Home Blog

“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხალხისთვის მრავლისმთქმელია რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა”

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხალხისთვის მრავლისმთქმელია რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვებზე ყველას ექნება საშუალება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს და არგუმენტი წარმოადგინოს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღარ ვაპირებ იმაზე მეტის თქმას, რაც უკვე ითქვა. ჩვენი სათქმელი ვთქვით, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რაზეც არის საუბარი. შემდეგ უკვე გაგრძელდება საჯარო განხილვები, სადაც ყველას ექნება საშუალება, თავისი პოზიცია ან არგუმენტი მოიტანოს და ღია მსჯელობაში დააფიქსიროს. მგონია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხალხისთვის მრავლისმთქმელია რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

“მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია” – კახა კალაძე გახარიაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  რეალობას აბსოლუტურად აცდენილი უწოდა გიორგი გახარიას განცხადებას  „ქართული ოცნების“ მომავალ არჩევნებში დამარცხებასა და ოპოზიციაში გადანაცვლებასთან  დაკავშირებით, როდესაც მას ჟურნალისტმა ამის თაობაზე კითხვა დაუსვა.

„არ ვიცი, გახარიამ რა თქვა, მაგრამ  „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებსო,   არ ვიცი  მაგ განცხადებაზე  რა კომენტარი უნდა გავაკეთო.   პოლიტიკოსი რომ დღევანდელ მოცემულობაში ამ ტიპის განცხადებას აკეთებს, ერთი რამ ცხადია – ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაში, რეალობას ძალიან აცდენილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, გახდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისიტრი სწორედ გახარიას ინიციატივით და  არა შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც ეს პარტიაში იყო დაგეგმილი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ არ აპირებს  გუნდის შიგნით მიმდინარე   მსჯელობებზე საჯაროდ  საუბარს.

„გუნდში ძალიან ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი. ამ ყველაფრის სააშკაროზე გამოტანა მე არ მიმაჩნია სწორად და არ ვთვლი საჭიროდ და თუ მას აქვს სურვილი, ისაუბროს რაღაცეებზე, შეიძლება ტყუილი იყოს რაღაცა, შეიძლება რაღაცეები მოიგონოს, მე ნამდვილად არ მაქვს ამ თემაში შესვლის სურვილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე” – კახა კალაძე

ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული ისეთი ადამიანები, როგორებიც ნიკა მელია და ნიკა გვარამია არიან, უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში.

მისივე განმარტებით, პოლიტიკოსებს, რომლებსაც ბოროტება ამოძრავებთ, საქართველოს მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს.

„ის, რომ დღეს ეს კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. არავის უნდა მიეცეს იმის უფლება ბოროტებით დაიმკვიდროს თავი პოლიტიკაში.  როდესაც გაქვს ამბიცია იყო პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხაზი მუქარაა, ემუქრები კონკრეტულ ადამიანებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი ქვეყანაში ვერ იცხოვრებენ, არ არის სწორი. ვინც არის ბოროტებით გაჯერებული, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი სქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ თბილისში 30 მარტს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ქარი აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 30 მარტს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 მარტს ზოგან თოვლჭყაპია შესაძლებელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მართალია, „ქართული ოცნება“ იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ შეიძლება, 40%-იც კი სათუო გაუხდეს”

მართალია, „ქართული ოცნება“ იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ შეიძლება, 40%-იც კი სათუო გაუხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ “საარჩევნო კოდექსში” შესატან ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ვენეციის კომისიის მხრიდან ახალი კანონპროექტის შეფასებაც.

“ყოველ ნაბიჯზე დასტურდება, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოში 2024 წლის არჩევნებს და მის ჩატარებას სრულფასოვანი პროცესის თვალსაზრისით. ამის ნაწილია საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ძალით მიღებული ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მოქალაქეების მოსაზრებებს საქართველოს ხელისუფლება არ ისმენს. რაც შეეხება მომდევნო დაკვირვებას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, “ქართული ოცნება” იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ მას 40%-იც კი შეიძლება სათუო გაუხდეს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

ამავე კანონპროექტით, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

„ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

„ნატოს არ შევუტევთ, მაგრამ უკრაინაში “ეფ-16”-ებს ჩამოვაგდებთ“ – Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით „ნატოს არ შევუტევთ, მაგრამ უკრაინაში “ეფ-16”-ებს ჩამოვაგდებთ“ (ავტორები – გაი ფოლკონბრიჯი და რონ პოპესკი), რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაა კომენტირებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

რუსეთის სამიზნე ნატოს არცერთი ქვეყანა არ არის და მოსკოვი არ დაესხმება თავს პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუ ჩეხეთს. თუმცა, თუკი დასავლეთი უკრაინას “ეფ-16” (F-16) გამანადგურებლებით მოამარაგებს, მათ რუსეთის ძალები ჩამოაგდებენ, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 მარტს.

რუსეთის თავდასხმამ მეზობელ სუვერენულ უკრაინაზე, ქვეყანაში 2022 წელს განმეორებით შეჭრამ და იქ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამ, რუსეთს და დასავლეთს შორის ისტორიული კრიზისი გამოიწვია, რომლის მსგავსი 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ევროპის კონტინენტს კი მსგავსი მასშტაბის საომარი მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.

ვლადიმერ პუტინმა ეს განცხადება რუსეთის საჰაერო ძალებთან შეხვედრის დროს გააკეთა. პილოტებთან საუბრის დროს მან თქვა, რომ შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედი სამხედრო ალიანსი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა.

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსკოვს ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის გეგმები არ აქვს, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. “ჩვენ არ გვაქვს აგრესიული მიზნები ამ ქვეყნების მიმართ” – თქვა ვლადიმერ პუტინმა, 28 მარტს, კრემლის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით. პრეზიდენტის თქმით, “ის იდეა, რომ ჩვენ შევუტევთ პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, და რომ ჩეხებიც შეშინებულები არიან – სრული აბსურდია, უბრალოდ სისულელეა”.

რუსეთი შეერთებულ შტატებს რუსეთთან მარიონეტული ბრძოლის წარმოებაში ადანაშაულებს, რადგან ვაშინგტონი უკრაინას მხარს უჭერს დაფინანსებით, შეიარაღებით და დაზვერვის მონაცემებით. კრემლის თქმით, ამერიკასთან ურთიერთობა ამაზე უარესი არასდროს ყოფილა.

როცა პუტინს კითხვა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დაპირებულ “ეფ-16” გამანადგურებელზე დაუსვეს, მან თქვა, რომ ამგვარი თვითმფრინავები უკრაინაში სიტუაციას ვერ შეცვლის. “თუ ისინი მიაწოდებენ “ეფ-16″-ებს, საუბრობენ ამაზე და აშკარად ამზადებენ პილოტებს, ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე”, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსები ჩამოაგდებენ ამ თვითმფრინავებს ისევე, როგორც ანადგურებენ ტანკებს, ჯავშანტექნიკას და სხვა მოწყობილობებს, მათ შორის სარაკეტო დანადგარებს. პუტინმა იქვე აღნიშნა, რომ ამ თვითმფრინავებს ატომური რაკეტების გადატანაც შეუძლიათ.

წყარო

“პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე მხოლოდ სამიტის მონაწილეთა საერთო თანხმობის შემთხვევაში მოიწვევენ” – მაკრონი

ბრაზილიაში ნოემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწვევენ, თუ მასში მონაწილე ქვეყანა ამაზე თანხმობას განაცხადებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, „დიდი ოცეულის“ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ „აუცილებლად იქნას მიღწეული კონსენსუსი დანარჩენ 19 ქვეყანასთან, ეს იქნება ბრაზილიური დიპლომატიის ამოცანა“.

„დიდი ოცეული“ ვალდებულია, იმოქმედოს, „ემსახუროს მსოფლიოსა და საერთო ინტერესებს“, – აღნიშნა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, 2019 წელს საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინი სწორედ კონსენსუსის არარსებობის გამო არ მიიწვია. სანაცვლოდ, მან რუსეთის პრეზიდენტთან ცალკე შეხვედრა მოაწყო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი არ ესწრებოდა 2022 წელს ინდონეზიაში, 2023 წელს კი ინდოეთში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტებს. მის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერიც გამოსცა.

მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.

ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე – 15 წუთამდე, N381-ზე – 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე – 10 წუთამდე.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე მოძრაობდნენ.

24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება.

“ქართველი ადამიანი ამბობს, რომ არ სურს ლგბტ პროპაგანდა, სახელმწიფომ უნდა იკისროს ვალდებულება და კონსტიტუციის დონეზე გაამყაროს პროპაგანდის აკრძალვა”

ქართველი ადამიანი ამბობს, რომ მას არ სურს ლგბტ პროპაგანდა, კაცის კაცზე ქორწინება და სურს ქართული იდენტობის შენარჩუნება, მგონი, ეს სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს და ვალდებულება იკისროს, რომ კონსტიტუციის დონეზე გაამყაროს პროპაგანდის აკრძალვა, – ამის შესახებ „ხალხის“ ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, პირდაპირ უნდა თქვას, არიან თუ არა ლგბტ პროპაგანდის მომხრე.

„ჩვენ უკვე ამდენი უსაფუძვლო შეშფოთებებით შეშფოთებული ვართ, რადგან როცა ქართველი ადამიანი ამბობს, რომ მას არ სურს ლგბტ პროპაგანდა, კაცის კაცზე ქორწინება და სურს ქართული იდენტობის შენარჩუნება, მგონი, ეს სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს და ვალდებულება იკისროს, რომ კონსტიტუციის დონეზე გაამყაროს პროპაგანდის აკრძალვა. სხვათა შორის, ეს ბევრმა სხვა ქვეყანამ გააკეთა. რომის პაპმა კაცობრიობას მიმართა, რომ ლგბტ პროპაგანდა საშიშია. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა თქვა „ქალი ქალია,“ „კაცი კაცი“ და ამერიკის პრეზიდენტმაც იგივე გაიმეორა. საქართველო უფრო მოწყვლადი ქვეყანაა და ჩვენი ინტერესია ქართული იდენტობა დაცული იყოს. ვისაც რაიმე განსხვავებული მოსაზრება აქვს, პირდაპირ თქვას და არა ენის მოჩლექით, მხარს არ ვუჭერო. პირდაპირ თქვან, არიან თუ არა ლგბტ პროპაგანდის მომხრე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.

ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.
ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

სამაშველო ვერტმფრენს აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.

თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters” -ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა.

შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

“ოცნება“ ღია ტექსტით აღიარებს, რომ მათთვის 40 პროცენტი სერიოზული გამოწვევაა და საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ”

ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ გვეუბნება, მათ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ და 40%-ზეც კი არ არიან. „ოცნება“ ამ კანონპროექტით და არა მხოლოდ ამ კანონპროექტით, თვითაღიარების რეჟიმშია და გვეუბნება, რომ 60%-იანი მხარდაჭერა კი არ აქვთ, არამედ 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა მათთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დაუშვილის თქმით, „ოცნება“ ხვდება, რომ ძველი, მაჟორიტარული სისტემის გარეშე, მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელია.

„ამიტომ ცდილობენ, რაღაც ფორმით ძველი სისტემა დააბრუნონ, თუმცა ვერ დააბრუნებენ, რადგან ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. ეს სისტემაც რამდენად თანხვედრაში და შესაბამისობაშია, ცალკე განხილვის საგანია. მთავარი ის არის, რომ „ოცნება“ ღია ტექსტით აღიარებს, რომ მათთვის 40% სერიოზული გამოწვევაა და ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

შესაძლოა, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გაუქდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას „ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირას გეგმავს. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.