Home Blog

“კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა” – რომან გოცირიძე

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „კატასტროფული დემოგრაფიის“ მთავარი მიზეზი ემიგრაციაა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და ვითარება არ შეიცვალა, ქვეყანა დაიცლება და ერი გადაშენების გზას დაადგება.

„შექმნილი ვითარება შეიძლება, გაუზვიადებლად, დავახასიათოთ როგორც კატასტროფა, ვინაიდან, ბოლო 10 წელიწადია, ბუნებრივი მატების მაჩვენებლი იკლებს. თუ 2014 წელს დაბადებულთა რიცხვი გარდაცვლილთა რიცხვთან შედარებით 11 ათასით მეტი იყო, შემდეგ წლების განმავლობაში ნულამდე დავიდა და ბოლო 4 წელიწადია უარყოფითი რიცხვია. ანუ ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ბუნებრივი მატება იყოს, კლებაა — გარდაცვლილთა რიცხვი მეტია დაბადებულებთან შედარებით. რისი ბრალია ეს – თუ გამოვრიცხავთ 2021 წელს, როდესაც პანდემია იყო მთავარი ფაქტორი, დანარჩენი, წლების განმავლობაში მიზეზი არის ემიგრაცია – უმუშევრობა, სიღატაკე, გაჭირვება, ფასების ზრდა იწვევს ქვეყნის დაცლას. 2022-ში ჩვენი 101 ათასი მოქალაქე გავიდა, 2023 წლის სტატისტიკა არ გვაქვს და ალბათ კიდევ ერთი ამდენი იქნებოდა. მიდიან ახალგაზრდები ბრუნდებიან საპენსიო ასაკს მიახლოებული ან გადაცილებული მოქალაქეები. 2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით 800 ათასი მოქალაქე დარჩა უცხოეთში როგორც ემიგრანტი. დაბრუნდა 500 ათასამდე და დაახლოებით 300 ათასი მოქალაქე დავკარგეთ, რაც არის ბათუმი, გორი და ზუგდიდი ერთად აღებული. აორთქლდა ეს სამი ქალაქი. ესენი ძირითადად არიან ახალგაზრდები- სამუშაო და რეპროდუქციული ძალის ნაწილი. ამიტომ, ამ კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი არის ემიგრაცია. თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და არ შეიცვალა ეს ვითარება და მთავრობა, ქვეყანა დაიცლება და დავადგებით გადაშენების გზას, რომელიც დეპოპულაციის სახელით არის ხოლმე მოხსენიებული ოფიციალურად. სინამდვილეში, ამას ერის გადაშენება ჰქვია”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, “საქსტატის” მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, 40 214 ბავშვი კი დაიბადა.

ამდენად, გასულ წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

კობა კობალაძე სამების საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და მეომართა და სამოქალაქო პირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ, ასევე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები,

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 12 პირის ( 9 სამხედროს და 3 მშვიდობიანი მოქალაქის) ნეშტი ოჯახებს გადაეცათ.

დღეს, 5 სამხედროს ნეშტი, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს, ხოლო, დანარჩენი იდენტიფიცირებული პირები, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, სათანადო პატივით, სხვადასხვა ლოკაციებზე.

2023 წელს 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ამოცნობილი, რომლებიც ოჯახებს გადაეცა. ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით მომუშავე, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს ნეშტები აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე იქნა მოძიებული.

2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ, მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 285 ადამიანის ნეშტი. 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, დღეისათვის, 1870 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადასაცემად, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება

სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება, – ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას 26 მარტს შეხვდა.

შეხვედრაზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მათი გადასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.

„შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაუხადონ“, – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

საქართველოში აღებულ მართვის მოწმობებს ევროპის კიდევ ერთი ქვეყანა აღიარებს

საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ესპანეთის სამეფოს მინისტრთა საბჭომ უკვე განაცხადა თანხმობა შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობების კატეგორიები და კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E, მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული,” – წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა. ვებგვერდ Transfermarkt-ის მონაცემებით, მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონი ევრო შეადგინა.

„ვალენსიისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარე მე-7 ადგილს იყოფს იტალიელ გულიელმო ვიკარიოსთან („ტოტენჰემი“) და ესპანელ დავიდ რაიასთან („არსენალი“).

რეიტინგის სათავეში „პორტუს“ 24 წლის მეკარე დიოგო კოშტაა (45 მილიონი ევრო), პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. დიოგო კოშტა („პორტუ“) – €45 მილიონი
  2. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – €40 მილიონი
  3. გრეგორ კობელი („დორტმუნდი“) – €40 მილიონი
  4. ედერსონი („მანჩესტერ სითი“) – €40 მილიონი
  5. ანდრე ონანა („მანჩესტერ იუნაიტედი“) – €40 მილიონი
  6. მაიკ მენიო („მილანი“) – €40 მილიონი
  7. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) – €35 მილიონი
  8. გულიელმო ვიკარიო („ტოტენჰემი“) – €35 მილიონი
  9. დავიდ რაია („არსენალი“) – €35 მილიონი
  10. ალისონი („ლივერპული“) – €32 მილიონი

„ნაცებს“, რომლებიც არჩევნებზე შვიდი პარტიით გადიან, მიშა ეუბნება, ერთი პარტიით გავიდეთო, ეს მიმართულება სწორია, უბრალოდ, არ მესმის, ამდენხანს მისგან კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ მოჰყვა -იაგო ხვიჩია

„ნაცებს“, რომლებიც არჩევნებზე შვიდი პარტიით გადიან, მათ მიშა ეუბნება, ერთი პარტიით გავიდეთო, ეს მიმართულება სწორია, უბრალოდ, არ მესმის, ამდენი ხნის განმავლობაში მისგან კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ მოჰყვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „წვრილმანებზე კამათიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე, თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნული ბრძოლა და გამარჯვება“.

„ნაცები“ რომ გადიან შვიდი პარტიით, მიშა ეუბნება, მოდით, ერთი პარტიით გავიდეთო. ეს მიმართულება სწორია, მაგრამ თან უნდა იყოს სათანადო წინადადება – შენ გაძლევ ამდენ ადგილს სიაში, შენ ამდენს და ასე შემდეგ. სხვაგვარად არავინ ენდობა ერთმანეთს „ნაცებში“ და ამისთვის საჭიროა, რომ მიშამ დადოს არქიტექტურა, როგორ წარმოუდგენია „ნაცური“ პარტიების გაცვლა პარლამენტში, რომ 1 000 პარტია არ იყოს ნომინალურად. სინამდვილეში, ან ყველა „ქოცია“, ან ყველა „ნაცია“ და მოგეხსენებათ, ორი „გირჩი“ ვართ. ამიტომ, ყველა არჩევნებში თითო პარტიით უნდა გავიდეთ „ნაცებიც“, „ქოცებიც“, „გირჩებიც“. ცალ-ცალკე პარტიების გასვლა ყველასთვის პრობლემურია, განსაკუთრებით ეს პრობლემა დგას „ნაცურ“ პარტიებში. ორი პარტიით თუ გავლენ არჩევნებზე, ალბათ ორივე გადალახავს ბარიერს, მაგრამ დღევანდელივით შვიდი პარტიით თუ გავლენ, ერთი გადალახავს, რომელსაც მიშა დაუჭერს მხარს. ეს პრობლემა არის „ნაცური“ პარტიების და შესაბამისად, მიშას ნათქვამი სწორია, უბრალოდ, არ მესმის, ამდენი ხნის განმავლობაში მისგან კონკრეტული ნაბიჯები რატომ არ მოჰყვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ -სოზარ სუბარი 

სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც გამოეხმაურა პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.

სუბარის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები სწორედ ამიტომ დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება. მისივე თქმით, მათ ურჩევნიათ, რომ “ასე ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი.”

„მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ. სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანთა უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს. სწორედ ამიტომ არის, რომ განხილვაშიც კი არ მიიღო სტრასბურგმა ნიკა გვარამიას საჩივარი. სწორედ ამიტომ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება, ურჩევნიათ, რომ ასე ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი. თუმცა, სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც უარი თქვა გვარამიას საჩივრის მიღებაზე, კარგი იქნება თუ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების წინაშე. ასევე, ბოდიშს მოიხდიან პირადად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე, რადგან წარმოუდგენელი ცილისწამებები და ზეწოლა იყო მის წინააღმდეგ. ასევე კარგი იქნება თუ უცხოური აგენტურა, წარმოდგენილი “ენჯეოების” სახით, ბოდიშს მოიხდიან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და ქართული მართლმსაჯულების წინაშე იმ ცილისწამების გამო, რაც მათგან მოდიოდა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

სტრასბურგის სასამართლომ მერამდენედ დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის პოლიტიზებული, მაღალ დონეზეა და ამისი მაგალითია, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ბედავს თავისი საქმე სტრასბურგში წაიღოს”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ,  პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო შეიცვლება, პოლიტიკური საქმეების შესახებ სიმართლეს ყველა გაიგებს.

ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს იმის მერე მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

პრემიერ-მინისტრი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა.

მთავრობის მეთაური სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.

5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ვნახეთ, რომ თურმე, ქართული მართლმსაჯულება ყოფილა მართალი -მაკა ბოჭორიშვილი – ნიკა გვარამიას საქმეზე

მმართველი გუნდის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად მიღებული არ იქნა.

„ვნახეთ, რომ თურმე, ქართული მართლმსაჯულება ყოფილა მართალი. თურმე, ქართულ მართლმსაჯულებას აბსოლუტურად სწორად უმოქმედია. ნამდვილად, შემდეგ ხდება ხოლმე ეს სპეკულაციების საფუძველი, რომ თითქოს, საქართველოში არ არის ისე, როგორც უნდა იყოს.

ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც ქმნიან აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, პრობლემას და საფრთხეს უქმნიან ზოგადად, ქვეყნის იმიჯს, რაც შემდეგ უკავშირდება იმ მნიშვნელოვან საკითხებს, თუნდაც, როგორიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აჩენენ კითხვებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ამის არანაირი საფუძველი არ არის. იცით, რომ მართლმსაჯულება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს -მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლგბტ-ს პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს.

„ეს არის ახლა თემა, როცა გმირებზე ვსაუბრობთ? ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს. ასევე, „ქართული ოცნების“ „ლიდერშიპი“. ეს არის თემა, რომელიც მათ ძალიან აწუხებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა ქვეყანაში არის ის, რომ საქართველოში „შობადობა მცირდება და ოჯახები ინგრევა”.

„შობადობა რომ მცირდება და ოჯახები რომ ინგრევა, ოჯახებს და შვილებს, რომ „სკაიპით” ზრდიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში ემიგრაციაში არიან, აი, ეს არის პრობლემა. უმუშევრობა რომ არის, ეს არის პრობლემა. შემოსავალი რომ არ აქვს ხალხს, ეს არის პრობლემა. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველაზე მთავარი, რაც არის იმაზე გავაკეთოთ {აქცენტი}”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად -ლევან ნიკოლეიშვილი

შეიძლება ყველაფერზე უფრო არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად! – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, ჩნდება კითხვა მართლაც ასეთ სასწაულებს ახდენენ კლინიკა „ვივამედში”, თუ საერთაშორისო თაღლითობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტმოქმედებასთანაც გვქონდა საქმე?!

„შეიძლება ყველაფერზე უფრო არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად! როგორც მახსოვს გარდა იმისა, რომ საავადმყოფოში დედისა და უამრავი მნახველის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ დამნაშავეზე გვითხრეს, რამდენიმე უკურნებელი სენისა და წამების მსხვერპლიც იყო, მისი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა მართლაც ასეთ სასწაულებს ახდენენ კლინიკა „ვივამედში”, რომლის ექიმების პროფესიონალიზმში მე პირადად ეჭვიც არ მეპარება თუ საერთაშორისო თაღლითობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტმოქმედებასთანაც გვქონდა საქმე?!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ქართველი მოსამართლე ლამის დაასანქცირეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაუშვეს- ბექა ოდიშარია

„ეს არის ე.წ. ვეტინგი. ქართველი მოსამართლე „გააშავეს“, ლამის იყო დაასანქცირეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაუშვეს ამ გადაწყვეტილების გამო. აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მას მხარს უჭერს და აბსოლუტურად არ შეაქვს ეჭვი მისი გადაწყვეტილების სისწორეში და სამართლიანობაში. ეს არის კეთილსინდისიერებაზე შემოწმება. ხოლო, გვარამიას კიდევ ერთხელ უთხრეს რომ გაძარცვავ ბანკს, შენს ტელევიზიას თუ შენს ოჯახს, დამნაშავე დამნაშავეა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.

პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.