Home Blog

, მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის„ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, პარტიის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიონ, სოფო ჯაფარიძე კი მისი მოადგილე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.

მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის რეალური ლიდერი „ნაცმოძრაობის“ თავისი წარსული ბოროტებით, მძიმე ცოდვებით, რაც ამ ადამიანს კისერზე ადევს.

„უცხო სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი უკრაინის, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილი არ მეგობრობს დღეს ჩვენთან და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ, მოქალაქედ დარეგისტრირებული მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. მან თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და მას არ აქვს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება. ეს ერთი საკითხია. მეორეა, რომ ის მაინც განსაზღვრავს, რადგან მისი ფინანსებიც არის. მას მოუნდება, იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება იქნება ხაბეიშვილი ან სხვა, არ აქვს მნიშვნელობა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“, – აცხადებს მდინარაძე.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ დვანთნ  უკანონო ინსტალაციები განათავსეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ დვანთნ ორი ახალი უკანონო ინსტალაცია განათავსეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალები გარკვეული პერიოდულობით აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის უკანონო ინსტალაციების მონტაჟს. თითოეული მსგავსი ფაქტი არის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირების ობიექტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

“მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია – მისი დარღვევა არავის გამოსვლია”-შალვა პაპუაშვილი

ეს სამება ურყევია, მტკიცეა და წმინდა! მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან ის საქართველოსთან იგივდება ამ სახით, ამ დათქმით, ამ შეთანხმებით!

,,მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია, მტკიცეა და წმინდა! მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება! მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან ის საქართველოსთან იგივდება ამ სახით, ამ დათქმით, ამ შეთანხმებით!” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

“დიასპორის როლი ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და პოპულარიზაციაში”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში გაიმართა.

საერთაშორისო სიმპოზიუმის „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება თემაზე “დიასპორის როლი ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და პოპულარიზაციაში”, რომელსაც სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენელი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი უძღვებოდა.

მან წარადგინა პრეზენტაცია „მეცნიერების როლის შესახებ ციფრულ ეპოქაში“, ისაუბრა მეცნიერების ახალი პარადიგმის, თანამედროვე სამყაროში მეცნიერების კომუნიკაციის ახალი ფორმებისა და ეთიკური ნორმების, ღია მეცნიერების ძირითადი პრინციპებისა და ქართულ სამეცნიერო სივრცეში ამ თვალსაზრისით არსებული პრობლემების შესახებ. საგანგებო ყურადღება დაეთმო ორ მნიშვნელოვან საკითხს: ციფრულ ეპოქაში ქართული ენის ადეკვატური ასახვის აუცილებლობასა და ქართული ენის საერთაშორისო სტატუსის საკითხს ევროინტეგრაციის კონტექსტში. მომხსენებლის აზრით, ციფრული რესურსებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ქართული ენის დღეისთვის არსებული სტატუსი – “მწირრესურსიანი ენა”, არ შეესაბამება რეალურ ვითარებას და საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა ამ მიმართულებით: კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება სამეცნიერო საზოგადოების, სახელმწიფოს მხრიდან. .

შეხვედრის დასასრულს აღნიშნული საკითხის გარშემო გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დისკუსია საჯარო უწყებების, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

მინდა, ახალგაზრდებს მივმართო, თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი, ეს არის „ქართული ოცნება“ -ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ქვეყანაში დემოკრატიაა და ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ადამიანების უფლებას მთავრობა, ხელისუფლება იცავს და მომავალშიც ასე იქნება.

„მინდა, მივმართო ახალგაზრდებს: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი, ეს არის „ქართული ოცნება“. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს დაიხურა ეს საკითხი და მაშინ გამოცხადდა, რომ ქვეყანა მიიღებდა უვიზო რეჟიმს. ახალგაზრდებს მივმართავ და მინდა, თქვენ, ყველას შეგახსენოთ, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო?! 2012 წლამდე მარტო ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, მმართველი ელიტა, რომელიც იყო გაპარპაშებული. ჩვეულებრივ მოქალაქეს ევროპაში გადაადგილება არ შეეძლო. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აიღოს ბილეთი და გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი?! ეს შედეგი მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. ვინ მოიტანა თავისუფალი ვაჭრობა?! დღეს ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დამთავრდა საუბარი, არ მივიღებ არანაირ კრიტიკას, რომ ჩვენ ძალისხმევა დავაკელით. ყველაფერი გავაკეთეთ და მივაღწიეთ, რომ ქვეყანას დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს.

პროცესი გრძელდება. აუცილებელია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან დიალოგი, ეს ცოცხალი პროცესი უნდა იყოს. გუშინ მქონდა ძალიან კარგი საუბარი ევროკავშირის ელჩთან. მთავრობას აქვს დიალოგი, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, უნდა ვესაუბროთ მეგობრებს, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ. დანარჩენს გვიჩვენებს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან – მიხეილ სააკაშვილი

ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან – ამ სათაურით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებების სიას აქვეყნებს:

ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:

2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივანიშვილს 2,5 მლრდ. დოლარი გადასცა;

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ოცნებამ“ „პირველი კავკასიური არხი“ (ჩვენი რუსულენოვანი მაუწყებელი, რომელიც სჯაბნიდა რუსულ პროპაგანდას რუსეთისვე ტერიტორიაზე) დაკეტა. სამაგიეროდ, რუსებს ქართულ ენაზე საქართველოში რადიო “Спу́тник” (თანამგზავრი) გაახსნევინეს;

2012 წელს გაათავისუფლეს რუსი ჯაშუში და რუსეთში დაპატიმრებულ ქართველ მზვერავებზე მათი დაგეგმილი გაცვლა ჩაშალეს;

2012 წელსვე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დახურეს;

2013 წელს ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა გააუქმეს;

2013 წელს თბილისის სამხედრო დამცავი ზღუდე მოშალეს და რუსეთის დაზვერვას 2008 წლის ომში მონაწილე ქართველი ოფიცრების და ჯარისკაცების სია გადასცეს;

2014 წელს “ФСБ”-ის თანამშრომელი, ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დანიშნეს. მან რუსების დავალებით ჩემს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა;

2013 წელს შეაჩერეს ანაკლიის პორტისა და ბათუმში ამერიკული “Royal Caribbean”-ის ტერმინალის მშენებლობა. ამავე დროს, ქართული ენერგეტიკული სისტემა ხელახლა მიაბეს “გაზპრომს”;

ამავე წლებში, “დელტას” სამხედრო წარმოებაც გაანადგურეს, შეაჩერეს ყველა ახალი ტექნოლოგიის, მათ შორის ქართული ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების (რაც განსაკუთრებით მოთხოვნადია ახლა) წარმოება შეაჩერეს;

შემდეგ იყო “გავრილოვის ღამე”, “რუსული კანონი”, “რუსული ოფშორების კანონი”.

დანარჩენი თქვენ თვითონ მიაწერეთ…”-წერს მიხეილ სააკაშვილი.

თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის “ქართული ოცნება” -ირაკლი ღარიბაშვილი

ვინმე თუ არის შემძლე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, ტერიტორიების დაკარგვა, გმირი ჯარისკაცების განადგურება, ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია.

„ხალხს დაავიწყდა, რომ მსოფლიოში არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების პოლიტიკური გარემოა. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითი დღე ირღვევა და არავინ იცის, ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, 200 მილიარდი არის დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. ახლა, დამატებით, ამერიკიდან 50 თუ 60 მილიარდი გამოიყოფა. ეს ომი გრძელდება. არავინ იცის, როდის დასრულდება.

საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობდით, რომ არსებობს რეალური საფრთხე ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის, არსად წასულა. უპასუხისმგებლო ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, მინდა, მივმართო: რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ ვითარება ისე არ განვითარდეს, როგორიც დღესაა? ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა – „ქართული ოცნებაა“. თუ ვინმე შემძლეა ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. კარგად ვიცით, ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, რუსეთთან ომი, ტერიტორიების დაკარგვა, გმირი ჯარისკაცების განადგურება, ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია.

გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის ომს ვგულისხმობ, ირანსა და ისრაელს შორის ვითარება ფეთქებადსაშიშია. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი. მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების და ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე. იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ვინმეს თუ რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს. არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციაზე – საბა ჯულაყიძე

ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება, – ამის შესახებ სტუდენტი საბა ჯულაყიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სტუდენტებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, ღირსეული პასუხი გასცეს და ყოველ ჯერზე ასე იქნება, ვინაიდან, ახალგაზრდებს ვეღარ მოატყუებენ.

„ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება. ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა. რის ფასად უღირთ ასეთი პროვოკაციების მოწყობა არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ. ჩემს თანატოლებს ვერ მოატყუებენ. ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ!“ – წერს საბა ჯულაყიძე.

ერაყში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა – Reuters

ერაყში, ბაღდადის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზა „კალსუზე“ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, სამხედრო ბაზაზე, რომელსაც შიიტური „ალ ჰაშდ აშ შააბი“ („სახალხო მობილიზაციის ძალები“) იყენებს, ავიაიერიში განხორციელდა.

Agence France Presse ერაყის შსს-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! -ეკა სეფაშვილი

გლობალურად რომ შევხედოთ, ამ ეტაპზე, საქართველოზე ძლიერი ზეწოლა არ არის, რომ ომში ჩაერთოს, მაგრამ ეს საფრთხე არ გამქრალა და დღითი დღე იზრდება, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს.

„უკრაინის ომი ჯერ არ დამთავრებულა და მის დამთავრებას პირიც არ უჩანს; ახლო აღმოსავლეთშიც, იმის ნაცვლად, რომ სამხედრო ესკალაცია შეამცირონ, პირიქით, ეს კონფლიქტი უფრო ფართოვდება და ახალ-ახალი მოთამაშეები ერთვებიან. შესაბამისად, საქართველოს მიმართ ინტერესი, როგორც ტერიტორიისადმი და არა როგორც სახელმწიფოს მიმართ, სულ უფრო იზრდება.

ასეთი არგუმენტებიც მომისმენია – ხომ იციან, რომ საქართველო წააგებს და რაში უნდა აწყობდეს ვინმეს მისი ომში ჩართვაო. ვის რაში აინტერესებს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე?! ეს ტერიტორია არის გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან საინტერესო, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას იკავებს. სწორედ ეს აინტერესებთ. ახლანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას და სწორედ ამიტომ ცდილობენ მის შეცვლას ყველანაირი გზით“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მერილენდის შტატში მომხდარი სროლისას 5 მოზარდი დაიჭრა

მერილენდის შტატში მომხდარი სროლისას 5 მოზარდი დაიჭრა.

ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.

ინციდენტი ქალაქ გრინბელტის ერთ-ერთ პარკში მოხდა, სადაც სკოლიდან გამოპარული ასობით მოსწავლე იყო შეკრებილი.

კონფლიქტის მიზეზი უცნობია – ფაქტს პოლიცია იძიებს.

კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები -გურამ მაჭარაშვილი

„აუცილებლად მისაყვანია საქმე ბოლომდე, იმიტომ, რომ  ეს კანონები [გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი] ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც სახელმწიფო არსებობ, შემდგარი სუბიექტი ხარ და მენტალურად არ ხარ დამოკიდებული იმაზე, რას იტყვიან უცხოეთში,” –  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ ოპოზიციის კამპანია, რომელიც მიმართულია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონების მიღების წინააღმდეგ, დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს და მეტწილად ემოციებზეა აგებული.
„ოპოზიციის  მთელი კამპანია იმაზეა აგებული, თუ რას იტყვიან საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები და ხან ხელოვანებს მიადგნენ, ხან სხვა სფეროს ცნობილ სახეებს და პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებენ. კანონი თურმე იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, დაბურძგლავს თუ არა მოცეკვავეს ტანში  და ჩაესმის თუ არა მსახიობს ყურში ევროპული ჰანგები – ამ დონეზე აწიეს პროპაგანდა. ეს მენტალობაა დასანგრევი.
გარდა ამისა, აუცილებლად მისაღებია ცილისწამების საწინააღმდეგო კანონი, იმიტომ, რომ ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია. წარმოიდგინეთ,  ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებენ და ხმას არ იღებს არავინ – არც  დიპლომატიური წარმომადგენლობა, არც უფლებადამცველები და არც არავინ. აუცილებლად დასაბრუნებელია საკანონმდებლო სივრცეში სამშობლოს ღალატის თემა. ეს მუხლი 2008 წლიდან ამოიღეს და ნახეთ, მენტალური პრობლემა შეიქმნა –  ნელ-ნელა ყველაფერს ქართულს დაუწყეს ბრძოლა. ღირებული რაც არის, მათ შორის სიტყვა სამშობლო, რამდენჯერ მოგისმენიათ ამათგან? ის რაც ეთნიკურობასთან, ეროვნულობასთან არის დაკავშირებული, ამათმა ყველაფერი გააქრეს,” –  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.