Home Blog

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე დაახლოებით 30 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, „რომლებიც პასუხისმგებლები არიან ალექსეი ნავალნის სიკვდილზე“.

ამასთან, ჯოზეფ ბორელს აღნიშნული პირები და ორგანიზაციები არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს არქტიკის ციხეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია ქმრის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს. დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ ნავალნის სიკვდილზე პუტინი და რუსეთის სახელმწიფო არიან პასუხისმგებელი.

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით ხუთ მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი, სპეციალური დახმარების ფონდის მეშვეობით, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით ხუთ მილიარდ ევროს გამოყოფს.

„ფონდთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომისგან თავის დასაცავად, რაც არ უნდა დაგვჭირდეს და რამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს ამისთვის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირში განაცხადეს, რომ ეს თანხა დააფინანსებს სწავლებას და როგორც ლეტალურ, ისე არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას. ასევე, გამოყენებული იქნება წევრი ქვეყნების მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო მარაგის შესავსებად და დანახარჯების ასანაზღაურებლად.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.

დამტკიცებული ხუთი მილიარდი ევროს დამატება ნიშნავს, რომ ახლა ფონდის ზღვარი 2021-2027 წლებისთვის 17 მილიარდ ევროს შეადგენს.

რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე -შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე და რომ ამ საფრთხის დასაძლევად ევროპას სჭირდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალი სულისკვეთება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც შარლ მიშელი გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში, ისევე როგორც ყირიმში არ გაჩერდა ათი წლის წინ.

მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს დესტაბილიზაციის გამომწვევ ტაქტიკას მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთსა და კიდევ უფრო შორს აფრიკის კონტინენტზე.

“რუსეთი სერიოზულ სამხედრო საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ კონტინენტსა და გლობალურ უსაფრთხოებას. თუ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისად, რათა შეაჩეროს რუსეთი, ჩვენ ვიქნებით შემდეგი [სამიზნე]. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ ომის ეკონომიკაზე. დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ჩვენ აღარ შეგვიძლია სხვების იმედზე ვიყოთ”, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი უნზრი, დაიცვას დემოკრატიული სამყარო.

“უფრო ძლიერი ევროპა ასევე გააძლიერებს ნატოს ალიანსს და გააძლიერებს ჩვენს კოლექტიურ თავდაცვას. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, თუ რამდენად შორს წავედით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ ბევრად მეტი”, – დასძინა მან.

მარხვა წმინდა საქმეა, იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის

მარხვა წმინდა საქმეა, იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათს, ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, მარხვა არის საშუალება ბოროტი სულების განდევნის.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვა – ეს არის ღმერთის განსაკუთრებული წყალობის გამოვლინება ჩვენზე. რით შეგვიძლია ჩვენ, ცოდვილებს, რომ ვუპასუხოთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის? ჩვენ უნდა მივართვათ მას თავშეკავება, ლოცვა, მარხვა და სინანული. აი, სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ წმინდა ეკლესია, როგორც მოსიყვარულე დედა, დიდი მარხვის ღვთისმსახურებაში, რომ გამოაღვიძოს ჩვენი დაძინებული სინდისი და აღძრას ჩვენში გამოსწორების სურვილი და მოშურნეობა.

„სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდექ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს და გეგულვების შენ აღშფოთება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს“. აი, ასეთი სიტყვები მოვისმინეთ და ჩვენც ამ სიტყვებით მივმართოთ ჩვენს სულს იმისთვის, რომ გამოვაფხიზლოთ იგი ცოდვებით დამძიმებული ღრმა ძილისგან.

„სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდექ მიწიურისადმი მიჯაჭვულობისგან, ვინაიდან შენ არ ხარ შექმნილი მიწიურისთვის, არამედ – ზეციურისთვის. შენ არ ხარ შექმნილი იმისთვის, რომ დაემონო წარმავალსა და ხრწნადს, არამედ იმისთვის, რომ შენს შემოქმედსა და მაცხოვარს ემსახურო და მას ადიდებდე“. აი, ასე მივმართოთ ჩვენ ჩვენს სულს.

სინანული წმინდა ეკლესიის მიერ დაკავშირებულია დიდი მარხვის სარბიელთან, რომელიც ჩვენს სულს ამსუბუქებს, განსწმენდს და აძლიერებს.

ჩვენი მარხვა ეკლესიაში დადგენილია თვით მაცხოვრის მიერ აღსრულებული ორმოცდღიანი მარხვის მიბაძვით, ვინაიდან ყველაფერი მაცხოვრის ცხოვრებაში სამაგალითოა ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. მან თავად დაუწესა მარხვა თავის მოწაფეებს, როდესაც მას ჰკითხავენ: ,,რატომ არ მარხულობენ შენი მოწაფეები, როგორც ჩვენ და ფარისევლები?” პასუხად მაცხოვარი მიუგებს: „განა შესაძლებელია, წუხდნენ მექორწილენი, სანამ სიძე მათთან არის? მოვა დრო, სიძე აღარ ეყოლებათ და მაშინ იმარხულებენ“. აი, ამ სიტყვებით უფალი ამბობს, რომ ვისაც იგი უყვარს, ვისაც სურს, მასთან ერთად იყოს, ის იმარხულებს მისი ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ. სწორედ ამიტომაც წმინდა ეკლესია ასეთი მარხვით აღნიშნავს ქრისტეს ჯვარცმასა და მისი აღდგომის დღესასწაულს.

მარხვა წმინდა რამაა, წმინდა საქმეა, იმიტომ რომ იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის. როგორც თავშეუკავებლობა გზას უხსნის ყოველგვარ გარყვნილებას, უწმინდურებას ფიქრით და საქმით, ასევე თავშეკავებულობა სულს განსწმენდს, აღამაღლებს, ანიჭებს ძალასა და თავისუფლებას.

გარდა ამისა, როგორც იცით, მარხვა არის საშუალება ბოროტი სულების განდევნისა, როგორც თვით უფალი იესო ქრისტე ამბობს: „ნათესავი ესე განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით“. ამიტომ არის, რომ დიდი მოსაგრეები და წმინდანები მხოლოდ მარხვის და მკაცრი მარხვის მეშვეობით აღწევდნენ ღმერთთან სიახლოვეს, განსაკუთრებულ ნიჭებს და განსაკუთრებულ მადლს.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, სინანულითა და მარხვით განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვები და ეს მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის ნამდვილი სულიერი გაზაფხული იმისთვის, რომ სიხარულით შევეგებოთ ბრწყინვალე აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდეთ და სამომავლო გეგმები შეიმუშაოთ. უკვე მერამდენედ, ერთსა და იმავე სიტუაციაში ვარდებით და ყოველ ჯერზე იმავე შეცდომას უშვებთ. დროა, ყველა უარყოფითი განცდა წარსულში დატოვოთ და ნაბიჯი წინ გადადგათ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. მენეჯმენტთან გულწრფელი საუბარი კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

კურო

გარშემომყოფთა კომენტარები გაღიზიანებთ. ფრთხილად იყავით, ემოციური ფონი მატულობს, ამიტომ შეიძლება მცირე საუბარიც კი დიდ სკანდალში გადაიზარდოს და განწყობა გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობები შეამციროთ და საქმე სრულიად მარტომ, დამოუკიდებლად აკეთოთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით.

ტყუპები

ამ დღეს ურთიერთობის წრე ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. ჯობს იმ ადამიანების გვერდით იყოთ, ვინც კარგად გიცნობთ და კარგი რჩევის მიცემა შეუძლია. საკუთარი სიტყვები აკონტროლეთ და თავი შეიკავეთ ახალგაცნობილთან გულწრფელობისგან – გამორიცხული არ არის, რომ უნებლიეთ საკუთარი ან სხვისი საიდუმლო გაამხილოთ, რაც უამრავ პრობლემას შეგიქმნით. საღამოს შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ, საყვარელ ფილმს უყუროთ და გარშემო ყველა საზრუნავი დაივიწყოთ.

კირჩხიბი

გულახდილობის და გულუბრყვილობის გამო შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და ახლობელ ადამიანს გული ატკინოთ. გირჩევთ, მუშაობის დროს უპირატესობა ინოვაციურ მეთოდებს და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მიანიჭოთ. მოერიდეთ იმ ადამიანებს, ვინც გამუდმებით თქვენს დამცირებას და გაღიზიანებას ცდილობს. საღამოს გარშემომყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნაც შეძლოთ.

ლომი

ქველმოქმედებისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ, ადამიანების მიმართ მეტი სიკეთე გამოიჩინოთ. მით უმეტეს, რომ თქვენი დახმარება ბევრს სჭირდება. აუცილებელი არ არის, ეს ფინანსური დახმარება იყოს – თქვენი გამოცდილება და ბრძნული რჩევა ვიღაცას ძალიან გამოადგება. ფული, რომელსაც ამ დღეს ასესხებთ, დიდი ხნის შემდეგ ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. მუშაობაში ნუ აჩქარდებით და თქვენთვის კომფორტული ტემპით იმოქმედეთ.

ქალწული

დილიდან ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ და რთული პრობლემები სწრაფად მოაგვაროთ. შესაძლოა, კოლეგებმა და პარტნიორებმა თქვენი სამოქმედო გეგმა დაიწუნონ და სასტიკად გაგაკრიტიკონ, მაგრამ ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. ეცადეთ, კონფიდენციალური ინფორმაცია ბოლომდე საიდუმლოდ შეინახოთ. უკეთესი იქნება, თუ მის შესახებ საერთოდ დაივიწყებთ.

სასწორი

დროა, ყველაზე რთულ საქმეს შეეჭიდოთ – ამ დღეს ვარსკვლავების დახმარებით ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ წყენას მალე დაივიწყებთ და ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე ურთიერთობების გასარკვევად არ გამოდგება. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ და თქვენს ემოციურ მდგომარეობას მოუხდება.

მორიელი

რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. მიზნის მისაღწევად კომფორტის ზონიდან გასვლა და ბევრი მუშაობა მოგიწევთ. გამოცდილება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, მომავალში ძალიან გამოგადგებათ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად ახალი პროექტის დაწყებას უნდა მოერიდოთ. საქმიანი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერს თვალი ადევნოთ და ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს, ძირითადად, მოსაწყენი რუტინული სამუშაო გელით. ეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობაში მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და უხეში განცხადებებით გული არავის ატკინოთ. შესაძლოა, რაღაცაზე უარის თქმა მოგიწიოთ. თუ ასე მოხდება, ეცადეთ, უარყოფითი გამოცდილება წარსულში დატოვოთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. სრული უფლება გაქვთ, რომ საღამოს განმარტოებით მოდუნდეთ ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

თხის რქა

გამუდმებით საკუთარ შეცდომებზე ფიქრი ძალიან დამღლელი და გამაღიზიანებელია. დროა, წარსული წარსულში დატოვოთ და მოქმედება დაიწყოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება და უფრო თავდაჯერებული გახდებით. გადადგით რამდენიმე ნაბიჯი თქვენი ოცნებისკენ, გეგმა შეიმუშავეთ და იპოვეთ ადამიანები, რომლებიც მის განხორციელებაში დაგეხმარებიან.

მერწყული

ამ დღეს ზუსტი და მკაფიოდ შედგენილი გეგმა გჭირდებათ, რათა ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. დაიწყეთ ახალი საქმე, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობების შესახებ უამბეთ. ეს თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს. სავარაუდოდ, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რაზედაც მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

თევზები

ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება და მის დასახმარებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. ვიღაცამ შეიძლება თქვენი საიდუმლო გაიგოს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – ის არ გაგთქვამთ. ხელსაყრელი დროა სამომავლო გეგმების შედგენისთვის.

 

ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ -სალომე ზურაბიშვილი

ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას იხდის.

„დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი სითბოსთვის, ამდენი კეთილი სურვილისთვის. მინდა, ასევე, გითხრათ, რომ მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, ბედნიერი იმითაც, რომ ვარ დაბადებული 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე, რაც სიმბოლურია.

„შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიმბოლურია ის, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე. ეს მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. სამწუხარო და ძალიან მძიმეა, როცა ასეთი უსუსური პოზიციით ხდება მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენა. ეს უნდა იყოს ნამდვილად მოტივირებული და არგუმენტირებული და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით ორიენტირებული. თუ ნეიტრალურობაზე პრეტენზია აქვს პრეზიდენტს, მაშინ მინიმალურ ტესტს უნდა აბარებდეს და ეს მინიმალური ტესტი დიდი ხანია მან ვერ ჩააბარა, ვერ გადალახა ყოველგვარი ნეიტრალურობის ზღვარი. ეს სამწუხაროა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, იენს სტოლტენბერგს და მის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და მის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს დღეს ეწვია.

იენს სტოლტენბერგი თბილისიდან ხვალ ერევანში გაემგზავრება.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/799523355542013?ref=embed_post

მტკიცედ გავაგრძელებთ სწორ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე მტკიცედ დავიცავთ ქვეყნის კონსტიტუციას, ეროვნულ იდენტობასა და ინტერესებს -მამუკა მდინარაძე

ნატო-ს მისიებში ათეულობით გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ და ასეულობით დაშავებული გვყავს, ამ და სხვა უდავო ფაქტებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის საკითხებთან მიმართებით სათანადო შეფასება და დაფასება სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მისასალმებელია იენს სტოლტენბერგის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და მისი მხრიდან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ხაზგასმა.

„მისასალმებელია მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის შეეხო მრავალ საკითხს. სასიხარულოა მისგან ხაზგასმა, მაგალითად, კრიზების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის საკითხებზე და, ზოგადად, ნატო-სთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ნატო-ს მისიებში.

„ჩვენ ათეულობით გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ და ასეულობით დაშავებული გვყავს. მიგვაჩნია, რომ ამ და სხვა უდავო ფაქტებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის საკითხებთან მიმართებით სათანადო შეფასება და დაფასება სჭირდება. ჩვენი კი, ჩვენი მხრიდან, მტკიცედ გავაგრძელებთ ქვეყნის სწორ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე და, ამავდროულად, ასევე მტკიცედ დავიცავთ ქვეყნის კონსტიტუციას, ეროვნულ იდენტობასა და ინტერესებს, მოქალაქეთა კეთილდღეობას და ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე მშვიდობისა და სტაბილური განვითარების სწორ გეზს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მოვუწოდებთ გაერო-ს განვითარების ფონდს და სხვა დონორ ორგანიზაციებს, გაერკვნენ, რა აქტივობებს აფინანსებენ, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული -მამუკა მდინარაძე

მოვუწოდებთ როგორც გაერო-ს განვითარების ფონდს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში დაინიცირდება ლგტბ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი, რომლის მოწინააღმდეგეებიც უკვე ემზადებიან საბრძოლველად.

„მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ამ თემით უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ოპონენტები და ემზადებიან ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტრენინგები გაიმართა „პრაიდის“ ორგანიზებით და გაერო-ს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც „პრაიდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაერო-ს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობის უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში, სასაუბრო თემა გახლდათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან წინასწარვე გახმოვანდა. მოვუწოდებთ როგორც გაერო-ს განვითარების ფონდს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული, იმისათვის, რომ, მაგალითად, არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში; მაგალითად, ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი აღარასდროს ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში; ე.წ. ფარა, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ავურიოთ პუტინის კანონში; დოლარი, რომლითაც მდიდარი „ენჯეოები“ ფინანსდებიან, რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი „ენჯეოების“ ნაწილი ფინანსდება და ა.შ.“ – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება“ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დააინიცირებს

მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ამ თემით უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ოპონენტები და ემზადებიან ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოში გაიმართა ტრენინგები, სადაც სასაუბრო თემა იყო ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა.

„ტრენინგები გაიმართა „პრაიდის“ ორგანიზებით და გაერო-ს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც „პრაიდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაერო-ს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობის უფლებებს ეხებოდა. სინამდვილეში, სასაუბრო თემა გახლდათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან წინასწარვე გახმოვანდა. მოვუწოდებთ, როგორც გაერო-ს განვითარების ფონდს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადამხდელთა ფული, იმისათვის, რომ, მაგალითად, არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში; მაგალითად, ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი აღარასდროს ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში. ე.წ. ფარა, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ავურიოთ პუტინის კანონში; დოლარი, რომლითაც მდიდარი „ენჯეოები“ ფინანსდებიან, რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი „ენჯეოების“ ნაწილი ფინანსდება და ა.შ.“ – განაცხადა მდინარაძემ.

“Swissôtel Tbilisi-ის” გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება -ირაკლი კობახიძე

თბილისის ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმ ბრენდის სასტუმრო „Swissôtel-ის“ გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმროს „Swissôtel Tbilisi“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ამ მიმართულებით საკვანძო როლი ენიჭება ინფრასტრუქტურის განვითარებას. მხოლოდ გასული 14 თვის განმავლობაში საქართველოში 220 მლნ ლარის ინვესტიციები განხორციელდა კონკრეტულად სასტუმროების სფეროში და ქვეყნის მასშტაბით 8 000 ახალი საწოლი ადგილი შეიქმნა. ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო წლებისთვის. გვინდა, 2027 წლამდე დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიციები განხორციელდეს ამ სფეროში, რის საფუძველზეც 37 000 ახალი საწოლი ადგილი შეიქმნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, ინვესტორებთან ერთად,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ სასტუმროს მფლობელსა და ინვესტორ ემინ უჩარს, ასევე მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჯგუფის „Accor-ის“ ხელმძღვანელობას სასტუმროს გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სასტუმროს მშენებლობისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს „Accor-ის“ ახალი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა ალექსის დელაროფმა და „მაქრო ჯგუფის“ პრეზიდენტმა ემინ უჩარმა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; თბილისის მერი კახა კალაძე; დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქალაქის მთავარი პროკურორი ცდილობდა ხელები ეფათურებინა სასამართლო სისტემის შიგნით – მოსამართლე თემურ გოგოხია მაია მწარიაშვილზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, თემურ გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორის, მაია მწარიაშვილის მიერ სასამართლო სისტემის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც თემურ გოგოხია აღნიშნავს, სასამართლოში მუშაობისას მწარიაშვილი გამოირჩეოდა ქედმაღლობით, რის მაგალითადაც, მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდი მოჰყავს, ხოლო პროკურატურაში მუშაობისას, გოგოხიას თქმით, მწარიაშვილი ცდილობდა სასამართლოს შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩარეულიყო, არეულობა შეეტანა და ვითარება დაეძაბა.

„რაც შეეხება მაია მწარიაშვილს: იგი პერიოდულად აქამდეც არაერთხელ გამოსულა საჯაროდ და მუდმივად დაუსაბუთებელ ბრალდებებს ისროდა სასამართლოს წინააღმდეგ, თუმცა ბოლო პერიოდში საკუთარ თავსაც გადაასწრო სიცრუის ტირაჟირებაში და უსაფუძვლო თავდასხმებში მოსამართლეების წინააღმდეგ. ორიოდე სიტყვა, თუ რას წარმოადგენს ეს ქალბატონი: მოულოდნელად 2002 წელს იგი პირდაპირ გადმოყვანილ იქნა სასამართლო სისტემაში შევარდნაძის უშიშროების საბჭოდან და დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარედ. „რა დამსახურებებისთვის“ და „რისი“ მეშვეობით დაინიშნა ამ თანამდებობაზე პირდაპირ, ეს მთელმა მაშინდელმა სასამართლო სისტემამ იცოდა და აღარ ჩავუღრმავდები ამ თემას.

საინტერესოა თავმჯდომარეობისას მისი საარაკო ქცევები. სასამართლოში მოსვლისთანავე მან დანერგა შემდეგი პრაქტიკა:
1. დილას სამსახურში მოსვლისას და შემდეგ წასვლისას მთელი დღევანდელი მანდატურის (მაშინ შენობის დაცვის სამსახური) სამსახურს არავინ არ უნდა შემოეშვა და გაეშვა შენობის იმ შემოსასვლელში (საიდანაც თვითონ დადიოდა), რომ შემთხვევით ვინმე (სხვა მოსამართლე ან მითუმეტეს, აპარატის თანამშრომელი) არ გადაჰყროდა კიბეებზე ასვლისას და კაბინეტში შესვლისას და პირიქით უკან გამოსვლის დროსაც იგივე ხდებოდა. ამ პერიოდში შენობის იმ პერიმეტრზე მოძრაობა, მისი ბრძანებით, დაცვის სამსახურის მიერ ბლოკირებული იყო.
2. როცა მოსამართლეებს იბარებდა კაბინეტში, ის ხშირად საათობით ალოდინებდა მათ თავის მისაღებში და ხშირად რიგი დგებოდა ხოლმე სხვადასხვა დროს დაბარებულ მოსამართლეებში, რომ მათთვის ეგრძნობინებინა თავისი უპირატესი მდგომარეობა. მართლაც, ერთ შენობაში მყოფი მოსამართლეები ჩამოჰყავდა ხოლმე მისაღებში და საათობით აცდევინებდა იქ, სანამ მიიღებდა მათ.
3. ის იმდენად ქედმაღალი იყო მოსამართლეებთან ურთიერთობაში, რომ ამას საჯაროდაც არ მალავდა და ერთ-ერთ ჟურნალში ინტერვიუსას (მან თავისი მაღალი გადმოსახედიდან) „მხიარული ისტორია“ მოჰყვა კოლეგა მოსამართლეზე (როცა ის მის კაბინეტში შევიდა და იქ დახვდა მწარიაშვილის ძაღლი), თუ როგორ დასდევდა მის კაბინეტში მისი ძაღლი იმ მოსამართლეს მაგიდის ირგვლივ და თუ თურმე როგორ „სასაცილო“იყო, როდესაც ამ სირბილში ხან ძაღლი აღმიჩნდებოდა წინ და ხან ეს მოსამართლე. განსაკუთრებით ამაზრზენად გამოიყურებოდა მისი ეს ინტერვიუ.
4. განსაკუთრებით სკანდალური იყო მისი ისტერიკები, როდესაც საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ მერაბ ახობაძემ უარი განაცხადა მისთვის შეეძინათ „ლუქსის კლასის გამორჩეული ავტომობილი, რომელსაც იგი ხელს დაადებდა. ამის შემდეგ ახობაძეზე ზეწოლა გაძლიერდა და მთავრობიდანაც დაარეკინა მწარიაშვილმა, თუ როგორ ბედავდნენ მისი კაპრიზის შეუსრულებლობას.
და ასეთი ისტორიები კიდევ არის.

2012 წელს არჩევნებით წინა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ. მაია მწარიაშვილი მოგვევლინა ჯერ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად, შემდეგ კი ქალაქ თბილისის მთავარ პროკურორად. და სწორედ ამ დროს, პარადოქსია, რომ ცდილობდა ჩარეულიყო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებში და თავისი ძველი კავშირებიდან გამომდინარე, შეხვედრებს მართავდა მოსამართლეთა ჯგუფ „ერთობის“ წევრებთან და ცდილობდა სასამართლოს შიგნით მიმდინარე პროცესებში ჩარეულიყო, არეულობა შემოეტანა და ვითარება დაეძაბა. წარმოიდგინეთ ქალაქის მთავარი პროკურორი ცდილობდა ხელები ეფათურებინა სასამართლო სისტემის შიგნით და ახლა გამოდის მორალს კითხულობს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მგონი კომენტარი ზედმეტია…
საბოლოდ ვერც სასამართლოში მუშაობისას და ვერც უკვე პროკურორად მუშაობისას სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მიაღწია თავის სანუკვარ მიზანს, გამხდარიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სწორედ ამიტომაა ასე გამწარებული რომ ლანძავს და სიცრუის კორიანტელში ხვევს დღევანდელ სასამართლო სისტემას. კიდევ ცდილობს, იქნებ როგორმე მომავალში მოახერხოს ხელში ჩაიგდოს სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობა და ამისთვის უკადრებელსაც კადრულობს.
და ახლა გამოდის უმწიკვლო სახით და საუბრობს, თუ როგორ გაუარესდა სასამართლოში თურმე ვითარება.

კიდევ შეიძლება უფრო მეტზე საუბარი თუმცა ვფიქრობ ამ ეტაპზე ეს საკმარისია და დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის მიმინდვია.” – წერს თემურ გოგოხია სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/temur.gogokhia/posts/pfbid02gTVdHeBcFVUivJeE5HtwYvhVokKdrKg7FN96hUJCsQVgGUewaiSv11uZcnok9XtLl