Home Blog

“ელისაშვილი როგორც პოლიტიკოსი დასრულდა უკვე” – გურამ მაჭარაშვილი

ელისაშვილი როგორც პოლიტიკოსი დასრულდა უკვე. ყველამ ნახა რა ამაზრზენად ეძველბიჭებოდა პოლიციელებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ელისაშვილი როგორც პოლიტიკოსი დასრულდა უკვე. ყველამ ნახა რა ამაზრზენად ეძველბიჭებოდა პოლიციელებს, აწვებოდა და ა.შ. კარგად იცის მან, რომ პოლიციელი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, იცავს მართლწესრიგს, ჰყავს ოჯახი და უფრო მეტი ღირსება გააჩნია ვიდრე თავად ბატონ ელისაშვილს, გააკეთებს იმას, რაც არის კანონი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ალესანდრე ელისაშვილმა გუშინ ღამით კანცელარიაში შეჭრა სცადა, პოლიციამ განარიდა და ახლა პოლიციის წინააღმდეგ ჩივის.

პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე დაკავებული 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან 14-ის სასამართლო პროცესი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის სხდომა გადაიდო და ისინი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 24-25 აპრილს დაინიშნა.

“ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის”

კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება, ვინაიდან ყველაფერი, რასაც საქართველოში რუსული ერქმევა, იწვევს საზოგადო აღშფოთებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დასავლური კურსი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება, ხოლო კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, ამ კურსს ხელს ვერ შეუშლის.

„შემთხვევითი არ არის, რომ ოპონენტები ამ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. არ არსებობს არანაირი მსგავსება რუსულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის. ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კონსტიტუცია და ჩაწერა ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ კიდევ ორი ყოფილი სპეცრაზმელი და საქმის ყოფილი გამომძიებელი დამნაშავედ ცნო

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ კიდევ ორი ყოფილი სპეცრაზმელი ცნო დამნაშავედ.

მკვლელობის მუხლით ბრალდებულ ყოფილ სპეცრაზმელს, თემურ მგელაძეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თემურ მგელაძე საპატიმრო დაწესებულებას ორ თვეში დატოვებს, რადგან თითქმის ათი თვეა, პატიმრობაში იმყოფება. მგელაძემ აღიარა შავაძის მკვლელობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოში სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

რაც შეეხება მეორე ყოფილ სპეცრაზმელს, რომელიც სასამართლომ შავაძის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ, ზვიად ნურიძემ ასევე აღიარა შავაძის მკვლელობა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩვენება მისცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ორი სპეცრაზმელის გარდა, საპროცესო შეთანხმებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ შავაძის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სულიკო ვარშანიძის მიმართაც. მას ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც უკვე მოხდილი აქვს.

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომლებმაც დანაშაული არ აღიარეს, მათ შორის აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს, თეიუმურაზ პატარიძეს და ყოფილ სპეცრაზმელს, გიორგი არაბულს, მათ საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება.

მანამდე ორი ბრალდებულის – ყოფილი სპეცრაზმელისა და აჭარის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და მათ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორი ბრალდებულის საქმე, რომლებიც გვიან დააკავეს, ჯერ კიდევ გამოძიებაშია.

ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით პოლონეთის მოქალაქე დააკავეს

უკრაინის სამართალდამცველებმა, პოლონელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დააკავეს პოლონეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში პრეზიდენტ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობის მოსამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილმა საკუთარი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობის წარმომადგენლებთან და შესთავაზა მათ რუსული სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობა.

უკრაინული მხარის ცნობით, მას ევალებოდა პოლონეთში მდებარე ჟეშუვ-იასეონკის აეროპორტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რუსული მხარისთვის მიწოდება. ეს უნდა დახმარებოდა რუსულ სპეცსამსახურებს უკრაინის პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმის დაგეგმვაში პოლონეთში ვიზიტის დროს.

როგორც უკრაინული მედია წერს, შესაძლო დანაშაულის დაგეგმვის შესახებ უკრაინის პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა პოლონურ მხარეს აცნობეს და საქმის მტკიცებულებები გადასცეს. ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლისა და წარმატებულად ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაში ეჭვმიტანილი პოლონეთის ტერიტორიაზე დააკავეს. პროკურატურის ბრალდების საფუძველზე, ვარშავის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“ახლო აღმოსავლეთში ერთმა შეცდომამ, არასწორმა კომუნიკაციამ შეიძლება, გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტი”

ახლო აღმოსავლეთში ერთმა შეცდომამ, ერთმა არასწორმა კომუნიკაციამ შეიძლება, გამოიწვიოს წარმოუდგენელი, სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტი, რომელიც დამღუპველი იქნება ყველა მონაწილისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გაერო-ს ხელმძღვანელმა დაგმო ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე, ისევე როგორც სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულოს დაბომბვა და აღნიშნა, რომ „დროა, დასრულდეს შურისძიების სისხლიანი ციკლი“.

ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს ზღვარზე მიიყვანს.

გუტერეშმა ხაზი გაუსვა დიპლომატიის აუცილებლობას, რომელიც გამოიწვევს დეესკალაციას, დაწყებული ღაზადან.

„ღაზაში საომარი მოქმედებების დასრულება მნიშვნელოვნად განმუხტავს დაძაბულობას რეგიონში. 7 ოქტომბერს „ჰამასისა“ და პალესტინის სხვა შეიარაღებული ჯგუფების საშინელი ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის მასობრივი მკვლელობები, სექსუალური ძალადობის გამოყენება, წამება და მძევლების აყვანა, იყო კაცობრიობის ძირითადი ღირებულებების აუტანელი უარყოფა და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური წესების დარღვევა. იმავდროულად, თითქმის შვიდთვიანმა ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა ღაზაში ჰუმანიტარული ჯოჯოხეთი შექმნა. ათობით ათასი დაიღუპა, მათ შორის 13 800-ზე მეტი ბავშვი, ხოლო ორი მილიონი პალესტინელი ახლა შიმშილის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. მასშტაბური დახმარების მიწოდება მოითხოვს ისრაელის სრულ და აქტიურ ხელშეწყობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

“ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია” – თამარ კორძაია

ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა არის, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატი თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას.

„ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა არის რა თქმა უნდა გამოსაძიებელი. უბრალოდ კითხვები ძალიან გთხოვთ ლექსო ლაშქარავაზეც დასვით და 5-6 ივლისს რომ ჟურნალისტები სცემეს, ის საქმეები რატომ არ გამოიძიეს, ისიც უნდა მოვიკითხოთ აუცილებლად“, – აღნიშნა კორძაიამ.

არასრულწლოვანი ბრალდებულები და მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ

მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს თვეში 60 წუთი უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„უფასო სასაუბრო დროის გამოყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ზარებზე მსჯავრდებულებს სურვილისამებრ შეუძლიათ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროექტების დანერგვას მომავალშიც გააგრძელებს“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

“როცა ელისაშვილი მიპარვით და მუხანათურად მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა, ავაზაკი ლამის გმირად გამოაცხადეს, ახლა ჩინურ ანჯელინა ჯოლიდ ქცეული იგივე ელისაშვილი ნაცემი ნახეს, პოლიტიკურ თავდასხმად შერაცხეს”

როცა ჯერ კიდევ დეპუტატი, ელისაშვილი მიპარვით და მუხანათურად მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა, უსირცხვილოებმა ავაზაკი ლამის გმირად გამოაცხადეს! ახლა იგივე ელისაშვილი, როგორც თვითონ აღნიშნა ჩინურ ანჯელინა ჯოლად ქცეული, ნაცემი ნახეს, პოლიტიკურ თავდასხმად და შურისძიებად შერაცხეს, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ელისაშვილის დაკავების კადრებში ჩანს, რომ მას სახეზე არანაირი დაზიანება არ აქვს. ექსპერტის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის უმოქმედობით შეშფოთებულია, ვინაიდან მან ელისაშვილი ღირსების ორდენით არ დააჯილდოვა.

როცა ჯერ კიდევ დეპუტატი, ელისაშვილი მიპარვით და მუხანათურად მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა, უსირცხვილოებმა ავაზაკი ლამის გმირად გამოაცხადეს! ახლა იგივე ელისაშვილი, როგორც თვითონ აღნიშნა ჩინურ ანჯელინა ჯოლად ქცეული, ნაცემი ნახეს, პოლიტიკურ თავდასხმად და შურისძიებად შერაცხეს.

ახლა ვნახოთ ვიდეოში რა ჩანს, გაიძვერა ელისაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მოუწოდებს აქციის მონაწილეებს მას მიბაძონ და პოლიციის კორდონი გაარღვიოს, მალევე აკავებენ და სვამენ პოლიციის ავტომობილში, დაკავების კადრებში ასევ ვხედავთ, რომ მას სახეზე არავითარი დაზიანება არ აქვს. შემდეგ ვრცელდება ახალი ვიდეო, სადაც მისი ცნობა ცხადია შესაძლებელია გრძელი ცხვირითა და თაღლითური ღიმილით, ტუჩები კი ნამდვილად დეფორმირებული და ფერშეცვლილი აქვს. ელისაშვილი ამბობს, რომ კანცელარიის წინ ასფალტზე დააგდეს პოლიციელებმა და ჯერ სცემეს და შემდეგ დააკავეს, არა და დაკავების კადრებში მას დაზიანებები არ ეტყობა!

ვინაიდან და რადგანაც ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება მეც მაქვს რამდენიმე: I ვერსია (ნაკლებ სავარაუდო, თუმცა შესაძლო): ელისაშვილი დაკავების დროს, როცა კარიდან შესვეს პოლიციის მანქანაში, მაინც დაუსხლტა მათ და ფანჯრიდან ცდილობდა გაქცევას და და სივიწროვესა და სიჩქარეში დაიზიანა თავყბა. II ვერსია (სავარაუდო და უფრო შესაძლებელი): მას შემდეგ რაც პოლიციამ გაარიდა სიტუაციას და მიტინგიდან მოშორებით ჩამოსვეს, ამის შემდეგ ელისაშვილი ჯერ ისევ მთვრალი და აღგზნებული კაცმა არ იცის სად წავიდა, ვის გადაეყარა, ვის რა უთხრა… საბოლოოდ კი ახალი მაკიაჟით წარმოგვიდგა, სიმართლე გითხრათ თავიდან ვერ ვიცანი და რომელიღაც ლგბტ-ს წევრიც კი მეგონა. III ვერსია: ამბობენ ელისაშვილმა ფულის გამო იკადრა პარლამენტში მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ უკადრებელიო… შეიძლება შემკვეთთან მივიდა და ფულიც მოსთხოვა, იმან კი უთხრა რა ფული, რის ფული მდინარაძე ცოცხალიცაა, პარლამენტშიც ძალიან მტკიცედ და დამაჯერებლად გამოდის და აგერ კანონიც პირველი მოსმენით მიიღესო. ამას რომ ელისაშვილი არ მოითმენდა, ხომ ყველას გჯერათ და მოხდა ჩხუბი, შედეგად ვიხილეთ, როგორც თვითონ ამბობს ახლი ელისაშვილი ჩინური ანჯელინა ჯოლის იმიჯით.

ასევე, არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აღშფოთება-შეშფოთება თუ შეშფოთება -აღშფოთება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის უმოქმედობით ელისაშვილთან მიმართებაში: სად არის ელისაშვილის ორდენი, ორდენი თუ არა მედალი, არც სიტყვიერი მადლობა, კარგით ჯანდაბას მდუმარედ მაინც გადაეხვიოს, კარგი ამნისტიით მაინც გაათავისუფლოს! დეპუტატია და ვერ დაიჭერენო, მერე რა სალომემ მაინც შეიწყალოს, არ არის შესაწყალებელი?! ისე, სალომე ზურაბიშვილმა თავის თავიც შეიწყალოს სანამ ჯერ კიდევ პრეზიდენტი ჰქვია. არ შეიძლება? კარგით რა, დანარჩენს ხომ რასაც აკეთებს და ამბობს, ხომ შეიძლება… – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

“ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა” – მეთიუ მილერი

ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მეთიუ მილერის განცხადებით, როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე.

„ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. მიღების შემთხვევაში, ინიცირებულმა კანონმდებლობამ, შესაძლოა, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მოახდინოს ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებსაც ეს სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ, რომ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

ახალი შემზღუდავი ზომები თეირანის დრონების წარმოებას შეეხო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა 16 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს, რომლებიც ირანის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფდნენ.

უწყების ცნობით, ასევე სხვადასხვა იურისდიქციაში გამოავლინეს ხუთი კომპანია, რომლებიც ირანის ფოლადის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიას მასალებს აწვდიან ან მისგან პროდუქტს ყიდულობენ.

გარდა ამისა, სანქციების სამიზნეში მოექცა ირანის ავტომწარმოებელი კომპანიის, Bahman Group-ის სამი შვილობილი კომპანია, რომლებიც, სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ. დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკული მხარის გადაწყვეტილების პარალელურად, რამდენიმე ირანული სამხედრო ორგანიზაციის, ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმაც.

13 აპრილის ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა. მათი ძირითადი ნაწილი ისრაელმა აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის დახმარებით ჩამოაგდო. თეირანის განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე დარტყმაზე, რასაც ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.

“საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო, ყვიროდა, აგრესიული იყო, შემდეგ ტერიტორიიდან განარიდეს”

საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო, ყვიროდა და აგრესიული იყო. შემდეგ ის ტერიტორიიდან განარიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ასეთი საქციელი სწორი არ არის.

„დეპუტატისგან სწორია ასეთი საქციელი, რომლის მოწოდებასაც შეიძლება, ისეთი სახის დაპირისპირება მოჰყვეს, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიას ძალიან ძვირად დაუჯდება? ალეკო ელისაშვილი როგორ გამოიყურება, როგორც პოლიტიკოსი, მოქალაქე, როცა იგინება და ჯიბიდან გავარდნილი ხულიგანივით იქცევა? რაც შეეხება ძალადობას, გადაჭარბებული ძალის გამოყენება არავის მიმართ არ შეიძლება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სცემეს. ამასთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყეს და ელისაშვილი უწყებაში გამოსაკითხად არის დაბარებული.