Home Blog

“თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.

ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.
ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

სამაშველო ვერტმფრენს აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.

თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters” -ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა.

შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

“ოცნება“ ღია ტექსტით აღიარებს, რომ მათთვის 40 პროცენტი სერიოზული გამოწვევაა და საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ”

ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ გვეუბნება, მათ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ და 40%-ზეც კი არ არიან. „ოცნება“ ამ კანონპროექტით და არა მხოლოდ ამ კანონპროექტით, თვითაღიარების რეჟიმშია და გვეუბნება, რომ 60%-იანი მხარდაჭერა კი არ აქვთ, არამედ 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა მათთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დაუშვილის თქმით, „ოცნება“ ხვდება, რომ ძველი, მაჟორიტარული სისტემის გარეშე, მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელია.

„ამიტომ ცდილობენ, რაღაც ფორმით ძველი სისტემა დააბრუნონ, თუმცა ვერ დააბრუნებენ, რადგან ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. ეს სისტემაც რამდენად თანხვედრაში და შესაბამისობაშია, ცალკე განხილვის საგანია. მთავარი ის არის, რომ „ოცნება“ ღია ტექსტით აღიარებს, რომ მათთვის 40% სერიოზული გამოწვევაა და ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

შესაძლოა, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გაუქდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას „ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირას გეგმავს. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

ილია დარჩიაშვილი არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, არგენტინის სენატის პრეზიდენტ ვიქტორია ვილარუელთან.

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს არგენტინასა და საქართველოს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან ჩაეყარა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ წარმატებით გაგრძელდა. არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს არგენტინასა და ზოგადად სამხრეთ ამერიკის რეგიონში, რაც გაგრძელებაა იმ ინტენსიური დიალოგისა, რომელსაც საქართველო აწარმოებს ლათინური ამერიკისა და კრიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან.

მხარეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს საქართველო-არგენტინის საპარლამენტო თანამშრომლობას და გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო დონეზე კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა ევროპის კონტინენტზე არსებული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს გაზრდილ რეგიონულ როლზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის აქტიურ კომუნიკაციას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და ქვეყნის შესაძლებლობათა პოზიციონირების თვალსაზრისით. ასევე, განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; ხაზი გაესვა არგენტინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას; შეფასდა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.

“ევროპის საბჭოს მხრიდან მოსკოვში მომხდარ თავდასხმაზე რეაგირების არქონა სირცხვილია” – მარია ზახაროვა

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობის მხრიდან მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე რეაგირების არქონა ორგანიზაციის სირცხვილია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ორგანიზაციის ისტორიაში, რომელიც ამაოდ ცდილობს თავის თავს „ევროპის სინდისი“ უწოდოს და ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებების მთავარ დამცველობაზე ჰქონდეს პრეტენზია. სტრასბურგის ეს ხაზი კიდევ ერთხელ ადასტურებს დღევანდელი ევროპის საბჭოს ღრმა დეგრადაციას, რომელიც ჩაძირულია პოლიტიკურ ფარისევლობასა და „ორმაგ სტანდარტებში“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ბარბაროსულ თავდასხმაზე რეაგირების არქონა აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა ევროპის საბჭოს წვლილი შეიტანოს საერთაშორისო სტაბილურობაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ადამიანის უფლებების დაცვაში.

შეგახსენებთ, 22 მარტს რუსეთის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებულ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

OneRepublic კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

OneRepublic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. Black Sea Arena-ს ცნობით, ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე TKT.ge და BSA.ge. მათი ფასი 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს პარტნიორობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს.

„10 მაისს Black Sea Arena ამერიკულ ბენდს OneRepublic უმასპინძლებს. ალტერნატიული როკის და პოპ მუსიკის ესთეტიკით გაჯერებული კოლექტივის საქართველოში ვიზიტი რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა და ძალიან გვიხარია, რომ წელს შესაძლებლობა გვეძლევა მათ სრულყოფილად ვუმასპინძლოთ Starring Georgia-ს ფარგლებში.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე TKT.ge და BSA.ge. მათი ფასი 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს პარტნიორობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს:

-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე “თიბისის” Visa ბარათებით შეძენისას;

-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე „თიბისის“ მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით შეძენისას;

-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე „თიბისი კონცეპტის“ და WM-ის Visa ბარათებით შეძენისას;

-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე “თიბისის” განაწილებით შეძენისას;

-ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში.

ფასდაკლება იმოქმედებს 28 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. TKT.ge-ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ, BSA.ge-ზე კი მხოლოდ Star Ring- ის კატეგორიის ბილეთები დაგხვდებათ. BSA.ge – ზე არ იმოქმედებს TBC VISA ფასდაკლება.

One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 დისკოგრაფიაში მოხვდა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-ს 10 მაისს ეწვევა.

უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით , Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia – ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: „Bruno Mars“, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

“უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა” – სერგეი ლავროვი

უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის ეფუძნება მიუღებელ ცნებებს, როგორიცაა „მოსკოვის გაყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვმა რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადა, რომ „სამშვიდობო სამიტი“ წარმატებას ვერ მიაღწევს, ვიდრე მისი ფუნდამენტური ცვლილება არ მოხდება, მათ შორის, ვიდრე რუსეთს მონაწილეობის უფლება არ ექნება.

„ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ დისკუსიების გასამართად, მაგრამ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე. როგორ შეიძლება, რომელიმე სერიოზულმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში ან ბერლინში თქვას, რომ ზელენსკის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა თქვა, რომ შეხვდა შვეიცარიის ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებს, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ სამშვიდობო სამიტი, რომელსაც ბერნი უმასპინძლებს, ითვალისწინებს რუსეთის მონაწილეობას და ჩატარდება რეალისტური პირობებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შვეიცარიის ოფიციალურმა პირებმა მას უთხრეს: „ჩვენ გვესმის, რომ შენ გარეშე არაფერი გადაწყდება, ეს უსამართლობაა“ და როგორც კი გეგმა „კოლექტიურ პროდუქტად“ გადაიქცევა, რუსეთს მოიწვევენ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს მოსკოვთან მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმას, გარდა სამშვიდობო გეგმისა.

„საქართველოს თეთრი ოქრო- 10 წელიწადში სრულიად ევროპა აქ ისრიალებს“ – Die Presse

ავსტრიის მაღალრეიტინგული გამოცემა Die Presse საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა ჯოზეფ ებნერმა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები მკითხველს გაუზიარა.

Die Presse საქართველოს სამთო ტურიზმის უპირატესობის, უნიკალური სამზარეულოსა და კულტურის შესახებ წერს. სტატიის ავტორი ავსტრიელ მკითხველს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რჩევებსაც აძლევს.

„იქ სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია საქართველომ პირველად Freeride World Tour-ს უმასპინძლა.  ტურნირი სვანეთში ჩატარდა, აქ ჰაწვალის და თეთნულდის სათხილამურო ტრასებია. სვანეთში აღმოაჩენთ თავდაცვის მიზნით აშენებულ კოშკებს, უშგულში 800 წლის კოშკებსაც იპოვით“,-წერს ჯოზეფ ებნერი.

გამოცემის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ აცნობს, რომელიც ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.

„მესტიაში ფესტივალი „გიზ-გიზი“ ჩატარდა. აქ წარმოდგენილი იყო ქართული „სთრით ფუდი“, ტრადიციული წვნიანი კერძები, ასევე ლუდი და ჭაჭა. ფესტივალზე  მონაწილეებმა დიჯეებთან ერთად იზეიმეს“,-წერს Die Presse-ის ჟურნალისტი.

ყოველდღიური გამოცემა Die Presse ვენაში 1848 წლიდან გამოდის და ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრო მალე მოერგებით, მით უკეთესი იქნება. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის.

კურო

გირჩევთ, თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ და გონებრივ სამუშაოს და გამონახეთ დრო დასვენებისთვის. სასურველია, რომ რუტინულ სამუშაოს მოწყდეთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ამ დღეს თქვენთვის სიმშვიდე და სახლში მეგობრული ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანია.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის. უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ ვარსკვლავების მხარდაჭერა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ.

კირჩხიბი

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და გულის კარნახს მიჰყევით. ეცადეთ, თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსი იპოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოპტიმიზმი არ დაკარგოთ და ცვლილებებს იმედებით შეხვდეთ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

ლომი

მთელი ყურადღება კარიერულ წინსვლასა და მიზნების მიღწევაზე გადაიტანეთ. ეცადეთ, ლიდერის უნარები გამოავლინოთ, მაგრამ ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება მინიმალური შეცდომაც აიცილოთ თავიდან.

ქალწული

დროა, თვალსაწიერი გააფართოოთ და ახალი უნარები აითვისოთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ რას გიკარნახებთ ინტუიცია. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თუ მეტს იაქტიურებთ, თქვენ წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც დიდხანს დაკეტილი იყო.

სასწორი

ეცადეთ, თანამოსაუბრის თვალსაზრისს კარგად ჩასწვდეთ და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად კომპრომისი მოძებნო. იზრუნეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, რათა მუშაობის დროს საბედისწერო შეცცდომა არ დაუშვათ. ამ დღეს ყველაზე მეტად კამათს უნდა მოერიდოთ. ამას თუ ვერ ახერხებთ, უბრალოდ სახლში დარჩით

მორიელი

გირჩევთ, საკუთარ ბიუჯეტს გადახედოთ და ფულის შესახებ პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, როდესაც საქმე ინვესტიციებს ან ფინანსურ შესაძლებლობებს ეხება. ფინანსური სირთულეების ასაცილებლად „დაზოგვის რეჟიმი“ უნდა ჩართოთ. ამ დღეს სხვების რჩევებს ნაკლებად უნდა უსმინოთ.

მშვილდოსანი

მთელი ყურადღება თვითგანვითარებასა და პიროვნულ ზრდაზე უნდა გადაიტანოთ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სიხარულს და კმაყოფილებას განიჭებთ. ეცადეთ, ოპტიმისტური განწყობა და მადლიერების გრძნობა არ დაკარგოთ. კარგი დღეა ახალი გამოცდილების მისაღებად.

თხის რქა

ნაყოფიერი მუშაობის დღეა. ეცადეთ, თქვენი პროფესიული კავშირები გააძლიეროთ და მთელი ყურადღება კარიერულ ზრდაზე გადაიტანოთ. ამ დღეს უპირატესობა გუნდურ მუშაობას და თანამშრომლობას უნდა მიანიჭოთ. იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ კეთილდღეობაზე, რათა შრომის ნაყოფიერება გაზარდოთ. თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში გარკვეულ როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს.

მერწყული

თქვენს გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ შესაძლებელია, ამ დღეს მხოლოდ ნაკლებად სტრესული საქმეები უნდა აკეთოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ და მასზე ზეწოლას უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფხიზლად იყოთ და ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია აქტიური და კომუნიკაბელური იყოთ. დაეხმარეთ ადამიანებს, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. იყავით გახსნილი ახალი შესაძლებლობებისთვის და გადაწყვეტილების მიღებისას ენდეთ საკუთარ გულს.

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის ფედერალური მთავრობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დახმარების ახალი პაკეტით უკრაინამ ბუნდესვერის მარაგებიდან გერმანიის ქარხნებში წარმოებული 18 ათასი 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი მიიღო, ასევე, Leopard-ის ტანკებისთვის ჭურვები, 14 სადაზვერვო Vector-ის დრონი და 30 სადაზვერვო Heidrun დრონი.

ამის გარდა, გერმანიამ უკრაინას გადასცა 5 სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Warthog, 6 ყველგანმავალი მანქანა – Warthog, 6 გამნაღმველი მანქანა -WISENT 1, 2 , BEAVER, 3 მანქანა საზღვრის დასაცავად და ა.შ.

დახმარების პაკეტში, ასევე, ნახსენებია SATCOM დაკვირვების სისტემა, 330 ინფრაწითელი კამერა, 2,056 Matador ყუმბარმტყორცნი და ა.შ.

გერმანიის მთავრობამ ასევე დახმარების სია განაახლა, რომლის უკრაინისთვის გადაცემაც მომავალში იგეგმება. მასში შედის საბრძოლო მასალა საზენიტო-სარაკეტო Patriot კომპლექსებისთვის, 20 Marder ჯავშანმანქანა და სხვა აღჭურვილობა.

“იმედგაცრუებული ვართ რუსეთის გადაწყვეტილებით, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიმართ გაერო-ს სანქციების მონიტორინგის განახლებას ვეტო დაადო|

აშშ იმედგაცრუებულია რუსეთის გადაწყვეტილებით, რომელმაც ვეტო დაადო გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების მონიტორინგის განახლებას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, და ჩინეთის გამო, რომელმაც თავი შეიკავა კენჭისყრისგან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„აშშ ძალიან იმედგაცრუებულია რუსეთის ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ ასევე იმედგაცრუებული ვართ, რომ ჩინეთმა 14 წლის შემდეგ გადაწყვიტა, თავი შეიკავოს ამ მნიშვნელოვანი მანდატის მხარდაჭერისგან. ექსპერტთა პანელი იყო ოქროს სტანდარტი ფაქტებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ანალიზისა და რეკომენდაციების მიწოდებისთვის ჩრდილოეთ კორეის მიმართ გაერო-ს სანქციების განხორციელების შესახებ. ამ 15 წლის განმავლობაში ექსპერტთა საბჭო სარგებლობდა უშიშროების საბჭოს ერთსულოვანი მხარდაჭერით და ამ წლამდე ხდებოდა მისი განახლება კონსენსუსით. რუსეთის ქმედებებმა დღეს ცინიკურად შეარყია საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება. ეს ყველაფერი ხდება იმ კორუფციული გარიგების წინსვლისთვის, რომელიც მოსკოვმა დადო ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთის ვეტო იყო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის გამოყენებასაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაძლიერებლად შეძლებს“, – განაცხადა მილერმა.

“სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოა“ პასუხისმგებელი გასულ კვირას მოსკოვში მომხდარ საზარელ თავდასხმაზე”

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ უარყო რუსეთის „აბსურდული“ ბრალდება მოსკოვის ოლქში განხორციელებულ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობაზე.

ჯონ კირბის თქმით, აშშ-მა რუსეთის უშიშროების სამსახურებს გადასცა წერილობითი გაფრთხილება მოსკოვში ექსტრემისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ.

„სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოა“ პასუხისმგებელი გასულ კვირას მოსკოვში მომხდარ საზარელ თავდასხმაზე. აშშ ცდილობდა ამ ტერაქტის თავიდან აცილებას და კრემლმა ეს იცის“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემსრულებლებმა თანხები და კრიპტოვალუტა უკრაინიდან მიიღეს.