Home Blog

“ნებისმიერ უცხოელს, ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში აქციების შემოტანა, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს”

2028 წლამდე, ნებისმიერ პირს ოფშორიდან საქართველოში წილის, აქციების შემოტანა შეეძლება, შეეძლება შპს 2 ლარად დააფუძნოს და ამ შპს-ში წილის 100% გადმოიტანოს – ამაზე საშინელი ფულის გარეცხვის მექანიზმის გამოგონება წარმოუდგენელია! – ასე განმარტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილი, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ნებისმიერ უცხოელს – “ბინ ლადენის ბიძაშვილიც რომ იყოს“, თავისუფლად შეეძლება ოფშორიდან საქართველოში წილის გადმოტანა და ნებისმიერ ბიზნესში ჩადება.

“შეღავათს ერთი ადამიანისათვის აკეთებთ, რადგან იძულებული ხართ, რომ ეს გააკეთოთ. ამით ქვეყნის საფინანსო სისტემას უზარმაზარი რისკის წინაშე აყენებთ.

კანონის მიღება გეჩქარებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ თავშესაფრად უკვე ოფშორებიც არ გამოდგება. დემოკრატიის ძალა და დემოკრატიული სახელმწიფოების მსახვრალი ხელი ყველგან მისწვდა სანქციების სახით, მათ შორის მისწვდა ოფშორებს. ამიტომ მას ყველა აქტივის გადმოტანა უნდა – უნდა დაარეგისტიროს “ქართუს“ ან “ელიტა ბურჯის“ ბალანსზე, არ გადაიხადოს გადასახადები და საქართველო თავის ციხე-სიმაგრედ შექმნას. არის სანქციების მოლოდინში, მათ შირის აგენტების კანონიდან გამომდინარე – თქვენც დაელოდეთ სანქციებს! ასე მარტივად ვერ გადარჩებით!“ – განაცხადა გოცირიძემ უმრავლესობის მისამართით.

პარლამენტი მუხლობრივად “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: – პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.

მოვუწოდებთ კაციტაძეს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე -არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება  16-17 აპრილს სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე,აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ:

„24 საათზე მეტი გავიდა, რაც 2024 წლის 16-17 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილს.

საჯარო წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია სულ მცირე 10-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არის გამოსაძიებელი, მათ შორის, 3 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია მიღებული დაზიანებების გამო. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ცნობით, 17 აპრილს პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ გახორციელდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა.

ამ დრომდე უცნობია, თუ რა არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პოზიცია, დაიწყო თუ არა გამოძიება ან რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შექმნილია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. არსებითად მნიშვნელოვანია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერი ნაბიჯების გადადგმით აჩვენოს საზოგადოებას, რომ საპოლიციო ძალების მიერ ღირსების შემლახავი ქმედებები არ იქნება შეწყნარებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ.

საგანგაშოა, რომ, გარდა დემონსტრანტებისა, 16 აპრილის ღამის საათებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. მსგავსი ღონისძიებები, რომლებითაც ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ სამუშაო პროცესში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი, ასევე, არის სისხლის სამართლის დანაშაული.

მოვუწოდებთ:

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება, და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • უფლებები საქართველო (RG)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

თუ ვინმე ან რამე აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო საზოგადოების იდეას, ეს არის სწორედ არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პოლიტიკური პარტიები -არჩილ თალაკვაძე

თუ ვინმე ან რამე დღეს აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო საზოგადოების იდეას, ეს არის სწორედ არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, რომლებიც მთელ რიგ შემთხვევებში პარალელურად ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებად დარეგისტრირებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორმა მათი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია ისევე უნდა გაასაჯაროოს, როგორც ამას პოლიტიკოსები თუ ბიზნესის წარმომადგენლები აკეთებენ.

„დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ ამ სფეროში საქართველოსაც სჭირდება რეგულაცია და კანონმდებლობა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული პარტიები, მათ შორის, ჯგუფები, რომლებიც ძალადობასა და დესტაბილიზაციას პირდაპირ აორგანიზებენ, ფინანსდებოდნენ ყოველგვარი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. ასევე, ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ არჩევნების ძირის გამოთხრას და შედეგებით მანიპულირებას – პარალელური დათვლის შედეგები პირდაპირ გაყალბდა.

საჭიროა გამჭვირვალობა, საჭიროა ანგარიშვალდებულება ისევე, როგორც ბიზნესი, საჯარო სექტორი, თანამდებობის პირები ვაბარებთ დეკლარაციებს, დეკლარაციები უნდა ჩააბაროს და ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს არასამთავრობო სექტორმა.

თუ ვინმე ან რამე დღეს აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და სამოქალაქო საზოგადოების იდეას, ეს არის სწორედ არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები, რომლებიც მთელ რიგ შემთხვევებში პარალელურად ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებად დარეგისტრირებული, სწორედ ეს აქტივობა და ის ადამიანები, ვისაც უნდათ პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ არ უნდათ გამოჩენა, აზიანებენ სამოქალაქო საზოგადოების იდეას. ამიტომ, ეს უნდა გახდეს გამჭვირვალე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ჩემი გზავნილი მკაფიოა, უკრაინას მეტი დახმარება გაუგზავნეთ -იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს წევრ ქვეყნებს აქვთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის მოთხოვნა მათი ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების, დანიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების მიწოდებას, ვიდრე საკუთარი თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული მიზნების შესრულებას.

„უკრაინას მეტი სჭირდება. ასე რომ, მოკავშირეები თუ დადგებიან არჩევანის წინაშე, ნატო-ს თავდაცვითი მიზნების შესრულებასა და უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევას შორის, ჩემი გზავნილი ნათელია: გაუგზავნეთ მეტი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

“პარლამენტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის მხარეს გადააქცია საკუთარ „ბუტკად“ და უთხრა, შედით ახლა „ბუტკაშიო“, აფორმებენ ყველა დავალებას, რასაც ბიძინასგან იღებენ” – სალომე სამადაშვილი

ძვირფასო თანამოქალაქეებო, დღეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის მხარეს გადააქცია საკუთარ „ბუტკად“ და უთხრა, შედით ახლა „ბუტკაშიო“, აფორმებენ ყველა დავალებას, რასაც ბიძინასგან იღებენ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები განიხილება.

სამადაშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო რეგულაცია, რომ უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში არ იმოქმედებს, ახლა ცდილობენ, რომ ოფშორებიდან ბიძინა ივანიშვილის ფული შემოიტანონ, რათა ის დასავლეთის სანქციებისგან დაიცვან.

„მომხსენებელთან საუბარს აზრი არ აქვს, დავალებაა აქვს მიღებული და როგორც მდინარაძემ დახარჯა 16 საათი ქართველი ხალხისთვის ასახსნელად, რომ რუსული კანონი რუსული არ არის, მაგრამ გუშინ ხალხი მოვიდა და მდინარაძეს უთხრა, რომ რუსულია, ასევე დღეს ბევრი დრო დახარჯა გამომსვლელმა, რათა ეთქვა, რომ ეს კანონი არ არის ბიძინასთვის დაწერილი. რეალურად, ძვირფასო თანამოქალაქეებო, დღეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის მხარეს გადააქცია საკუთარ „ბუტკად“ და უთხრა, შედით ახლა ბუტკაშიო, აფორმებენ ყველა დავალებას, რასაც ბიძინასგან იღებენ.

რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ საქართველოს გასაბჭოების უფლებას მარტივად მას დასავლეთი არ მისცემს, ამიტომ, რა თქმა უნდა, მას წინ ელოდება აუცილებლად ის სანქციები, რომლებიც დაუწესდა სხვა რუს ოლიგარქებს, სხვა რუს ოფიციალურ პირებს და დაუწესდა უკვე სანქციები, მათ შორის, ამათ წარმომადგენელ ბატონ ფარცხალაძეს, დაუწესდა ამათ უფროს ბატონ მურუსიძეს და სხვა მოსამართლეებს და ბიძინას დროც მოდის. ამათ ჯერ მიაღებინეს ეროვნულ ბანკს რეგულაცია, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები საქართველოში არ აღსრულდება თუ არ იქნება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ახლა იღებენ კანონს, რომ ბიძინამ შემოიტანოს საქართველოში ფული, რომელიც აქვს ოფშორებში, ოღონდ ისე, რომ თეთრიც არ მისცეს სახელმწიფო ბიუჯეტს ანუ დამშეულ ქართველ ხალხს. მას ძალიან ბევრი ფული აქვს ოფშორებში, მათ შორის, საკუთარი შვილების შექმნილი სატრასტო ფონდი, ეს მილიარდებით აქ რამეს კი არ შექმნის და დააფუძნებს, ამას შემოიტანს და დაიცავს სანქციებისგან, იმიტომ, რომ მურუსიძის სასამართლო, ცხადია, არასდროს არ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დასანქცირებული სწორი მიზეზებით ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ. ანუ ახლა მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ ივანიშვილი მოემზადოს, რომ ციხესიმაგრედ აქციოს საქართველო, მათ შორის, ამ ქვეყნის ფინანსური სისტემა დააყენოს გამოწვევების წინაშე, საბანკო სისტემა დააყენოს გამოწვევის წინაშე, რადგან შესაძლოა, დაიწყოს ჩამონგრევა, იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა რაც ჩაიდინა, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ რუსული ხელისუფლება ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად, სანამ დასრულდა ქართული სახელმწიფო“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიციას რუსული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა – ის არ მიიჩნევს თავს ამ სახელმწიფოს ნაწილად -შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი პოლიციას რუსული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა და ამით უკვე ყველანაირი წითელი ხაზი გადალახა სახელმწიფოსთან დაკავშირებით. გუშინ საერთოდ სასწაული მოხდა, როდესაც მან უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„რაც შეეხება ბოლო დღეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს, მიჭირს უკვე, დავეწიო მას რეაქციებითაც. ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიციას რუსული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა და ამით უკვე ყველანაირი წითელი ხაზი გადალახა სახელმწიფოსთან დაკავშირებით. ის არ მიიჩნევს თავს ამ სახელმწიფოს ნაწილად, იმ ინსტიტუტების ნაწილად, როგორიც არის პოლიცია, რომელიც ამ დღეებში ღირსეულად მოქმედებდა. ამიტომ არის ნდობა პოლიციის მიმართ ასეთი მაღალი.

გუშინ საერთოდ სასწაული მოხდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან. დააკვირდით ერთ რამეს: გასაგებია, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, მაგრამ რა შუაში იყო საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტი, ვერავინ ახსნის. დღესდღეობით ევროკავშირის პრეზიდენტობა აქვს ბელგიას, თუ მაინც და მაინც ევროკავშირზე იყო საუბარი, ბელგიის ხელმძღვანელისთვის უნდა მიემართა. რა შუაში იყო საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტი, საერთოდ ვერ ვხვდები – ალბათ მისი ყოფილი მოქალაქეობიდან გამომდინარე ან არ ვიცი, ახლაც თუ აქვს ორმაგი მოქალაქეობა.

დამოკიდებულება, რომ ამ თანამდებობის ადამიანი, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, საკუთარი ხალხის ხელისუფლებას უჩივის სხვა ხალხის ხელისუფლებასთან, ეს აჩვენებს, რომ არათუ საქართველოს სუვერენიტეტი არ ესმის, საერთოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ ესმის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ჭეშმარიტების მომენტი უკრაინისა და ისრაელისათვის: ორივე ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროებათ აშშ-ის დახმარება“ – უცხოური პრესა

აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებული აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სტატია სათაურით „ჭეშმარიტების მომენტი უკრაინისა და ისრაელისათვის: ორივე ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროებათ აშშ-ის დახმარება თავხედი მოწინააღმდეგეებისაგან თავის დასაცავად“, რომელშიც ამერიკის ლიდერის თვალსაზრისია გადმოცემული: „წარმომადგენელთა პალატამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ ქვეყნებისადმი სამხედრო დახმარების კანონი. დაუშვებელია, რომ რესპუბლიკელებს დოკუმენტი „მძევლად ჰქონდეთ აყვანილი“, – წერს ჯო ბაიდენი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

“მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა, ისინი დამოკიდებულნი არიან ამერიკულ დახმარებაზე, მათ შორის იარაღზე. და ეს გადამწყვეტი მომენტია”, – წერს ჯო ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, დახმარება საჭიროა ორივე ქვეყნისთვის, რადგან უკრაინასა და ისრაელს საბრძოლო მასალა ეწურებათ – უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად, ისრაელს კი გასულ კვირას ირანული დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით მასშტაბური თავდასხმის ფონზე.

თუმცა, მისი თქმით, დახმარება ისეთივე მნიშვნელოვანია ამერიკის ინტერესების უსაფრთხოებისთვის. “როგორც უკრაინა, ასევე – ისრაელი თავდასხმის ქვეშ არიან თავხედური მოწინააღმდეგეების მხრიდან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ბატონ პუტინს სურს დაიმორჩილოს უკრაინელი ხალხი და შეითვისოს მათი ერი რუსეთის ახალ იმპერიაში. ირანის მთავრობას სურს ისრაელის სამუდამოდ განადგურება – უნდა, რომ მსოფლიოში ერთადერთი, ებრაული სახელმწიფო რუკიდან აღგავოს“, – წერს ჯო ბაიდენი. „ამერიკამ არასოდეს არ უნდა მიიღოს არც ერთი ასეთი შედეგი – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, არამედ იმიტომაც, რომ ამაზე ჩვენი უსაფრთხოებაც დგას“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი სტატიაში, – „თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ვლადიმერ პუტინის ჯარი ძალიან ახლოს მოვა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი ქვეყნებთან.

ნატოს წესდების მე-5 მუხლის საფუძველზე ჩვენ მოკავშირეებს ყოველთვის დავეხმარებით. დაუყოვნებლივ უნდა გავაძლიეროთ უკრაინისადმი დახმარება, რათა ვლადიმერ პუტინი შევაჩეროთ, რათა აღვკვეთოთ კრემლისგან მომდინარე საფრთხე თავისუფალი ქვეყნების მიმართ. ამასთან უნდა ვეცადოთ, რომ ამერიკის არმია ევროპულ მომავალ ომში არ იქნეს ჩათრეული“. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება არ იქნება “გადაყრილი ფული”. მისი თქმით, უკრაინისთვის გასაგზავნი იარაღი ამერიკულ ქარხნებში დამზადდება: „ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ ამერიკის ინდუსტრიულ ბაზაში, ვიყიდით ამერიკელი მუშაკების მიერ დამზადებულ ამერიკულ პროდუქტებს, დავეხმარებით სამუშაო ადგილების შექმნას თითქმის 40 შტატში და გავაძლიერებდით ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჩვენ დავეხმარებით ჩვენს მეგობრებს და პარალელურად დავეხმარებით საკუთარ თავსაც“, – წერს ჯო ბაიდენი. ამერიკის ლიდერმა ასევე სცადა შეემსუბუქებინა დემოკრატიულ პარტიაში ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებული შეშფოთება, სადაც პარტიის წევრთაგან უფრო და უფრო მეტი ეწინააღმდეგება ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში წარმოებული ომის გამო. ჯო ბაიდენის თქმით, სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ასევე მოიცავს დაფინანსებას „ღაზის მოსახლეობისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მიზნით“. ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა, „ძლიერი და გონივრულია, მაგრამ დოკუმენტი მძევლად აქვთ აყვანილი წარმომადგენელთა პალატის ექსტრემისტულად განწყობილ რესპუბლიკელთა მცირე ჯგუფს. ვლადიმერ პუტინი განუხრელად ცდილობს უკრაინელი ხალხის ნებისყოფის გატეხას, მაგრამ იგი ამას ვერ მოესწრება. მას ასევე სურს დასავლეთის დაჩოქებაც. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა თავისი გეგმები განახორციელოს“, – წერს სტატიის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტი.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

სადაც ევროპული აგენტოკრატიის ჩარევა არ იყო საკმარისი, საქმეში უშუალოდ ამერიკული აგენტურა ერთვებოდა -ხალხის ძალა

პარტია „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენი დაუძინებელი მეგობრები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ისევ ხელის გადაწევის პრინციპით მოქმედებას ცდილობენ. შარშან საბაბად სიტყვა აგენტს მაინც იშველიებდნენ, ახლა კი სათქმელი საერთოდ აღარაფერი აქვთ. ორჯერ ორი ოთხია, რომ დემოკრატიულ სისტემაში თუ ფულის დახარჯვა გინდა, უნდა თქვა კიდეც, ამ ფულს რაში ხარჯავ. დანარჩენში საზოგადოება თვითონ გაერკვევა: ფული ქვეყნის სასიკეთოდ იხარჯება თუ საზიანოდ, უცხოური გავლენა კეთილ მიზნებს ემსახურება თუ ქვეყანაში მანკიერების დამკვიდრებას ცდილობს.

არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ამერიკას 30 წლის მანძილზე საქართველოში 6 მილიარდი აქვს დახარჯული. ამაზე ლაპარაკი ყველაზე მეტად კელი დეგნანს უყვარდა, ახლა კი მისი მესიჯი მოქმედმა ელჩმაც გაიმეორა. თუმცა, არაერთგზის დასმული შეკითხვის მიუხედავად, დღემდე ცოცხალი თავით არ გვეუბნებიან, რაში დახარჯეს ეს ფული.

ვისაც სახელმწიფოს არსი ესმის, იოლად დაგვეთანხმება, რომ არცერთი სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სხვა სახელმწიფოების დახმარებისთვის არ იქმნება. ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ უფასო მხოლოდ ყველია სათაგურში. ნებისმიერი თანხა, რომელსაც სახელმწიფო სესხად თუ გრანტად გასცემს, ორმაგი მოგების მიღებაზე გათვლილი კაპიტალდაბანდებაა. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. როგორც კი ფინანსებს გაშიფრავენ, ქართული საზოგადოება ზუსტად გაიგებს, სინამდვილეში, რა მოხმარდა ქვეყნის განვითარებას და რა მოგება ნახა ფულის გამცემმა.

სწორედ ამიტომაა, რომ მათ ჩვენი შეკითხვაც კი აღიზიანებთ. ნუთუ, ეს შეკითხვაც რუსული კანონია? 6 მილიარდი თუ მოახმარე ამ ქვეყანას, რატომ გაურბიხარ საკუთარი ქველმოქმედების წარმოჩენას? როცა ამას აკეთებ, გამოდის, რომ ბევრი რამ გაქვს დასამალი. დასამალი გაქვს პირველ რიგში ის, რომ შენს მიერ გაცემული ე.წ. დახმარება, სინამდვილეში, არა საქართველოს განვითარებას, არამედ ქვეყანაში აგენტურის დამკვიდრებასა და გაძლიერებას ემსახურებოდა. ამ ე.წ. დახმარების შედეგად, მივიღეთ ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, 400-ზე მეტი დაღუპული და 30 ათასი დევნილი ქართველი. კრედიტებს, რომლებიც 2008-11 წლებში სააკაშვილის რეჟიმის წაქეზებასა და გადარჩენას მოხმარდა, ქართველი ხალხი დღემდე იხდის.

გასაგებია, რომ 30 წლის მანძილზე დახარჯული თანხების გაშიფვრა არ გინდა, მაგრამ დღეს რას ხარჯავ, ის მაინც გააგებინე ქართულ საზოგადოებას. იქნებ, ამ თანხების უდიდესი ნაწილი რევოლუციურ სცენარებს და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შელახვას, ლგბტ-პროპაგანდას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის ხელშეწყობას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას, რადიკალიზაციისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას ხმარდება? ეს რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, იქნებ, საერთოდ უარი თქვას ამ ე.წ. დახმარებაზე?

გარდა ამისა, ენჯეოებზე გაცემული გრანტებით მთელი ეს წლები ისე არყიეს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, მისი ეკონომიკა, რომ მათ გარეშე, ბუნებრივია, საქართველო დღეს ეკონომიკურად ბევრად უფრო წინ იქნებოდა. ამ გრანტების მოცულობა გრანტებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის მოცულობას რომ შევადაროთ, დარწმუნებული ვართ, მინიმუმ ათმაგ სხვაობას მივიღებთ. ენჯეოებზე დახარჯული თითოეული 100 მილიონი დოლარი ქვეყნის ეკონომიკისთვის დაკარგულ მინიმუმ მილიარდ დოლარს ნიშნავს. რომ არა ეს გრანტები, ერთი „ენჯეოშნიკის“ სამუშაო ადგილის ნაცვლად, ქვეყანა 10 ჯანსაღ სამუშაო ადგილს შექმნიდა. ასეთ პირობებში, ენჯეოების დაფინანსების დახმარებად გასაღება ცინიზმია და მეტი არაფერი.

მართალია, „ქართულ ოცნებაში“ ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: ვიდრე ჩვენ არ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება ქართული საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმის შესახებ, ისინი სწორ აქცენტებს არ აკეთებდნენ, რასაც ქვეყანა უმძიმეს შედეგებამდე შეიძლებოდა მიეყვანა.

ჩვენმა ქვეყანამ ამ სამ წელიწადში უამრავი სირთულე დაძლია, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. როგორც რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, დაუძინარი მეგობრების გეგმა ცხადია – საარჩევნოდ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს გვეტყვიან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისა და ენჯეოების ხელით, 2020 წლიდან რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის არევა უკვე მესამედ სცადონ. თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება და ფხიზლად იქნება, დარწმუნებული ვართ, რომ რევოლუციის მესამე მცდელობაც იოლად ჩავარდება.

ევროკავშირის ნომინალური ეკონომიკა 2008 წელს 16.3 ტრილიონი დოლარი იყო, 2024 წლის ბოლოსთვის კი მხოლოდ 17.3 ტრილიონი იქნება. ამასობაში, ამერიკის ნომინალური ეკონომიკა 14.8 ტრილიონიდან 28 ტრილიონ დოლარამდე იზრდება. ვინც ეკონომიკაში ზედაპირულად მაინც ერკვევა, კარგად მიხვდება, თუ რას ნიშნავს 16-წლიანი ეკონომიკური სტაგნაცია ევროკავშირისთვის.

ამ მასშტაბის კრიზისის შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი ევროპაში მომხდარმა სამმა ომმა – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს, 2014 წლის რუსეთ-უკრაინისა და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომებმა შეასრულა. უკრაინის ამჟამინდელი ომის მთავარი დაზარალებული, თავად უკრაინის შემდეგ, ევროპაა. ევროპულ აგენტოკრატიას კი საკუთარ ხალხზე სადარდებლად არ სცალია, რადგან დავალებული აქვს, უკრაინის ომი ბოლო უკრაინელამდე (როგორც ამას დასავლელი პოლიტიკოსების პრაგმატული ნაწილი ხშირად ამბობს ხოლმე) და ბოლო ევროპულ საწარმომდე გააგრძელოს.

სიტყვამ მოიტანა და ყველა ვხედავთ, როგორ იქცევა უკრაინის ხელისუფლება. იმ საბაბით, რომ სანქციებს არ შევუერთდით და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ, ანუ საკუთარი ეკონომიკა არ დავაქციეთ და ომში არ ჩავერთეთ, ზელენსკიმ 2022 წელს საქართველოდან ელჩი გაიწვია. შარშან, იმავე ზელენსკიმ უკრაინიდან გააძევა ჩვენი ელჩი იმ სამარცხვინო საბაბით, რომ, თითქოს, პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა სააკაშვილს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არაჟნის კონტეინერით საქართველოში სააკაშვილის გამოგზავნა. უმძიმესი ქართველი კრიმინალები დღემდე იკავებენ მაღალ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ საქართველო ყველა შესაბამის საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას, უკრაინას უწევს ფართო ჰუმანიტარულ დახმარებას.

საინტერესოა, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს უკრაინის ხელისუფლება. იმ მიზნით ხომ არა, რაც უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა არაერთგზის ღიად თქვეს? იმიტომ ხომ არ გვებრძვიან, რომ დანილოვისა და პოდოლიაკის მოწოდებების მიუხედავად, მეორე ფრონტი არ გავხსენით? ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ ზელენსკის დამოუკიდებლობის ხარისხი ზუსტად ისეთივე დაბალია, როგორიც სააკაშვილის იყო 2008 წელს. ეს ყველაფერი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ჩვენს დაშანტაჟებას არა საკუთარი ინიციატივით, არამედ იმავე პატრონების კარნახით ცდილობს, რომლებიც სააკაშვილს 2008 წლის ომის დაწყებისას პატრონობდნენ და რომლებიც ახლა უკვე ევროპასაც ფართოდ დაეპატრონნენ.

ბუნებრივია, ევროპა უკეთ შეძლებდა თავის დაცვას, ევროპული ბიუროკრატია თვისებრივად გარედან რომ არ იმართებოდეს. ვხედავთ, რომ ევროპულ სტრუქტურებს რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ. 2021 წლიდან ევროკავშირის სამივე მთავარი სტრუქტურა ჩართეს საქართველოზე თავდასხმაში. ევროპარლამენტს მიაღებინეს 3 რეზოლუცია, რომლებითაც უმძიმესი დამნაშავეების გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის დასჯა მოათხოვნინეს. ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ათქმევინეს უარი. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოიყვანეს საქართველოში და მისი ხელით, საქართველოს კონსტიტუციის 19 აპრილის შეთანხმებით ჩანაცვლება მოინდომეს. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი „ქართული ოცნების“ დანგრევა და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ აგენტურის დაბრუნება იყო.

სადაც ევროპული აგენტოკრატიის ჩარევა არ იყო საკმარისი, საქმეში უშუალოდ ამერიკული აგენტურა ერთვებოდა. სწორედ მათ დაუწესეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სანქციები ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს და ყოფილ მთავარ პროკურორს. როდესაც მტკიცებულებების გარეშე შენი მოქალაქის სანქცირებას უშვებ, გამოდის, რომ სახელმწიფო არ ხარ. სწორედ ეს იყო სანქციების მთავარი მიზანიც: ხელისუფლება თუ გატყდებოდა, სახელმწიფოც იოლად ჩამოიშლებოდა. კარგია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ პრინციპულობა აჩვენა და სახელმწიფოს ჩამოშლა არ დაუშვა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ვიდრე ჩვენ არ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება ქართული საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმის შესახებ, ხელისუფლება სწორ აქცენტებს არ აკეთებდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს საფუძვლიან მოლოდინსაც: საარჩევნოდ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს გვეტყვიან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისა და ენჯეოების ხელით, რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის არევა მესამედაც სცადონ. თუმცა, თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება, საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს აუცილებლად დაიცავს და ქვეყანა მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებს.

“საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და ძალადობრივი სახე მიიღო”-ტელეკომპანია „იმედი

„საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და ძალადობრივი სახე მიიღო. რადიკალური ჯგუფების პირდაპირი აგრესიის ფონზე, დღითიდღე შეუძლებელი ხდება პროფესიული მოვალეობის შესრულება და საპროტესტო აქციიდან ჩვენი მაყურებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. რადიკალური ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არის დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია „იმედის” წინააღმდეგ, რადგან ყველაზე რეიტინგულმა მედიამ ვერ შეძლოს და ზღვარგადასული აგრესიის ფონზე ვერ მოახერხოს პროცესების სრულფასოვანი გაშუქება.
ტელეკომპანია „იმედმა”, 16 აპრილს რეაგირებისათვის მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ არავის აღმოაჩნდა ნება, ხმამაღლა ეთქვა – ჟურნალისტური საქმიანობის ძალადობრივად ხელის შეშლას, ევროპულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს!“

“გამაგებინეთ, რატომ გძულთ ეს ქვეყანა, რატომ ხართ ქართული ინტერესების წინააღმდეგ?” – ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

რატომ გძულთ ეს ქვეყანა, რატომ ხართ ქართული ინტერესების წინააღმდეგ. ვინ ხართ? რანი ხართ? ერთი კონკრეტული არგუმენტი მოიტანეთ ადეკვატური,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის ნაწილს, სადაც “საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, დასავლეთს კაპიტალი ოფშორში აქვს წარმოდგენილი, იქ არის შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთი და მთელი რიგი მარტივი პროცედურები.

„ეს კანონპროექტი რამდენიმე დღეა, რაც მეილზე გვაქვს გაგზავნილი. გუშინ იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, სადაც ოპოზიციური სპექტრია წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ „გირჩი“ იყო. მათ საკუთარი ხედვა აქვთ, საერთოდ გადასახადი რომ არ უნდა არსებობდეს, საკუთარი ფილოსოფია აქვთ. თქვეს, ჩვენ ვემხრობითო, უბრალოდ კითხვები აქვთ და აზუსტებენ.

დანარჩენებს, არც დასიზმრებით ეს თემა გუშინ. წუხელ, დახურულ „ჩატებში“ შემოთავაზება ჩავარდა, პარლამენტში რაღაც კანონპროექტია ოფშორებთან დაკავშირებით და იქნებ რაიმენაირად ივანიშვილს და რუსულ თემას დააკავშიროთო. ქალბატონო ნატო, (ჩხეიძე) გატყუებენ, რუსული ფულის შემოტანაზე არ არის საუბარი. სამადაშვილი საუბრობდა აქ, ჭუჭყიანი “სფიჩი ” რომ ჰქონდა, ოღონდ საკუთარი თავი “გაიპრავოს”, უსაქმურად რომ ზის. ჯერ ევროკავშირში იყო ელჩი და ხელმოცარულ ელჩად დარჩა. ვერაფერი გააკეთა, რუსეთმა ტერიტორიები წაგვართვა და ერთი ხმა ვერ ამოაღებინა დასავლეთს, რეზოლუციაში კიდევ ქართველი ბიჭები გაამტყუნეს. ეს ზის აქ და „იპრავებს“. სწორია ეს ხალხი, გარეთ რომ დგას, მათი მომხრეები, რატომ სხედხართ, გამოდითო. ეს ხელფასი რომ არ დაკარგოს, კეკლუცობა რომ აქვს, არ უნდა ეს დაკარგოს და თავს „იპრავებს“.

მინდა გოცირიძეს მივმართო, ოფშორებზე ლექცია აქვს წაკითხული ჩემთვის თავის დროზე, როდესაც მასწავლიდა. მთელ საერთაშორისო დასავლეთს კაპიტალი ოფშორში აქვს წარმოდგენილი. იქ არის შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთი და მთელი რიგი მარტივი პროცედურები. ახლა კანონების გამკაცრება ხდება, ტრილიონობით აქტივზეა საუბარი. ვცდილობთ საგადასახადო დაბალი განაკვეთებით, მშვიდობით კაპიტალი მოვიზიდოთ, აქ ჩამოვატანინოთ. გამაგებინეთ, რატომ გძულთ ეს ქვეყანა ასე? ერთჯერადი აქტია, რომ გადმოტანის დროს გავათავისუფლოთ, შემდეგ დასაბეგრი არეალი იზრდება, თუ აქტივი აქ გადმოვა. რატომ გძულთ ეს ქვეყანა, რატომ ხართ ქართული ინტერესების წინააღმდეგ. ვინ ხართ? რანი ხართ? ერთი კონკრეტული არგუმენტი მოიტანეთ ადეკვატური“, – აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ „რუსული კანონის მიღების პარალელურად პარლამენტი დაჩქარებული წესით ბიძინას ჭუჭყიანი რუსული ფულის კანონის მიღებას ცდილობს“.

პარლამენტი მუხლობრივად „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

კარგი, გულიანი ნაცემი ვარ, მათ შორის ნეკნი მაქვს მოტეხილი -ელისაშვილი

“კარგი გულიანი ნაცემი ვარ. ტუჩი მაქვს ისეთი, რომ ვხუმრობდი,ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია ვარ-მეთქი და ნეკნი მაქვს მოტეხილი”- აცხადებს პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

„კორექტული ჯაჯგური” გვქონდა პოლიციასთან. ამ დროს, პირისპირ შევეფეთე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემათრია რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიასთან. ამ შეთრევის დროს წავიქეცი და წაქცეულს წიხლებით შემდგნენ. ვინ იყვნენ ვერაფრით ვიტყვი იმიტომ, რომ მარტო ფეხებს და “ბათინკებს” ვხედავდი.

ასეთი “კარგი” ნაცემი შემდეგ შემიყვანეს კანცელარიაში, იქ ანზორ ჩუბინიძესაც შევხვდი და მასთან ცხარე საუბარი მქონდა. ამის შემდეგ მანქანაში ჩამსვეს მე და ერთი დაკავებული მომიტინგე, დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერებული ვყავდით და ბოლოს მიგვიყვანეს დიდუბეში, წერეთლის პოლიციის სამმართველოში. იქ რამდენიმე საათი ვიყავი, ოქმები შეადგინეს, ამ დროს ლევან იოსელიანიც მოვიდა და მალე წამოვედით. მერე მე წავედი კლინიკაში იმიტომ, რომ მთელი სხეული ძალიან მტკიოდა. თავის ტომოგრაფია, რენტგენი გადავიღე. “კარგი გულიანი ნაცემი ვარ. ტუჩი მაქვს ისეთი, რომ ვხუმრობდი,ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია ვარ-მეთქი და ნეკნი მაქვს მოტეხილი. სახლში ვარ, მხნედ, შეუპოვრად ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში, არა რუსულ კანონს“, – განაცხადა  ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ალეკო ელისაშვილმა.

“ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა – ამიტომ, პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს”

ჩვენ არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, არის თუ არა მისთვის უხერხულობის შემქმნელი ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხოლოდ რუსეთი იწონებს.

პაპუაშვილის განცხადებით, უმრავლესობისთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის.

„არა, იმიტომ, რომ თუკი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. ჩვენ უპირატესად არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამავე საკითხზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა.“

„რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა. მთელი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვაქვს დოგმებით საუბარი, რომ „იმან რომ თქვა“, „ამან რომ თქვა“ – ეს არგუმენტი არ არის.

ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით. ჩვენ რომ მხოლოდ ავტორიტეტებს დავყრდნობოდით, მაშინ უნდა დაგვეწესებინა სანქციები, რაც კატასტროფა იქნებოდა ქართველი ხალხისთვის, სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა, აქეთკენ გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები – ეს იქნებოდა კატასტროფა ხალხისთვის და ბევრი სხვა, რისკენაც გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები პირდაპირ, ირიბად, ღიად, დახურულ კარს მიღმა და ა.შ. ჩვენ მივყვებოდით და მივყვებით არა იმას, რას ამბობენ ავტორიტეტები, არამედ იმას, რა არის სწორი ქართველი ხალხისთვის საღი, გონივრული განსჯის შედეგად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ მიმდინარე აქციებმა მათ დაანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ.

„ამ დღეებმაც დაგვანახეს ერთი საჭიროება ამ კანონის და მეორე, ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა ამ კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.