Home Blog

“ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა” – მეთიუ მილერი

ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მეთიუ მილერის განცხადებით, როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე.

„ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. მიღების შემთხვევაში, ინიცირებულმა კანონმდებლობამ, შესაძლოა, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მოახდინოს ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებსაც ეს სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ, რომ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

ახალი შემზღუდავი ზომები თეირანის დრონების წარმოებას შეეხო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა 16 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს, რომლებიც ირანის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფდნენ.

უწყების ცნობით, ასევე სხვადასხვა იურისდიქციაში გამოავლინეს ხუთი კომპანია, რომლებიც ირანის ფოლადის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიას მასალებს აწვდიან ან მისგან პროდუქტს ყიდულობენ.

გარდა ამისა, სანქციების სამიზნეში მოექცა ირანის ავტომწარმოებელი კომპანიის, Bahman Group-ის სამი შვილობილი კომპანია, რომლებიც, სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ. დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკული მხარის გადაწყვეტილების პარალელურად, რამდენიმე ირანული სამხედრო ორგანიზაციის, ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმაც.

13 აპრილის ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა. მათი ძირითადი ნაწილი ისრაელმა აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის დახმარებით ჩამოაგდო. თეირანის განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე დარტყმაზე, რასაც ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.

“საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო, ყვიროდა, აგრესიული იყო, შემდეგ ტერიტორიიდან განარიდეს”

საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო, ყვიროდა და აგრესიული იყო. შემდეგ ის ტერიტორიიდან განარიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ასეთი საქციელი სწორი არ არის.

„დეპუტატისგან სწორია ასეთი საქციელი, რომლის მოწოდებასაც შეიძლება, ისეთი სახის დაპირისპირება მოჰყვეს, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიას ძალიან ძვირად დაუჯდება? ალეკო ელისაშვილი როგორ გამოიყურება, როგორც პოლიტიკოსი, მოქალაქე, როცა იგინება და ჯიბიდან გავარდნილი ხულიგანივით იქცევა? რაც შეეხება ძალადობას, გადაჭარბებული ძალის გამოყენება არავის მიმართ არ შეიძლება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სცემეს. ამასთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყეს და ელისაშვილი უწყებაში გამოსაკითხად არის დაბარებული.

“გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი” – პრეზიდენტი

გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა TV 5 Monde-თან ინტერვიუში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირება მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება.

„მე შეშფოთებული ვარ ამ კანონის შემობრუნებით, რომელიც უკუაგდო სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, რამაც მოგვცა საშუალება, რომ მიგვეღო გასული წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. გვაქვს პერსპექტივა, რომ ამ წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი, და არა მხოლოდ ეს, არამედ კანონების მთელი სერია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპისაკენ მიმავალ გზას. ეს გადაწყვეტილება შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ყველას, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამავე დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია,

„რუსულ კანონს, ეს არა პრორუსული არამედ რუსული კანონია. პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ საბოლოოდ შეებოჭათ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელი შეეშალათ მათი საქმიანობისთვის, და ასევე მედიისათვის. აქ ჩვენ ამის ასლი გვაქვს. ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც გადამწყვეტი იქნება ჩვენი ევროპული მომავლისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციებს მოქმედების არეალის შემცირების წინასწარი მცდელობა, ისევე როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების ნიშნავს ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოქმედების შეზღუდვას. ეს კანონი ეწინააღმდეგება ყველას, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, დემოკრატიზაციისათვის და არის მიმართული ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინააღმდეგ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა TV 5 Monde-თან ინტერვიუში აღნიშნა, ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს.

„ჩვენ გასული წლის 15 დეკემბერს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის მიერ აღინიშნა როგორც დიდი გამარჯვება, ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები წლის ბოლოს. მოსახლეობა ითხოვს, რომ არავინ, განსაკუთრებით მთავრობამ, რომელიც სხვა ინტერესებს ემსახურება, არ შეძლოს ამ მოლაპარაკებების გახსნისთვის ხელის შეშლა, რადგან ისინი იღებენ კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს. მე უკვე 5 ვეტოს უფლება გამოვიყენე და მალე მეექვსედ გამოვიყენებ ვეტოს, რადგან მე ვთქვი, რომ ამას გავაკეთებ ყოველ ჯერზე, როდესაც კანონის შინაარსი ან ტექსტი შეეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს არის მიზანი, მიზანი არ არის დაჩქარება, არამედ ხელის შეშლის თავიდან აცილება. ხელის შეშლა მხოლოდ მოსკოვის ინტერესშია.“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ექვსი ოპოზიციური პარტიის ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები” – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი ექვსი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება. ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება. მომხრე ვარ, გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან.

და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით.

თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს – უკრაინის საგარეო უწყება

ირაკლი კობახიძის მიერ ჩვენი ქვეყნის სახელის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს დამატებით ავნებს, რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაცია” არის საქართველოს რეალური საფრთხე.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომლითაც უწყება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით ეძებონ. მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ჩართულობა არის აუცილებელი პირობა ქვეყნის პროევროპული მომავლის ასაშენებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს.

“ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა”საქართველოს რეალური საფრთხე.

უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული გარემოთი, ყოველთვის მყარად უჭერდა მხარს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – ნათქვამია განცხადებაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6728 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6728 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8532 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8473 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“საკანონმდებლო ცვლილება ე.წ. ოფშორთან დაკავშირებით საქართველოში ინვესტიციებისა და კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს” – ეკა სეფაშვილი

ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოში ინვესტიციებისა და კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

ეკა სეფაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, პაატა კვიჟინაძეს დაუსვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ოფშორიდან შემოსული ფული ქვეყნის ეკონომიკას და შეიძლება თუ არა ამასთან დაკავშირებით რაიმე საფრთხე არსებობდეს.

„თუ შეიძლება, საზოგადოებისთვის რომ განვმარტოთ – თუ არსებობს რაიმე თეორიული მიზეზი მაინც იმისა, რომ ცუდი შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყანაში კაპიტალის შედინება? და მოკლედ იქნებ გაგვაცნოთ კაპიტალისა და ინვესტიციების მიზიდვის ის პრაქტიკა, რაც, ზოგადად, არსებობს მსოფლიოში, ევროკავშირი იქნება თუ დასავლეთის სხვა ქვეყნები – როგორ ცდილობენ კაპიტალი მიიზიდონ მათთან. კაპიტალის მიზიდვის დამატებითი ბენეფიტები კი, როგორიც არის ტექნოლოგიების შემოდინება ქვეყანაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა და ა.შ. ეს დამატებითი სარგებელი, რომელიც უნდა მიიღოს ქვეყანამ, რაიმე საფრთხის მატარებელი თუ შეიძლება იყოს, როგორც აქ გამოთქვამენ შიშებს ჩვენი კოლეგა დეპუტატები, რომლებსაც ვითომ ეკონომიკური აღმავლობა უნდათ, მაგრამ, ყველანაირად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან ქვეყანაში ფულის შემოდინება საქართველოს ეკონომიკისთვის დადებითი მოვლენა იქნება.

„თუ არ შემოვა, არც ზარალი იქნება, არც – მოგება. მაგრამ, თუ შევძლებთ ეს ხალხი დავაინტერესოთ, რომ ოფშორებიდან აქტივები საქართველოში გადმოიტანონ, უნდა შევთავაზოთ საშეღავათო საგადასახადო პირობები, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ გაიხსნება ახალი საწარმოები, დაიბეგრებიან, გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს, შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ეს იქნება სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ომის ზღვარზე ვართ -ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ომის ზღვარზეა.

მისი თქმით, ირანის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმი გაძლიერდება და გაფართოვდება, რათა დასაჯოს თეირანი ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისთვის და აღკვეთოს მომავალი ასეთი თავდასხმები. ამავე დროს, მისი თქმით, ისრაელმა თავშეკავება უნდა გამოიჩინოს.

„არ მინდა გაზვიადება, მაგრამ ჩვენ ომის ზღვარზე ვართ, რეგიონული ომის ზღვარზე ახლო აღმოსავლეთში, რომელიც შოკისმომგვრელ ტალღებს გაუგზავნის დანარჩენ მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპას. ასე რომ, შევაჩეროთ ის“, – აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა გუშინ, ბრიუსელში შეხვედრისას პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ირანის წინააღმდეგ სანქციებს და სანქციების სამიზნე ღაზაში, იემენსა და ლიბანში მისი მარიონეტებისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდება იქნება.

“საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები” – რასა იუკნევიჩიენე

საქართველოს სჭირდება „დებიძინიზაციის“ კანონები და არა რუსული კანონი უცხოური აგენტების შესახებ, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას.

„სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოური აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს კანონი რუსეთში მიდის და არა ევროკავშირში“, – წერს ევროპარლამენტარი.

ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

„უკრაინა დამარცხებისაკენ მიექანება: დასავლეთის უუნარობა კიევისათვის იარაღით უზრუნველყოფაში ვლადიმერ პუტინს ომში მოგებისათვის ეხმარება“ავტორთა საინიციატივო ჯგუფი (გია მაჭარაშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე და სხვები. ) საქართველოს ხელოვანთა სახელით ღია წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დააყენა გახლეჩისა და დაქსაქსვის წინაშე. საქართველოს ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც ქართველები ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, ერთმანეთთან ბრძოლებით საკუთარ ერთობას ძირს ვუთხრიდით, ჩვენი ქვეყნის მტრებს სწორედ მაშინ უმარტივდებოდათ გათითოკაცებულ საქართველოში მიზნების მიღწევა და ჩვენი დასუსტება.

დღეს ამის დრო არ არის! თვალნათლივ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპზეა, რომლის საბოლოო შედეგი განსაზღვრავს საქართველოს, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების განვითარებას, კეთილდღეობასა და მომავალს, მხოლოდ ემოციების აყოლა და რაციონალურობის დაკარგვამ კი, შესაძლოა, დიდი განსაცდელის წინაშე დაგვაყენოს. დღეს სწორედ ჩვენი თაობაა ამ ისტორიული პროცესის მონაწილე და თუკი არ გვსურს ჩვენი წინაპრების ნაშენები კედელი ჩამოიშალოს და მომავალ თაობებს თვალი ვერ გავუსწოროთ, უნდა გავიაზროთ, რომ ერთიანობა ერთადერთი გამოსავალია.

ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ ერთიან, მტკიცედ მდგარ ქართველ ერს შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და მათთვის ღირსეული პასუხის გაცემა, ვინც მის ხელყოფას შეეცდება. მხოლოდ ქართველი ხალხის ერთიანობით შეგვიძლია მოვიპოვოთ სიმშვიდე და მშვიდობა, რაც კეთილდღეობის, განვითარების, ფეხზე მყარად დგომის, ნათელი მომავლისა და გაერთიანებული საქართველოს საწინდარია.

დღეს, თუკი გვსურს საკუთარი ბედი და მომავალი თავად განვსაზღვროთ, საკუთარი სუვერენიტეტი დავიცვათ და გავამყაროთ, მალე დავიბრუნოთ დიდი ხნის კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში არა საკუთარი ინტერესების დაზიანების, დაპირისპირებისა და არეულობის, არამედ განვითარების, ერთიანობისა და მშვიდობის დროა!”- ნათქვამია განცხადებაში.

ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად -ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება

შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს, მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 6 პარტია აწერს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ასევე ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

„უკანასკნელ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სრულიად გაერთიანებული, საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებით აღსავსე ქართველი ერი და ჩვენს გვერდით მდგარი მთელი ცივილიზებული სამყარო.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონი“ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან.

შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს, მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.

საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პოლიტიკური პარტიები: “ახალი”, “გირჩი მეტი-თავისუფლება”, “დროა”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი”.