჩევლის მომსახურებას ფიზიკური პირი ინვესტორებისთვის და კორპორაციების შემთხვევაში – ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში დახმარებას. საბროკერო მიმართულებით, თიბისი კაპიტალი აქტიურად განაგრძობს აქციების და ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვების გამოქვეყნებას.

 

საინვესტიციო პლატფორმა თიბისის ციფრულ ბანკში

 

ფიზიკური პირების მხრიდან, ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, 2023 წელს თიბისი კაპიტალმა თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმა დანერგა, სადაც 6500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციებსა თუ ფონდებში ინვესტირება 1$-იდან, საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.

ტექნიკური და ანალიტიკური ფუნქციებისა და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანის მიუხედავად, პლატფორმა მაქსიმალურად ინტუიციურია და მომხმარებელს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში თავადვე ეხმარება. 2023 წლის ბოლოს, პლატფორმას 16 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

 

საკონსულტაციო მომსახურება

 

მესამე წელია აქტიურად ვითარდება თიბისი კაპიტალის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებაც, რომელიც პარტნიორებს შერწყმა/შეძენის ტრანზაქციებთან და ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, კომპანიის შეფასებასა და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. 2023 წელს, თიბისი კაპიტალმა M&A მიმართულებით, 2 მსხვილი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი – სექტორებს შორის ტრანზაქცია განახორციელა. 

„თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და ფიზიკური პირებისა და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. ასევე, ბიზნესებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარებით. საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელება იმის დასტურია, რომ პარტნიორების საჭიროებებს წარმატებით ვპასუხობთ და საინვესტიციო საბანკო სექტორში ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას. ჯილდო ჩვენი 2023 წლის მიღწევებისა და გამორჩეული შედეგების კიდევ ერთი აღიარებაა”, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

„2023 წელს გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა, გავლენა მოახდინა საინვესტიციო ბაზარზე, რაც გარიგებებისა და პირველადი საჯარო შეთავაზებების კლებაშიც გამოიხატა. ასეთ რეალობაშიც კი, კონკრეტულმა საინვესტიციო ბანკებმა მოახერხეს, რომ მსხვილი ტრანზაქციები შეესრულებინათ და ყოფილიყვნენ ინოვაციურები. ჩვენ სწორედ ასეთი საინვესტიციო ბანკები დავასახელეთ გამარჯვებულებად”, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

 R

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

 

#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან – თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა.

მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანიის ინოვაციური მიდგომებით არის განპირობებული. კმაყოფილების მთავარი ფაქტორი მომსახურების სიმარტივე და ყველაზე სწრაფი ანაზღაურებაა, რაც გამოწვეულია პროცესების გაციფრულებითა და მინიმალური ბიუროკრატიით. ონლაინ სერვისების დახმარებით მომხმარებელს მომსახურების მიღება ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლია, იქნება ეს პოლისის გაფორმება, თუ ზარალის ანაზღაურება.

თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს აპი საშუალებას აძლევს დაზღვევით სარგებლობა გაიმარტივონ. მაგალითად, დაზღვეულს ონლაინ შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევისას. ასევე მარტივია პრემიის გადახდა, უფლებამოსილი მძღოლის დამატება, ავტომობილის დასურათება, პოლისის განახლება თუ დაპაუზება. სწორედ ამისი შედეგია კომპანიის ანაზღაურების რეკორდული მაჩვენებელი – 6 წუთი და 11 წამი.

“მომსახურებას მუდმივად ვავითარებთ, რათა მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. ჩვენი სისტემები გვაძლევს საშუალებას რეალურ დროში ვაკონტროლოთ მომსახურების ხარისხი. გარდა ამისა, თავად მომხმარებლებიც ინფორმირებულნი არიან, რა ეტაპზეა მათი სადაზღვევო შემთხვევა. სწორედ ამის წყალობით ვინარჩუნებთ პირველ ადგილს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველ დღე ვასრულებთ დანაპირებს – ჩვენთან ერთად სანერვიულო არაფერია”, – აცხადებს დავით კიღურაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

(R)

“საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა” – შალვა პაპუაშვილი

ეს შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი.

„როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც საქართველოში საკუთარ დაფინანსებას მალავს, რაც არის სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო. სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა თავად ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება. მე სხვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში. სინამდვილეში, არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და რადიკალური ოპოზიციის ქცევას ვხედავთ, რას აკეთებს? – ხევს პლაკატებს, სადაც არის კანონპროექტის ლინკი მითითებული. უნდათ საზოგადოება ამყოფონ ამ ინფორმაციის გარეშე… დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23-25 აპრილს საქართველოში?

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.

23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

ისრაელის არმიამ ავიაიერიში ქალაქ რაფაჰზე მიიტანა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის არმიამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, ავიაიერიში ქალაქ რაფაჰზე მიიტანა.

სამიზნეში მოექცა ლტოლვილთა ბანაკიც, თუმცა ცნობები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცახალის ძალებმა წინასწარი გაფრთხილება გაავრცელეს და მოსახლეობას სამიზნეში ამოღებული რაიონის დატოვება ურჩიეს.

რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში ქართველები გამოდიოდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად.

„ასევე, გაიმართა საზოგადოების მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ხმა მისცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და გასცა რეკომენდაცია, რომ შემდგომი პროგრესი მოხდეს ცხრა სფეროში, რაც მოიცავს დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმასა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

„ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზული პრობლემები მოიცავდა სანდო ინფორმაციას წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის, ასევე თვითნებური დაპატიმრების ან დაკავების შესახებ, ასევე სერიოზული პრობლემების თაობაზე სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოძიებებისა და სასამართლო დევნის შესახებ, რომელიც ბევრს მიაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. აგრეთვე, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ, მათ შორის, ცნობებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ან ძალადობის მუქარის თაობაზე, შეკრების თავისუფლების უფლებაში არსებითი ჩარევის შესახებ, ცნობებს მთავრობაში სერიოზული კორუფციის შესახებ, ასევე დანაშაულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარ ან ინტერსექს პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობასა და მუქარას“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ზოგიერთი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე გამოძიების ჩასატარებლად, თუმცა დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩებოდა.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რჩებოდა ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა, დე ფაქტო ხელისუფლება არის მხარდაჭერილი რუსეთის ძალების მიერ. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები მოიცავს ცნობებს უკანონო მკვლელობების, თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეს ეხება ეთნიკურად ქართველებს, ასევე ეთნიკური ქართველების მიერ ქონებისა ფლობისა და ბიზნესის დარეგისტრირების უფლებისა და განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შეზღუდვას. რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულს ორივე რეგიონში დაუსჯელად სჩადიოდნენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში მოხვდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი, ასევე 2023 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალში დე ფაქტო პოლიციის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას სასტიკად ცემის ფაქტი, რის შედეგადაც ის დაიღუპა. ანგარიშში წერია, რომ ამ მკვლელობებზე საქართველოს სახალხო დამცველმა პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა, გაზარდოს ჩართულობა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების პრევენცია მოხდეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ადამიანების წამების, არაადამიანური თუ ღირსების შემლახველი მოპყრობის შემთხვევებზე, მოყვანილია საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის ოფისის მიერ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება 2022 წელს ეფექტური იყო, პროკურატურამ უარი თქვა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, როგორც ჩანს, მთავრობის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების დაფარვის მცდელობის მიზნით.

ანგარიშის ამავე ნაწილში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეც. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველეყოთ სააკაშვილისთვის დროული და შესაბამისი მკურნალობა.

„2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველმა გაავრცელა ცნობა, რომ სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა შეამოწმა სააკაშვილი და დაასკვნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2022 წლის აპრილის შემდეგ „მკვეთრად გაუარესდა“ და მისი მდგომარეობა მიიჩნიეს „მძიმედ“. სახალხო დამცველმა ასევე გამოაქვეყნა ცნობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა გაიარა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა მკურნალობა, მისი მდგომარეობა „სწრაფად გაუარესდა“. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სააკაშვილის საქმე შესაძლოა, არღვევდეს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლს, რომელიც არაადამიანურ მოპყრობას ეხება“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე წერია, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ის დაუსწრებლად გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს სხვადასხვა დანაშაულებში, მათ შორის ძალაუფლების გადამეტებაში, რაც ეხება ყოფილ პარლამენტარზე ფიზიკური თავდასხმის ბრძანების გაცემას.

„სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ გრძელდება დამატებითი ბრალდებებით, რაც გამომდინარეობს იმ დანაშაულებიდან, რომელიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა ხელისუფლებაში ყოფნისას და ასევე მის მიერ 2021 წელს საზღვრის უკანონო გადაკვეთიდან. თავად სააკაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წლის ანგარიშში ასევე საუბრობს საქართველოს ციხეებსა და დაკავების ცენტრებში არსებული პირობების შესახებ. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ზოგადად ციხეებისა და დაკავების დაწესებულებების მდგომარეობა ადეკვატური იყო, თუმცა ზოგიერთ ძველ დაწესებულებაში არ არის საკმარისი ვენტილაცია, ბუნებრივი განათება, სივრცე და ადეკვატური ჯანდაცვა. ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება პატიმრების გრძელვადიანი იზოლაცია, მათი გადაყვანა დეესკალაციის ოთახებსა და ერთკაციან კამერებში, ასევე ძალადობა მსჯავრდებულებს შორის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება, წერია, რომ „მთავრობა არ სცემდა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, როდესაც საქმე ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებს“.

„მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან როგორც სასამართლოს შიგნიდან, ისე გარედანაც, როდესაც საქმეები ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს ან ინდივიდებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობა ძირს უთხრის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. „იყო სანდო ბრალდებები, რომ გავლენიანი „კლანის“ წევრები იყვნენ კორუმპირებულები. რამდენიმე გამომძიებელი ჟურნალისტის რეპორტაჟებში ხაზგასმულია სასამართლოში არსებული კორუფცია, რაც კერძოდ უკავშირდება მოსამართლეთა დაუსაბუთებელ შემოსავლებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზე ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე, საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და ნათქვამია, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველი პოლიტიკურ ან სხვა უკანონო მოტივის მქონედ მიიჩნევს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმესაც. ანგარიშის ამავე ნაწილში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად.

დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია გამოხატვის თავისუფლებაზე, ნახსენებია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მედიის უფლებადამცველები გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ თავდაცვის სამინისტროს დავა კეზერაშვილთან მიმართული იყო კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციისკენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა 2023 წლის მარტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონის წინააღმდეგ გამართული გამართული აქციებიც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს კანონი მკაცრად გააკრიტიკეს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებამაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფართოდ გავრცელებული პროტესტის ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონი უკან გაიწვია.