Home Blog

#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან – თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა.

მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანიის ინოვაციური მიდგომებით არის განპირობებული. კმაყოფილების მთავარი ფაქტორი მომსახურების სიმარტივე და ყველაზე სწრაფი ანაზღაურებაა, რაც გამოწვეულია პროცესების გაციფრულებითა და მინიმალური ბიუროკრატიით. ონლაინ სერვისების დახმარებით მომხმარებელს მომსახურების მიღება ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლია, იქნება ეს პოლისის გაფორმება, თუ ზარალის ანაზღაურება.

თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს აპი საშუალებას აძლევს დაზღვევით სარგებლობა გაიმარტივონ. მაგალითად, დაზღვეულს ონლაინ შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევისას. ასევე მარტივია პრემიის გადახდა, უფლებამოსილი მძღოლის დამატება, ავტომობილის დასურათება, პოლისის განახლება თუ დაპაუზება. სწორედ ამისი შედეგია კომპანიის ანაზღაურების რეკორდული მაჩვენებელი – 6 წუთი და 11 წამი.

“მომსახურებას მუდმივად ვავითარებთ, რათა მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. ჩვენი სისტემები გვაძლევს საშუალებას რეალურ დროში ვაკონტროლოთ მომსახურების ხარისხი. გარდა ამისა, თავად მომხმარებლებიც ინფორმირებულნი არიან, რა ეტაპზეა მათი სადაზღვევო შემთხვევა. სწორედ ამის წყალობით ვინარჩუნებთ პირველ ადგილს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველ დღე ვასრულებთ დანაპირებს – ჩვენთან ერთად სანერვიულო არაფერია”, – აცხადებს დავით კიღურაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

(R)

“საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა” – შალვა პაპუაშვილი

ეს შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე – აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი.

„როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც საქართველოში საკუთარ დაფინანსებას მალავს, რაც არის სწორედაც, რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო. სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა თავად ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება. მე სხვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში. სინამდვილეში, არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და რადიკალური ოპოზიციის ქცევას ვხედავთ, რას აკეთებს? – ხევს პლაკატებს, სადაც არის კანონპროექტის ლინკი მითითებული. უნდათ საზოგადოება ამყოფონ ამ ინფორმაციის გარეშე… დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23-25 აპრილს საქართველოში?

23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.

23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 23-24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

ისრაელის არმიამ ავიაიერიში ქალაქ რაფაჰზე მიიტანა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის არმიამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, ავიაიერიში ქალაქ რაფაჰზე მიიტანა.

სამიზნეში მოექცა ლტოლვილთა ბანაკიც, თუმცა ცნობები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცახალის ძალებმა წინასწარი გაფრთხილება გაავრცელეს და მოსახლეობას სამიზნეში ამოღებული რაიონის დატოვება ურჩიეს.

რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში ქართველები გამოდიოდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად.

„ასევე, გაიმართა საზოგადოების მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ხმა მისცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და გასცა რეკომენდაცია, რომ შემდგომი პროგრესი მოხდეს ცხრა სფეროში, რაც მოიცავს დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმასა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

„ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზული პრობლემები მოიცავდა სანდო ინფორმაციას წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის, ასევე თვითნებური დაპატიმრების ან დაკავების შესახებ, ასევე სერიოზული პრობლემების თაობაზე სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოძიებებისა და სასამართლო დევნის შესახებ, რომელიც ბევრს მიაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. აგრეთვე, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ, მათ შორის, ცნობებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ან ძალადობის მუქარის თაობაზე, შეკრების თავისუფლების უფლებაში არსებითი ჩარევის შესახებ, ცნობებს მთავრობაში სერიოზული კორუფციის შესახებ, ასევე დანაშაულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარ ან ინტერსექს პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობასა და მუქარას“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ზოგიერთი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე გამოძიების ჩასატარებლად, თუმცა დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩებოდა.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რჩებოდა ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა, დე ფაქტო ხელისუფლება არის მხარდაჭერილი რუსეთის ძალების მიერ. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები მოიცავს ცნობებს უკანონო მკვლელობების, თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეს ეხება ეთნიკურად ქართველებს, ასევე ეთნიკური ქართველების მიერ ქონებისა ფლობისა და ბიზნესის დარეგისტრირების უფლებისა და განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შეზღუდვას. რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულს ორივე რეგიონში დაუსჯელად სჩადიოდნენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში მოხვდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი, ასევე 2023 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალში დე ფაქტო პოლიციის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას სასტიკად ცემის ფაქტი, რის შედეგადაც ის დაიღუპა. ანგარიშში წერია, რომ ამ მკვლელობებზე საქართველოს სახალხო დამცველმა პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა, გაზარდოს ჩართულობა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების პრევენცია მოხდეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ადამიანების წამების, არაადამიანური თუ ღირსების შემლახველი მოპყრობის შემთხვევებზე, მოყვანილია საქართველოს სახალხო დამცველის 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის ოფისის მიერ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება 2022 წელს ეფექტური იყო, პროკურატურამ უარი თქვა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, როგორც ჩანს, მთავრობის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების დაფარვის მცდელობის მიზნით.

ანგარიშის ამავე ნაწილში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეც. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველეყოთ სააკაშვილისთვის დროული და შესაბამისი მკურნალობა.

„2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველმა გაავრცელა ცნობა, რომ სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა შეამოწმა სააკაშვილი და დაასკვნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2022 წლის აპრილის შემდეგ „მკვეთრად გაუარესდა“ და მისი მდგომარეობა მიიჩნიეს „მძიმედ“. სახალხო დამცველმა ასევე გამოაქვეყნა ცნობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა გაიარა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა მკურნალობა, მისი მდგომარეობა „სწრაფად გაუარესდა“. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სააკაშვილის საქმე შესაძლოა, არღვევდეს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლს, რომელიც არაადამიანურ მოპყრობას ეხება“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე წერია, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ის დაუსწრებლად გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს სხვადასხვა დანაშაულებში, მათ შორის ძალაუფლების გადამეტებაში, რაც ეხება ყოფილ პარლამენტარზე ფიზიკური თავდასხმის ბრძანების გაცემას.

„სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ გრძელდება დამატებითი ბრალდებებით, რაც გამომდინარეობს იმ დანაშაულებიდან, რომელიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა ხელისუფლებაში ყოფნისას და ასევე მის მიერ 2021 წელს საზღვრის უკანონო გადაკვეთიდან. თავად სააკაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წლის ანგარიშში ასევე საუბრობს საქართველოს ციხეებსა და დაკავების ცენტრებში არსებული პირობების შესახებ. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ზოგადად ციხეებისა და დაკავების დაწესებულებების მდგომარეობა ადეკვატური იყო, თუმცა ზოგიერთ ძველ დაწესებულებაში არ არის საკმარისი ვენტილაცია, ბუნებრივი განათება, სივრცე და ადეკვატური ჯანდაცვა. ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება პატიმრების გრძელვადიანი იზოლაცია, მათი გადაყვანა დეესკალაციის ოთახებსა და ერთკაციან კამერებში, ასევე ძალადობა მსჯავრდებულებს შორის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება, წერია, რომ „მთავრობა არ სცემდა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, როდესაც საქმე ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებს“.

„მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან როგორც სასამართლოს შიგნიდან, ისე გარედანაც, როდესაც საქმეები ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს ან ინდივიდებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობა ძირს უთხრის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. „იყო სანდო ბრალდებები, რომ გავლენიანი „კლანის“ წევრები იყვნენ კორუმპირებულები. რამდენიმე გამომძიებელი ჟურნალისტის რეპორტაჟებში ხაზგასმულია სასამართლოში არსებული კორუფცია, რაც კერძოდ უკავშირდება მოსამართლეთა დაუსაბუთებელ შემოსავლებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზე ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე, საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და ნათქვამია, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველი პოლიტიკურ ან სხვა უკანონო მოტივის მქონედ მიიჩნევს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმესაც. ანგარიშის ამავე ნაწილში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად.

დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია გამოხატვის თავისუფლებაზე, ნახსენებია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მედიის უფლებადამცველები გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ თავდაცვის სამინისტროს დავა კეზერაშვილთან მიმართული იყო კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციისკენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა 2023 წლის მარტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონის წინააღმდეგ გამართული გამართული აქციებიც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს კანონი მკაცრად გააკრიტიკეს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებამაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფართოდ გავრცელებული პროტესტის ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონი უკან გაიწვია.

“დინამო თბილისი” მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად”- რომან ფიფია

„დინამო თბილისი” მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია, – ამის შესახებ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია განცხადებაში წერს და ეხმაურება, საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობას უნდოდა „დინამოს“ ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა და რომ “ეს არის დამოკიდებულება, რაც ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა”.

ფიფია იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც „დინამო თბილისში“ მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის ასეთი შეფასება, მხოლოდ და მხოლოდ არასაკმაირისი ინფორმაციით შეუძლია ახსნას.

რომან ფიფია განცხადებაში საუბრობს იმ მიღწევებზე, რომელიც “დინამო თბილისში” მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, “დინამო თბილისზე” და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც “დინამო თბილისში” ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოვუყვანივარ, მითუმეტეს არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნეს საქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდება “დინამო თბილისის” შეძენამდეც, წლების განმავლობაში.

რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს – სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.

დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.

დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.

2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში “დინამო თბილისის” აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.

მხოლოდ გასულ, 2023 წელს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში “დინამო თბილისის” აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

“დინამო თბილისის” აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში.

წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 4-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.

“დინამო თბილისი” არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია.

ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსვკლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.

“დინამო თბილისის” მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომელსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორამციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც “დინამო თბილისში” ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმაირისი ინფორმაციით ავხსნა”, – წერს ფიფია განცხადებაში.

რუსეთმა ხარკოვის ტელეანძაზე იერიში მიიტანა

რუსეთმა დარტყმა მიიტანა ხარკოვის ტელეანძაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ტელეანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის დარტყმის შედეგად ანძის თანამშრომლები არ დაშავებულან, რადგან თავშესაფარში იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, ხარკოვში შეფერხებულია ციფრული ტელევიზიის სიგნალი.

ხარკოვის ტელეანძის სიმაღლე 240 მეტრი იყო. ის ექსპლუატაციაში 1981 წელს შევიდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6729 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6729 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6711 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8469 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8453 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მამაცი მაიკ ჯონსონი – აშშ-ს ახალი პოლიტიკური ვარსკვლავი -ავთანდილ წულაძე

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტზე კენჭისყრა გლობალური სენსაცია გახდა. როგორც ჰოლივუდურ ფილმში, ინტრიგა კენჭისყრის დასრულებამდე დარჩა. პრესამ წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას უკვე ისტორიული უწოდა და პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი გმირი გამოჩნდა – აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი.
აშშ-ს პრესაში ჯონსონს ადიდებენ მისი გამბედაობისთვის. აშშ-ს კონგრესში ტრამპისტები ემუქრებოდნენ ჯონსონს გადადგომის ინიცირებით, თუ ის უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭისყრაზე დააყენებდა. მაგრამ ჯონსონმა, მიუხედავად კარიერული რისკისა, გადადგა ეს ნაბიჯი.

The Washington Post-ის სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტების კენჭისყრით აშშ-ს მოკავშირეებმაა “შვებით ამოისუნთქეს”. მათ მიიღეს სიგნალი, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ აშშ-ს მხარდაჭერას რთულ დროს. გაზეთის რედაქცია აღნიშნავს, რომ აშშ-ის ლიდერობა მსოფლიოში არ იქნება წარმატებული ასეთი პოლიტიკური გამბედაობის გარეშე, რომელიც ჯონსონმა გამოიჩინა.

https://www.washingtonpost.com/opinions/2024/04/21/mike-johnson-ukraine-house-funding-bill-allies/
The Washington Post-ის მიმომხილველის კარენ ტუმულტის სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რამხელა გამბედაობა დასჭირდა ჯონსონს დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გასატანად.

https://www.washingtonpost.com/opinions/2024/04/21/house-speaker-mike-johnson-courage/
ტელეარხის CNN-ის მიმომხილველი სტივენ კოლისონი იწყებს სტატიას კონგრესის კენჭისყრის შესახებ ჯონსონის გამბედაობაზე საუბრით.

https://edition.cnn.com/2024/04/20/politics/mike-johnson-ukraine-aid-russia-zelensky-putin/index.html
კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ფაქტია, რომ მაიკ ჯონსონი აღიარეს გმირად, რომელიც დრამატული პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდა. ამერიკულ საზოგადოებას უყვარს გამარჯვებული. შეერთებული შტატების პოლიტიკურ ჰორიზონტზე ახალი ვარსკვლავი გაბრწყინდა – მაიკ ჯონსონი.

მაგრამ, სადაც არის გამარჯვებული, იქვე არის დამარცხებულიც. ამ შემთხვევაში ეს დონალდ ტრამპია. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კონგრესში ექვსი თვით დაბლოკა უკრაინის დახმარება. ტრამპისტებმა სპიკერი კევინ მაკკარტიც კი გადააყენეს, რათა ხელი შეეშალათ უკრაინის დახმარებისთვის.

ახალი სპიკერი მაიკ ჯონსონი ტრამპის მარიონეტად ითვლებოდა, რომელიც მის ყველა მითითებას შეასრულებდა. რადგან ტრამპი ეწინააღმდეგებოდა უკრაინის დახმარებას, იმის შანსი, რომ ჯონსონი ამ საკითხს კენჭისყრაზე გაიტანდა, თითქმის ნულის ტოლფასად ითვლებოდა. მაგრამ ჯონსონი აკეთებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯს ტრამპის ნების საწინააღმდეგოდ და ხდება გმირი.

ჯონსონის გმირობა გარკვეულ ახსნას მოითხოვს. ფაქტია, რომ აშშ-ს რესპუბლიკური პარტია ორ ბანაკად გაიყო: ტრამპისტ-იზოლაციონისტებად და რეიგანისტ-ინტერნაციონალისტებად. შეერთებულ შტატებში დღეს ხშირად იხსენებენ რონალდ რეიგანს, რომელიც ატარებდა ძლიერ საგარეო პოლიტიკას, რომელმაც შეძლო კომუნიზმის დამარცხება. მაშინ როცა დონალდ ტრამპს რესპუბლიკური პარტია ლოზუნგით „ამერიკა პირველ რიგში“ იზოლაციონიზმისკენ მიჰყავს.

ტრამპი წარმატებული პოპულისტი და დემაგოგია. რესპუბლიკურ პარტიაში მას კონკურენტები არ ჰყავდა. რესპუბლიკური პარტიის “ძველი გვარდია” ნიკი ჰეილის ეყრდნობოდა, მაგრამ მან პრაიმერი დონალდ ტრამპთან წააგო.

ტრამპის იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში გაუარესებული სიტუაციის ფონზე საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. რესპუბლიკურ პარტიაში „რეიგანისტები“ ვერ შეეგუვნენ ამ მდგომარეობას. მათ დონალდ ტრამპის ახალი ალტერნატივა მაიკ ჯონსონში იპოვეს. უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტის მიღების შემდეგ პრესა ჯონსონს „რეიგანისტების“ ლიდერს უწოდებს, რომელმაც ტრამპისტებს პოლიტიკური მარცხი მიაყენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯონსონმა კენჭისყრაზე წარადგინა კანონების საკუთარი ვერსიები და არა ის, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვდა. ეს ჯონსონის კანონებია. და ისინი უფრო მკაცრია, ვიდრე თეთრი სახლის მიერ შემოთავაზებული. გარდა უკრაინის დახმარებისა, ჯონსონმა დაამატა კანონი აშშ-ში რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ, რომელიც ასევე გადაეცემა უკრაინის დახმარების ფონდს. საუბარია 6 მილიარდ დოლარზე. ეს არ არის ძალიან დიდი თანხა, მაგრამ ეს არის პრეცედენტი და სიგნალი ევროკავშირისთვის შესაბამისი კანონის მისაღებად. ევროპაში კი დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების კონფისკაციაა შესაძლებელი.

ჯონსონმა ასევე დაამატა კანონი შეერთებულ შტატებში ჩინური მობილური აპლიკაციის Tik Tok-ის აკრძალვის შესახებ.

ტრამპი Tik Tok-ის აკრძალვის წინააღმდეგი იყო. ამრიგად, ჯონსონმა ტრამპისტებს რამდენიმე დარტყმა მიაყენა. მათ ბრძოლა ყველა თვალსაზრისით წააგეს.

ასეთი დიდი წარმატების შემდეგ, მაიკ ჯონსონი გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. ჯონსონი პრესის და რესპუბლიკური პარტიის ელიტების მხარდაჭერით სარგებლობს.

პარალელურად, სასამართლოში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე განიხილება. არსებობს შესაძლებლობა, რომ ტრამპი მსჯავრდებული იყოს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. ამ შემთხვევაში, ტრამპი ვერ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.

ტრამპი ოფიციალურად ჯერ არ არის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. კანდიდატის ოფიციალური წარდგენა უნდა მოხდეს რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე. თუ ტრამპი რბოლას დატოვებს, მაშინ რესპუბლიკურ პარტიას ახალი გმირი ჰყავს – მაიკ ჯონსონი.

ავთანდილ წულაძე –პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

“არმიელებმა” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

ქალაქ ქუთაისში, „აია არენაზე“, პირველი ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, თბილისის „არმიამ“ წყალტუბოს „დინოზავრებთან“ ანგარიშით 56:22 გაიმარჯვა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ამ გამარჯვებით, გუნდმა, დიდი ფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც ავჭალის რაგბის სტადიონზე, 28 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება.

მათივე ცნობით, ფინალში „არმია“ სამცხე-ჯავახეთის „ტაოს“ შეერკინება. გამარჯვებული გუნდი „დიდი 10-ის“ საგზურს მოიპოვებს.

„არმიის“ თამაშს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები – მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს „არმიელებს“ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.

მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.

თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.

მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში.
მცხეთაში თიბისის ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თიბისი ბანკის მოსწავლის ბარათებით მგზავრობა უფასოა. ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე – თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე მოქმედებს 50% იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.

სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

(R)

ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ -მამუკა მდინარაძე

ევროპამ უნდა მიგვიღოს ისეთი, როგორებიც ვართ, ჩვენ მეგობრებს ვცნობთ, ვაღიარებთ, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი იდენტობა, ხასიათი, კულტურა, მენტალობა, რომლის წაშლას არ და ვერ დავუშვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროპაში კი არ უნდა შევიდეს, არამედ ევროპა უნდა იყოს ქართველებთან ერთად.

„რომ ლაპარაკობენ, რომ ევროპელებთან პრობლემები გვექმნება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონით, ევროპამ უნდა მიგვიღოს ისეთი, როგორებიც ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხასიათი. ჩვენ მეგობრებს ვცნობთ, ვაღიარებთ, მაგრამ ქართველებს გვაქვს ჩვენი იდენტობა, ხასიათი, კულტურა, მენტალობა, რომლის წაშლას არ და ვერ დავუშვებთ. ამას არ გვაპატიებს არც ჩვენი მომავალი და არც ქართველი ხალხი. ჩვენ ევროპაში კი არ უნდა შევიდეთ, ევროპა ქართველებთან ერთად, ეს არის ჩვენი სწორი დამოკიდებულება იმიტომ, რომ ქართველები არიან ევროპის მათ შორის არქიტექტორები თავისი წარსულით, დემოკრატიით, საუკუნოვანი დემოკრატიული, ევროპული, ქრისტიანული ისტორიით“, – აღნიშნა მდინარაძემ.