Home Blog

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართავს და სთხოვს, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს.
არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს სთხოვს, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე “თუნდაც ფორმალურად განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არაა”.
ინფორმაცია მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს

აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები, დაშავდა უწყების ერთი თანამშრომელი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.

„აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი.

სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„იმედის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ, დღეს, კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე – ტელე „იმედის“ განცხადება

ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ, დღეს, კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე, – აღნიშნულის შესახებ ტელე „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ტელე „იმედი“ ოპოზიციის ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები.

„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს „იმედის“ ჟურნალისტებს.

მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცველებს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება. მივმართავთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს-გამოხატონ საკუთარი პოზიცია მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე.

ტელეკომპანია „იმედმა“, დღეს მიმართა დიპლომატიურ კორპუსსაც, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,ვარდების რევოლუციის სულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი!”- აუსტრევიჩუსი

“დემონსტრანტები ავლენენ მტკიცე გადაწყვეტილებას… ვარდების რევოლუციის სულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი!”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს და თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

“მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები” – ომბუდსმენი

“მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები”, – ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს. 

2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი. 

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, – წერია განცხადებაში. 

,,გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით, ჩვენ მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს”- მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფოს მორიგი, რიგით მეშვიდე განცხადება რუსულ კანონზე – მეთიუ მილერი ამბობს, რომ  კვლავ გამოხატავს შეშფოთება ,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

კანონის პარლამენტში ინიციირებასთან დაკავშირებით. პრესსპიკერი ეხმაურება აქციებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

“ეს კანონპროექტი კვლავ რჩება კანონპროექტად და ჩვენ ვნახეთ წარსულში, რომ, გარკვეული ნაბიჯების შემდეგ, ის ვერ იქცა კანონად, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაიმე წინასწარ შემიძლია ვთქვა. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით. რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს”- თქვა მილერმა.

,,შს მინისტრს მოვუწოდებ, ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა ”- ბადრი ჯაფარიძე

პირადად, შინაგან საქმეთა მინისტრს მოვუწოდებ, რომ ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა – უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უდანაშაულო ადამიანების დაჭერა კიდევ უფრო მეტ პროტესტს გამოიწვევს, ამიტომ შსს-ს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მისი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ნაცემია.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფიზიკურად უსწორდებიან [აქციის მონაწილეებს]. ყველა პოლიციელი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებამოსილებას, უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, რომ ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა. უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

,,ნუ ლაპარაკობს ვეტერანების სახელით, ამის უფლება არ აქვს ამ მოღალატე ადამიანს”- სოზარ სუბარი დევი ჭანკოტაძეზე

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადება ძალიან ცუდად ენიშნა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ის ეთერში ისაუბრა.

„ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა დღეს დევი ჭანკოტაძემ, პარლამენტის წევრმა და თან ხაზი გაუსვა, რომ ამ განცხადებას აკეთებდა, როგორც სამხედრო პირი, როგორც გენერალი და გააკეთა ვეტერანების სახელით.

ჯერ ერთი, ნუ ლაპარაკობს ვეტერანების სახელით, ამის უფლება არ აქვს ამ მოღალატე ადამიანს. ვეტერანები სხვაგან არიან და სხვაგან არის მათი ინტერესი და ვეტერანების სახელით ვერ ილაპარაკებს. მან თქვა პირდაპირ, რომ „გაფრთხილებთ, რომ ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდესო“ და ეს ამათი ხელწერაა. გვახსოვს ძალიან კარგად ორ გვამს როგორ ითხოვდა ვანო მერაბიშვილი და შემდეგ როგორ აღასრულეს კიდევაც, როგორ ჩაცხრილეს კრიალაშვილი და სრულიად შემთხვევით გადარჩა ოთანაძე. ძალიან კარგად გვახსოვს ის სატელეფონო საუბრებიც, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ, მაშინ ჯერ კიდევ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მიტაცებული იყო, როცა იქ აქციები იყო და ბარიკადებს მართავდნენ, როგორ ურეკავდა ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილი და როგორ ითხოვდა მისგან კატეგორიულად, რომ რამდენიმე ადამიანი უნდა მოკვდეს, იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ და ხალხი ქუჩაში გამოვიყვანოთო და ძალიან ცუდად მენიშნა ახლა ეს განცხადებაც“, – აღნიშნა მან.

პლენარულ სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას მორიგი პოსტით ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას ავრცელებს და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მეორე დღე თბილისში.

ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად

ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცენ

„ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცენ. ამის შესახებ „ქრონიკის“ კორესპოდენტი იტყობინება, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც, მათ შორის ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი და ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მითითებებს დაემორჩილონ – უწყების ცნობით, დაშავებულია შსს-ს ერთი თანამშრომელი

აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყება პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან. აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-მ გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო – დაიწყო დაკავებებიც

შსს-მ გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო, რის შემდეგაც სპეცრაზმი როგორც წესი აქციის დარბევასა და წყლის ჭავლის გამოყენებას იწყებს.

დაიწყო დაკავებებიც. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.